დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
#as-660-619-2010 №ას-1709-1603-2012 4 მარტი, 2013 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ შ.კ-ე
მოწინააღმდეგე მხარე _ სს „პ.ბ-ი“
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 22 ნოემბრის განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებით შ.კ-ის სარჩელი მოპასუხე სს „პ.ბ-ის“ მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა (ტომი 1, ს.ფ. 140-144).
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შ.კ-ემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით (ტომი 1, ს.ფ. 145-146).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 14 იანვრის განჩინებით შ.კ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება და შ.კ-ის სარჩელი დარჩა განუხილველად მოსარჩელის მიერ სარჩელის გამოხმობის გამო. ამასთან, მხარეებმა განაცხადეს, რომ ეთანხმებოდნენ აღნიშნულ განჩინებას და უარს აცხადებდნენ მის გასაჩივრებაზე (ტომი 1, ს.ფ. 173-174).
2012 წლის 23 ოქტომბერს შ.კ-ემ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ამავე სასამართლოს 2008 წლის 14 იანვრის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორება. მოთხოვნის საფუძვლად განმცხადებელმა იმ გარემოებაზე მიუთითა, რომ დასახელებული განჩინებით მას არ დაბრუნებია მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი (ტომი 2, ს.ფ. 2).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 22 ნოემბრის განჩინებით შ.კ-ის განცხადება არ დაკმაყოფილდა (ტომი 2, ს.ფ. 8-9).
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმის მასალებში არ მოიპოვებოდა მტკიცებულება შ.კ-ის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადახდის თაობაზე. უფრო მეტიც, შ.კ-ის მიერ საქმეში წარდგენილი იყო ინვალიდობის მოწმობა, რაც წარმოადგენდა მისი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძველს, გამომდინარე „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტიდან.
ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განსაზღვრული უსწორობის გასწორების საფუძველი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შ.კ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება (ტომი 2, ს.ფ. 11-21).
კერძო საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ, ვინაიდან მისი სააპელაციო საჩივარი არ განხილულა, მას უნდა დაბრუნებოდა მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ შ.კ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 14 იანვრის განჩინებით შ.კ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება და შ.კ-ის სარჩელი დარჩა განუხილველად მოსარჩელის მიერ სარჩელის გამოხმობის გამო.
2012 წლის 23 ოქტომბერს შ.კ-ემ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ამავე სასამართლოს 2008 წლის 14 იანვრის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორება, კერძოდ, განმცხადებელმა მოითხოვა მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დაბრუნება.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ დააკმაყოფილა შ.კ-ის განცხადება, ვინაიდან არ არსებობდა გადაწყვეტილებაში შეწორების შეტანის ის საფუძვლები, რაც გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლო დააკმაყოფილებს მოსარჩელის მოთხოვნას სარჩელის გამოხმობის შესახებ, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვებისა და მისი მოსარჩელისათვის დაბრუნების თაობაზე. ასეთ შემთხვევაში მოსარჩელეს დაუბრუნდება მხოლოდ შესაბამისი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
მითითებული ნორმის მიხედვით, დაბრუნებას ექვემდებარება მხოლოდ იმ სასამართლო ინსტანციაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, რომელ ინსტანციაშიც მოხდა სარჩელის გამოხმობა. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელის გამოხმობა მოხდა სააპელაციო სასამართლოში, ამიტომ აპელანტს შეიძლება დაბრუნებოდა მხოლოდ ამ ინსტანციაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. საქმის მასალებით ირკვევა, რომ აპელანტი გათავისუფლებული იყო სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ამიტომ მას სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება არ გააჩნდა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქმეში არ მოიპოვება აპელანტის მიერ თუნდაც შეცდომით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითარი. სააპელაციო სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის გადახდაზე ვერც კერძო საჩივრის ავტორი უთითებს. იგი მხოლოდ იმას აღნიშნავს, რომ სასამართლო ხარჯებისათვის გარკვეული თანხა გადასცა ადვოკატს, თუმცა შემდეგ შეიტყო, რომ ამ უკანასკნელს მისი სახელით სახელმწიფო ბაჟი არ გადაუხდია. ამდენად, უდავოა, რომ აპელანტს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი არ გადაუხდია, შესაბამისად, დაუსაბუთებელია მისი მოთხოვნა, სასამართლოს განჩინებაში უსწორობის შეტანის გზით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ბაჟის დაბრუნების თაობაზე.
რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის ქონებრივ და სხვა სახის პრეტენზიებს ადვოკატის მიმართ, აღნიშნულ საკითხებზე მსჯელობა სცილდება კერძო საჩივრის ფარგლებს, ვინაიდან ეს საკითხები ცალკე დავის საგანს წარმოადგენს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა. კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს კერძო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შ.კ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 22 ნოემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე