კერძო საჩივარი

სამოქალაქო
საქმის ნომერი
ას-1093-1029-2015
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№010230815700004810

საქმე №ას-1093-1029-2015 02 დეკემბერი, 2015 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მ- ს-–ისა და თ- ქ--ის კერძო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 02 ოქტომბრის განჩინებაზე და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 16.06.2008წ.-ის N2ბ/1876-07 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა გ- დ-ს სააპელაციო საჩივარი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 31.05.2007წ.-ის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გ- დ-ს სარჩელი მოპასუხე ამხანაგობა „ვ--“-ის მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. დაევალა ამხანაგობა „ვ--“-ს საკუთრებაში გადაეცა მოსარჩელისათვის ქ-ში, კ-ის N66-ში (ამჟამად, ჟ-ს ქ.) საცხოვრებელი სახლის მეხუთე სართულზე არსებული 163 კვ.მ. ფართის მქონე ოთხოთახიანი ბინა და პირველ სართულზე არსებული ავტოსადგომი. ამავე გადაწყვეტილებით სარჩელი ზიანის ანაზღაურების შესახებ, არ დაკმაყოფილდა.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 04.12.2008წ.-ის განჩინებით ამხანაგობა „ვ-“-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 16.06.2008წ.-ის გადაწყვეტილებაზე, დარჩა განუხილველად.

3. 20.08.2015წ.-ს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა მოქალაქე მ- ს–მა და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 16.06.2008წ.-ის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

4. მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებზე.

განმცხადებლის განმარტებით, მისთვის ცნობილი გახდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 17.07.2015წ.-ის გადაწყვეტილებით მოსარჩელე გ- დ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა და ამხანაგობის წევრებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ თანხის ანაზღაურება. სასამართლომ იხელმძღვანელა სააპელაციო პალატის 16.06.2008წ.-ის გადაწყვეტილებით, სადაც მხარეები არიან აპელანტი - გ-დ-- და მოწინააღმდეგე მხარე - ამხანაგობა „ვ-“. აღნიშნული გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ მხარეებს შორის გაფორმებული ყოფილა ხელშეკრულება, რომლით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა.

განმცხადებლის განმარტებით თბილისის საქალაქო სასამართლოს 17.07.2015წ.-ის გადაწყვეტილებაში მოსამართლის მსჯელობით დადასტურდა, რომ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება შეეხება მათ ამხანაგობას „ვ--“-ს და არა ამხანაგობა „ვ-“-ს, რასაც სადავოდ ვერ გახდიდნენ. ამდენად, მათთვის ახლა გახდა ცნობილი და გადაწყვეტილებითაც ირკვევა, რომ სააპელაციო პალატის მიერ საქმის განხილვისას ამხანაგობის წევრები არ იყვნენ ინფორმირებული და მიწვეული მხარეების სახით. გადაწყვეტილება კი, უშუალოდ ეხება ამხანაგობის წევრთა უფლებებსა და ქონებას.

განმცხადებლის მითითებით, 16.06.2008წ.-ს გადაწყვეტილების გამოტანას საფუძვლად დაედო 2001 წლის 16 სექტემბრის ხელშეკრულება, რომელიც ეწინააღმდეგება სამოქალაქო კოდექსის 934-ე მუხლს, რაც ითვალისწინებს გარიგების დადებისას ყველა მონაწილის თანხმობას. გარდა აღნიშნულისა, ასევე, არსებობს ამხანაგობის დამფუძნებელი წევრების მიერ როგორც მანამდე არსებული ისე, 17.08.2004წ.-ს ნოტარიალურად დამოწმებული ხელშეკრულება, რომლის 5.2.4 და 5.2.7 ქვეპუნქტების დარღვევით დადებული ყველა გარიგება ბათილია. 16.09.2001წ.-ს ხელშეკრულებით მხარეებმა შეცდომაში შეიყვანეს სასამართლო და სხვა პირის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, მათ, როგორც ამხანაგობის ამჟამინდელ წევრებს, ეკისრება თანხის გადახდა. სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებას აქამდე სადავოდ ვერ გახდიდნენ და ვერც გაასაჩივრებდნენ, რადგან მხარეს არ წარმოადგენდნენ, ვიდრე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ვალდებულება არ გავრცელდა ამხანაგობა „ვ--ის“ წევრებზე.

ზემოაღნიშნულ გარემოებზე დაყრდნობით, განმცხადებელმა მოითხოვა სააპელაციო პალატის 16.06.2008წ.-ის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ამხანაგობის წევრების მონაწილეობით საქმის ხელახლა განხილვა და ახალი გადაწყვეტილებით გ. დ-ს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 16.06.2008წ.-ის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით 31.08.2015წ.-ს სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მომართა ასევე თ- ქ-ემ, რომელიც სრულად დაეთანხმა მოქალაქე მ- ს–ის მიერ წარმოდგენილ განცხადებას იმავე მოთხოვნით და დამატებით აღნიშნა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 17.07.2015წ.-ის გადაწყვეტილებით ისინი მიჩნეულ იქნენ სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 16.06.2008წ.-ის გადაწყვეტილების მხარეებად, რომლის განხილვაშიც მას, როგორც ფიზიკურ პირს ან ამხანაგობა „ვ-“-ის წევრს, მონაწილეობა არ მიუღია. იგი არც არასოდეს ყოფილა ამხანაგობა „ვ-ის“ წევრი და გიგლა ცაბაძისათვის, რომელიც პროცესზე მონაწილეობდა როგორც ამხანაგობის თავმჯდომარე, წარმომადგენლობითი უფლებამოსილება არ მიუნიჭებია.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 02.10.2015წ.-ს განჩინებით მ- ს-–ისა და თ- ქ--ის განცხადება, გადაწყვეტილების ბათილად ცნობის გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 16.10.2008წ.-ის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ განუხილველად იქნა დატოვებული.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლით, რომლის თანახმად, სასამართლომ თავისი ინიციატივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს, რაც შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით.

7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს ერთი თვის განმავლობაში და ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვადის დენა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობა.

8. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მიუხედავად გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძვლად მ- ს-–ის განცხადებაში მითითებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის როგორც „ბ“, ასევე „გ“ პუნქტისა, წარმოდგენილი განცხადებების შინაარსის გათვალისწინებით, მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენდა დასახელებული მუხლის „გ“ ქვეპუნქტი, რომელიც განსაზღვრავს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესაძლებლობას, რომლის დანაწესით, თუ პირი, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება, არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე. სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით, განცხადების დაუშვებლობის პირობად სასამართლო არ მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან გასულია ხუთი წელი, რაც სსსკ-ის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილით, კრძალავს საქმის განახლების შესახებ განცხადების შეტანას, საიდანაც გამონაკლისს სსსკ-ის 422.1 „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა წარმოადგენს.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ განცხადებების დასაშვებობაზე მსჯელობისას, სასამართლო ამოწმებს მხოლოდ იმ საკითხს, დაცულია, თუ არა კანონით გათვალისწინებული ერთთვიანი ვადა განმცხადებელთა მიერ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძვლად მიჩნეული გარემოების მათთვის შეტყობიდან განცხადების წარდგენამდე.

განმცხადებლების მიუთითებდნენ, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის კანონიერ ძალაში შესული 16.06.2008წ.-ის გადაწყვეტილების მათ უფლება-მოვალეობებთან შემხებლობა განისაზღვრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 17.07.2015წ.-ის გადაწყვეტილებით, რომელმაც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებული ამხანაგობა „ვ-ის“ ვალდებულებები გაავრცელა ამხანაგობა „ვ-ის“ წევრ ფიზიკურ პირებზე. შესაბამისად, ამავე გადაწყვეტილების ჩაბარების თარიღს უკავშირებდნენ ბათილად ცნობის შესახებ განცხადების წარდგენისათვის განსაზღვრული ვადის ათვლას.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ წარმოდგენილი მასალებით, მათ შორის, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 17.07.2008წ.-ის გადაწყვეტილებით ირკვევა შემდეგი:

- გ- დ--ს მიერ აღძრული იქნა სარჩელი მოპასუხეებისათვის სოლიდარულად 156 000 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნით იმ საფუძველზე მითითებით, რომ „თბილისის საააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 16.06.2008წ.-ის გადაწყვეტილებით იბა „ვ-“-ს დაევალა თბილისში, კ-ის ქ.N66-ში (ამჟამად ჟ-ს ქ.) საცხოვრებელი სახლის მე-5 სართულზე 163 კვ.მ. ფართისა და პირველ სართულზე არსებული ავტოფარეხის მოსარჩელის საკუთრებაში გადაცემა. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი გახდა, რადგან ბინა გასხვისდა მესამე პირზე. სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის გამო მოსარჩელეს მიადგა ზიანი“ (იხ. ტ.2. ს.ფ. 229, 230).

- სარჩელზე ერთხელ გადაწყვეტილება გამოტანილ იქნა 30.07.2013წ.-ს, რომლითაც მოთხოვნა დაკმაყოფილდა მხოლოდ ომარ გაბელაიასა და იბა „ვ-ის“ თავმჯდომარის მიმართ თანხის დაკისრების ნაწილში (ტ.2. ს.ფ. 232), რა ნაწილშიც გადაწყვეტილება შევიდა ძალაში. რაც შეეხება დანარჩენ პირთა მიმართ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, გადაწყვეტილება გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 03.06.2014წ.-ის განჩინებით და საქმე ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა თბილისის საქალაქო სასამართლოს (ს.ფ. 212). საქმის ხელახლა განხილვის შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა 17.07.2015წ.-ს გადაწყვეტილება, რომლითაც თანხის გადახდა დაეკისრა ასევე მოპასუხედ მითითებულ სხვა პირებს, მათ შორის, განმცხადებლებს.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ განცხადებების დასაშვებობის ეტაპზე, სასამართლო ამოწმებდა მხოლოდ იმ საკითხს, თუ როდის შეიტყვეს განმცხადებლებმა გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძვლად მათ მიერ მიჩნეული გარემოება. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის განცხადების წარდგენის ვადის ათვლა უნდა დაკავშირებოდა არა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 17.07.2015წ.-ის გადაწყვეტილების გამოტანის და/ან მხარისათვის ჩაბარების მომენტს, როდესაც სასამართლომ, სააპელაციო პალატის 16.06.2008წ.-ის გადაწყვეტილებაზე, როგორც ერთ-ერთ მტკიცებულებაზე დაყრდნობით, დააკმაყოფილა გ- დ--ს სარჩელი მოპასუხეების, მათ შორის, განმცხადებელთა მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე, არამედ, იმ მომენტს, როდესაც მოპასუხეებისათვის ცნობილი გახდა გ- დ-ს სასარჩელო მოთხოვნა მათ მიმართ და ამ მოთხოვნის საფუძველი.

მოცემულ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, მოთხოვნის ერთ-ერთ საფუძვლად თბილისის სააპელაციო სასამართლოს 16.06.2008წ. გადაწყვეტილება მითითებული იყო სარჩელშივე, რასაც ადასტურებს 17.07.2015წ. გადაწყვეტილების აღწერილობითი ნაწილი და 03.06.2014წ. განჩინების შინაარსი, რაც განმცხადებელთათვის, როგორც იმ დავაში მოპასუხის სტატუსის მქონე პირთათვის, დავის წარმოების პროცესშივე ცნობილი იყო.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ განცხადებები გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის განახლების შესახებ, წარმოდგენილი იყო სსსკ-ის 426-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის დარღვევით, რაც მათი განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 02.10.2015წ.-ის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინეს მ-ს-მა და თ- ქ--ემ. კერძო საჩივრის ავტორებმა მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

10. მ- ს-ი წარმოდგენილ კერძო საჩივარში არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ განჩინების შინაარსი 03.06.2014წ.-ის გადაწყვეტილების აღწერილობით ნაწილში ცნობილი იყო. მისი განმარტებით, საქმეში მონაწილე მხარე იყო სხვა ამხანაგობა „ამხანაგობა ვ-“ და არა „ამხანაგობა „ვ-“. 17.07.2015წ.-ის გადაწყვეტილების აღწერილობით ნაწილში მხარეებს განემარტა, რომ დავა იყო მათი ამხანაგობის შესახებ, ამდენად, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო სწორედ აღნიშნული გადაწყვეტილებიდან.

კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ პუნქტებზე და განმარტავს, რომ მათ კანონიერ უფლებებსა და ინტერესს შეეხო გადაწყვეტილება, რომლის განხილვაშიც მათ მონაწილეობა არ მიუღიათ, რაც წარმოადგენს აღნიშნული გადაწყვეტილების ბათილობის საფუძველს.

კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ ვინაიდან მისთვის 17.07.2015წ.-ის გადაწყვეტილებით გახდა ცნობილი, რომ გადაწყვეტილება სწორედ მათ ამხანაგობას შეეხება, ამიტომ გასაჩივრების ერთ თვიანი ვადაც სწორედ ამ გადაწყვეტილებიდან უნდა აითვალოს (იხ., განცხადება ტ.2. ს.ფ. 263-264).

11. თ- ქ-ე წარმოდგენილ კერძო საჩივარში მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ განცხადების წარდგენის ვადა აითვალა იმ მომენტიდან, როდესაც მას გადაეცა გადაწყვეტილება, რაც მისი მოსაზრებით, არასწორია, რადგან იგი არ იყო ამ პროცესის მონაწილე მხარე, არც არასოდეს ყოფილა ამხანაგობა „ვარაზი 66“-ის წევრი და არც 2008წ.-ის გადაწყვეტილება გადასცემია (იხ., განცხადება ტ.2. ს.ფ. 259-262).

12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით მ- ს-ის, ხოლო 09 ნოემბრის განჩინებით თ- ქ-ის კერძო საჩივრები მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა კერძო საჩივრების საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

15. საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 16.06.2008წ.-ის N2ბ/1876-07 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა გ- დ-ს სააპელაციო საჩივარი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 31.05.2007წ.-ის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გ დ-ს სარჩელი მოპასუხე ამხანაგობა „ვ-“-ის მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. დაევალა ამხანაგობა „ვ-“-ს საკუთრებაში გადაეცა მოსარჩელისათვის ქ-ში, კ-ის N66-ში (ამჟამად, ჟ-ს ქ.) საცხოვრებელი სახლის მეხუთე სართულზე არსებული 163 კვ.მ. ფართის მქონე ოთხოთახიანი ბინა და პირველ სართულზე არსებული ავტოსადგომი. ამავე გადაწყვეტილებით სარჩელი ზიანის ანაზღაურების შესახებ, არ დაკმაყოფილდა.

16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 04.12.2008წ.-ის განჩინებით ამხანაგობა „ვ-“-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 16.06.2008წ.-ის გადაწყვეტილებაზე, დარჩა განუხილველად.

შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 16.06.2008წ.-ის N2ბ/1876-07 გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.

17. 20.08.2015წ.-ს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა მოქალაქე მ- ს-მა და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 16.06.2008წ.-ს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

31.08.2015წ.-ს ამავე გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით სასამართლოს მიმართა თ- ქ-ემაც.

18. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 02 ოქტომბრის განჩინებით განცხადებები გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის განახლების შესახებ, როგორც სსსკ-ის 426-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის დარღვევით წარმოდგენილი, განუხილველად იქნა დატოვებული.

19. წარმოდგენილი კერძო საჩივრებით სადავოდაა გამხდარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 02 ოქტომბრის განჩინების კანონიერება.

20. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ განცხადებების დასაშვებობის ეტაპზე, სასამართლოს კვლევის საგანს განცხადების საფუძვლიანობა როდი წარმოადგენს. სასამართლო არ მსჯელობს იმ საკითხზე შეეხო თუ არა უფლება-მოვალეობებს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება და რამდენად არსებობს საქმის წარმოების განახლების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საპროცესო-სამართლებრივი საფუძველი. წარმოდგენილი განცხადებების დასაშვებობის ეტაპზე სასამართლო პირველ რიგში, ამოწმებს მხოლოდ იმ საკითხს, თუ როდის შეიტყვეს განმცხადებლებმა გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძვლად მათ მიერ მიჩნეული გარემოება, რადგან კანონმდებელი განცხადების შეტანისათვის ადგენს ერთ თვიან ვადას, რომლის გაგრძელება არ დაიშვება და რომლის დენა იწყება იმ მომენტიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების ბათილად ცნობის გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობა (სსკ-ის 426-ე მუხლი).

მოცემულ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 16.06.2008წ.-ს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ განცხადების წარდგენის ერთთვიანი ვადის დენა დაიწყო არა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 17.07.2015წ.-ის გადაწყვეტილების გამოტანის ანდა განმცხადებლებისათვის/მხარეებისათვის ჩაბარების მომენტიდან, არამედ იმ მომენტიდან, როდესაც მოპასუხე მ- ს-ისა და თ- ქ-ისათვის ცნობილი გახდა გ- დ–--ს სასარჩელო მოთხოვნა მათ მიმართ და ამ მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი.

საკასაციო პალატის ამგვარი დასკვნის საფუძველს განსახილველი საქმის სწორედ ის მოცემულობა წარმოადგენს, რომ გ- დ-ს სასარჩელო მოთხოვნის ერთ-ერთ ფაქტობრივ საფუძვლად სხვა მოპასუხეების, მათ შორის, მ-ს-ისა და თ- ქ-ის მიმართ, მითითებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 16.06.2008წ.-ის გადაწყვეტილება, რომლის ბათილად ცნობასაც კონკრეტულ შემთხვევაში, მოითხოვენ კერძო საჩივრის ავტორები. მითითებული გარემოება დადასტურებულია როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 17.07.2015წ.-ის გადაწყვეტილების აღწერილობითი ნაწილით ისე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 03.06.2014წ. განჩინების შინაარსით, რაც განმცხადებელთათვის, როგორც იმ დავაში მოპასუხის სტატუსის მქონე პირთათვის, საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვის დროისათვისაც ცნობილი იყო. უფრო მეტიც, მითითებული სასამართლო გადაწყვეტილების აღწერილობითი ნაწილით ირკვევა, რომ გ- დ-ს სარჩელთან დაკავშირებით მ- ს-ის წარმომადგენელმა გ. -ემ და თ-ქ-ის წარმომადგენელმა ფ.კ-მ დააფიქსირეს რა თავიანთი მოსაზრებები, სარჩელი არ ცნეს (ტ.2. ს.ფ. 231, 232).

21. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მ- ს-ისა და თ- ქ-ის განცხადებები გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის განახლების შესახებ, წარმოდგენილია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის დარღვევით, რაც მათი განუხილველად დატოვების საპროცესო-სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს. შესაბამისად, არ უნდა დაკმაყოფილდეს მათივე კერძო საჩივრები, ხოლო გასაჩივრებული განჩინება კი, უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 410-ე, 420-ე,მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ- ს-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თ- ქ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

3. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 02 ოქტომბრის განჩინება;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ნ. ბაქაქური

ბ. ალავიძე