დაკმაყოფილდა

სამოქალაქო 12.09.2017
საქმის ნომერი
ა-2541-შ-70-2017
კატეგორია
დავის ტიპი
შუამდგომლობა
თარიღი
12.09.2017

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ა-2541-შ-70-2017 12 სექტემბერი, 2017 წელი,ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: პაატა ქათამაძე,ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ნ. ბ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ი. შ-თ (მოსარჩელე)

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – გერმანიის, მიუნხენის საქალაქო სასამართლოს საოჯახო საქმეების 5a განყოფილების 2016 წლის 25 მაისის N 531 F 13337/14 გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. გერმანიის, მიუნხენის საქალაქო სასამართლოს საოჯახო საქმეების 5a განყოფილების 2016 წლის 25 მაისის 531 F 13337/14 გადაწყვეტილებით შეწყდა ნ. ბ-სა (შემდეგში: მოპასუხე ან შუამდგომლობის ავტორი) და ი. შ-თს (შემდეგში: მოსარჩელე) შორის 2005 წლის 18 მაისს მიუნხენის მმაჩის ბიუროში რეგისტრირებული ქორწინება /E 1158/2005/.

2. მიუნხენის სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ მოსარჩელემ შეიტანა განცხადება განქორწინებაზე, სასამართლოში ორივე მხარე წარმოდგენილი იყო ადვოკატით.

3. საკასაციო სასამართლოში მოპასუხის მიერ 2017 წლის 16 ივნისს წარმოდგენილი შუამდგომლობით მოთხოვნილია ამ განჩინების პირველ პუნქტში მითითებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა, რათა განმცხადებელს მიეცეს შესაძლებლობა განქორწინების იურიდიული ფაქტი კანონით დადგენილი წესით დარეგისტრირდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში (სამოქალაქო რეესტრში).

4. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი, აპოსტილით დამოწმებული უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურებულია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე საცნობი უცხო ქვეყნის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და აღსრულებულია გერმანიაში.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, 2017 წლის 17 ივლისის განჩინებით, წარმოდგენილი შუამდგომლობა, თანდართული მასალებით, განსახილველად მიიღო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო მოპასუხის შუამდგომლობას, თანდართულ მასალებს და მიაჩნია, რომ შუამდგომლობა გერმანიის, მიუნხენის საქალაქო სასამართლოს საოჯახო საქმეების 5a განყოფილების 2016 წლის 25 მაისის 531 F 13337/14 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

6. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, ხოლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

7. ზემოხსენებულ პუნქტში მითითებული ნორმის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით, კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაში, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ასეთი დამაბრკოლებელი გარემოებები საქმის მასალების მიხედვით არ არის გამოვლენილი.

8. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 69-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. ბ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. ცნობილი იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე გერმანიის, მიუნხენის საქალაქო სასამართლოს საოჯახო საქმეების 5a განყოფილების 2016 წლის 25 მაისის 531 F 13337/14 გადაწყვეტილება, რომლითაც შეწყდა ნ. ბ-სა და ი. შ-თს შორის რეგისტრირებული ქორწინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ზ. ძლიერიშვილი