საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 30.09.2026
საქმის ნომერი
2კ-228აპ.-26
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
30.09.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330100124009472105

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე 228აპ-26 ქ. თბილისი

ბ. ა. 228აპ-26 30 სექტემბერი, 2026 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 11 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ ა. ბ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – ო. ს–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით: ა. ბ–ს, – პირადი ნომერი: ........, – ბრალად ედებოდა:

1.1. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღება – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 260-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით (ორი ეპიზოდი).

1.1.1. ა. ბ–ის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

2024 წლის 10 აპრილს, ქ. თ–ში, ....ს შესახვევის N..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ა. ბ–მა, ლ. მ–ზე, 200 ლარად, უკანონდ გაასაღა მის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული 0,0063 გრამი ნარკოტიკული საშუალება – ბუპრენორფინის შემცველი თეთრი ტაბლეტის ნატეხები, რაც იმავე დღეს ამოიღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.

2024 წლის 12 აპრილს, ქ. თ–ში, ფ–ს ქუჩის N..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ა. ბ–მა ლ. მ–ზე, 100 ლარად, უკანონოდ გაასაღა მის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული 0,0032 გრამი ნარკოტიკული საშუალება – ბუპრენორფინის შემცველი თეთრი ტაბლეტის ნატეხი, მცირეოდენ ფხვნილთან ერთად, რაც იმავე დღეს ამოიღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.

1.2. მარიხუანის უკანონო შეძენა, შენახვა – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

1.2.1. ა. ბ–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2024 წლის 8 მაისს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ქ. თ–ში, ფ–ს ქუჩის N..-ში მდებარე N.. ბინაში ჩატარებული ა. ბ–ის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ამოღებულ იქნა მის მიერ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეძენილი და შენახული 8,2352 გრამი ნარკოტიკული საშუალება – გამომშრალი მარიხუანის შემცველი პოლიეთილენის ჩამკეტიან პაკეტში 7 ცალად დაფასოებული სპეციფიკური სუნის, მომწვანო, გამომშრალი და დაქუცმაცემული მცენარეული მასა.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 30 იანვრის განაჩენით:

2.1. ა. ბ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (2024 წლის 10 აპრილის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იგი გათავისუფლდა დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.

2.2. ა. ბ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (2024 წლის 10 აპრილის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლით.

2.3. ა. ბ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (2024 წლის 12 აპრილის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იგი გათავისუფლდა დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.

2.4. ა. ბ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (2024 წლის 12 აპრილის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლით.

2.5. ა. ბ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – ჯარიმა 2000 ლარი.

2.6. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ერთმა თანაბარმა სასჯელმა შთანქა სხვა თანაბარი და ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ა. ბ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლით.

2.7. ა. ბ–ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 წლით – საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; 20 წლით – საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 30 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ა. ბ–მა და მოითხოვა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში (ორი ეპიზოდი) უდანაშაულოდ ცნობა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 11 თებერვლის განაჩენით დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 30 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 11 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ა. ბ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – ო. ს–მა. დაცვის მხარემ მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ორი ეპიზოდი) მსჯავრდების ნაწილში, ხოლო საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და ამავე კოდექსის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით მსჯავრდების ნაწილში – გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

6. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კასატორი დაასაბუთებს ამავე ნაწილით ამომწურავად განსაზღვრული რომელიმე წინაპირობის/წინაპირობების არსებობას. ამავე მუხლის მე-31 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოს ევალება, შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, იგი ცნობილ უნდა იქნეს დასაშვებად.

6.1. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6.2. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობა.

7. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, par.30, ECtHR, 25/12/2001); ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, paras. 37, 41, ECtHR, 20/03/2009).

8. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, დაცვის მხარე სადავოდ არ ხდის გასაჩივრებულ განაჩენს ა. ბ–ის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილითა (ორი ეპიზოდი) და ამავე კოდექსის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით მსჯავრდებების ნაწილში, არამედ ითხოვს მსჯავრდებულის უდანაშაულოდ ცნობას საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ორი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში. ამდენად, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს ა. ბ–ის მსჯავრდების სისწორე საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ორი ეპიზოდი).

9. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ა. ბ–ის უდანაშაულობის შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებებით „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით დასტურდება ა. ბ–ის მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი ქმედებების ჩადენა, კერძოდ:

10. სასამართლო ითვალისწინებს სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, მათ შორის: მოწმე ლ. მ–ის ჩვენებას, ფულადი თანხის გადაცემის ოქმებს (იხ. ტ. 1, ს.ფ. 16, 48), საკონტროლო შესყიდვისა და ვიზუალური კონტროლის განხორციელების შესახებ ოქმებს, ამოღების ოქმებს, თანხის ანგარიშზე შეტანის დამადასტურებელ – თანხის ჩარიცხვის ქვეითრებს (იხ. ტ. 1, ს.ფ. 18, 50), მოწმე კ. ჯ–ას ჩვენებას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის მთავარი სამმართველოს 2024 წლის 11 აპრილის N...... ქიმიური ექსპერტიზის დასკვნას (დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი თეთრი ტაბლეტის ნატეხები წონებით: 0,08484 გრამი და 0, 07327 გრამი – წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინის შემცველ ტაბლეტის ნატეხებს, რომლებშიც ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის ოდენობა შეადგენს: 0,0034 გრამსა და 0,0029 გრამს. საერთო რაოდენობით – 0,0063 გრამი (იხ. ტომი 1, სფ. 35-40)), საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის მთავარი სამმართველოს 2024 წლის 13 აპრილის N......... ქიმიური ექსპერტიზის დასკვნას (დადგინდა, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი თეთრი ტაბლეტის ნატეხი, მცირეოდენ ფხვნილთან ერთად, წონით: 0,08199 გრამი – წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინის შემცველ ტაბლეტის ნატეხსა და ფხვნილს, რომლებშიც ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის ოდენობა შეადგენს: 0,0032 გრამს (იხ. ტომი 1, ს.ფ. 68-72)), საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის მთავარი სამმართველოს 2024 წლის 30 მაისის N.......... ფონოსკოპიური, ჰაბიტოსკოპიური და ფოტო-ვიდეო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნას (ექსპერტიზაზე წარდგენილ ვიდეოგრამებსა და ფონოგრამებს არ აღენიშნება რედაქტირების ან მონტაჟის ნიშნები. ვიდეოგრამებზე დაფიქსირებული გამოძიებისათვის საინტერესო პიროვნების იერსახის გამოსახულება იდენტურია საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ჰაბიტოსკოპიურ მონაცემთა ერთიან ბაზაში რიცხულ, 1... წელს დაბადებულ ა. ლ–ს ძე ბ–ის (პ/ნ .........) სახელზე შევსებულ ელექტრონულ საინფორმაციო ბარათზე არსებული გამოსახულებისა (იხ. ტომი 1, ს.ფ. 66-81)).

11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწეების: კ. ჯ–ას, მ. მ–ს, კ. ა–ს, ი. თ–სა და ლ. მ–ის ჩვენებების გარდა,სხვა მტკიცებულებები, სრული მოცულობით მიჩნეულ იქნა უდავოდ (იხ. 2024 წლის 1 ნომებრის სასამართლოს სხდომის ოქმი).

12. კასატორი არ უარყოს ა. ბ–ის მიერ ლ. მ–ისათვის ნარკოტიკული საშუალებების გადაცემის ფაქტს, თუმცა, არ იზიარებს ქმედების გასაღებად კვალიფიკაციას და მიაჩნია, რომ მსჯავრდებული ლ. მ–ს დაეხმარა ნარკოტიკული საშუალებების შეძენაში.

13. ერთი პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების დაუფლების, ფლობისა და ამავე ნარკოტიკის მეორე პირისათვის გადაცემის ფაქტის სამართლებრივი შეფასებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ყოველი საქმის კონკრეტულ, ინდივიდუალურ ფაქტობრივ გარემოებებს.

14. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და უდავო მტკიცებულებებით (მოწმეთა ჩვენებებით, ფულადი თანხის გადაცემის ოქმებით, საკონტროლო შესყიდვისა და ვიზუალური კონტროლის განხორციელების შესახებ ოქმებით, თანხის ჩარიცხვის ქვითრებით, ნარკოტიკული საშუალებების ამოღების ოქმებით, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნებით, ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ვიდეოჩანაწერით, ფონოსკოპიური, ჰაბიტოსკოპიური და ფოტო-ვიდეო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით) დგინდება, რომ 2024 წლის 10 და 12 აპრილს, ა. ბ–მა ლ. მ–ზე, საკონტროლო შესყიდვის ფარგლებში გადაცემული ფულადი თანხის გადახდის სანაცვლოდ, გაასაღა ნარკოტიკული საშუალება (0,0063 გრამი ბუპრენორფინის შემცვლელი თეთრი ტაბლეტის ნატეხები და 0,0032 გრამი ბუპრენორფინის შემცვლელი თეთრი ტაბლეტის ნატეხი, მცირეოდენ ფხვნილთან ერთად). კერძოდ, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, მათ შორის, ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მასალით დგინდება, რომ ლ. მ–ი წინასწარ უთანხმდება ა. ბ–ს, შემდგომ ურიცხავს ნარკოტიკული საშუალების შესაძენად საჭირო თანხას და მოგვიანებით, დათქმულ დროს, წინასწარ შეთანხმებულ ადგილზე ხვდება მსჯავრდებულს, რომელიც ლ. მ–ს გადასცემს ნარკოტიკულ საშუალებებს. სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა დაცვის მხარის პოზიციას ა. ბ–ის მიერ ჩადენილი ქმედებების ნარკოტიკული საშუალებების შეძენაში დახმარებით კვალიფიკაციის შესახებ (მათ შორის, არც ზემოაღნიშნული ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მასალით). ამასთან, საქართველოს სსკ -ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია) ისჯება ნარკოტიკული საშუალების გადაცემა იმისდამიუხედავად, აღნიშნული განხორციელდა სასყიდლით, თუ – უსასყიდლოდ.

15. კასატორის მტკიცებასთან მიმართებით, რომ ლ. მ–ის მიერ მსჯავრდებულისათვის თანხის გადაცემა უკავშირდებოდა ლ. მ–ის მიერ ა. ბ–ისთვის ვალის დაბრუნებას, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს:

15.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების დანაწესებთან ერთად, სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ ცალკეულ შემთხვევებში დაცვის მხარეს არაპირდაპირ მაინც ეკისრება მტკიცების შემხვედრი მოვალეობა შეზღუდულ ფორმატში, რაც გულისხმობს მის მოვალეობას, წარმოადგინოს გარკვეულ გარემოებებთან/ვითარებასთან დაკავშირებით ახსნა-განმარტება, როდესაც დაცვის მხარის მიერ ფაქტების გონივრული ახსნის გარეშე, საქმეზე შეკრებილი ფაქტობრივი გარემოებები აშკარად მეტყველებს ბრალდებულის წინააღმდეგ – ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაცია გადამოწმების საშუალებას უნდა იძლეოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი გაზიარება უტყუარობის კრიტერიუმს ვერ დააკმაყოფილებს და ამგვარი განცხადება საფუძვლად ვერ დაედება რაიმე ფაქტის არსებობა/არარსებობის მტკიცებას (იხ., John Murray v. UK, [GC], no.18731/91, par.54, ECtHR, 08/02/1996). მოცემულ შემთხვევაში, აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება (პირდაპირი ან/და გარემოებითი) ან/და არგუმენტირებული მსჯელობა დაცვის მხარის მიერ არ არის წარმოდგენილი, რაც სასამართლოს მისცემდა დაცვის მხარის ვერსიის გაზიარებისა და შესაბამისად, განსხვავებული დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას ( მაგალითისთვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025წლის 2 ოქტომბრის განჩინება N 330აპ-25)

15.2. მოცემულ შემთხვევაში, დაცვის მხარის ზემოაღნიშნული მტკიცება (ვალის არსებობა და სადავო თანხის სწორედ აღნიშნული ვალის დაბრუნების მიზნით გადაცემა) არ დასტურდება სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით.

16. „ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს შიდასახელმწიფოებრივ სასამართლოებს საკმარისი სიზუსტით აჩვენონ თავიანთი გადაწყვეტილებების მიზეზები (იხ. Taxquet v. Belgium [GC],no. 926/05, par. 91, ECtHR,16/11/2010, Nikolay Genov v. Bulgaria, no.7202/09, par. 27, ECtHR,13/07/2017). გადაწყვეტილების მიზეზების წარმოდგენის ვალდებულების მოცულობა განსხვავდება გადაწყვეტილების ბუნების მიხედვით და უნდა განისაზღვროს საქმის გარემოებებიდან გამომდინარე“ (Rostomashvili v. Georgia, no.13185/07, par. 55, ECtHR, 8/11/2018).

17. მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არც ერთი საფუძვლის არსებობა, რის გამოც, საკასაციო სასამართლო მოკლებულია საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

18. „როდესაც საკასაციო სასამართლო დაუშვებლად ცნობს საქმეს სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები" (Kuparadze v. Georgia, no. 30743/09, par. 76, ECtHR, 21/09/2017).

19. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33 და მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ა. ბ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – ო. ს–ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 11 თებერვლის განაჩენზე;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

ნ. სანდოძე