დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ა-496-ა-3-2012 2 აპრილი, 2012 წელი,ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა
ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
განმცხადებელი – ღ. გ-ი
მოწინააღმდეგე მხარე - სს ,,ბანკი ...”
გასაჩივრებული განჩინება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 11 აპრილის განჩინება
განმცხადებლის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სს ,,ბანკი ...მ” სარჩელი აღძრა სასამართლოში ღ. გ-ისა და რ. მ-ის მიმართ თანხის დაკისრებისა და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე სს ,,ბანკი ...ს” სარჩელი დაკმაყოფილდა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ღ. და ქ. გ-ებმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილებით ქ. და ღ. გ-ების სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ღ. და ქ. გ-ებმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 18 მარტის განჩინებით ქ. გ-ის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 11 აპრილის განჩინებით ღ. გ-ის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
2012 წლის 7 თებერვალს საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა ღ. გ-მა და მოითხოვა, ახლად აღმოჩენილი გარემოების გამო, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 11 აპრილის განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება, ვინაიდან, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე - პაატა ქათამაძეს მოცემული საქმის განხილვაში მონაწილეობა აქვს მიღებული პირველი ინსტანციის სასამართლოში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნია, რომ ღ.გ-ის განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 11 აპრილის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა” ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი თუ გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა მოსამართლე, რომელსაც, კანონის თანახმად, უფლება არ ჰქონდა, მონაწილეობა მიეღო ამ გადაწყვეტილების მიღებაში. ამავე კოდექსის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსამართლე, რომელიც მონაწილეობდა საქმის პირველი ინსტანციით განხილვაში, ვერ მიიღებს მონაწილეობას ამ საქმის განხილვაში სააპელაციო ინსტანციის ან/და საკასაციო ინსტანციის სასამართლოში.
საქმეში არსებული მასალებით, კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმთა კოლეგიის 2005 წლის 26 ივლისისა და 2005 წლის 26 სექტემბრის განჩინებებით ირკვევა, რომ პაატა ქათამაძემ, როგორც საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, მონაწილეობა მიიღო ღ.გ-ის მიმართ სს „ბანკი ...ს“ სარჩელის განხილვაში.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მესამე ნაწილისა და 431-ე მუხლის თანახმად, თუ გამოირკვევა, რომ საქმის წარმოების განახლების მოთხოვნა საფუძვლიანია, მაშინ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას სასამართლო გააუქმებს თავისი განჩინებით. გადაწყვეტილების გაუქმების შემდეგ საქმე, რომელზედაც ეს გადაწყვეტილება იყო გამოტანილი, თავიდან უნდა იქნეს განხილული ამ კოდექსით დადგენილი წესით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 11 აპრილის განჩინება ბათილად უნდა იქნეს ცნობილი და საქმეზე საკასაციო წარმოება განახლდეს, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპიდან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა” ქვეპუნქტით, 430-ე მუხლის მესამე ნაწილით, 431-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ღ. გ-ის განცხადება უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 11 აპრილის განჩინების ბათილად ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.
ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 11 აპრილის განჩინება და მოცემულ საქმეზე განახლდეს საქმის საკასაციო წარმოება, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპიდან.
საქმის განხილვა დაინიშნოს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე, რის შესახებაც ეცნობოთ მხარეებს.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.