დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-1093-1041-2013 9 იანვარი, 2014 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ლ. მ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ. გ-ი, ლ. პ-ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 30 სექტემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება
დავის საგანი – სამკვიდროს მესაკუთრედ ცნობა, გარიგების ბათილად ცნობა, ქონებიდან რეალური წილის გამოყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ. მ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. გ-სა და ლ. პ-ის მიმართ სამკვიდრო ქონების მესაკუთრედ ცნობის, გარიგების ბათილად ცნობისა და ქონებიდან რეალური წილის გამოყოფის მოთხოვნით.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ითხოვეს.
თელავის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ლ. მ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ლ. მ-ი ცნობილ იქნა აწ გარდაცვლ. მამის - ვ. გ-ის სამკვიდროს - 3220,04 კვ.მ მიწის ნაკვეთის 1/3-ის, 7184,99 კვ.მ მიწის ნაკვეთის 1/3-ის, 0,17 ჰა მიწის ნაკვეთის 1/3-ის, 1870,4 კვ.მ სამკვიდრო ეზოს მიწის ნაკვეთის 1/3-ისა და 185,8 კვ.მ საცხოვრებელი სახლის 1/3-ის მემკვიდრედ და მესაკუთრედ, ბათილად იქნა ცნობილი გ. გ-სა და ლ. პ-ს შორის 2008 წლის 5 დეკემბერს გურჯაანის რაიონის სოფელ კ-ი მდებარე 1870,4 კვ.მ საკარმიდამო მიწის ნაკვეთსა და 185,8 კვ.მ საერთო ფართის შენობაზე დადებული ყიდვა-გაყიდვის გარიგება და შესაბამისი ცვლილება შევიდა საჯარო რეესტრში, ამავე გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ლ. მ-ის სარჩელი რეალური წილის გამოყოფის მოთხოვნის ნაწილში.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს გ. გ-მა და ლ. პ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებით გ. გ-სა და ლ. პ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, თელავის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ლ. მ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ლ. მ-ი ცნობილ იქნა აწ გარდაცვლ. მამის - ვ. გ-ის სამკვიდრო ქონების - 3220,04 კვ.მ მიწის ნაკვეთის 1/6-ის, 7184,99 კვ.მ მიწის ნაკვეთის 1/6-ის, 0,17 ჰა მიწის ნაკვეთის 1/6-ის, 1870,4 კვ.მ სამკვიდრო ეზოს მიწის ნაკვეთის 1/6-ისა და 185,8 კვ.მ საცხოვრებელი სახლის 1/6-ის მემკვიდრედ და მესაკუთრედ, ამავე გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი გ. გ-სა და ლ. პ-ს შორის 2008 წლის 5 დეკემბერს გურჯაანის რაიონის სოფელ კ-ი მდებარე 1870,4 კვ.მ საკარმიდამო მიწის ნაკვეთსა და 185,8 კვ.მ საერთო ფართის შენობაზე დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება ქონების 1/6 ნაწილში და შესაბამისი ცვლილებები შევიდა საჯარო რეესტრის ჩანაწერში, ხოლო რეალური წილის გამოყოფის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ლ. მ-ს ეთქვა უარი.
სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა ლ. მ-მა და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება შემდეგი საფუძვლებით:
განცხადებაზე დართული საარქივო ცნობებით დგინდება, რომ კომლის უფროსს წარმოადგენდა ვ. გ-ი. კომლი შედგებოდა მისი ცოლისაგან გ. გ-ან და შვილების: ლ. და ლ. გ-ან. შემდგომ საკომლო წიგნში შვილების ჩანაწერი არის გადახაზული, ამასთან, მიზეზი მითითებული არ არის. განმცხადებლის განმარტებით, აღნიშნული დოკუმენტი სასამართლოს მტკიცებულების სახით არ უნდა გაეზიარებინა და კომლის ქონება მხოლოდ ვ. გ-სა და გ. გ-ის თანასაკუთრებად არ უნდა მიეჩნია, ვინაიდან გურჯაანის არქივიდან გამოთხოვილი მასალებით დასტურდება, რომ არქივში დაცული არ არის ინფორმაცია, თუ რა საფუძვლით იქნა გადასმული ხაზი კომლის წევრებზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 30 სექტემბრის განჩინებით ლ. მ-ის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა შემდეგი დასაბუთებით:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილით და აღნიშნა, რომ განმცხადებლების არგუმენტაცია ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე ემყარებოდა იმ გარემოებას, რომ მტკიცებულება, რომელსაც სასამართლო დაეყრდნო, არ უნდა დაყრდნობოდა, რადგან აღნიშნულ მტკიცებულებასთან (კომლიდან კომლის წევრების ამორიცხვის) ერთად საქმეში წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს - საკრებულოს გადაწყვეტილება (განაჩენი), რაც დღეის მდგომარეობითაც არ იძებნება არქივში, შესაბამისად, სასამართლო მხოლოდ იმ გარემოებას, რომ საკომლო წიგნში კომლის წევრები გადახაზულნი იყვნენ, არ უნდა დაყრდნობოდა შესაბამისი საკრებულოს განაჩენის გარეშე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, პალატამ განმარტა, რომ განცხადებაზე დართული საარქივო ცნობებისა და არქივიდან მოპოვებული დოკუმენტაცია კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებას საფუძვლად ვერ დაედებოდა, ვინაიდან არ აკმაყოფილებდა ამგვარი ფაქტების ახლად აღმოჩენილ გარემოებად კვალიფიკაციისათვის საპროცესო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს, კერძოდ, სარწმუნოდ არ დასტურდებოდა საქმის განხილვის დროისათვის მხარის მიერ აღნიშნული ფაქტების მიუთითებლობისა და მტკიცებულებათა მოპოვების შეუძლებლობა. განმცხადებლის არგუმენტაცია შეეხებოდა არქივიდან მიღებულ ინფორმაციას, რომლის მოპოვების შესაძლებლობა ლ. მ-ს საქმის არსებითად განხილვის დროისათვის ისევე ჰქონდა, როგორც განცხადების წარდგენისას, შესაბამისად, არ დასტურდებოდა მისი ბრალის გამომრიცხველი გარემოებები მტკიცებულებათა მოპოვების შეუძლებლობასთან მიმართებით, უფრო მეტიც, სასამართლოს მოსაზრებით, მართალია, მითითებული არგუმენტები, ფორმალურ საპროცესო სამართლებრივი თვალსაზრისით, გამორიცხავდა განცხადების დაკმაყოფილების შესაძლებლობას, თუმცა, სააპელაციო პალატა საქმის განხილვისას დაეყრდნო არა მხოლოდ ერთ მტკიცებულებას, არამედ საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობას, გარდა ამისა, სადავოდ გამხდარი მტკიცებულება - კომლის წევრებზე საკომლო ჩანაწერში ხაზის გადასმის შესახებ დართული ჰქონდა სააპელაციო საჩივარს, რომლის საქმეზე მტკიცებულების სახით დართვაზე მხარეს საერთოდ არ უშუამდგომლია, შესაბამისად, სასამართლო საქმის გადაწყვეტისას დაეყრდნო საქმეში მტკიცებულების სახით დართულ სხვა წერილობით დოკუმენტაციას და არა მითითებულ დოკუმენტს. პალატის შეფასებით, სადავო მტკიცებულება სასამართლოს კიდეც რომ საქმისათვის დაერთო და სარწმუნოდ მიეჩნია, ახლად აღმოჩენილი გარემოებით არ დასტურდებოდა მისი უსწორობა, მით უფრო, რომ საქმეში, გარდა მითითებული მტკიცებულებისა, წარმოდგენილი იყო სხვა მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებდა სადავო მტკიცებულებით საცილოდ გამხდარ ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ კომლში მხოლოდ ორი წევრი, ვ. გ-ი და გ. გ-ი ირიცხებოდა. აღნიშნული საქმის განხილვის დროისათვის ყურადღება იქნა გამახვილებული ასევე ვ. გ-ის გარდაცვალების თარიღსა და იმ გარემოებაზე, რომ კომლი 1988 წლიდან მუშა-მოსამსახურის ოჯახს წარმოადგენდა, ასევე ვ. გ-სა და გ. გ-ის რეგისტრირებულ ქორწინებაში ყოფნის ფაქტს. შესაბამისად, საქმის მრავალმხრივ გამოკვლევის შედეგად მხარეებმა მიიჩნიეს, რომ მათთვის სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ზეპირსიტყვიერად განმარტებული გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი და სამართლებრივი მოტივები დამაკმაყოფილებელი იყო და გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე უარი განაცხადეს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ ჩათვალა, რომ ლ. მ-ის მიერ მითითებული გარემოება არ წარმოადგენდა ახლად აღმოჩენილ გარემოებას და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, არ არსებობდა განცხადების დაკმაყოფილების საფუძველი.
სააპელაციო პალატის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ლ. მ-მა, მოითხოვა ამ განჩინების, ასევე საქმეზე სააპელაციო პალატის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გაუქმება და საქმის წარმოების განახლება შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო პალატის განჩინება არასწორია და უნდა გაუქმდეს, რადგანაც საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების თანახმად, ვ. გ-ის კომლი 4 პირისაგან: თავად ვ.მ-ის, მეუღლისა და 2 შვილისაგან შედგება. საკომლო წიგნში შვილების თაობაზე არსებულ ჩანაწერზე გადასმულია ხაზი და არ არის დადგენილი ხაზის გადასმის საფუძველი, მაშინ, როდესაც კომლის გაუქმება და მასში ცვლილების შეტანა მხოლოდ შესაბამისი საფუძვლის არსებობისას არის შესაძლებელი, რაც, კონკრეტულ შემთხვევაში, დაცული არაა, აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადგენილად უნდა მიეჩნია, რომ კომლის გაუქმების მომენტისათვის კომლი 4 პირისგან შედგებოდა და ქონებაც 4 პირისათვის უნდა ყოფილიყო გადაცემული თანასაკუთრებაში. სააპელაციო პალატამ განცხადების ზემოაღნიშნული არგუმენტაციის მიუხედავად განმარტა, რომ ლ. მ-ს არ დაუსაბუთებია ამ ფაქტების საქმის განხილვის დროისათვის მითითების შეუძლებლობის შესახებ, რაც არასწორია. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა მტკიცებულებებზე, რომლებზე დაყრდნობითაც მიღებულია გადაწყვეტილება, ეს მტკიცებულებები კი, ადასტურებს საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებაში მითითებულ ფაქტებს, დამატებით, განმცხადებელმა მოიპოვა მტკიცებულება, რაც ამ ფაქტებს განამყარებს. პალატამ ასევე განმარტა, რომ აღნიშნული მტკიცებულებები სააპელაციო საჩივარს ერთვოდა, თუმცა მხარეს მათი საქმისათვის დართვის თაობაზე არ უშუამდგომლია და არც სასამართლოს მიერ ყოფილა გაზიარებული ისინი. სასამართლომ გვერდი აუარა იმ გარემოებას, რომ სააპელაციო საჩივრის ავტორი განმცხადებელი არ ყოფილა, ამასთანავე, ლ. მ-ის განცხადებას ერთვოდა მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდებოდა, რომ კომლიდან შვილების ამოწერის საფუძველი ბუნებაში არ მოიპოვებოდა და კომლის გაუქმების დროისათვის ისინი კვლავ კომლის წევრებს წარმოადგენდნენ, სწორედ ეს მტკიცებულება წარმოადგენდა ახალ მტკიცებულებას და აღნიშნული განაპირობებდა საკუთრების უფლების თანაბრად განაწილებას კომლის წევრებზე. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 1988 წლიდან სადავო კომლი მუშა-მოსამსახურის ოჯახად გარდაიქმნა, რის გამოც სასამართლოს უნდა დაედგინა ის ფაქტობრივი გარემოებაც, თუ ვინ ითვლებოდა კომლის წევრად თუნდაც ამ მომენტისათვის, აქედან გამომდინარე, კომლის ქონება საკუთრებაში სწორედ 4 წევრს უნდა გადასცემოდა. გარდა აღნიშნულისა, პალატამ მიუთითა თელავის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე, თუმცა არ გაითვალისწინა ამავე გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოება, რომ მიწა ისედაც კომლის საკუთრებას წარმოადგენდა და კომისიის გადაწყვეტილების არსებობა აღარ იყო საჭირო, კომისიას შეეძლო საკუთრებაში მხოლოდ სახელმწიფოს კუთვნილი მიწის გადაცემა, რასაც, მოცემულ შემთხვევაში, ადგილი არ ჰქონია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 14 ნოემბრის განჩინებით ლ. მ-ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. მ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
უპირველეს ყოვლისა, საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მოცემული დავის საგანზე. სარჩელის თანახმად, ლ. მ-ის მოთხოვნას წარმოადგენს სამკვიდრო ქონების მესაკუთრედ ცნობა, ამ ქონებაზე მოპასუხეებს შორის დადებული გარიგების ბათილად ცნობა და ქონებიდან რეალური წილის გამოყოფა.
მხარეებს საკომლო ჩანაწერის ნამდვილობა სადავოდ არ გაუხდიათ.
გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2011 წლის 19 აპრილის სხდომაზე, როდესაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, მხარეებმა უარი განაცხადეს მის გასაჩივრებაზე და მოითხოვეს მხოლოდ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი. აღნიშნული გარემოება დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი ხელწერილით.
განსახილველ შემთხვევაში, ლ. მ-ი საქმის წარმოების განახლების საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ საარქივო ცნობის თანახმად, არ არსებობს საკომლო ჩანაწერში ლ. მ-სა და ლ. პ-ის თაობაზე არსებულ ჩანაწერზე ხაზის გადასმის ნამდვილობის დამადასტურებელი მტკიცებულება და ეს გარემოება გავლენას იქონიებს მხარეთა შორის ქონების განაწილების პროცენტულ მაჩვენებელზე, სააპელაციო პალატამ კი არასწორად არ მიიჩნია აღნიშნული ახლად აღმოჩენილ გარემოებად.
მხარის ამ პრეტენზიის მართებულობის შემოწმების მიზნით საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს შემდეგზე:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები. ახლად აღმოჩენილ გარემოებად კანონმდებელი მიიჩნევს შემდეგს:
ა) აღმოჩნდება, რომ დოკუმენტი, რომელსაც გადაწყვეტილება ემყარება, ყალბია;
ბ) დადგენილია მოწმის შეგნებულად ცრუ ჩვენება, ექსპერტის შეგნებულად ყალბი დასკვნა, შეგნებულად არასწორი თარგმანი, რასაც მოჰყვა უკანონო ან დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება;
გ) დადგენილია ამ საქმეზე მხარეთა და მათ წარმომადგენელთა დანაშაულებრივი ქმედება ან მოსამართლის დანაშაულებრივი ქმედება;
დ) სასამართლო განაჩენი, გადაწყვეტილება, განჩინება ან სხვა ორგანოს დადგენილება, რომელიც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილებას, გაუქმდა;
ე) მხარე წარუდგენს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას, რომელიც გამოტანილია იმავე სარჩელის მიმართ;
ვ) მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას;
ზ) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ან/და მისი დამატებითი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და დადგენილი დარღვევა გადასასინჯი გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობს (სსსკ 423.1 მუხლი).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ახალი გარემოების შეტყობისა თუ ახალი მტკიცებულების მოპოვების საფუძვლით საქმის წარმოების განახლება დასაშვებია არა ნებისმიერ, არამედ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს წარმოედგინა კანონიერ ძალაში შესული და იმავე სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილება, ან მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე. ამდენად, განმცხადებელი, რომელიც მოითხოვს საქმის წარმოების განახლებას, ვალდებულია, ამტკიცოს და სარწმუნოდ დაადასტუროს, როგორც მტკიცებულების სათანადოობა - რომ ამ მტკიცებულების საქმის არსებითად განხილვის ეტაპზე წარდგენით მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღება იქნებოდა შესაძლებელი, ისე მისი არაბრალეულობა ამ მტკიცებულების მანამდე მოპოვების შეუძლებელობის თაობაზე.
ამ თვალსაზრისით საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასკვნას, რომ განცხადებაზე დართული მტკიცებულების ახლად აღმოჩენილ გარემოებად კვალიფიკაციის წინაპირობები არ არსებობს, სასამართლომ სავსებით სამართლიანად ჩათვალა, რომ მხარეს ამ მტკიცებულების მოპოვება - არქივისათვის მიმართვის შესაძლებლობა, საქმის განხილვის ეტაპზეც გააჩნდა, ამასთანავე, საყურადღებოა ის გარემოება, რომ დავის საგანს საკომლო წიგნის ჩანაწერის ნამდვილობა არ წარმოადგენდა.
თავის მხრივ, საკასაციო პალატა მიუთითებს იმ გარემოებაზეც, რომ თავად კერძო საჩივარში მხარე განმარტავს შემდეგს: სასამართლომ მიუთითა მტკიცებულებებზე, რომლებზე დაყრდნობითაც მიიღო გადაწყვეტილება, „ამასთან, აღნიშნული მტკიცებულებები სწორედ რომ იმ ფაქტობრივ გარემოებას ადასტურებენ რაზეც ზემოთ მოგახსენეთ“, კერძო საჩივრის ავტორი დასძენ, რომ მის მიერ დამატებით მოპოვებულ იქნა მტკიცებულებები, რომლებიც განცხადებაში მითითებულ გარემოებებს ადასტურებენ. კერძო საჩივრის ამ არგუმენტაციის სამართლებრივი ანალიზის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ ხელწერილზე, რომლითაც მხარეებმა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე უარი განაცხადეს და მოითხოვეს მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილის გამოტანა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 250-ე მუხლის თანახმად, თუ მხარეები მოითხოვენ გადაწყვეტილებას დასაბუთების გარეშე იმ მოტივით, რომ ეთანხმებიან ამ გადაწყვეტილებას და უარს ამბობენ მის გასაჩივრებაზე, სასამართლოს შეუძლია შემოიფარგლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ჩამოყალიბებით. მოსამართლე ეკითხება მხარეებს, სურთ თუ არა დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება და ასაჩივრებენ თუ არა მოცემულ გადაწყვეტილებას. თუ მხარეები უარს ამბობენ მის გასაჩივრებაზე, მათ ასეთი განცხადება უნდა დაადასტურონ თავიანთი ხელმოწერებით. კანონის აღნიშნული დანაწესი განპირობებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ფუნდამენტური პრინციპით - დისპოზიციურობის პრინციპით, რომელიც საქმის განხილვის ეტაპზე უპირატესობას ანიჭებს მხარის ნებას, თუ ის არ ეთანხმება გადაწყვეტილების ფაქტობრივ და/ან სამართლებრივ დასაბუთებას, გაასაჩივროს იგი ზემდგომი წესით. ისეთ ვითარებაში კი, როდესაც მხარე უარს აცხადებს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე, იმ საფუძვლით რომ ეთანხმება მას, ამის შემდგომ კი, მოითხოვს საქმის წარმოების განახლებას და სადავოდ ხდის სასამართლოს მსჯელობას მტკიცებულებათა გამოკვლევის თაობაზე (როგორც კერძო საჩივრითაა განმარტებული, სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებებით სწორედ საქმის წარმოების განახლების თაობაზე განცხადებაში მითითებული გარემოებები დასტურდება და მან დამატებით მოიპოვა მტკიცებულებები), საკასაციო პალატის მოსაზრებით, აღნიშნული გარემოება მიმართულია არა გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების, არამედ მიღებული გადაწყვეტილების ზემდგომი წესით გასაჩივრებაზე, რაც, მოცემულ შემთხვევაში, დაუშვებელია.
საკასაციო პალატა მიზანშეწონილად თვლის, განმარტოს შემდეგი: სასამართლოს გადაწყვეტილება, მისი ფუნქციური დატვირთვით, ქვეყნის სახელით გამოტანილი მართლმსაჯულების აქტია, რომლის უმთავრესი ამოცანა ამ გადაწყვეტილებით დადასტურებული ურთიერთობის რეალურად არსებობაა. სასამართლო გადაწყვეტილება, ობიექტური და სუბიექტური ფარგლების გათვალისწინებით, კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ, სავალდებულოა როგორც მოდავე მხარეთათვის, ისე ნებისმიერი სხვა პირისათვის, რომელთაც ერთმევათ უფლება, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოება თუ სამართლებრივი შედეგი კვლავ გახადონ სადავო (სსსკ მე-10 მუხლი, XXVIII თავი), ერთადერთი საგამონაკლისო შემთხვევა, როდესაც დასრულებული საქმის წარმოება შესაძლოა განახლდეს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმების გზით, გათვალისწინებულია ამავე კოდექსის მე-14 კარით და აღნიშნული, თავისი მიზნებიდან გამომდინარე, წარმოადგენს არა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებისა თუ მართლმსაჯულების სხვა აქტის შემდგომი გასაჩივრების შესაძლებლობას, არამედ მიმართულია მხარის უფლებაზე, კანონით ზუსტად განსაზღვრული შემთხვევების არსებობისას, როდესაც საქმის წარმოების განახლების საფუძველი მისთვის ობიექტურად იყო უცნობი საქმის წარმოების დასრულებამდე, არ აღმოჩნდეს არათანაბარ მდგომარეობაში, თუმცა კანონმდებლობით გათვალისწინებული ამ საგამონაკლისო რეგულაციით არ უნდა შეილახოს მართლმსაჯულების სტაბილური როლი.
აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასკვნას, რომ მიღებული გადაწყვეტილება ემყარება საქმეში არსებული მტკიცებულებების კვლევას და მხარეთა უარი ამ გადაწყვეტილების გაუქმებაზე, მათთვის ზეპირსიტყვიერად განმარტებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთების გაზიარებით იყო განპირობებული, შესაბამისად, სააპელაციო პალატამ სავსებით მართებულად განმარტა, რომ განმცხადებლის მიერ მითითებული გარემოებები და მტკიცებულებები ახლად აღმოჩენილ გარემოებას არ წარმოადგენდა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ აღმოჩნდება, რომ საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება უსაფუძვლოა, სასამართლო გამოიტანს განჩინებას განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ლ. მ-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ ქმნის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების წინაპირობებს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ლ. მ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 30 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება. თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე