დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 02.04.2012
საქმის ნომერი
ას-164-158-2012
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
02.04.2012

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-164-158-2012 2 აპრილი, 2012 წელი,ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - მ. ლ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „...კომპანია“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - მგზავრობის პირვანდელი საფასურის აღდგენა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. ლ-ემ თბილისის საქალაქო სასამართლოში შპს „...კომპანიისა“ და ქ. თბილისის მერიის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა მგზავრობის პირვანდელი საფასურის აღდგენის მოთხოვნით.

მოსარჩელემ განმარტა, რომ 2007 წელს დადგინა თბილისის მეტროპოლიტენით სარგებლობის საფასურის გადახდის ახალი წესები, რომლის შესაბამისადაც გამოშვებული იქნა „მ-ომანის“ ბარათები. აღნიშნული წესების შესაბამისად, მან შეიძინა ბარათი და რეგულარულად იხდიდა 144 ლარს, რაც მეტროში 720 გასვლის უფლებას იძლეოდა. ქ. თბილისის მთავრობის 30.06.2009 წლის დადგენილებით დაწესდა ახალი ტარიფები, კერძოდ, მეტროთი პირველი სარგებლობა ღირს 40 თეთრი, მეორე - 30 თეთრი, ხოლო ყველა მომდევნო - 20 თეთრი. მოსარჩელის მტკიცებით, აღნიშნულით მგზავრების გადაყვანის ხელშეკრულებაში ცალმხრივად შევიდა ცვლილება, რის უფლებაც მოპასუხეებს არ გააჩნდათ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 11 აპრილის განჩინებით მ. ლ-ის სარჩელი ქ. თბილისის მერიის მიმართ დარჩა განუხილველად.

იმავე სასამართლოს 2011 წლის 10 მაისის გადაწყვეტილებით მ. ლ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 ნოემბრის განჩინებით მ. ლ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1. 2007 წლის 8 მაისს ქ. თბილისის საკრებულოს მიერ მიღებული იქნა №6-35 გადაწყვეტილება „რეგულირებად ეკონომიკურ სფეროებში ტარიფების შესახებ“. აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით შპს „თ-ს მ-ოს” დაევალა 2007 წლის 1 ივლისამდე მეტროპოლიტენით მგზავრობის ფასდაკლების სისტემის შემუშავება 0,40 ლარიდან 0,20 ლარის ფარგლებში იმ მომხმარებლებისათვის, რომელთაც სურდათ მრავალჯერადი გამოყენების აბონემენტებით მგზავრობა. აღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად, შპს „თ-ს მ-ოს“ გენერალური დირექტორის 2007 წლის 29 ივნისის №85-გდ ბრძანებით 2007 წლის 1 ივლისიდან შემოღებული იქნა მრავალჯერადი გამოყენების აბონემენტი-პლასტიკური ბარათი და ფასდაკლების სისტემა, რომელიც დამოკიდებული იყო შეძენილი გასვლების რაოდენობაზე. შპს „თ-ს მ-ოს“ გენერალური დირექტორის 2007 წლის 29 ივნისის №85-გდ ბრძანების დანართი №1-ის თანახმად, 720 გასვლის ღირებულება განისაზღვრა 145 ლარით. ამავე ბრძანების დანართი №2-ს თანახმად (მრავალჯერადი გამოყენების აბონემენტებით სარგებლობის წესები) მრავალჯერადი გამოყენების აბონემენტი არის პლასტიკური ბარათი და წარმოადგენს მეტროთი მგზავრობის საფასურის გადახდის საშუალებას. პლასტიკურ ბარათზე შესაძლებელია 4 ტიპის გასვლების რაოდენობის (60,180,360 და 720) ჩატვირთვა. პლასტიკურ ბარათზე ვრცელდება ფასდაკლების სისტემა, რომელიც დამოკიდებულია შეძენილი გასვლების რაოდენობაზე. რაც უფრო მეტი რაოდენობის გასვლებს შეიძენს მგზავრი, მით ნაკლებია ერთი გასვლის ღირებულება. არჩეული რაოდენობის გასვლების შესაბამისი თანხის გადახდის შემდეგ მგზავრი იღებს პლასტიკურ ბარათს და სალაროს ქვითარს. ამასთან ერთად მგზავრი იხდის ერთჯერადად ორ ლარს, პლასტიკური ბარათის „გირაოს“ სახით. ბარათის უკან ჩაბარების შემთხვევაში მგზავრს უბრუნდება გადახდილი ორი ლარი. პლასტიკური ბარათი არ არის პერსონალური, შესაბამისად მფლობელის იდენტიფიცირება მოხდება ბარათის შეძენისას გაცემული სალაროს ქვითრის წარდგენით. ბარათი აღჭურვილია 2 უხილავი ჩიპით, პირველ ჩიპზე დამახსოვრებულია მეტროს სალაროში ფასდაკლების სისტემით შეძენილი გასვლების შესაბამისი რაოდენობა, ხოლო მეორეში ე. წ. „საფულეში“ არსებული თანხა, „საფულეში“ შესაძლებელია ნებისმიერი რაოდენობის თანხის შეტანა. პლასტიკური ბარათის გამოყენებისას წამკითხველი თავდაპირველად მიმართავს ჩიპს, რომელზეც დამახსოვრებულია ფასდაკლებით შეძენილი გასვლების რაოდენობა, თუ მასზე დარჩენილია გასვლების რაოდენობა, მაშინ ბარათიდან ჩამოიჭრება 1 გასვლის უფლება. თუ ბარათზე ფასდაკლებით შეძენილი გასვლების რაოდენობა აღარ არის, მაშინ წამკითხველი მიმართავს მეორე ჩიპს, რომელზეც უკვე თანხა ინახება და მგზავრობის საფასურის ჩამოჭრა განხორციელდება „საფულედან“, ამჯერად უკვე ერთჯერადი მგზავრობის ტარიფის - 40 თეთრის ოდენობით;

2. მ. ლ-ემ შპს „მ-ო სერვის +“-საგან, 2007 წლის 2 ივლისს შეიძინა პლასტიკური ბარათი და 720 გასვლა. მ. ლ-ე შპს „თ-ს მ-ოს“ გენერალური დირექტორის 2007 წლის 29 ივნისის №85-გდ ბრძანებით განსაზღვრული ფასდაკლების სისტემით 2009 წლის 11 თებერვლამდე სარგებლობდა;

3. შპს „თ-ს მ-ოს“ გენერალური დირექტორის 2009 წლის 30 იანვრის №01-10 ბრძანებით ძალადაკარგულად გამოცხადდა 2007 წლის 29 ივნისის №85-გდ ბრძანება და მრავალჯერადი გამოყენების პლასტიკური ბარათებით მოსარგებლე პირთათვის დამტკიცდა ფასდაკლების ახალი სისტემა. ქ. თბილისის მთავრობის 2009 წლის 30 ივნისის №17.36.615 დადგენილებით დამტკიცდა შპს „...კომპანიის“ მიერ წარმოდგენილი მრავალჯერადი გამოყენების პლასტიკური ბარათებით მოსარგებლე პირთათვის ფასდაკლების შემდეგი სისტემა: პლასტიკური ბარათის გამოყენების შემთხვევაში ერთი და იმავე დღის განმავლობაში პირველი მგზავრობის ღირებულება – 40 თეთრი, მეორე მგზავრობის ღირებულება _ 30 თეთრი, ხოლო ყველა შემდგომის მგზავრობის ღირებულება _ 20 თეთრი. ქ. თბილისის მთავრობის 2010 წლის 2 დეკემბრის №32.03.1498 დადგენილებით, რომელიც ამოქმედდა 2010 წლის 6 დეკემბრიდან მოქმედებს შემდეგი ფასდაკლების სისტემა: მგზავრობის ტარიფი _ 0,5 ლარი, ხოლო სამგაზვრო ბარათის გამოყენების შემთხვევაში ერთი და იმავე დღის განმავლობაში: მეორე მგზავრობის ღირებულება _ 0,3 ლარი, ყველა შემდგომი მგზავრობის ღირებულება _ 0,2 ლარი;

4. შპს „თ-ს მ-ოს“ გენერალური დირექტორის 2009 წლის 30 იანვრის №01-10 ბრძანებით მგზავრობის ახალი ტარიფების შემოღებისთვის მოსარჩელეს ბარათზე დარჩენილი ჰქონდა 28 გასვლა, რაც ამოიწურა 2009 წლის 11 თებერვალს და მოსარჩელე ამ სისტემით სარგებლობდა გასვლების რაოდენობის ამოწურვამდე, მიუხედავად იმისა, რომ უკვე მოქმედებდა ფასდაკლების ახალი სისტემა.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორი იყო, მიუხედავად ზოგიერთი განმარტების უმართებულობისა.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, 2007 წლის 2 ივლისს პლასტიკური ბარათის შეძენით და მასზე 145 ლარის დარიცხვით, მ.ლ-ე, როგორც აბონიმენტი–პლასტიკური ბარათის კანონიერი მფლობელი შპს „თ-ს მ-ოსთან“ (ამჟამად შპს „…კომპანია“) შევიდა გრძელვადიან სამართლებრივ ურთიერთობაში. შესაბამისად, გასვლების რაოდენობის ამოწურვამდე შპს თ-ს მ-ო, როგორც გადამყვანი, ვალდებული იყო მგზავრის – მ. ლ-ის, როგორც პლასტიკური ბარათის მფლობელის გადაყვანა, განეხორციელებინა სწორედ ფასდაკლების იმ სისტემის გათვალისწინებით, რასაც გულისხმობდა შეძენილი გასვლების ოდენობა, ანუ შეძენილი 720 გასვლის პირობებში თითო მგზავრობის საფასური 20 თეთრს შეადგენდა, როგორც საქმეში 120–121 გვერდებზე წარმოდგენილი ბარათით სარგებლობის ისტორიით დადგინდა, მიუხედავად იმისა, რომ 2009 წლის 1 თებერვლიდან უკვე ამოქმედდა ფასდაკლების ახალი სისტემა, რომლითაც გაუქმდა ძველი ფასდაკლების სისტემა, მ. ლ-ე გასვლების ოდენობის სრულად ამოწურვამდე – 2009 წლის 12 თებერვლამდე, მაინც სარგებლობდა ფასდაკლების ძველი სისტემით.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მას შემდეგ რაც მ. ლ-ეს ამოეწურა 720 გასვლის უფლება, შპს ,,თ-ს მ-ოს“, ახალი ფასდაკლების სისტემის პირობებში, აღარ გააჩნდა სამართლებრივი ურთიერთობის ისევ ძველი პირობებით გაგრძელების ვალდებულება.

სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება მ. ლ-ემ საკასაციო წესით გაასაჩივრა, მისი გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 317-ე და 327-ე მუხლები. სასამართლომ არც ის გარემოება გაითვალისწინა, რომ ხელშეკრულება წყდება ხელშეკრულებიდან გასვლის გზით, განსახილველ შემთხვევაში ხელშეკრულების მოქმედება გრძელდება, რასაც ბარათის გამოყენების ისტორიაც ადასტურებს. მოპასუხემ ცალმხრივად შეცვალა ხელშეკრულების პირობები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 21 თებერვლის განჩინებით მ. ლ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ლ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებზე დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებებს და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით, რის გამოც მ. ლ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნას დაშვებული.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% - 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. ლ-ის (პირადი N...) საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშიდან (სს ბანკი „რესპუბლიკა“ ბანკის BIC კოდი: REPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის № GE79 BR00 0000 0033 0500 01) დაუბრუნდეს 2012 წლის 10 თებერვლის N4865299 შემოსავლის ორდერით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% - 210 ლარი სს „ბანკი რესპუბლიკის“ მეშვეობით;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.