საკასაციო საჩივარი

სამოქალაქო
საქმის ნომერი
ას-65-61-2017
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #ას-65-61-2017 23 იანვარი, 2017 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ბესარიონ ალავიძე

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ლ. კ-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 14 ნოემბრის განჩინებაზე, საქმეზე – ნ. კ-ის სარჩელის გამო, ლ. კ-ის მიმართ ალიმენტის ოდენობის გაზრდის თაობაზე და პალატამ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ. კ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამავე კოდექსის 2591 მუხლის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ კასატორი ესწრებოდა სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას (ტ.II, ს.ფ.98). ამდენად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20 დღე არის 2016 წლის 4 დეკემბერი, ხოლო 30-ე დღე – 2016 წლის 14 დეკემბერი. გამომდინარე აქედან, მხარეს შეეძლო გასაჩივრებული განჩინება ჩაებარებინა 2016 წლის 4 დეკემბრიდან 2016 წლის 14 დეკემბრამდე. საქმის მასალებით დგინდება რომ, კასატორმა სასამართლოს დასაბუთებული განჩინება ჩაიბარა 2016 წლის 15 დეკემბერს, სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღის დარღვევით - 31-ე დღეს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისიწნებით, პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის შეტანის ვადის დენა დაიწყო 2016 წლის 15 დეკემბერს – სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 31-ე დღეს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრების 21-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2016 წლის 15 დეკემბერს და დასრულდა 2017 წლის 4 იანვარს. საქმეში წარმოდგენილი, საკასაციო საჩივარზე დართული საფოსტო კონვერტით დასტურდება, რომ ის საფოსტო განყოფილებას ჩაბარდა 2017 წლის 9 იანვარს, ამასთან, საკასაციო საჩივრის შედგენის თარიღად მითითებული 2017 წლის 6 იანვარი, რაც უტყუარად ადასტურებს საპროცესო კოდექსით დადგენილი საკასაციო საჩივრის შეტანის ვადის დარღვევას. აღნიშნული კი მისი განუხილველად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ. კ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 14 ნოემბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ბ. ალავიძე