დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-425-405-2015 30 ოქტომბერი, 2015 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სადაზღვევო კომპანია „ა. ა-ი“ (მოპასუხე)
მესამე პირი _ შპს „რ-ი“
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტომ“ (შემდგომში _ მოსარჩელე) მოითხოვა სადაზღვევო კომპანია „ა. ა-ისათვის“ (შემდგომში _ მოპასუხე) 13 353,79 ლარის, მიყენებული ზიანის _ 2 500 ლარისა და მიუღებელი შემოსავლის _ 5 000 ლარის დაკისრება. მოსარჩელემ მიუთითა მას და მესამე პირს _ შპს „რ-ს“ შრის დადებულ სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებაზე, რომლის შესრულების უზრუნველსაყოფადაც 2012 წლის 1 ნოემბერსა და 18 დეკემბერს მოპასუხემ გასცა საბანკო გარანტია. 2013 წლის 4 ივნისს გარანტმა კვლავ გასცა საბანკო გარანტია ამ დროისათვის არსებული შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულების _ 133 355 ლარის ოდენობით და საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2013 წლის 22 აგვისტოს ჩათვლით. 2013 წლის 11 ივნისს ხელშეკრულება პრინციპალსა და ბენეფიციარს შორის, ამ უკანასკნელის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევის გამო, შეწყდა ცალმხრივად, რის თაობაზეც 2013 წლის 11 ივნისს ეცნობა მოპასუხეს და წარედგინა მოთხოვნა. ანალოგიური მოთხოვნა მას განმეორებით 2013 წლის ... ივლისს წარედგინა. მიუხედავად მოპასუხის მიერ ვალდებულების წერილობით აღიარებისა, მას მოთხოვნილი თანხა არ აუნაზღაურებია. ამასთანავე, მესამე პირთან დადებული ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო, მოსარჩელე იძულებული გახდა, დაექირავებინა სხვა ფართი. მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევით სახელმწიფოს მიადგა ზიანი.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებლით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა იმ საფუძვლით, რომ მოთხოვნის მიღებისთანავე მიმართა პრინციპალს, მისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე დაინიშნა ექსპერტიზა, რის შედეგადაც მოთხოვნილი თანხა უნდა შესწორებულიყო. მოპასუხემ ასევე განმარტა, რომ საბანკო გარანტია უზრუნველყოფს კრედიტორის მოთხოვნას პრინციპალის მიერ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, აანაზღაუროს თანხა, საავანსო გარანტია უზრუნველყოფს გადახდილი თანხის ანაზღაურებას. ამასთანავე, გარანტიით გათვალისწინებულია, რომ იგი შემოიფარგლება მხოლოდ ამ საავანსო ანგარისწორებასთნ დაკავშირებული ვალდებულებით, ნებისმიერი სხვა დამატებითი ვალდებულების გარეშე.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 15 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 133 353,79 ლარის გადახდა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი ნაწილობრივ შეცვლით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, შეიცვალა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტი მოსარჩელის სასარგებლოდ 36 671.25 ლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი მოპასუხისათვის 36 671.25 ლარის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტი მოპასუხისათვის 96 682.54 ლარის დაკისრების ნაწილში.
5.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
5.1.1. პალატამ დადგენილად ცნო, რომ მოსარჩელესა და მესამე პირს შორის 2012 წლის 24 ოქტომბერს გაფორმდა №... ხელშეკრულება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ქ.ჩოხატაურში, ნ. დ-ის ქ№...-ში მდებარე ჩოხატაურის რაიონული განყოფილების ოფისის სარემონტო სამუშაოების შესრულება. მოსარჩელემ შპს „რ-ს“ წინასწარ, ავანსის სახით, ორ ეტაპად გადაურიცხა ხელშეკრულების საერთო ღირებულების თანხა _ 177 775.56 ლარი. პირველ ეტაპზე გადაირიცხა 97 775.56 ლარი, მეორე ეტაპზე – 80 000.00 ლარი.
5.1.2. 2012 წლის 24 ოქტომბრის №... ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, 2012 წლის 1 ნოემბერს, 2012 წლის 18 დეკემბერს, 2013 წლის 3 აპრილსა და 2013 წლის 4 ივნისს მოპასუხემ გასცა სახელმწიფო შესყიდვის საავანსო ანგარიშსწორების საბანკო გარანტიები. საბანკო გარანტიების თანახმად, გარანტია მოიცავდა ბენეფიციარის მიერ პრინციპალისათვის ფაქტობრივად გადახდილი საავანსო ანგარიშსწორების თანხას და შემოიფარგლებოდა მხოლოდ ამ საავანსო ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული ვალდებულებით, ნებისმიერი სხვა დამატებითი ვალდებულების (გადახდა, გადასახდელი) გარეშე. გარანტიის თანხა მცირდებოდა პრინციპალის მიერ ბენეფიციარისათვის საქონლის, მომსახურებისა თუ სამუშაოების ფაქტობრივი მიწოდების პროპორციულად.
5.1.3. მოსარჩელემ მესამე პირთან გაფორმებული ხელშეკრულების 10.7 პუნქტის შესაბამისად, ცალმხრივად შეწყვიტა იგი, რისი მიზეზიც, მოსარჩელის განმარტების თანახმად, პრინციპალის მიერ გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული სამუშაოების დარღვევით შესრულება გახდა. ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ბენეფიციარმა წერილობით აცნობა პრინციპალს. 2013 წლის 12 ივნისის №... და 2013 წლის 19 ივლისის №... წერილებით გარანტს პრინციპალისაგან ეცნობა ბენეფიციარის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შესახებ და წარედგინა მოთხოვნა, რათა მოპასუხეს უზრუნველეყო შეუსრულებელ სამუშაოთა ღირებულების _ 133 353,79 ლარის მისთვის გადარიცხვა. მოპასუხის 2013 წლის 19 ივლისის №... წერილის პასუხად, მოსარჩელემ გარანტს აცნობა, რომ არც ხელშეკრულების შეწყვეტამდე და არც მას შემდგომ, პრინციპალისაგან არ მიუღია მის მიერ შესრულებული სამუშაოს საანგარიშსწორებო დოკუმენტაცია და, შესაბამისად, გაფორმებული არ იყო მიღება-ჩაბარების აქტი. აქედან გამომდინარე, მას არ მიეცა საშუალება, სათანადოდ შეეფასებინა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფორმით ჩაებარებინა მესამე პირის მიერ შესრულებული 36 671.25 ლარის ღირებულების სამუშაო. წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის მიუხედავად, საკითხი მოითხოვდა დამატებით შესწავლას, რაც შესაძლებელი იყო მოსარჩელესა და მესამე პირს შორის დამოუკიდებელი დავის საგანი გამხდარიყო.
5.1.4. 2013 წლის 11 ოქტომბრის №... წერილის თანახმად, მოპასუხემ მიიღო გადაწყვეტილება, დაეკმაყოფილებინა ბენეფიციარის მოთხოვნა, ხოლო თანხა შემჭიდროვებულ ვადებში ანაზღაურდებოდა.
5.1.5. პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ პრინციპალის მიერ ქ.ჩოხატაურში, ნ. დ-ის ქუჩა №...-ში მდებარე ჩოხატაურის სოციალური მომსახურების რაიონული განყოფილების ოფისის შენობის რეაბილიტაციის მე-2 ეტაპზე შესრულებული სამუშაოების მოცულობა და ღირებულება შეადგენდა 36 671 ლარს, რაც დადასტურებული იყო სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №... დასკვნით, რომლის №... დანართში დეტალურად აღიწერა შესრულებული სამუშაოს დასახელება, რაოდენობა და ერთეულის ფასი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, პრინციპალის მიერ შესრულებული სამუშაოების დასადასტურებლად მოპასუხემ წარადგინა ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც დეტალურად იყო გაწერილი შესრულებული სამუშაოების მოცულობა და ღირებულება. აღნიშნულის საპირისპირო მტკიცებულება მოსარჩელეს არ წარმოუდგენია. შესაბამისად, საქალაქო სასამართლოს დასკვნით, შენობის რეაბილიტაციის მე-2 ეტაპისას შესრულებული სამუშაოს ღირებულება 36 671,25 ლარს შეადგენდა.
5.1.6. პალატის შეფასებით, ქვემდგომმა სასამართლომ არასწორად იხელმძღვანელა სამოქალქო კოდექსის 341-ე მუხლით, რადგანაც ვალის არსებობის აღიარება ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობისაგან დამოუკიდებლად ახალ მოთხოვნას ქმნის. ვალის არსებობის აღიარება ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა სადავოობის შემთხვევაშიც შესრულების ვალდებულებას წარმოშობს და კრედიტორს მოთხოვნის უფლებას ანიჭებს. ამასთან, ვალის აღიარება იმით განსხვავდება ნებისმიერი სხვა ფორმით გათვალისწინებული მოთხოვნის აღიარებისაგან, რომ იგი ახალი ხელშეკრულებაა და არა სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში ნების გამოვლენა. ვალის არსებობის აღიარება არის ცალმხრივი და აბსტრაქტული ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ერთი მხარე მეორე მხარის სასარგებლოდ დამოუკიდებლად კისრულობს გარკვეული მოქმედებების შესრულებას და, ამდენად, საკმარისია ერთი პირის მიერ ნების გამოვლენა. თუ მხარეები უკვე არსებული ვალდებულების შინაარსიდან გამოდიან ან ადასტურებენ მას, ან მხარეები არსებული ვალდებულების შესასრულებლად ახალი ვალდებულების შესრულებას კისრულობენ, ვალის აღიარებად არ მიიჩნევა. ვალის არსებობის აღიარებას ადგილი აქვს მხოლოდ მაშინ, თუ იგი დამოუკიდებელია ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობისაგან და ახალ, დამოუკიდებელ მოთხოვნას წარმოშობს. ამდენად, იგი არ უნდა უკავშირდებოდეს ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე შესრულების მოთხოვნას. იმ შემთხვევაში, თუ მხარეები არსებული ვალდებულების შესასრულებლად ახალი ვალდებულების შესრულებას კისრულობენ და აღნიშნული გარიგებით გათვალისწინებული მოთხოვნის მიზანია ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე შესრულების მოთხოვნა და ამდენად, ვალის აღიარება არ არსებობს, სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული ურთიერთობის შეფასებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადებით აღიარებული ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი, რაც გულისხმობს ხელშეკრულების დადების თავისუფლებას და მისი შინაარსის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობას. ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპის ეს უკანასკნელი ელემენტი გულისხმობს იმასაც, რომ მხარეებს შეუძლიათ, დადონ ნებისმიერი ხელშეკრულება, მათ შორის ისეთიც, რომელიც არ არის კანონით გათვალისწინებული, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.
5.1.7. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 879-ე, 880-ე, 881-ე მუხლებითაც და განმარტა, რომ საბანკო გარანტია წარმოადგენს გარანტიის გამცემის გამოუთხოვად ვალდებულებას, გადაიხადოს საგარანტიო თანხა პრინციპალის მიერ ბენეფიციარის წინაშე აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, იგი წარმოადგენს ვალდებულების უზრუნველყოფის საშუალებას, დამოუკიდებელი ვალდებულებაა და მისი პირობების თანახმად, გარანტიის გამცემი ვალდებულია, გადაიხადოს თანხა ბენეფიციარის პირველივე მოთხოვნისთანავე. საბანკო გარანტიის, როგორც ძირითადი ვალდებულების უზრუნველყოფის საშუალების მიზანია, დაიცვას ბენეფიციარი იმ რისკისაგან, რომელიც დაკავშირებულია ვალდებულების არაჯეროვან ან საერთოდ შეუსრულებლობასთან. სამოქალაქო კოდექსის 885-ე მუხლისა და 887-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბანკო გარანტიის ავტონომიური, დამოუკიდებელი ხასიათი ვლიდება იმ გარემოებების განსაზღვრაში, რომელიც ათავისუფლებს გარანტს გადახდის შესრულების ვალდებულებისაგან გარანტიის მიხედვით. გარანტს შეუძლია უარი უთხრას ბენეფიციარს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, თუ ის არ შეესაბამება გარანტიაში გათვალისწინებულ გარემოებებს. გარანტს უფლება არ აქვს, სხვა საფუძვლით განაცხადოს უარი ბენეფიციარის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. შესაბამისად, მას არ გააჩნია უფლება, კრედიტორის მოთხოვნის წინააღმდეგ წამოაყენოს მოთხოვნები, რაც დაკავშირებული იქნება ძირითადი ვალდებულების შესრულებასთან. განსახილველ შემთხვევაში, საავანსო გარანტიის პირობების თანახმად, საგარანტიო თანხა ავტომატურად მცირდებოდა პრინციპალის მიერ ხელშეკრულების შესრულების პროპორციულად. მიუხედავად აღნიშნული საგარანტიო პირობისა, პრინციპალის კრედიტორმა ბენეფიციარმა სადაზღვევო კომპანიას წარუდგინა წერილობითი მოთხოვნა არა პრინციპალის მიერ ხელშეკრულების შესრულების პროპორციულად შემცირებულ საგარანტიო თანხაზე, არამედ სრულ თანხაზე, რაც არ შეესაბამება გარანტიის პირობებს.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება (მათ შორის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში) და ახალი გადაწყვეტილებით მოპასუხის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
6.1. საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
6.1.1. კასატორმა მიუთითა მას და მესამე პირს შორის დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობებზე და ამ ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად მოპასუხის მიერ გაცემულ საბანკო გარანტიებზე, ასევე, მესამე პირთან დადებული ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტისა და ამის შესაბამისად, გარანტისათვის მოთხოვნის წარდგენის ფაქტზე და განმარტა, რომ მოპასუხისაგან 2013 წლის 19 ივლისს მოსარჩელემ მიიღო მიმართვა ბენეფიციარის მიერ მოთხოვნილი თანხის შესწორების თაობაზე, თუმცა გარანტს ეცნობა, რომ ბენეფიციარს არც ხელშეკრულების შეწყვეტამდე და არც მას შემდეგ პრინციპალისაგან არ გადასცემია შესრულებული სამუშაოების ანგარიშსწორების დოკუმენტაცია და მასთან არ გაფორმებულა მიღება-ჩაბარების აქტი, ამდენად, ბენეფიციარს არ მისცემია საშუალება, შეეფასებინა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფორმით ჩაებარებინა პრინციპალის მიერ 36 671,25 ლარის ღირებულების სამუშაოები.
6.1.2. 2013 წლის 11 ოქტომბერს ბენეფიციარმა გარანტისაგან მიიღო წერილი, რომლითაც ამ უკანასკნელმა გადაწყვიტა მოსარჩელისათვის აენაზღაურებინა მოთხოვნილი 133 353,79 ლარი და მისცა პირობა, შემჭიდროებულ ვადებში თანხის გადარიცხვისა. არასწორია სააპელაციო პალატის მსჯელობა, რომ წერილობითი მიმართვის დროს გარანტისათვის არ იყო ცნობილი ექსპერტიზის დასკვნის თაობაზე, რადგანაც 2013 წლის 19 ივლისის წერილით ექსპერტიზის დასკვნის არსებობის თაობაზე სწორედ გარანტმა აცნობა პრინციპალს. მიუხედავად ამისა, არსებობს ქუითაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 22 აპრილის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „რ-ის“ შეგებებული სარჩელი კასატორის მიმართ 36 671,25 ლარის ჩათვლის ნაწილში სააპელაციო სასამართლომ დატოვა განუხილველად. ამ გადაწყვეტილების თანახმად, შპს „რ-ს“ დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა ხელშკერულების სრული ღირებულების გათვალისწინებით.
6.1.3. რაც შეეხება სახელმწიფო ბაჟის დაკისრებას, პალატამ არ გაითვალისწინა, რომ სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის „უ“ ქვეპუნქტით მოსარჩელე გათვაისუფლებული იყო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
1.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება ძირითადად ეფუძნება იმ დასკვნებს, რომ მოსარჩელესა და მესამე პირს შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად 2012 წლის 1 ნოემბერს, 2012 წლის 18 დეკემბერს, 2013 წლის 3 აპრილსა და 2013 წლის 4 ივნისს მოპასუხემ გასცა სახელმწიფო შესყიდვის საავანსო ანგარიშსწორების საბანკო გარანტიები. საბანკო გარანტიების თანახმად, გარანტია მოიცავდა ბენეფიციარის მიერ პრინციპალისათვის ფაქტობრივად გადახდილი საავანსო ანგარიშსწორების თანხას და შემოიფარგლებოდა მხოლოდ ამ საავანსო ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული ვალდებულებით, ნებისმიერი სხვა დამატებითი ვალდებულების (გადახდა, გადასახდელი) გარეშე. გარანტიის თანხა მცირდებოდა პრინციპალის მიერ ბენეფიციარისათვის საქონლის, მომსახურებისა თუ სამუშაოების ფაქტობრივი მიწოდების პროპორციულად. მოსარჩელემ მესამე პირთან გაფორმებული ხელშეკრულების 10.7 პუნქტის შესაბამისად, ცალმხრივად შეწყვიტა იგი, რისი მიზეზიც, მოსარჩელის განმარტების თანახმად, პრინციპალის მიერ გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული სამუშაოების დარღვევით შესრულება გახდა. ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ბენეფიციარმა წერილობით აცნობა პრინციპალს. 2013 წლის 12 ივნისის №... და 2013 წლის 19 ივლისის №... წერილებით გარანტს პრინციპალისაგან ეცნობა ბენეფიციარის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შესახებ და წარედგინა მოთხოვნა, რათა მოპასუხეს უზრუნველეყო შეუსრულებელ სამუშაოთა ღირებულების _ 133 353,79 ლარის მისთვის გადარიცხვა. მოპასუხის 2013 წლის 19 ივლისის №... წერილის პასუხად, მოსარჩელემ გარანტს აცნობა, რომ არც ხელშეკრულების შეწყვეტამდე და არც მას შემდგომ, პრინციპალისაგან არ მიუღია მის მიერ შესრულებული სამუშაოს საანგარიშსწორებო დოკუმენტაცია და, შესაბამისად, გაფორმებული არ იყო მიღება-ჩაბარების აქტი. აქედან გამომდინარე, მას არ მიეცა საშუალება, სათანადოდ შეეფასებინა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფორმით ჩაებარებინა მესამე პირის მიერ შესრულებული 36 671.25 ლარის სამუშაო. წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის მიუხედავად, საკითხი მოითხოვდა დამატებით შესწავლას, რაც შესაძლებელი იყო მოსარჩელესა და პრინციპალს შორის დამოუკიდებელი დავის საგანი გამხდარიყო.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. მოცემულ შემთხვევაში, შეფასების საგანი გარანტის წერილობითი განმარტებაა, რომლის თანახმადაც, მან დაადასტურა ბენეფიციარის მიერ მოთხოვნილი თანხის შემჭიდროებულ ვადებში გადახდის ფაქტი. საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნას, რომ ეს წერილი არ შეიძლება ვალის არსებობის აღიარებად შეფასდეს. ამ თვალსაზრისით სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ასახული მსჯელობა ზედმიწევნით ასახავს საქართველოს უზენაესის სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკას სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის განმარტების თაობაზე (იხ. სუსგ №ას-392-371-2013, 8 ნოემბერი, 2013 წელი). საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საბანკო გარანტიის პირობა, რომლის თანახმადაც გარანტის პასუხისმგებლობა შესრულებული სამუშაოს შესაბამისად მცირდებოდა, სწორედ იმ გარემოებაზე მეტყველებს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მართებულად შემცირდა მოთხოვნილი თანხა პრინციპალის მიერ რესტავრაციის მე-2 ეტაპზე შესრულებული სამუშაოს ღირებულების პროპორციულად. საკასაციო პალატა დაუსაბუთებლად მიიჩნევს კასატორის არგუმენტს კანონიერ ძალაში შესული ქოთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების თაობაზე, რადგანაც თავად საკასაციო პრეტენზიით ირკვევა, რომ სასამართლომ პრინციპალის შეგებებული სარჩელი დატოვა განუხილველად, ხოლო წინამდებარე დავაში მოპასუხედ დასახელებული პირის მიმართ გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე, ანუ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის შემადგენლობაზე კასატორს თავად არ მიუთითებია.
1.5. რაც შეეხება სახელმწიფო ბაჟის საკითხს, პალატა სრულად იზიარებს კასატორის არგუმენტს, რომ ის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია, თუმცა ამ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ კანონი მას სახელმწიფო ბიუჯეტის და არა მხარეთა შორის ანგარიშსწორებისას უდგენს ამგვარ შეღავათს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით კი, დადგენილია, რომ იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
1.6. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით, ვინაიდან საბანკო გარანტიის თაობაზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკა (იხ. სუსგ-ებები: №ას-562-871-09, 20 ოქტომბერი, 2009 წელი; №ას-781-996-08, 17 მარტი, 2009 წელი). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. სასამართლო ხარჯები:
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური