დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 28.07.2015
საქმის ნომერი
ას-848-812-2014
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
28.07.2015

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№ას-848-812-2014 28 ივლისი, 2015 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ბესარიონ ალავიძე, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – სს „ქ-ი“

მოწინააღმდეგე მხარე – ს. ნ-ე, ზ. ნ-ე, მ. კ-ია, კ. ს-ი, გ. გ-ი, გ. ჯ-ე, ე. მ-ი, ნ. ჯ-ი, ზ. ჯ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 12 ივნისის განჩინება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართეს ე. მ-მა, ნ. ჯ-მა, ზ. ნ-ემ, ს. ნ-ემ, გ. ჯ-ემ, მ. კ-იამ, ზ. ჯ-მა, გ. გ-მა, კ. ს-მა და კ. ს-ემ.

მოსარჩელე ე. მ-მა მოითხოვა მიუღებელი ხელფასის – 2400 ლარის და შრომითი ხელშეკრულების დამსაქმებლის ინიციატივით მოშლის გამო დამატებით ერთი თვის შრომის ანაზღაურების მოპასუხისათვის დაკისრება;

მოსარჩელე ნ. ჯ-ამა მოითხოვა მიუღებელი ხელფასის და შრომითი ხელშეკრულების დამსაქმებლის ინიციატივით მოშლის გამო დამატებით ერთი თვის შრომის ანაზღაურების მოპასუხისათვის დაკისრება, სულ – 10 452 ლარის ოდენობით;

მოსარჩელე ზ. ნ-ემ მოითხოვა მიუღებელი ხელფასის და შრომითი ხელშეკრულების დამსაქმებლის ინიციატივით მოშლის გამო დამატებით ერთი თვის შრომის ანაზღაურების მოპასუხისათვის დაკისრება, სულ – 9339 ლარის ოდენობით;

მოსარჩელე ს. ნ-ემ მოითხოვა მიუღებელი ხელფასის და შრომითი ხელშეკრულების დამსაქმებლის ინიციატივით მოშლის გამო დამატებით ერთი თვის შრომის ანაზღაურების მოპასუხისათვის დაკისრება, სულ – 11 400 ლარის ოდენობით;

მოსარჩელე გ. ჯ-ემ მოითხოვა მიუღებელი ხელფასის და შრომითი ხელშეკრულების დამსაქმებლის ინიციატივით მოშლის გამო დამატებით ერთი თვის შრომის ანაზღაურების მოპასუხისათვის დაკისრება, სულ – 10 560 ლარის ოდენობით;

მოსარჩელე მ. კ-იამ მოითხოვა მიუღებელი ხელფასის და შრომითი ხელშეკრულების დამსაქმებლის ინიციატივით მოშლის გამო დამატებით ერთი თვის შრომის ანაზღაურების მოპასუხისათვის დაკისრება, სულ – 2000 ლარის ოდენობით;

მოსარჩელე ზ. ჯ-მა მოითხოვა მხარეთა შორის 2010 წლის 24 მაისს დადებული მომსახურების ხელშეკრულებიდან გამომდინარე 22 000 ლარის ანაზღაურება;

მოსარჩელე კ. ს-მა მოითხოვა მიუღებელი ხელფასის და შრომითი ხელშეკრულების დამსაქმებლის ინიციატივით მოშლის გამო დამატებით ერთი თვის შრომის ანაზღაურების მოპასუხისათვის დაკისრება, სულ – 4500 ლარის ოდენობით;

მოსარჩელე გ. გ-მა მოითხოვა მიუღებელი ხელფასის და შრომითი ხელშეკრულების დამსაქმებლის ინიციატივით მოშლის გამო დამატებით ერთი თვის შრომის ანაზღაურების მოპასუხისათვის დაკისრება, სულ – 1600 ლარის ოდენობით.

სს „ქ-მა“ საქალაქო სასამართლოს შეგებებული სარჩელით მიმართა და მოითხოვა:

ნ. ჯ-ის უკანონო მფლობელობიდან 1. HP tx2zturion X2 Ultra ZM-84; 2. HP Pavilion tx 2115 nr Turion 64X2tl; 3. Sony VAIO/VGN-TZ395N/X CORE2; 4. Sony VAIO/VGN; 5. HP CORE 2 კომპიუტერების გამოთხოვა; ასევე ნ. ჯ-ისათვის საწარმოდან მიღებული სამშენებლო მასალის ღირებულების - 893.40 ლარის სს „ქ-ის“ სასარგებლოდ დაკისრება;

ე. მ-ის უკანონო მფლობელობიდან კომპიუტერ SONY VAIO/VGN125j/T CORE და მობილური ტელეფონი - ე.წ. „ბლექ ბერის“ გამოთხოვა;

გ. ჯ-ისათვის სს „ქ-ის“ სასარგებლოდ 15140 ლარის გადახდა, რომელიც გ. ჯ-ის მიერ უსაფუძვლოდ იქნა მიღებული საწარმოს საქვეანგარიშო თანხებიდან;

გ. გ-ისათვის სს „ქ-ის“ სასარგებლოდ 1255 ლარის გადახდა, რომელიც გ. გ-ის მიერ უსაფუძვლოდ იქნა მიღებული საწარმოს საქვეანგარიშო თანხებიდან;

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით:

1. ს. ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა.

2. სს „ქ-ს“ ს. ნ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 11 400 ლარის გადახდა.

3. ზ. ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა.

4. სს „ქ-ს“ ზ. ნ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 9339 ლარის გადახდა.

5. მ. კ-იას სარჩელი დაკმაყოფილდა.

6. სს „ქ-ს“ მ. კ-იას სასარგებლოდ დაეკისრა 2000 ლარის გადახდა.

7. კ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა.

8. სს „ქ-ს“ კ. ს-ის სასარგებლოდ დაეკისრა 4500 ლარის გადახდა.

9. გ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

10. სს „ქ-ს“ გ. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 800 ლარის გადახდა.

11. გ. გ-ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე სს „ქ-ის“ მიმართ 800 ლარის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში.

12. გ. ჯ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

13. სს „ქ-ს“ გ. ჯ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 7040 ლარის გადახდა.

14. გ. ჯ-ეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე სს „ქ-ის“ მიმართ ერთი თვის შრომის ანაზღაურების დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში.

15. ე. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

16. სს „ქ-ს“ ე. მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2400 ლარის გადახდა.

17. ე. მ-ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე სს „ქ-ის“ მიმართ ერთი თვის შრომის ანაზღაურების დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში.

18. ნ. ჯ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

19. სს „ქ-ს“ ნ. ჯ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 6968 ლარის გადახდა.

20. ნ. ჯ-ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე სს „ქ-ის“ მიმართ ერთი თვის შრომის ანაზღაურების დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში.

21. ზ. ჯ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა.

22. სს „ქ-ს“ ზ. ჯ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 22 000 ლარის გადახდა.

24. სს „ქ-ის“ შეგებებული სარჩელი გ. გ-ის მიმართ თანხის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

25. სს „ქ-ის“ შეგებებული სარჩელი გ. ჯ-ის მიმართ დაკმაყოფილდა.

26. გ. ჯ-ეს სს „ქ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 15 140 ლარის გადახდა.

28. სს „ქ-ის“ შეგებებული სარცელი ნ. ჯეყელის მიმართ დაკმაყოფილდა.

29. ნ. ჯ-ს სს „ქ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 893,40 ლარის გადახდა.

30. ნ. ჯ-ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა კომპიუტერები: 1. HP tx2zturion X2 Ultra ZM-84; 2. HP Pavilion tx 2115 nr Turion 64X2tl; 3. Sony VAIO/VGN-TZ395N/X CORE2; 4. Sony VAIO/VGN; 5. HP CORE 2 და აღნიშნული ნივთები გადაეცა მესაკუთრე სს „ქ-ს“.

32. სს „ქ-ის“ შეგებებული სარჩელი ე. მ-ის მიმართ დაკმაყოფილდა.

33. ე. მ-ის უკანონო მფლობელობიდან უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა კომპიუტერი – SONY VAIO/VGN125j/T CORE და მობილური ტელეფონი - ე.წ. „ბლექ ბერი“ და აღნიშნული ნივთები გადაეცა მესაკუთრე სს „ქ-ს“.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს „ქ-მა“.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 16 ივლისის განჩინებით:

1. სს „ქ-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;

2. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

სს „ქ-ის“ დირექტორის 2011 წლის 18 ივლისის №... ბრძანების საფუძველზე ნ. ჯ-ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან;

სს „ქ-ის“ დირექტორის 2011 წლის 18 ივლისის №... ბრძანებით ე. მ-ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე;

სს „ქ-ის“ დირექტორის 2011 წლის 26 ივლისის №... ბრძანების საფუძველზე ს. ნ-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. ბრძანების მიხედვით გათავისუფლების საფუძველს არ წარმოადგენდა შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა;

სს „ქ-ის“ დირექტორის 2011 წლის 26 ივლისის №... ბრძანების საფუძველზე ზ. ნ-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. ბრძანების მიხედვით გათავისუფლების საფუძველს არ წარმოადგენდა შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა;

სს „ქ-ის“ დირექტორის 2011 წლის 25 ივლისის №2582/პ ბრძანების საფუძველზე კ. ს-ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. ბრძანების მიხედვით გათავისუფლების საფუძველს არ წარმოადგენდა შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა;

სს „ქ-ის“ დირექტორის 2011 წლის 29 ივლისის №... ბრძანების საფუძველზე გ. გ-ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. ბრძანების მიხედვით გათავისუფლების საფუძველს არ წარმოადგენდა შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა;

სს „ქ-ის“ დირექტორის 2011 წლის 22 აგვისტოს №... ბრძანებით მ. კ-ია გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. ბრძანების მიხედვით გათავისუფლების საფუძველს არ წარმოადგენდა შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა;

სს „ქ-ის“ დირექტორის 2011 წლის 27 ივლისის №... ბრძანებით გ. ჯ-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

სასამართლომ არ გაიზიარა სს „ქ-ის“ მითითება იმის შესახებ, რომ მოსარჩელეები არასაპატიო მიზეზით არ ცხადდებოდნენ სამსახურში და ასევე არ გაიზიარა აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად წარმოდგენილი საწარმოს ადმინისტრაციული დირექტორის და პერსონალის მონიტორინგის ჯგუფის უფროსის მიმართვა სს „ქ-ის“ დირექტორისადმი, რომელშიც მითითებული იყო, რომ 2011 წლის 7 ივლისიდან სამსახურში არასაპატიო მიზეზით არ ცხადდებოდნენ თანამშრომლები: ნ. ჯ-ი, ე. მ-ი, ზ. ნ-ე, ს. ნ-ე, გ. ჯ-ე, გ. გ-ი და ითხოვდნენ მიღებული ყოფილიყო შრომის კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები. სასამართლომ მიუთითა, რომ აღნიშნული მიმართვა არ იყო რეგისტრირებული ან დამოწმებული სს „ქ-ის“ მიერ, ამასთან, მიმართვა დათარიღებული იყო 2012 წლის 15 ივლისით, მაშინ როდესაც მიმართვაში მითითებული პირები უკვე 2011 წლის ივლისის თვიდან გათავიასუფლებული იყვნენ დაკავებული თანამდებობიდან.

სასამართლომ არ გაიზიარა სს „ქ-ის“ მითითება იმის შესახებ, რომ მოსარჩელეები დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდნენ შრომითი ხელშეკრულების პრობების დარღვევის გამო, რადგან აღნიშნულ მითითებას არ შეიცავდა მოსარჩელეთა გათავისუფლების შესახებ ბრძანებები.

სასამართლომ მიუთითა შრომის კოდექსის 34-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებული იყო დასაქმებულთან მოეხდინა საბოლოო ანგარიშსწორება არა უგვიანეს 7 კალენდარული დღისა, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ იყო განსაზღვრული, ასევე მიუთითა 38-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის მიხედვით შრომითი ხელშეკრულების დამსაქმებლის ინიციატივით მოშლის შემთხვევაში დასაქმებულს მიეცემოდა არანაკლებ ერთი თვის შრომის ანაზღაურება. აღნიშნული მუხლების, მხარეთა განმარტებისა და საქმეში წარმოდგენილი საბანკო ამონაწერების მიხედვით, სასამართლომ მიიჩნია, რომ ნ. ჯ-ის ყოველთვიური შრომის ანაზღაურება დარიცხული ხელფასის სახით შეადგენდა - 3484 ლარს, ნ. ჯ-ს მიუღებელი ჰქონდა 2011 წლის ივნისის და ივლისის თვის ხელფასები. ე. მ-ის ყოველთვიური შრომის ანაზღაურება დარიცხული ხელფასის სახით შეადგენდა - 1200 ლარს, ე. მ-ს მიუღებელი ჰქონდა 2011 წლის ივნისის და ივლისის თვის ხელფასები. ს. ნ-ის ყოველთვიური შრომის ანაზღაურება დარიცხული ხელფასის სახით შეადგენდა 3800 ლარს, ს. ნ-ეს მიუღებელი ჰქონდა 2011 წლის ივნისის და ივლისის თვის ხელფასები. ზ. ნ-ის ყოველთვიური შრომის ანაზღაურება დარიცხული ხელფასის სახით შეადგენდა 3113 ლარს, ზ. ნ-ეს მიუღებელი ჰქონდა 2011 წლის ივნისის და ივლისის თვის ხელფასები. კ. ს-ის ყოველთვიური შრომის ანაზღაურება დარიცხული ხელფასის სახით შეადგენდა 1500 ლარს, ს. ნ-ეს მიუღებელი ჰქონდა 2011 წლის ივნისის და ივლისის თვის ხელფასები. გ. გ-ის ყოველთვიური შრომის ანაზღაურება დარიცხული ხელფასის სახით შეადგენდა 800 ლარს, გ. გ-ს მიღებული ჰქონდა ხელფასი. მ. კ-იას ყოველთვიური შრომის ანაზღაურება შეადგენდა 2000 ლარს, მ. კ-იას მიღებული ჰქონდა ხელფასი. გ. ჯ-ის ყოველთვიური შრომის ანაზღაურება შეადგენდა 3520 ლარს. გ. ჯ-ეს მიუღებელი ჰქონდა 2011 წლის ივნისის და ივლისის თვის ხელფასები.

მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით და საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლზე დაყრდნობით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტის პრეტენზია იმის შესახებ, რომ მას არ უნდა დაკისრებოდა ერთი თვის კომპენსაციის გადახდა მოსარჩელეების სასარგებლოდ - უსაფუძვლო იყო და ვერ იქნებოდა გაზიარებული.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია ასევე, მოპასუხეს მართებულად დაეკისრა მოსარჩელეთა სასარგებლოდ ამ უკანასკნელთა მიერ მიუღებელი ხელფასების ანაზღაურება საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 34-ე მუხლის საფუძველზე, ხოლო ზ. ჯ-ის სარჩელი სასამართლომ დასაბუთებულად მიიჩნია სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის საფუძველზე.

სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა აპელანტის შუამდგომლობა მ. კ-იას და გ. გ-ის მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ, მათი არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო. სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას. შესაბამისად, აპელანტმა ვერ მიუთითა ისეთ ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებზე, რომლებიც იურიდიულად გაამართლებდა მის მოთხოვნას დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „ქ-მა“.

საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

მოსარჩელეები თავიანთ შრომით ვალდებულებებს არ ასრულებდნენ 2011 წლის 7 ივლისიდან, შესაბამისად, მათ არ ეკუთვნით 2011 წლის ივლისის ხელფასები და კომპენსაციები. მოსარჩელეებს სადავოდ არ გაუხდიათ გათავისუფლების ბრძანებები და გაუგებარია რატომ ჩათვალა ორივე ინსტანციის სასამართლომ ისინი დამსაქმებლის ინიციატივით გათავისუფლებულად და არა შრომითი ურთიერთობის დამრღვევებად;

კასატორის მითითებით ზ. ჯ-ის მოთხოვნის ნაწილში, მიღება-ჩაბარების აქტები არის ფორმალური ხასიათის და მათში არ არის დაფიქსირებული თუ რა კონსულტაციები გაუწია მოსარჩელემ დამკვეთს;

რაც შეეხება სასამართლოს მსჯელობას მ. კ-იას და გ. გ-ის მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილების შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ საფუძველსაა მოკლებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს „ქ-ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

კასატორის მოსაზრებით, მოსარჩელეები თავიანთ შრომით ვალდებულებებს არ ასრულებდნენ 2011 წლის 7 ივლისიდან, შესაბამისად, მათ არ ეკუთვნით 2011 წლის ივლისის ხელფასები და კომპენსაციები.

საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის ზემოხსენებულ პრეტენზიას და აღნიშნავს, რომ მოსარჩელეთა გათავისუფლების ბრძანებებში არსად არაა მითითებული, რომ ისინი სამსახურიდან გათავისუფლდნენ შრომითი ხელშეკრულების პრობების დარღვევის გამო, 2011 წლის 7 ივლისიდან, პირიქით, ბრძანებებში მოსარჩელეთა გათავისუფლების თარიღებად მითითებულია 2011 წლის ივლისის ბოლო დღეები, შესაბამისად, სწორია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ ასეთ ვითარებაში ივარაუდება, რომ მოსარჩელეები სამუშაოს ასრულებდნენ ივლისის თვეში.

კასატორის მოსაზრებით, ზ. ჯ-ის მიერ შესრულებული სამუშაოს თაობაზე შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტები არის ფორმალური ხასიათის და მათში არ არის დაფიქსირებული, თუ რა კონსულტაციები გაუწია მოსარჩელემ დამკვეთს.

საკასაციო პალატას კასატორის ეს პრეტენზიაც დაუსაბუთებლად მიაჩნია, ვინაიდან მიღება-ჩაბარების აქტებს ხელს აწერს მოპასუხის უფლებამოსილი პირი, ხოლო ამ აქტების ფორმალური ხასიათის დამადასტურებელი მტკიცებულებები კასატორს არ წარმოუდგენია. საკასაციო პალატა, მართალია, არ ეთანხმება ზ.ჯ-სა და მოპასუხეს შორის არსებული ურთიერთობის ნარდობად კვალიფიკაციას და მიიჩნევს, რომ მათ შორის არსებობდა შრომით-სამართლებრივი ურთიერთობა, მაგრამ ამ ნაწილში გადაწყვეტილება არსებითად სწორია, რადგან ზ.ჯ-ისათვის შრომის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველია საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილი და 34-ე მუხლი.

რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას მ. კ-იასა და გ. გ-ის წინააღმდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმის შესახებ, რომ განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა აპელანტის მოთხოვნას.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას სს „ქ-ის“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (2491 ლარის) 70% – 1743.70 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს „ქ-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორს – სს „ქ-ს“ დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (2491 ლარის, საგადახდო დავალება N0, გადახდის თარიღი – 2014 წლის 8 აგვისტო) 70% – 1743.70 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ზ. ძლიერიშვილი