დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№ ას-1460-1378-2012 1 თებერვალი, 2013 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – თ. ფ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – მ. შ-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თ. ფ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. შ-ის წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხისათვის, მის სასარგებლოდ, 17 886.8 ლარის დაკისრება შემდეგი დასაბუთებით: სარჩელი თანახმად, ო. შ-ის საცხოვრებელ სახლს, მისივე თანხმობით, მოსარჩელემ ჩაუტარა სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები ო. შ-ის გარდაცვალებამდე. მის მემკვიდრეს წარმოადგენს მ. შ-ი, რომელმაც მიიღო სამკივდრო ქონება, რომელიც შეიცავს თ. ფ-ის მიერ სარემონტო სამუშაოებზე გახარჯულ თანხას – 17 886.8 ლარს. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა მოპასუხისათვის 1271 და 203 ლარის დაკისრება იმ მოტივით, რომ ო. შ-ის გარდაცვალებამდე მისი მკურნალობისათვის დახარჯა 1271 ლარი, ხოლო 203 ლარი სესხის სახით მოპასუხისათვის გადასაცემად, მისცა მის შვილს – მამუკა შ-ს.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
გორის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებით თ. ფ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
რაიონული სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ფ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება ოპერაციული მკურნალობისთვის გადახდილი 604 ლარისა და სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ღირებულების - 17 886.8 ლარის ანაზღაურების ნაწილში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილებით თ. ფ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ნაწილობრივ გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება (გადაწყვეტილების 1.2. პუნქტი) და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, თ. ფ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მ. შ-ს თ. ფ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 550 ლარის გადახდა, დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგი დასაბუთებით:
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
ო. შ-ი ქორწინებაში იმყოფებოდა ნ. ფ-თან, რომელიც გარდაიცვალა 2009 წლის 27 ივნისს. მათ შვილი არ ჰყოლიათ და ცხოვრობდნენ გორის რაიონის სოფელ ა-ში.
თ. ფ-ი და ზ. ფ-ი (გარდაიცვალა 2000 წლის 18 ნოემბერს) იყვნენ ნ. ფ-ის ძმის შვილები. ზ. ფ-ი მცირეწლოვანებიდან იზრდებოდა და გარდაცვალებამდე ცხოვრობდა ნ. ფ-ისა და ო. შ-ის ოჯახში, ეს უკანასკნელნი ზრუნავდნენ მასზე, როგორც შვილზე.
ო. შ-მა 2010 წლის მარტში ჩაიტარა ონკომარკერების გამოკვლევა იმუნოფერმენტული მეთოდით, ასევე, - საშარდე სისტემის ულტრაბგერითი გამოკვლევა.
2011 წლის 14 იანვარს ო. შ-ი ჰოსპიტალიზირებულ იქნა ა. ღ-ას სახელობის ონკოლოგიის ნაციონალურ ცენტრში. მას ჰქონდა დიაგნოზი: ექსტრა სანაღვლე გზების კიბო, გართულებული მექანიკური სიყვითლე და დაენიშნა ამბულატორიული და ოპერაციული მკურნალობა.
2011 წლის 14 იანვრიდან 28 იანვრამდე ო. შ-ს ა. ღ-ას სახელობის ონკოლოგიის ნაციონალურ ცენტრში ჩაუტარდა ამბულატორიული და ოპერაციული მკურნალობა. მკურნალობისათვის აუცილებელი თანხის ნაწილი გადახდილია სახელმწიფოს მიერ.
ო. შ-ის ოპერაციული მკურნალობისათვის 550 ლარი გადაიხადა მოსარჩელე თ. ფ-მა.
სააპელაციო ინსტანციაში აპელანტის მიერ წარდგენილი იქნა სს ა. ღ-ას სახელობის ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის 2012 წლის 24 მაისის №849 პასუხი თ. ფ-ის განცხადებაზე, რომლითაც პალატამ დაადგინა, რომ 2011 წლის 14-28 იანვარს ო. შ-ს ონკოცენტრში ჩაუტარდა მკურნალობა, მათ შორის, ოპერაციული, რომლის სრული ღირებულება შეადგენდა 1760 ლარს, საიდანაც პაციენტის თანაგადახდის წილი შეადგენდა 550 ლარს. 2011 წლის 14 იანვრის №1100238 ხელშეკრულების ფარგლებში, პაციენტის მეურვის (თ. ფ-ი) მიერ სრულად იქნა შესრულებული ნაკისრი ვალდებულება და ცენტრს მის მიმართ რაიმე პრეტენზია არ გააჩნია (ტ. III. ს.ფ. 6). ამასთან, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მითითებული გარემოების საწინააღმდეგო შესაბამისი მტკიცებულება მოწინააღმდეგე მხარეს სასამართლოში არ წარმოუდგენია.
ო. შ-ი 2011 წლის 28 იანვარს გარდაიცვალა თბილისში, ა. ღ-ას სახელობის ონკოლოგიის ნაციონალურ ცენტრში.
2011 წლის 17 აგვისტოს ო. შ-ის სამკვიდრო ქონება მიიღო გარდაცვლილის ძმამ - მ. შ-მა.
2011 წლის 13 ოქტომბერს მ. შ-ის განცხადების საფუძველზე, შსს გორის რაიონული სამმართველომ გააფრთხილა თ. ფ-ი საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის შესახებ და ამავე წელს შსს გორის რაიონული სამმართველოს მიერ თ. ფ-ის მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა უძრავი ქონება მდებარე მისამართზე გორის რაიონი, სოფელი ა-ი, საკადასტრო კოდით: №..., №..., №..., №....
ო. შ-ის სიცოცხლეში, მისივე თანხმობითა და სურვილით, კუთვნილ საცხოვრებელ სახლს, მდებარე: გორის რაიონის სოფელ ა-ში, ჩაუტარდა გარკვეული სახის სარემონტო სამუშაოები, რომლის ორგანიზებაში ასევე, ო. შ-ის სურვილითა და მასთან შეთანხმებით, მონაწილეობას იღებდა თ. ფ-ი.
პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელე თ. ფ-ს არ გაუღია ო. შ-ის საცხოვრებელ სახლზე (მდებარე მისამართზე: გორის რაიონი, სოფელი ა-ი) მის გარდაცვალებამდე განხორციელებული სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ხარჯი 17 886.8 ლარის ოდენობით, ვინაიდან სამოქალაქო კოდექსის 102-ე მუხლზე მითითებით აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია შესაბამისი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მის მიერ ო. შ-ის საცხოვრებელ სახლზე (მდებარე მისამართზე: გორის რაიონი, სოფელი ა-ი) მის გარდაცვალებამდე 17 886.8 ლარის ღირებულების სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების (სახურავის დემონტაჟი და გოფრირებული თუნუქით სახლის დახურვა, სახლის ჭერის ამოცვლა შიგნიდად, იატაკის მოხვეწა-ლაქით მოპირკეთება და სხვ.) განხორციელებას. პალატის აზრით, ასეთის დასტურად ვერ განიხილებოდა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტის 2011 წლის დასკვნა №021218-2011/03; პირველი ინსტანციის სასამართლოში სხდომაზე მოწვეულმა ექსპერტმა - დ. გ-მა ზეპირი განმარტებითაც დაადასტურა, რომ დასკვნა ასახავდა სადავო საცხოვრებელ სახლში ჩატარებულ სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო ღირებულებას და არ ადგენდა, თუ როდის განხორციელდა შესაბამისი სამუშაოები ან ვინ გადაიხადა მისი ღირებულება. მოწმეთა (ავთანდილ ვანიშვილი, ნოდარ ვანიშვილი, თეიმურაზ ბზიშვილი) ჩვენებით დგინდება მხოლოდ ის გარემოება, რომ ო. შ-ის სიცოცხლეში, მისივე თანხმობითა და სურვილით, მის კუთვნილ საცხოვრებელ სახლს, მდებარე: გორის რაიონის სოფელ ა-ში, ჩაუტარდა გარკვეული სახის სარემონტო სამუშაოები, რომლის ორგანიზებაში ასევე, ო. შ-ის სურვილითა და მასთან შეთანხმებით, მონაწილეობას იღებდა თ. ფ-ი. სასამართლომ სათანადო მტკიცებულებად არ განიხილა ასევე, მოსარჩელის მიერ აპელირებული შპს ,,კავკასუს ონლაინის’’ 2001 წლის 26 ოქტომბრის ცნობაც, რომელიც მხოლოდ იმას ადასტურებდა, რომ თ. ფ-ი იყო შესაბამისი დროისათვის დასაქმებული და იღებდა შესაბამის ანაზღაურებას. სადავო გარემოების დასტურად ასევე არ მიიჩნია, მოსარჩელის განმარტება იმის შესახებ, რომ ფაქტობრივი გარემოება მის მიერ საცხოვრებელი ბინის შეძენისა ან მისი კუთვნილი ბინის გასხვისებისა თბილისში, ადასტურებდა იმ გარემოებას, რომ მან მიღებული ფულადი თანხები გამოიყენა ო. შ-ის საცხოვრებელი სახლის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებისათვის.
სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 1334-ე, 1484-ე, 1489-ე მუხლებზე მითითებით, იმ ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რომ მ. შ-მა მიიღო რა გარდაცვლილი ძმის - ო. შ-ის სამკვიდრო, ამასთან, ვინაიდან დადგინდა, რომ ო. შ-ის ოპერაციული მკურნალობისათვის 550 ლარი გადაიხადა მოსარჩელე თ. ფ-მა, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში მოთხოვნა საფუძვლიანი იყო და მ. შ-ს თ. ფ-ის სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდა მის მიერ ო. შ-ის ოპერაციული მკურნალობის ხარჯის ანაზღაურება.
პალატამ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1328.1-ე მუხლზე და დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, აღნიშნა, რომ მ. შ-ისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის არსებითი იყო არა მხოლოდ იმ გარემოების დადგენილად ცნობა, რომ თ. ფ-მა ო. შ-ის საცხოვრებელ სახლზე გასწია სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ხარჯი, არამედ იმის დადგენაც, თუ რამდენად ჰქონდა თავად ო. შ-ს ვალდებულება აღნიშნული თანხის გადახდისა თ. ფ-ის მიმართ, რადგან მემკვიდრე პასუხს აგებს მხოლოდ მამკვიდრებლის ვალებისათვის და უფლებამონაცვლეა მისი იმ სამართლებრივ ურთიერთობაში, რომელშიც უფლებამონაცვლეობა მატერიალურ სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარეა დასაშვები. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელემ არ წარმოადგინა შესაბამისი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ო. შ-ის ვალდებულებას თ. ფ-ის მიმართ, თანხის გადახდისა, რაც შესაძლებელია ყოფილიყო მ. შ-ის, როგორც კანონისმიერი მემკვიდრის, პასუხისმგებლობის წარმოშობის საფუძველი სამკვიდრო აქტივის ფარგლებში მოსარჩელის მიმართ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნულ ნაწილში დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ თ. ფ-ის მოთხოვნა აწ გარდაცვლილი ო. შ-ის ქონებაზე გაწეული სარემონტო-სამშენებლო სამუშაობის ღირებულების ანაზღაურების სახით მ. შ-ისათვის თანხის გადახდის დაკისრების შესახებ, უსაფუძვლო იყო და დაკმაყოფილებას არ ექვემდებარებოდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. ფ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
კასატორის განმარტებით, სასამართლომ არ გაამახვილა ყურადღება მასზე, რომ მოწმეთა ჩვენებებით დადგინდა, რომ იგი ო. შ-ის საცხოვრებელი სახლის კეთილსინდისიერი მფლობელი იყო და სახლის სარემონტო სამუშაოებს აწარმოაებდა არა თვითნებურად, არამედ ო. შ-ის თანხმობით; სამოქალაქო კოდექსის 163-ე მუხლის მე-2 ნაწილით კი, კეთილსინდისიერ მფლობელს შეუძლია უფლებამოსილ პირს მოსთხოვოს იმ გაუმჯობესებისა და ხარჯების ანაზღაურება, რაც მან მიიღო ნივთზე კეთილსინდისიერი მფლობელობის დროს. სასამართლომ კი, მიუხედავად იმისა, რომ მსჯელობისას დადგენილად ჩათვალა, რომ სახლს ჩაუტარდა გარკვეული სახის სარემონტო სამუშაოები, რომლის ორგანიზებაში მონაწილეობას იღებდა თ. ფ-ი, არასწორად მიიჩნია, რომ აღნიშნული თურმე არ გულისხმობდა უცილობლად, რომ ო. შ-სა და თ. ფ-ს შორის ადგილი ჰქონდა შეთანხმებას, რომლითაც ო. შ-ს თანხის გადახდის რაიმე ვალდებულება ექნებოდა თ. ფუხაშვლისათვის სამუშაოთა ორგანიზებისათვის. აღნიშნულით სასამართლომ მთლიანად უარყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი, არ გაიზიარა მოწმეთა ჩვენებები, რის გამოც საქმეზე მიიღო არასწორი გადაწყვეტილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 3 დეკემბრის განჩინებით თ. ფ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ფ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას თ. ფ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (895 ლარი) 70% – 626.5 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ. ფ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ თ. ფ-ს (პირადი № ...) დაუბრუნდეს მის მიერ 2012 წლის 6 ნოემბერს საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (350 ლარის) და 2012 წლის 22 ნოემბერს გადახდილი (545 ლარის), სულ 895 ლარის 70% – 626.5 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ. თოდრია
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე