კერძო საჩივარი

სამოქალაქო 16.05.2012
საქმის ნომერი
ას-685-644-2012
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
16.05.2012

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№ას-685-644-2012 16 მაისი, 2012 წელი,ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებლი)

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ბმა „ამხანაგობა ...ა“

წარმომადგენელი – შ. ჯ-ე

მოწინააღმდეგე მხარე – ლ. ჩ-ე, ა., დ. და ა. კ-იები

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 23 მარტის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – გადაწყვეტილების განმარტება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლ. ჩ-ემ, ა., დ. და ა. კ-იებმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში ბინათ მესაკუთრეთა ამხანაგობა „ამხანაგობა ...ა-ს“ (ყოფილი №... კ-ის) მიმართ და მოითხოვეს „ამხანაგობა ...ა-ს“ წევრად აღიარება, ქ. ბათუმში, რ-ას ქ№8-ში მდებარე, ამხანაგობის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონებიდან _ 70 კვ. მ ფართის მთლიანი ნაგებობის 1/53-ის მიკუთვნება და მოპასუხის დავალდებულება მოსარჩელეთათვის წილობრივი მონაცემების შესაბამისად ქონების გამოყოფა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოსარჩელეები აღიარებულ იქნენ „ამხანაგობა ...ა-ს“ წევრებად და შესაბამისი ცვლილებები შევიდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ამხანაგობა ...ა-ს“ საწესდებო დოკუმენტაციაში, ხოლო ქ.ბათუმში, რ-ას ქ№8-ში მდებარე „ამხანაგობა ...ა-ს“ საკუთრებად რეგისტრირებული ფართიდან 70-კვ.მ ფართის (სახლის 1/53) მიკუთვნებისა და ამ წილის მოსარჩელეთათვის რეალურად გამოყოფის მოთხოვნის ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მოსარჩელეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება წილის მიკუთვნებისა და მისი ქონების რეალურად გამოყოფის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ლ. ჩ-ის, ა., დ. და ა. კვირკვრლიების სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოსარჩელეებს მიეკუთვნათ ქ. ბათუმში, რ-ას ქ№8-ში მდებარე „ამხანაგობა ...ა-ს“ საკუთრებად რეგისტრირებული სახლის 35 კვ.მ ფართის შესაბამისი წილი და ამხანაგობას დაევალა მოსარჩელეთათვის წილობრივ საკუთრებაში არსებული ქონების რეალურად გამოყოფა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა „ამხანაგობა ...ა-ს“ წარმომადგენელმა შ. ჯ-ემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 აპრილის განჩინებით კასატორის წარმომადგენელ შ. ჯ-ის განცხადება დარღვეული საპროცესო ვადის საპატიოდ მიჩნევისა და ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელების შესახებ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო, შესაბამისად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ამხანაგობა ...ა-ს“ საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად.

2012 წლის 9 იანვარს აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიურომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას იმავე სასამართლოს 2010 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილების განმარტების შესახებ განცხადებით მიმართა. განმცხადებლის მითითებით, სააღსრულებო საქმის წარმოებისას გაირკვა, რომ საჯარო რეესტრის მონაცემებით, ქ. ბათუმში, რ-ას N8-ში მდებარე 241.27 კვ. მ სასარგებლო ფართი და ბინა N11, საერთო ფართით 105,77 კვ. მ ირიცხება „ამხანაგობა ...ა-ს“ საკუთრებად. სააღსრულებო ბიურომ მოითხოვა განმარტება, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გულისხმობდა თუ არა დასახელებული ოთხი პირისათვის ქ. ბათუმში, რ-ას N8-ში მდებარე „ამხანაგობა ...ა-ს“ კუთვნილი ქონებიდან 35 კვ. მ-ის მიკუთვნებასა და საჯარო რეესტრში აღრიცხვას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 23 მარტის განჩინებით სააღსრულებო ბიუროს განცხადება დაკმაყოფილდა, იმავე სასამართლოს 2010 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებისა და მის საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის სარეზოლუციო ნაწილი განიმარტა შემდეგნაირად: „ლ. ჩ-ეს, ა. კ-იას, დ. კ-იასა და ა. კ-იას ქ. ბათუმში, რ-ას N8-ში მდებარე „ამხანაგობა ...ა-ს“ საკუთრებაში (ამჟამად) რეგისტრირებული ფართიდან მიეკუთვნოთ 35 კვ. მ და საკუთრების უფლებით დაურეგისტრირდეთ საჯარო რეესტრში.“

სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ბმა „ამხანაგობა ...ა-მ“. მისი მითითებით, სააპელაციო სასამართლო გაცდა განმარტების ფარგლებს. ამხანაგობის საკუთრებაში არსებულ ფართს ინდივიდუალური მესაკუთრეები ჰყავს, რომელთა ინტერესებიც ილახება. აღმასრულებლის მიერ მითითებულ ბინა 11-ის მესაკუთრეა ბადრი გობაძე. რაც შეეხება 241,2 კვ. მ-ს, აღნიშნული არასაცხოვრებელი ფართია, რომელზეც საკუთრების უფლება 27 პირს გააჩნია. გადაწყვეტილების განმარტება ცვლის სარეზოლუციო ნაწილს, რადგანაც შეეხება მანამდე გამოტანილ გადაწყვეტილებებსაც. სასამართლომ დაარღვია „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ კანონის იმპერატიული მოთხოვნები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ...420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

იმავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არ აქვს ადგილი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი გაუგებარი და დაუსაბუთებელია. სასამართლო არ იზიარებს „ამხანაგობა ...ა“-ს მითითებას, რომ გადაწყვეტილების განმარტების შედეგად აღსრულება ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებულ ფართზე უნდა მიექცეს. საქმეში არსებული საჯარო რეესტრის ჩანაწერები ადასტურებს, რომ ხსენებულ ამხანაგობას საკუთრებაში აქვს 241,2 კვ. მ სასარგებლო ფართი, შესაბამისად, აღსრულება სწორედაც ამხანაგობის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებიდან ხდება.

სასამართლო ასევე არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებას, რომ მოსარჩელეებს საცხოვრებელი ფართი მიეკუთვნათ, სადავო 241,2 კვ. მ კი არასაცხოვრებელი ფართია. სასამართლო აღნიშნავს, რომ განმარტებული გადაწყვეტილება ამგვარ დაკონკრეტებას არ შეიცავს, შესაბამისად იგულისხმება, რომ მოსარჩელეებს ამხანაგობის ქონებიდან ნებისმიერი 35 კვ. მ უნდა მიკუთვნებოდათ.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან სასამართლო აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია.

მითითებული ნორმის თანახმად, კანონმდებელი გადაწყვეტილების განმარტების საფუძვლად სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანებას მიიჩნევს, ხოლო განმარტების მიზნად კი - მისი აღსრულების უზრუნველყოფას. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სააღსრულებო ბიუროს განცხადება სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფას ისახავდა მიზნად, შესაბამისად, განმარტების შესახებ განჩინება კანონიერია და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 420-ე, 410-ე, 262-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ბმა „ამხანაგობა ...ა“-ს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 23 მარტის განჩინება;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.