დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№ას-723-691-2014 18 მაისი, 2015 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ზ.თ.-ე
მოწინააღმდეგე მხარე – ლ.გ.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 20 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ზ.თ.-ემ მოპასუხე ლ.გ.-ს მიმართ და მოითხოვა:
1. ლ.გ.-ძისათვის მის სასარგებლოდ ავტომანქანის ღირებულების – 3500 აშშ დოლარის დაკისრება;
2. მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ დ. თ.-ის სამედიცინო მომსახურების ხარჯის – 1914 ლარის გადახდის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით ზ.თ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 20 მაისის განჩინებით:
1. ზ.თ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;
2. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
გორის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 6 ივნისის კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დ.გ.- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2, მე-4 და მე-6 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. განაჩენის თანახმად, დ. გ.-ას მსჯავრი დაედო შემდეგ გარემოებებში ჩადენილი დანაშაულისათვის: 2011 წლის 24 დეკემბერს თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე ავტომანქანით მოძრაობისას დ.გ.-მ დაარღვია ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესები, შეეჯახა საპირისპირო ზოლში მოძრავ „მერსედეს ბენცის“ ... მოდელის ავტომანქანას სანომრე ნიშნით ..., რომელსაც მართავდა დ. თ.-ე. დ. თ.-ე მიღებული დაზიანებებისაგან გარდაიცვალა 2012 წლის 24 მარტს.
მოსარჩელე ზ.თ.-ე არის გარდაცვლილ დ. თ.-ის მამა. შიდა ქართლის და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის 2012 წლის 29 მაისის დადგენილებით ზ.თ.-ე ცნობილ იქნა გარდაცვლილი დაზარალებული დ. თ.-ეს უფლებამონაცვლედ. ავტომანქანა „მერსედეს ბენცი“ .. სანომრე ნიშნით – ... (რომელსაც ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მართავდა დ. თ.-ე) 2011 წლის 9 სექტემბრიდან 2012 წლის 17 ივლისამდე რეგისტრირებული იყო ზ.თ.-ის სახელზე, ხოლო 2012 წლის 17 ივლისიდან მოხსნილ იქნა რეგისტრაციიდან.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის და სამცხე–ჯავახეთის მთავარი სამმართველოს პირველი სამმართველოს საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის 2012 წლის 16 იანვრის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი ავტომანქანის ( „მერსედეს ბენცი“ ..., სანომრე ნიშნით ...) აღდგენა მისი დაზიანების ავარიული ხასიათის და ხარისხის გათვალისწინებით მიზანშეუწონელია.
აუდიტორ ი. ხ.-ის 2013 წლის 25 მაისის დასკვნის თანახმად, 2012–2013 წლების მონაცემებით, „მერსედეს ბენც“ ... მოდელის, 1995 წლის გამოშვების ავტომანქანის ღირებულება მასში დამონტაჟებული გაზის აპარატურით და ბალონით შეადგენდა თანხას – 3000 აშშ დოლარიდან 3500 აშშ დოლარამდე.
2012 წლის 12 დეკემბერს აღსრულების ეროვნულ ბიუროში დაიწყო გამარტივებული წარმოება ზ.თ.-ის მიმართ ფულადი დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნასთან დაკავშირებით. წარმოების დაწყების საფუძველს წარმოადგენდა აპლიკანტ შპს „რ.-ის“ განცხადება დ. თ.-ის სამედიცინო მომსახურების ხარჯის – 1914.15 ლარის ანაზრაურების თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 16 მაისის კანონიერ ძალაში შესული №2/2706–13 გადაწყვეტილებით ზ.თ.-ეს უარი ეთქვა დ. გ.-ას მიმართ სარჩელის დაკმაყოფილებაზე, რომლითაც ზ.თ.-ე ითხოვდა ავტომანქანის ღირებულების – 2500 აშშ დოლარის და სამედიცინო მომსახურების ხარჯის – 1914.15 ლარის ანაზღაურებას.
გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ ზ. დ.-საგან 23610 ლარის მიღებით ზ.თ.-ეს სრულად ჰქონდა ანაზღაურებული დ. გ.-ს დანაშაულებრივი ქმედებით მიყენებული ზიანი და ვალდებულება შეწყვეტილი იყო.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ ზ.თ.-ეს სრულად აუნაზღაურდა დ. გ.-ას დანაშაულებრივი ქმედებით მიყენებული ზიანი. 2012 წლის 6 ივნისის ხელწერილით დ.გ.-ს დედამ, მოპასუხე ლ.გ.-მ იკისრა პასუხისმგებლობა ზ.თ.-ის სახელზე რიცხული ავტომანქანა მერსედესის და მასში დამონტაჟებული გაზის ბალონის ზიანის ხარჯების სრულ ანაზღაურებაზე. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დ.გ.-ს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით ზ.თ.-ემ დ.გ.-ს ახლობლისგან – ზ.დ.-საგან მიიღო 23610 ლარი (15000 აშშ დოლარი), რაც ამ უკანასკნელმა 2012 წლის 6 ივნისს შეიტანა სს „ს. ბ.-ში“ საკუთარ ანგარიშზე (იხ.:თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 16 მაისის კანონიერ ძალაში შესული №2/2706-13 გადაწყვეტილება, ტომი I, ს.ფ.75-89).
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის და სამცხე-–ჯავახეთის მთავარი სამმართველოს უფროსი გამომძიებლის სახელზე დაწერილი განცხადებით ზ.თ.-ემ დაადასტურა, რომ მას დ.გ.-ს ახლობლებმა სრულად აუნაზღაურეს მიყენებული მატერიალური ზიანი და დ.გ.-ს მიმართ დასანიშნი სასჯელის სახის, ზომის და საქმის სამოქალაქო სამართალწარმოების თაობაზე პრეტენზია არ ჰქონდა და არც მომავალში ექნებოდა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მხარეთა ახსნა-განმარტებით დაადგინა და არც სააპელაციო საჩივრით გამხდარა სადავო, რომ დასახელებული განცხადებით ზ.თ.-ემ საგამოძიებო სამსახურს 2012 წლის 6 ივნისს მიმართა.
ამდენად, დადგინდა, რომ ერთსა და იმავე დღეს – 2012 წლის 6 ივნისს: ლ.გ.-მ იკისრა დ.გ.-ს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, ზ.თ.-ემ ზიანის ანაზღაურების მიზნით ზ.დ.-საგან მიიღო 23610 ლარი, ზ.თ.-ემ განცხადებით მიმართა საგამოძიებო სამსახურს და ბოლოს – გორის რაიონულმა სასამართლომ საპროცესო შეთანხმების დამტკიცებით გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი დ.გ.-ს მიმართ. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის ზეპირი მოსმენის დროს მხარეებმა დაადასტურეს, გადაწყვეტილებით დადგინდა და არც სააპელაციო საჩივრით გამხდარა სადავო, რომ დასახელებული მოვლენები 2012 წლის 6 ივნისს სწორედ მითითებული ქრონოლოგიით განვითარდა.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა თბილისის საქალაქო სასამართლოს მჯელობა იმის თაობაზე, რომ დ.გ.-ს სიძის – ზ.დ.-ს მიერ ზ.თ.-ისათვის გადახდილი 23610 ლარი (15000 აშშ დოლარი) წარმოადგენდა ავტოავარიის შედეგად დ.გ.-ს მიერ ზ.თ.-ისათვის მიყენებული ზიანის სრულად ასანაზღაურებელ თანხას. რაც შეეხებოდა ზ.თ.-ის მითითებას იმის შესახებ, რომ მან აღნიშნული თანხა გახარჯა შვილის საფლავის მოსაწყობად, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მოცემული მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ ზ.თ.-ის მიერ თანხის მხოლოდ გარდაცვლილი შვილის საფლავის მოსაწყობად მოხმარება არ განაპირობებდა ლ.გ.-ს ვალდებულებას, სარჩელით მოთხოვნილი სადავო თანხა მოსარჩელეს დამატებით ანაზღაურებოდა.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დ.გ.-ს დანაშაულებრივი ქმედებით მიყენებული ზაიანი ზ.თ.-ისათვის სრულად ჰქონდა ანაზღაურებული. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ზ.თ.-ე სათანადოდ ვერ ადასტურებდა 23610 ლარის მისთვის გარდაცვლილი შვილის მხოლოდ საფლავის მოსაწყობად გადახდას და დაპირებას, რომ მოპასუხე მხარე დამატებით აუნაზღაურებდა მანქანის ღირებულებას ან დ. თ.-ის სამედიცინო მომსახურების ხარჯს, რასაც სარჩელით მოითხოვდა. ამ ფაქტის დამამტკიცებელი წერილობითი მტკიცებულება მოსარჩელეს არ გააჩნდა, ხოლო მოპასუხე მოსარჩელის ზეპირ განმარტებას უარყოფდა.
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 16 მაისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დგინდებოდა, ზ.თ.-ე დ.გ.-სგანაც იმავე თანხებს ითხოვდა, რასაც წინამდებარე სარჩელით მოითხოვდა, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ დ.გ.-ს წინააღმდეგ აღძრული სარჩელით მოთხოვნილი მანქანის ღირებულება (2500 აშშ დოლარი) ნაკლები იყო, ვინაიდან აუდიტის დასკვნა, რის მიხედვითაც მოსარჩელეს აქვს ავტომანქანის ღირებულება ამჟამად ჰქონდა განსაზღვრული, შედგენილი იყო 2013 წლის 16 მაისის გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, კერძოდ 2013 წლის 25 სექტემბერს.
სააპელაციო სასამართლომ, საქმის განხილვისას იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილით, 992-ე მუხლით, 999-ე მუხლის პირველი ნაწილით, 203-ე მუხლით, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 371-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 427-ე მუხლით.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ზ.თ.-ემ.
საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად განმარტეს კანონის ნორმები. სასამართლომ დამოუკიდებლად არ განიხილა მოპასუხე ლ.გ.-ს მიერ 2012 წლის 6 ივნისს შედგენილი ხელწერილი, რომლითაც მან ვალდებულება იკისრა, რომ სრულად აენაზღაურებინა ზ.თ.-ის სახელზე რიცხული ავტომანქანა მერესდესისა და მასში დამონტაჟებული გაზის ბალონის ზიანის ხარჯები, თუმცა ეს ვალდებულება არ შესრულებულა. კასატორი სარჩელით მოითხოვდა, სწორედ იმ კონკრეტული ვალდებულების შეასრულებას, რაც მოწინააღმდეგე მხარემ წერილობით იკისრა;
სასამართლომ არასწორად მიიჩნია უდავოდ ის გარემოება, რომ დ.გ.-ს სიძის, ზ.დ.-ს მიერ კასატორისათვის გადახდილი თანხა (15000 აშშ დოლარი) განეკუთვნებოდა არა მხოლოდ გარდაცვლილი დ. თ.-ის საფლავის მოწყობის ხარჯს, არამედ ავტოავარიის შედეგად დ.გ.-ს მიერ ზ.თ.-ისათვის მიყენებული ზიანის სრულად ანაზღაურების თანხას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ.თ.-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ზ.თ.-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში ამ ნორმის გამოყენების წინაპირობა არ არსებობს, ვინაიდან კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზ.თ.-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე