დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-472-446-2014 27 თებერვალი, 2015 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ნ. ბ-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ. გ-ა, დ. კ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 13 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2014 წლის 10 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის დაბრუნება
დავის საგანი – უკანონო ხელშეშლის აღკვეთა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. გ-ამ და დ. კ-მა სარჩელი აღძრეს სასამართლოში ნ. ბ-ის მიმართ და მოითხოვეს ლანჩხუთის რაიონის სოფელ ს-ში მოსარჩელეების თანასაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის სამხრეთ-დასავლეთის საზღვარზე ნ. ბ-ის მიერ აგებული ღობის მოპასუხის მიერ, მისივე ხარჯებით საკადასტრო გემის ჩრდილო-აღმოსავლეთ მხარეს გადატანა.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო უსაფუძვლობის გამო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გ. გ-ასა და დ. კ-ის სარჩელი ნ. ბ-ის მიმართ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს დაევალა ლანჩხუთის რაიონის სოფელ ს-ში (გ-ში) გ. გ-ასა და დ. კ-ის თანასაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის სამხრეთ-დასავლეთ საზღვარში აგებული ღობის საკუთარი ხარჯებით აღება (დემონტაჟი) და მოსარჩელეებისათვის 9,486 კვ.მ მიწის ნაკვეთის დაბრუნება.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 13 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ნ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილება შემდეგი დასაბუთებით:
სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდნენ აპელანტი ნ. ბ-ე და მისი წარმომადგენელი, რის გამოც მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლებმა იშუამდგომლეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისა და ნ. ბ-ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
სააპელაციო პალატამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის შესაბამისად, დადგენილად ცნო, რომ ნ. ბ-ის წარმომადგენელ რ. ხ-ას, 2014 წლის 13 მარტის სასამართლო მთავარი სხდომის შესახებ სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა 2014 წლის 6 თებერვალს, მასვე განემარტა უწყების შინაარსი და გამოუცხადებლობის შედეგები.
სააპელაციო სასამართლოში აპელანტის შუამდგომლობა სხდომაზე გამოუცხადებლობისა და საპატიო მიზეზის არსებობის თაობაზე, არ ყოფილა წარდგენილი, რის გამოც პალატამ მიიჩნია, რომ სხდომაზე აპელანტისა და მისი წარმომადგენლის გამოუცხადებლობა არასაპატიო მიზეზით იყო გამოწვეული.
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლით და იმის გათვალისწინებით, რომ აპელანტი და მისი წარმომადგენელი არ გამოცხადდნენ სასამართლო სხდომაზე, ამასთან, არ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა, მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და ნ. ბ-ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საფუძვლიანად მიიჩნია.
ამავე პალატის 2014 წლის 10 აპრილის განჩინებით აპელანტის საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ხოლო მიღებული დაუსწრებელი გადაწვეტილება დარჩა ძალაში შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დადგენილ მისი გამოტანის წინაპირობებზე, საჩივრის ავტორი კი, მის გაუქმებას მოითხოვდა საპატიო მიზეზის არსებობის მოტივით, კერძოდ, ასახელებდა სხვა სასამართლო სხდომაზე მონაწილეობის მიღებას.
პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლზე და განმარტა, რომ აღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ გარემოებათა წრეს, რომელთა არსებობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს. ეს გარემოებები მითითებულია 233-ე მუხლის პირველ ნაწილში, მაგრამ ამ მუხლის ჩამონათვალი არაა ამომწურავი. გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა და რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის. კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობისა და მიზეზების შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა მტკიცების ტვირთი, რომლებზედაც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე და ამ გარემოების წინასწარ სასამართლოსათვის შეტყობინების შეუძლებლობაზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიო იყო მხარის გამოუცხადებლობა - სასამართლოს უფლებამოსილებას წარმოადგენდა.
საჩივრის ავტორი აღნიშნავდა, რომ სასამართლოს მთვარ სხდომაზე გამოუცხადებლობა განაპირობა მის მიერ სხვა სასამართლო სხდომაზე მონაწილეობამ. სასამართლოს განმარტებით, ცხადია, საპატიო მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს წარმომადგენლის სხვა სასამართლო სხდომაში მონაწილეობის მიღება, მაგრამ, განსახილველ შემთხვევაში, დაუსაბუთებელი იყო გარემოება, თუ რატომ არ შეეძლო წარმომადგენელს აღნიშნული მიზეზის არსებობის თაობაზე წინასწარ ეცნობებინა სასამართლოსათვის.
პალატამ მიუთითა „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლზე და განმარტა, რომ ადვოკატი ერთსა და იმავე თარიღისათვის, სხვადასხვა სასამართლო სხდომაზე წარმომადგენლობას ვერ განახორციელებდა, ამასთან, იმის არჩევის შესაძლებლობა, თუ რომელ სასამართლო სხდომაზე გამოცხადდებოდა იგი, თავად ამ პირის არჩევანს წარმოადგენდა, მაგრამ ეს არ გამორიცხავდა სასამართლოსათვის გამოუცხადებლობის თაობაზე წინასწარ შეტყობინების ვალდებულებას.
საჩივრის განხილვისას მითითებული არგუმენტი, რომ წარმომადგენელმა ვერ შეძლო სასამართლოს გაფრთხილება გამოუცხადებლობის თაობაზე, დაუსაბუთებლად იქნა მიჩნეული, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების წინაპირობას წარმოადგენდა.
სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ბ-მ, მოითხოვა მათი გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის დაბრუნება შემდეგი დასაბუთებით:
კასატორმა მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე, 241-ე მუხლებზე და განმარტა, რომ წარმომადგენელი სასამართლო სხდომაზე ვერ გამოცხადდა იმ მოტივით, რომ სააპელაციო პალატაში დანიშნული სხდომის დღეს პროცესის დაწყებამდე 5 წუთით ადრე გახდა ცნობილი მისთვის ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სხვა პროცესის დაწყების თაობაზე, ხოლო სააპელაციო სასამართლოში საქმის განმხილველი მოსამართლის თანაშემწესთან დაკავშირებას მხარის წარმომადგენელი ვერ შეძლებდა იმ საფუძვლით, რომ მას არ ჰქონდა თანაშემწის ტელეფონის ნომერი და სხვა საკონტაქტო მონაცემები, შესაბამისად, პალატის განმარტება, რომ საპატიო მიზეზის არსებობის თაობაზე მხარემ სასამართლოს წინასწარ არ აცნობა და ამით გამოხატა უპატივცემულობა, სინამდვილეს არ შეესაბამება.
აპელანტის წარმომადგენელმა სასამართლოს წარუდგინა შესაბამისი მტკიცებულებები, რითაც დასტურდებოდა მის მიერ სხვა საქმის განხილვაში მონაწილეობის მიღების ფაქტი, თუმცა სასამართლომ აღნიშნული არასწორად არ გაიზიარა, რასაც შედეგად არასწორი განჩინების გამოტანა მოჰყვა.
სააპელაციო პალატამ საჩივარში მითითებული გარემოება - წარმომადგენლის სხვა სასამართლო სხდომაზე მონაწილეობა დადგენილად ცნო, თუმცა არასწორად არ დააკმაყოფილა საჩივარი, რის გამოც დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა ნ. ბ-ის საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, საქმის მასალები, შეამოწმა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების სამართლებრივი დასაბუთება და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
საქმის მასალებით დასტურდება და საკასაციო საჩივრით სადავოდ არაა გამხდარი ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ნ. ბ-ის უფლებებს როგორც პირველი, ისე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში იცავდა ადვოკატი რ.ხ-ა;
უდავოა, რომ ნ. ბ-ის სააპელაციო საჩივრის განხილვა 2014 წლის 6 იანვრის განჩინებით დაინიშნა ამავე წლის 6 თებერვალს, 12:30 საათზე;
სასამართლო სხდომის დროისა და ადგილის თაობაზე სასამართლო უწყება 2014 წლის 9 იანვარს პირადად ჩაიბარა ნ.ბ-მ, ხოლო მის წარმომადგენელს საფოსტო შეტყობინება ჩაბარდა 2014 წლის 11 იანვარს;
სააპელაციო პალატის 2014 წლის 6 თებერვლის სხდომა გადაიდო 12 მარტს, რის შესახებაც მხარეებს ჩამოერთვათ ხელწერილი;
საქმეში წარმოდგენილი ცნობის თანახმად, 2014 წლის 12 მარტს დანიშნული სასამართლო სხდომა გადაიდო ამავე წლის 13 მარტს, 11:00 საათზე, რის თაობაზეც ეცნობათ მხარეებს. აპელანტის წარმომადგენლის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სატელეფონო შეტყობინების გზით გაფრთხილების დამადასტურებელი დოკუმენტი წარმოდგენილია საქმის მასალებში;
2014 წლის 13 მარტს დანიშნულ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა არც აპელანტი და არც მისი წარმომადგენელი, ამასთან, ვინაიდან სასამართლოში არ იყო წარდგენილი მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის დამადასტურებელი მტკიცებულება, ხოლო გამოცხადებული მოწინააღმდეგე მხარე შუამდგომლობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე, სააპელაციო პალატამ შუამდგომლობა დასაბუთებულად მიიჩნია და დააკმაყოფილა, შესაბამისად, დადგენილად ცნო, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი წინაპირობები.
დაუსწრებელი გადაწყვეტილების თაობაზე წარდგენილ საჩივარს ერთვის ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწის მიერ გაცემული ცნობა, რომლის თანახმადაც 2014 წლის 13 მარტს, 11:00 საათზე დანიშნულ სხდომაზე მონაწილეობას იღებდა ადვოკატი რ.ხ-ა, ხოლო საჩივრის განხილვის ეტაპზე წარდგენილი ცნობის თანახმად, ზემოთ მითითებული სხდომა დასრულდა 12:45 საათზე.
საკასაციო სასამართლო, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების კანონიერების შემოწმების მიზნით, ყურადღებას გაამახვილებს შემდეგზე:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლი სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის მარეგულირებელი სპეციალური ნორმაა, რომელიც ადგენს სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მხარის გამოუცხადებლობის შედეგებს, კერძოდ, ნორმის პირველი და მე-2 ნაწილებით განსაზღვრულია აპელანტის ან მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგები, ხოლო მე-3 ნაწილით დადგენილია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის მარეგულირებელი ყველა იმ წესის გამოყენების აუცილებლობა, რაც სპეციალურ მოწესრიგებას (სსსკ 387-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები) არ ეწინააღმდეგება.
იმისათვის, რათა სააპელაციო სასამართლოში აპელანტის გამოუცხადებლობისას გამოტანილ იქნას დაუსწრებელი გადაწყვეტილება, უნდა შემოწმდეს, არსებობს თუ არა 387-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წინაპირობები: ა) საქმის ზეპირ განხილვაზე არ უნდა გამოცხადდეს სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი; ბ) გამოცხადებული მოწინააღმდეგე მხარე უნდა შუამდგომლობდეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე. ამ გარემოებათა ერთობლივად არსებობა, წარმოადგენს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას, თუმცა ზემოაღნიშნული ნორმის მე-3 ნაწილის დათქმიდან გამომდინარე, სასამართლო ყოველთვისაა ვალდებული, შეამოწმოს, ხომ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ სახეზე ხომ არ არის შემდეგი: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები (სსსკ 233.1 მუხლი).
მოცემულ შემთხვევაში, დავას არ იწვევს საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გარემოებების არარსებობა.
როგორც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე წარდგენილი საჩივრის, ისე საკასაციო საჩივრის შესწავლით უდავოდ დასტურდება, რომ მხარე მის გაუქმებას მოითხოვს საპატიო მიზეზის არსებობით, კერძოდ, მიიჩნევს, რომ სხვა სასამართლო სხდომაზე მონაწილეობის მიღება გამორიცხავდა წარმომადგენლის გამოცხადების შესაძლებლობას სააპელაციო სასამართლოში, ხოლო საკონტაქტო მონაცემების არარსებობის გამო, რ.ხ-ა სააპელაციო სასამართლოს წინასწარ ვერ აცნობებდა გამოუცხადებლობის ფაქტს. საკასაციო პრეტენზიაში მხარემ დამატებით მიუთითა, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში არსებული სხდომის თაობაზე მისთვის ცნობილი გახდა სხდომის დაწყებამდე ხუთი წუთით ადრე.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მარეგულირებელ ნორმას წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
თავის მხრივ, იმას, თუ რა განიხილება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიზნებისათვის საპატიო მიზეზად, განსაზღვრავს ამავე კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი. რიგ შემთხვევაში, ნორმა ადგენს საპატიო მიზეზთა ჩამონათვალს და ასევე განსაზღვრავს სათანადო მტკიცებულების წარდგენის ვალდებულებას. აღნიშნულ ჩამონათვალს განეკუთვნება: ავადმყოფობა, ახლო ნათესავის გარდაცვალება ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოება, რომელიც მხარისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ შესაბამისი წინაპირობების არსებობისას მხარე (ადვოკატი) შეიძლება მონაწილეობდეს სხვა სასამართლოში დანიშნულ სხდომაზე და ეს არ უნდა იქნას მიჩნეული მისი არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობად, თუმცა გამოუცხადებელმა მხარემ უტყუარად უნდა დაამტკიცოს ის ფაქტი, რომ მას არ შეეძლო წინასწარ ეცნობებინა საპატიო მიზეზის შესახებ იმ სასამართლოსათვის, რომელშიც ვერ ახერხებდა გამოცხადებას.
პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება მხარეთა შეჯიბრებითობაზეა დამყარებული და 102-ე მუხლი თითოეულ მხარეს უდგენს ვალდებულებას, სათანადო მტკიცებულებით დაასაბუთოს მოთხოვნა, თავის მხრივ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განსაზღვრულია მხარის აბსოლუტური შესაძლებლობა, თავადვე განსაზღვროს სადავო გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები და წარუდგინოს ისინი სასამართლოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც დამტკიცებას საჭიროებენ, მხოლოდ მხარის განმარტებით ვერ იქნება დადგენილად მიჩნეული.
აღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა დადასტურებულად მიიჩნევს შემდეგს: მხარის მიერ წარდგენილი ცნობებით დასტურდება მხოლოდ ის გარემოება, რომ რ.ხ-ა ნამდვილად მონაწილეობდა 2014 წლის 13 მარტს 11:00 საათზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დანიშნულ სხდომაზე. ის გარემოება, რომ მას საქალაქო სასამართლოში დანიშნული სხდომის თაობაზე ეცნობა მის დაწყებამდე 5 წუთით ადრე, ასევე ის, რომ საკონტაქტო მონაცემების არარსებობის გამო წარმომადგენელს არ შეეძლო გამოუცხადებლობის თაობაზე ეცნობებინა სასამართლოსათვის, მითითებული მტკიცებულებებით არ დასტურდება, შესაბამისად, საკასაციო პალატა ეთანხმება გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების მსჯელობას, რომ აპელანტის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო, არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, თავის მხრივ, მხარეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამო წარდგენილ საჩივარსა და საკასაციო საჩივარში არ მიუთითებია იმგვარი დასაბუთებული პრეტენზია, რაც ამ დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმების საფუძველი გახდებოდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 13 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ 2014 წლის 10 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია
4. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
პ. ქათამაძე