დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 24.03.2015
საქმის ნომერი
ას-348-329-2014
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
24.03.2015

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-348-329-2014 24 მარტი, 2015 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ნ. დ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - ლ. ჟ-ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - ბეს შესახებ შეთანხმების ბათილად ცნობა, თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებით:

1. ნ. დ-ის სარჩელი მოპასუხე ლ. ჟ-ის მიმართ დაკმაყოფილდა;

2. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 3000 აშშ დოლარის გადახდა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე მხარემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილებით:

1. ლ. ჟ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა;

2. გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით ნ. დ-ეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

ქ. ქუთაისში, ... ქ. №..-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მესაკუთრეა ლ. ჟ-ი;

2013 წლის 2 მაისს ნ. დ-სა და ლ. ჟ-ს შორის დაიდო წერილობითი ბეს გადაცემის ხელშეკრულება ბინის შეძენის მიზნით. ნ. დ-ემ, ლ. ჟ-ს ბეს სახით გადასცა 3000 აშშ დოლარი. ხელშეკრულებაში მიეთითა ბეს სახით გადაცემული თანხის ოდენობა 3000 აშშ დოლარი და პირობა ბინის სასყიდლის საფასურის დარჩენილი თანხის 38 000 აშშ დოლარის გადაცემის შესახებ. როგორც მითითებული, ე.წ. ”ხელშეკრულებიდან” ირკვევა, ლ. ჟ-მა მისი კუთვნილი ქონება, მდებარე ქ.ქუთაისში, ...ქ. №...-ში, 2013 წლის 2 მაისს 41 000 აშშ დოლარად მიჰყიდა ნ. დ-ეს, მცხოვრებს ქ.ქუთაისში, ... №..-ში, რომელმაც თავის მხრივ, ბეს სახით 3000 დოლარი გადასცა გამსხვისებელს;

სადავო არაა, რომ ბინის ნასყიდობა მხარეთა შორის აღარ შედგა მყიდველის - ნ. დ-ის მიზეზით.

ბეს ხელშეკრულების ნამდვილობასთან დაკავშირებით სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 53-ე, 323-ე, 327-ე მუხლებზე და მიიჩნია, რომ მხარეთა მიერ გამოვლენილი ნება და მისი ფორმა (მარტივი წერილობითი ფორმა) აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს, რის გამოც ბეს ხელშეკრულება, მისი შინაარსის შესაბამისად, წარმოშობს სამართლებრივ შედეგებს.

დადგენილი გარემოებების შეფასებისას სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 421-ე, 423-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ ლ. ჟ-ს ნ. დ-ის მიმართ არ გააჩნია ბეს სახით მიღებული თანხის დაბრუნების ვალდებულება, ვინაიდან ხელშეკრულება, რომლის უზრუნველსაყოფადაც იქნა გამოყენებული ბე, არ დაიდო ნ. დ-ის ბრალით. ბეს სამართლებრივ ბუნებასთან დაკავშირებით სასამართლომ განმარტა შემდეგი: ბე წარმოადგენს ხელშეკრულების დადების ფაქტის მტკიცებულებას. თავისი შინაარსით ”ბე” ქონებრივი ფასეულობაა, ფულადი თანხაა, რომლის მნიშვნელობა არ შემოიფარგლება მარტოოდენ ხელშეკრულების დადების ნიშნობით. ბე იმავდროულად ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებაცაა. ბე თავისი ერთგვარი საჯარიმო ხასიათით აიძულებს მხარეებს, შეასრულონ ვალდებულება. ეს იძულება ემყარება იმის შეგნებას, რომ შეუსრულებლობის შემთხვევაში მის საერთო პასუხისმგებლობას ემატება ბეს დაკარგვა ან მისი ორმაგად დაბრუნების ვალდებულება. ბეს ხელშეკრულების ერთი მხარე აძლევს მეორე მხარეს არა უბრალოდ სამომავლოდ ხელშეკრულების დადების უზრუნველსაყოფად, არამედ უკვე შემდგარი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველსაყოფად. ბე ვალდებულების უზრუნველყოფის აქცესორული საშუალებაა.

ქუთისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა ნ. დ-ემ.

საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

სასამართლომ თავისი გადაწყვეტილება ააგო იმ მოსაზრებაზე, რომ მხარეთა შორის ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო კანონით დადგენილი ფორმით და ასეთად მიიჩნევა მარტივი წერილობითი ფორმა. სააპელაციო სასამართლომ გვერდი აუარა სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის იმპერატიულ დანაწესს, რომლის შესაბამისად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია. ამდენად, საჯარო რეესტრში რეგიტრაციის გარეშე ნ. დ-ესა და ლ. ჟ-ს შორის გაფორმებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება ბათილია კანონით გათვალისწინებული ფორმის დაუცველობის გამო. შესაბამისად, ბათილია ბეს ხელშეკრულებაც;

გასაჩივრებული გადაწყვეტილების უკანონობაზე მეტკველებს ის გარემოება, რომ იგი დათარიღებულია 2014 წლის 10 თებერვლით, მისი სარეზოლუციო ნაწილი კი სასამართლომ 2014 წლის 11 თებერვალს გამოაცხადა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ნ. დ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნას მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების გამოტანის თარიღთან დაკავშირებული დარღვევა არ წარმოადგენს ისეთ დარღვევას, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, შესაბამისად, ეს დარღვევა გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება. ამასთან, გადაწყვეტილების გამოტანის თარიღში დაშვებული შეცდომა შეიძლება გასწორდეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის საფუძველზე.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას ნ. დ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრისათვის ნ. დ-ის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით 2014 წლის 26 მარტს N... საგადახდო დავალებით გადახდილია 262.00 ლარი, ხოლო 2014 წლის 14 აპრილს N.... საგადახდო დავალებით გადახდილია 38.00 ლარი, სულ - 300.00 ლარი. ამდენად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70%, რაც შეადგენს 210 ლარს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. დ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

2. ნ. დ-ეს (პირადი ნომერი:……) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (2014 წლის 26 მარტს N... საგადახდო დავალებით გადახდილია 262.00 ლარი, ხოლო 2014 წლის 14 აპრილს N... საგადახდო დავალებით გადახდილია 38.00 ლარი, სულ - 300.00 ლარი) 70% - 210 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე