დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-996-957-2014 10 სექტემბერი, 2015 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ბ. ტ-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ. კ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
გ. კ-ემ (შემდგომში _ მოსარჩელე) მოითხოვა ბ. ტ-ისათვის (შემდგომში _ მოპასუხე) ავტომობილის დაზიანებით გამოწვეული ზიანის _ 4 960 ლარის დაკისრება.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებლით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ითხოვა და აღნიშნა, რომ მოსარჩელეს დაზიანებული ნივთი არ ეკუთვნოდა, ამასთანავე, მან თანხმობა დაზიანებული ნივთის შეკეთებაზე და არა ახლის შეძენაზე განაცხადა, გარდა აღნიშნულისა, არ დაეთანხმა სარჩელით მოთხოვნილი თანხის ოდენობას.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 4 960 ლარის გადახდა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 27 მაისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 3 200 ლარის გადახდა.
5.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
5.1.1. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ავტომანქანის (საიდენტიფიკაციო მონაცემებით: მარკა, მოდელი – ოპელ ვექტრა 1,81 ფერი – თეთრი, გამოშვების წელი – 2005, სანომრე ნიშანი –..., საიდენტიფიკაციო ნომერი –...) მესაკუთრეს წარმოადგენს მოსარჩელე.
5.1.2. პალატამ არ გაიზიარა აპელანტის განმარტება, რომ ავტომანქანა წარმოადგენდა „G-ის“ საკუთრებას და გ. კ-ე განსახილველ დავაში არასათანადო მოსარჩელეა. ამ თვალსაზრისით სასამართლომ აღნიშნა, რომ 2012 წლის 13 ივლისს მოსარჩელესა და შპს „G-ს“ შორის დაიდო №... სესხის ხელშეკრულება, რომლითაც დგინდებოდა, რომ მოსარჩელემ „G-ისაგან“ სესხად მიიღო 1 300 აშშ დოლარი, 5%-იანი სარგებლით, ერთი თვის ვადით, რომელიც, მხარეთა ზეპირი შეთანხმებით, გაგრძელდა უვადოდ, სესხის თანხის სრულად დაფარვამდე. ხელშეკრულების 1.3 პუნქტის შესაბამისად, მსესხებლის ვალდებულებათა სრულად შესრულების უზრუნველსაყოფად მესაკუთრე აფორმებდა თავის კუთვნილ მოძრავ ქონებას გამსესხებლის სახელზე. 1.4 პუნქტის მიხედვით, მსესხებელს უფლება რჩებოდა, აღნიშნული ქონებით ესარგებლა მინდობილობით (რომელიც გაფორმდება მხარეებს შორის სარეგისტრაციო ცვლილებების შემდეგ) გათვალისწინებულ ფარგლებში და იღებდა ვალდებულებას, პასუხი ეგო ქონებით სარგებლობისას გამოწვეულ შედეგებზე. 1.5 პუნქტის თანახმად კი, სესხის სრულად დაფარვის შემთხვევაში, ქონება კვლავ მსესხებლის სახელზე გაფორმდებოდა. მხარეთა შორის სასესხო ურთიერთობის არსებობას ადასტურებდა ასევე, შპს „G-ის“ მიერ 2013 წლის 26 ივნისს გაცემული ცნობა, რომლის თანახმადაც, მოსარჩელეს 2012 წლის 13 ივლისს გატანილი სესხიდან დარჩენილი ჰქონდა დავალიანება 1 829 აშშ დოლარის ოდენობით.
5.1.3. აპელანტი შპს „G-ისათვის“ ავტომანქანის კუთვნილების ფაქტზე აპელირებისას უთითებდა გამსესხებლის მიერ გაცემულ ცნობაზე, რომლის თანახმადაც, 2013 წლის 26 ივნისის მდგომარეობით ავტომანქანა ნამდვილად შპს „G-ის“ კუთვნილებაში იყო. სასამართლოს განმარტებით, მართალია, საქმის მასალებით, კერძოდ, შპს „G-ის“ 2013 წლის 26 ივნისის ცნობით დასტურდებოდა, რომ ავტომანქანა განსესხებლის კუთვნილებას წარმოადგენდა, თუმცა აღნიშნული გარემოება განსახილველ საქმეზე არსებითი ხასიათის მქონე არ იყო, რადგან გამსესხებლის სახელზე ავტომანქანის გადაფორმების ფაქტი არც მოსარჩელეს გაუხდია სადავოდ. მხარეთა შორის სადავოდ იყო გამხდარი ავტომანქანაზე საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველი. მოსარჩელის განმარტებით, ავტომანქანაზე საკუთრების უფლება გამსესხებელს წარმოეშვა დროებით, სესხის ხელშეკრულების ფარგლებში, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებაზე. აღნიშნულ გარემოებას ადასტურებდა ასევე საქმეში წარმოდგენილი სესხის ხელშეკრულება, რომელშიც პირდაპირ იყო მითითებული ის გარემოება, რომ ავტომანქანა მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას წარმოადგენდა. საქმის განხილვის პროცესში მოსარჩელემ წარადგინა მტკიცებულება, რომ მის მიერ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების შემდგომ ავტომანქანა, 2013 წლის 19 აგვისტოს, კვლავ მის სახელზე გადაფორმდა. სასამართლოს შეფასებით, ავტომანქანის კუთვნილებაზე მსჯელობისას მნიშვნელოვანი იყო სამოქალაქო კოდექსის 186–ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების დანაწესი, რომელთა შესაბამისადაც დგინდებოდა, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალება მოსარჩელის პირდაპირ მფლობელობაში იმყოფებოდა და მეტიც, ავტოსაგზაო შემთხვევაც სწორედ მისი სახლის წინ მოხდა. ამდენად, საქმის მასალებით მოსარჩელემ შეძლო დაედასტურებინა, რომ მხარეთა შორის არსებობდა სასესხო ურთიერთობა, რაც გახდა გამსესხებელზე ავტომანქანის საკუთრების უფლებით დროებით გადაცემის საფუძველი. მოპასუხემ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების ტვირთის განაწილების ფარგლებში, ვერ შეძლო შესაბამისი მტკიცებულების წარმოდგენა, რაც დაადასტურებდა, რომ ავტომანქანა წარმოადგენდა შპს „G-ის“ საკუთრებას და მხარეთა შორის სასესხო ურთიერთობა არ არსებობდა. შესაბამისად, უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული აპელანტის განმარტება არასათანადო მოსარჩელის თაობაზე.
5.1.4. მოპასუხე დაეჯახა მოსარჩელის კუთვნილ, გაჩერებულ ავტომანქანას, ქუთაისში, გ.ბ-ის ქ№...-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის წინ. საქმეში წარმოდგენილი გამოკითხვის ოქმის შესაბამისად, მოპასუხე აღიარებდა, რომ იგი 2013 წლის 3 იანვარს, დაახლოებით ღამის სამ საათზე, დაეჯახა გაჩერებულ ავტომანქანას. მოპასუხე აქვე აღიარებდა მის ბრალეულობას მომხდარ ინციდენტში. ავტოსაგზაო შემთხვევას ასევე ადასტურებდნენ პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკითხული მოწმეებიც, რომლებმაც მიუთითეს ძლიერი შეჯახების, დაზიანებული ავტოსატრანსპორტო საშუალების ინერციით გადაადგილებისა და წინა მხრიდან ჭიშკარზე დაჯახების ფაქტზე.
5.1.5.ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა შეადგენდა 3 200 ლარს. ზიანის განსაზღვრის ნაწილში, პალატამ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა და აღნიშნა შემდეგი: მოცემულ შემთხვევაში, დგინდება, რომ 2013 წლის 3 იანვრის ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაზიანდა მოსარჩელის ზემოაღნიშნული სატრანსპორტო საშუალება. ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ავტომანქანამ მიიღო ძლიერი დაზიანება და მისი აღდგენა შემდგომი ექსპლუატაციისათვის ვარგის მდგომარეობაში ტექნიკური თვალსაზრისით მიზანშეწონილი არ არის. ავტომანქანის ვიზუალური დათვალიერებით ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ავტომანქანა ძლიერ დაზიანებულია. მას აღენიშნება ავარიული სახის მექანიკური დაზიანებები რთული და საშუალო დეფორმაციების სახით, კერძოდ, დეფორმირებულია: ძარის უკანა და მარცხენა ნაწილი – არ აქვს უკანა ფარები, უკანა ბამპერი, უკანა საქარე მინა, საბარგულის სახურავი და უკანა მარჯვენა ფრთა, დაზიანებულია წინა ბამპერი, წინა საქარე მინა, წინა მარცხენა ფრთა და ფარი, მარცხენა სარკე, წინა მარჯვენა კარების მინა, მარჯვენა წინა საბურავი. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ავტომანქანის საბაზრო ღირებულება, მისი დაუზიანებელი ნაწილებიდან გამომდინარე, საორიენტაციოდ შეადგენდა 6 200 ლარს, ხოლო დაზიანებების გათვალისწინებით – 3 000 ლარს. შესაბამისად, ავტომანქანის საბაზრო ღირებულება შეჯახების შემდეგ შემცირდა 3 200 ლარით და სწორედ ეს თანხა წარმოადგენდა მოპასუხის მიერ მიყენებულ ზიანს.
5.1.6. მიყენებული ზიანის დაანგარიშების მიზნებისათვის პალატამ ყურადღება გაამახვილა საქმეში წარმოდგენილ მიღება-ჩაბარების აქტზე, რომლის შესაბამისადაც, მანქანა, რომლის საბაზრო ღირებულება დაზიანებების გათვალისწინებით 3 000 ლარს შეადგენდა, მოსარჩელემ ჯართად 1 640 ლარად ჩააბარა. მოსარჩელე თავის საკუთრებასთან მიმართებით თავისუფალი იყო ნების გამოვლენაში, მას დაზიანებული, 3 000 ლარად შეფასებული ავტომანქანა ამ ღირებულების ფარგლებში ნებისმიერ ფასად შეეძლო გაესხვისებინა, მათ შორის, უსასყიდლოდ გადაეცა მესამე პირებისათვის, რაც, რაღა თქმა უნდა, მოპასუხეს, მიყენებული ზიანის ოდენობის თვალსაზრისით, ბრალად არ უნდა შერაცხვოდა. მოპასუხის მიერ მიყენებული ზიანის დაანგარიშების მიზნებისათვის არსებითი მნიშვნელობა ენიჭებოდა ექსპერტიზის დასკვნას, რომელმაც ავტომანქანაზე მიყენებული ზიანის ოდენობა დაიანგარიშა დაზიანებამდე ამავე ავტომანქანის ღირებულებისა და დაზიანების შედეგად მისი ღირებულების ურთიერთშეფარდების შედეგად, რამაც 3 200 ლარი შეადგინა. ამდენად, გაზიარებულ იქნა აპელანტის პოზიცია, რომ მიზეზობრივი კავშირი ბ. ტ-ის მართლსაწინაააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის დასტურდებოდა მხოლოდ 3 200 ლარის ოდენობით ზიანთან მიმართებით.
5.1.7. დადგენილი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლით, 316-ე და 317-ე მუხლების პირველი ნაწილებით, 992-ე მუხლით და აღნიშნა, რომ მოპასუხის უხეში გაუფრთხილებლობით, ბრალეული ქმედების შედეგად დასტურდებოდა მოსარჩელის ავტომობილის დაზიანება, მიყენებული ზიანის ოდენობა კი, 3 200 ლარი იყო.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება.
6.1. საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
6.1.1. ქვემდგომმა სასამართლოებმა არასწორად შეაფასეს შპს „G-თან“ დადებული სესხის ხელშეკრულება, რომლის სწორად გამოკვლევასაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგანაც, შესაძლოა, შპს „G-მა“ ასევე მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება და წინამდებარე გადაწყვეტილება პრეიუდიციული ძალის აღმოჩნდება. ამ ხელშეკრულების განმარტებისას სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლი, 2012 წლის 13 ივლისით დათარიღებული სესხის ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელე მსესხებელი და ამავდროულად უზრუნველყოფის საგნის მესაკუთრეა, თუმცა ამ გარემოების წინააღმდეგ მოპასუხემ წარადგინა შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებდნენ, რომ ავტომობილი სესხის ხელშეკრულების დადებამდეც და მას შემდეგაც შპს „G-ის“ საკუთრება იყო, საპირისპირო მტკიცებულებები მოსარჩელეს არ წარუდგენია, მიუხედავად აღნიშნულისა, სასამართლომ არ შეაფასა მოპასუხის მიერ ამ თვალსაზრისით წარდგენილი არც ერთი მტკიცებულება.
6.1.2. სასამართლომ უსაფუძვლოდ, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია, რომ სესხის წერილობითი ხელშეკრულება ზეპირად გაგრძელდა უვადოდ, სესხის სრულად დაფარვამდე, ამგვარი მსჯელობა ეწინააღმდეგება თავად სესხის ხელშეკრულების 6.1. პუნქტს, ამასთანავე, მოსარჩელეს, გარდა 2013 წლის 26 ივნისის ბუნდოვანი ცნობისა, არ წარუდგენია მტკიცებულება, სადაც ასახული იქნებოდა მისი ვალდებულება და ამ ვალდებულის შესრულება შპს „G-ის“ წინაშე. მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა მოთხოვნაზე არაუფლებამოსილი სუბიექტი.
6.1.3. მართალია, სასამართლომ სწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი, თუმცა კასატორს პასუხისმგებლობა არ უნდა დაკისრებოდა, რადგანაც მისი მართლსაწინააღმდეგო ან ბრალეული ქმედება საქმის მასალებით ცალსახად არ დასტურდება, მხოლოდ მხარეთა ჩვენებები, როდესაც კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული მტკიცებულებები არ არსებობს, არ შეიძლება საფუძვლად დაედოს პირის პასუხისმგებლობას. ამასთანავე, იმ შემთხვევაშიც კი, თუ კასატორის ქმედება იქნება მართლსაწინააღმდეგო, ავტოსაგზაო შემთხვევიდან 4 თვის შემდეგ ჩატარებული ექსპერტიზით დელიქტური ვალდებულების წინაპირობების, ასევე ზიანის ოდენობის დადგენა გაუმართლებელია, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა ქ.ქუთაისში მოხდა, ხოლო ექსპერტმა ნივთი სოფელ ქვიტირში დაათვალიერა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
1.2. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
1.3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები ძირითადად ეფუძნება იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომ მოსარჩელე წარმოადგენდა დაზიანებული მოძრავი ნივთის მესაკუთრეს, მოპასუხე დაეჯახა მოსარჩელის კუთვნილ, ქ.ქუთაისში, გ.ბ-ის ქ#...-ში მდებარე სახლის წინ გაჩერებულ ავტომობილს, რომლის შედეგადაც მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა 3 200 ლარს შეადგენს, მოპასუხის ბრალეულობა გამოიხატა უხეშ გაუფრთხილებლობაში.
1.4. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო პალატა კასატორის არგუმენტების ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია, კერძოდ, არ მიუთითებია იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
1.5. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის არგუმენტს, რომ სარჩელი არასათანადო მოსარჩელის მიერაა აღძრული, რადგანაც გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სასამართლომ დაზიანებული ნივთის მოსარჩელისათვის კუთვნილების ფაქტი დაამყარა როგორც კასატორის მიერ სადავოდ გამხდარ სესხის ხელშეკრულებას, ისე საქმის განხილვისას მოსარჩელის მიერ წარდგენილ მტკიცებულებას, რომლის თანახმადაც სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების შემდგომ, 2013 წლის 19 აგვისტოდან ავტომობილი კვლავ მოსარჩელის საკუთრებაა. მოცემულ შემთხვევაში კასატორს რაიმე პრეტენზია საქმეში წარმოდგენილ, მოსარჩელის სახელზე გაცემული ავტომობილის სარეგისტრაციო მოწმობის ნამდვილობის კუთხით არ წარმოუდგენია (იხ. ტ. I, ს.ფ.99). რაც შეეხება მხარის მსჯელობას სესხის ხელშეკრულების ბუნდოვანი დებულებებისა თუ მისი მოქმედების ვადის გაგრძელებაზე, პალატა მიიჩნევს, რომ დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე სარჩელის განხილვისას მოსარჩელესა და მესამე პირს შორის დადებული წერილობით სესხის ხელშეკრულების კანონიერება ვერ შეფასდება ამასთანავე, პალატამ მოძრავ ნივთზე საკუთრების უფლების კვლევისას სწორად იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილით (ამ საკითხზე იხ. სუსგ-ებები: №ას-914-954-2011, 27.10.2012წ; №ას-658-625-2014, 05.12.2014წ).
1.6. საკასაციო პალატა ასევე დაუსაბუთებლად მიიჩნევს კასატორის მტკიცებას, რომლის თანახმადაც არ დასტურდება მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების წინაპირობები, რადგანაც საქმეში სათანადო მტკიცებულებები არ მოიპოვება, ამასთანავე, წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა არ ასახავს მიყენებული ზიანის რეალურ ოდენობას, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ მართებულად დაამყარა ზიანის მიყენების ფაქტი გამოკითხვის ოქმში ასახულ მოპასუხის აღიარებას, რაც შეეხება მიყენებული ზიანის ოდენობის განსაზღვრას, მოსარჩელემ, დელიქტურ ვალდებულებაში მისი წილი მტკიცების ტვირთის ფარგლებში, სათანადო მტკიცებულებით დაადასტურა ზიანის ოდენობა, ხოლო მოპასუხეს, რომელიც არ ეთანხმება საქმეში არსებულ ექსპერტიზის დასკვნას, მისი საპირისპირო მტკიცებულება არ წარუდგენია სასამართლოსათვის. ამ გარემოებათა გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა და სწორადვე განმარტა სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი.
1.7. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წინამდებარე საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
1.8. რაც შეეხება კასატორის მოწინააღმდეგე მხარის მიერ საკასაციო შესაგებელზე დართულ შპს „G-ის“ 2014 წლის 10 ოქტომბრის ცნობას, პალატა მიიჩნევს, რომ ეს მტკიცებულება უნდა დაუბრუნდეს მის წარმომდგენს, რადგანაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება, შესაბამისად, ეს მტკიცებულება ვერც სასამართლოს მიერ იქნება გაზიარებული. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვთ.
2. სასამართლო ხარჯები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ბ. ყ-ის მიერ 2014 წლის 17 ივლისს N... საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბ. ტ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ ბ. ტ-ს (პ/N...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) სახელმწიფო ბაჟის სახით ბ. ყ-ის მიერ 2014 წლის 17 ივლისს N... საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
3. გ. კ-ეს დაუბრუნდეს საკასაციო შესაგებელზე დართული მტკიცებულება _ შპს „G-ის“ 2014 წლის 10 ოქტომბრის ცნობა 1 (ერთი) ფურცლად.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
პ. ქათამაძე