საკასაციო საჩივარი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #ას-1253-1173-2017 9 ოქტომბერი, 2017 წელი ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ბესარიონ ალავიძემ
ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ე. დ-იას საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 ივნისის განჩინებასა და ამავე პალატის 2017 წლის 25 აპრილის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე, საქმეზე – სს „ს-ის“ სარჩელის გამო, ე. დ-იას მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე და პალატამ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ ე. დ-იას საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 ივნისის დასაბუთებული განჩინება ე. დ-იას გაეგზავნა საქმეში მითითებულ მისამართზე და 2017 წლის 15 ივლისს ჩაბარდა მეუღლეს შ. ბ-ს (პ/#....).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით. გამომდინარე აქედან, შ.ბ-ისათვის ჩაბარება უნდა მივიჩნიოთ უშუალოდ მხარისათვის ჩაბარებად.
ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის შეტანის 21-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2017 წლის 16 ივლისს – დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან მეორე დღეს და დასრულდა 2017 წლის 5 აგვისტოს, მაგრამ ვინაიდან 5 აგვისტო დაემთხვა დასვენების დღეს, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა დასრულებულად უნდა მივიჩნიოთ 2017 წლის 7 აგვისტოს. საქმეში წარმოდგენილი, საკასაციო საჩივარზე დართული კონვერტით დასტურდება, რომ ის საფოსტო განყოფილებას ჩაბარდა 2017 წლის 14 აგვისტოს - საკასაციო საჩივრის შეტანის ვადის დარღვევით. აღნიშნული კი მისი განუხილველად დატოვების საფუძველია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
განსახილველ შემთხვევაში, კასატორს უნდა დაუბრუნდეს 2017 წლის 14 აგვისტოს #0 საგადახდო დავალებით რ. ბ-ის მიერ გადახდილი 300 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე. დ-იას საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 ივნისის განჩინებასა და ამავე პალატის 2017 წლის 25 აპრილის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე დარჩეს განუხილველად.
2. კასატორ ე. დ-იას (პ/#...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით რ. ბ-ის მიერ 2017 წლის 14 აგვისტოს #0 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ბ. ალავიძე