დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 16.06.2017
საქმის ნომერი
ას-348-326-2017
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
16.06.2017

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-348-326-2017 16 ივნისი, 2017 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ შპს „ყ-ი “ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ი. ბ-ე, ქ. გ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 13 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელეების მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. ი. ბ-ემ და ქ. გარსევანიშვილმა (შემდგომში _მოსარჩელეები, მოწინააღმდეგე მხარეები ან დასაქმებულები) სარჩელი აღძრეს სასამართლოში შპს „ყ-ის“ (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან დამსაქმებელი) მიმართ დამსაქმებლის სპეციალური მმართველის 2015 წლის 24 ივლისის #... და #... ბრძანებების ბათილად ცნობის, დაკავებულ თანამდებობაზე (საწყობის ოპერატორი) აღდგენისა და იძულებითი განაცდურის _ გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 900-900 ლარის (მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით) ანაზღაურების მოთხოვნით.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანებები გამოცემულია შრომის კანონმდებლობის დარღვევით, კერძოდ, ი. ბ-ის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლად მასში მითითებულია შრომის კოდექსის 37-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტი, რაც გულისხმობს დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების დარღვევას, თუ დასაქმებულის მიმართ ბოლო 1 წლის განმავლობაში უკვე გამოყენებულ იქნა ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა. ბრძანებაში, ასევე, მითითებულია დისციპლინური კომისიის 2015 წლის 24 ივლისის #... სხდომის ოქმზე. რაც შეეხება ქ. გ-ეს, მისი სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლად მითითებულია ამავე ნორმის „ზ“ ქვეპუნქტი _ დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა, ასევე, ბრძანებაში მითითებულია ზემოხსენებული კომისიის #... სხდომის ოქმი. დასაქმებულებთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების თანახმად, იგი უვადოდაა დადებული და შეიძლება შეწყდეს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. თავად დისციპლინური კომისის ზემოხსენებული ოქმის თანახმად კი, დამსაქმებლის სპეციალური მმართველის 2015 წლის 6 მაისის #... ბრძანებით შექმნილი დროებითი საინვენტარიზაციო კომისიის მიერ საზოგადოების ცენტრალურ საწყობში გამოვლინდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მნიშვნელოვანი დანაკლისის ფაქტი, რომლის ღირებულებამაც 180 000 ლარს გადააჭარბა. სამსახურებრივი მოკვლევის ფარგლებში ცენტრალური საწყობის თანამშრომლებს ჩამოერთვათ ახსნა-განმარტება და დადგინდა, რომ საწყობის თანამშრომლები არ ახროციელებდნენ შემოსულ-გასული მასალების ზუსტ აღრირცხავს, რამაც განაპირობა მომხდარი ფაქტი, შესაბამისად, კომისიამ დაადგინა მოსარჩელეებისა და სხვა თანამშრომლების მხრიდან შრომითი მოვალეობის შეუსრულებლობა/არაჯეროვანი შესრულება. გამოითქვა აზრი, რომ დასაქმებულების მხრიდან დარღვეული იყო თანამდებობრივი ინსტრუქციის მოთხოვნები, რომლის თანახმადაც, საწყობის უფროსი ვალდებული იყო, უზრუნველეყო ფასეულობათა შენახვა-დასაწყობებება, ხოლო ოპერატორებს _ შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება და ნაშთის კონტროლი. შრომითი ურთიერთობა დასაქმებულებთან შეწყვეტილია დამსაქმებლის მიერ შრომის კოდექსით დადგენილი ნორმების დარღვევით, რაც სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.

2. მოპასუხის პოზიცია:

სარჩელის წინააღმდეგ მოპასუხემ წარადგინა მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებელი, რომლითაც დაეთანხმა სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს, თუმცა განმარტა, რომ დასაქმებულთა გათავისუფლება მართლზომიერად, შრომის კოდექსის მოთხოვნათა დაცვით განხორციელდა და მას საფუძვლად შრომითი მოვალეობის დარღვევა ედო, ამასთანავე, მოსარჩელეებთან ერთად შრომითი ხელშეკრულება შეუწყდათ კომპანიის საწყობის უფროსს, მეკუჭნავესა და მუშებს, შესაბამისად, არ არსებობს მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი დამსაქმებლის სპეციალური მმართველის 2015 წლის 24 ივლისის #... და #... ბრძანებები და დასაქმებულები აღდგენილ იქნენ კომპანიის სპეციალური მმართველის ადმინისტრაციის საწყობის ოპერატორის თანამდებობაზე, მოპასუხეს მათ სასარგებლოდ ასევე დაეკისრა იძულებითი განაცდურის _ თვეში 900-900 ლარის ანაზღაურება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე (საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით).

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დამსაქმებელმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 13 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის დაკმაყოფილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

1.2.1. 2006 წლიდან სადავო ბრძანების გამოცემამდე მოსარჩელეები დასაქმებული იყვნენ მოპასუხე კომპანიაში. 2013 წლის 1 ნოემბრის ბრძანების საფუძველზე ი. ბ-ე გადაყვანილ იქნა კომპანიის ლოჯისტიკისა და შესყიდვების სამსახურის საწყობის ოპერატორის თანამდებობაზე. 2015 წლის 1 ივნისს კი, ერთი მხრივ, მოპასუხესა და, მეორე მხრივ, ი. ბ-ეს შორის გაფორმებული უვადო შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებული დანიშნულ იქნა საწყობის ოპერატორის თანამდებობაზე, დასახელებული ხელშეკრულების თანახმად, ი. ბ-ის შრომის ყოველთვიური ანაზღაურება 900 ლარით განისაზღვრა (საქართველოს მოქმედი კანომდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით);

1.2.2. 2015 წლის 1 ივნისს აპელანტსა და ქ. გ-ეს შორის დაიდო უვადო შრომითი ხელშეკრულება და მოსარჩელე დაინიშნა საწყობის ოპერატორის თანამდებობაზე, მისი შრომის ყოველთვიური ანაზღაურება განისაზღვრა 900 ლარით (საქართველოს მოქმედი კანომდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით);

1.2.3. დამსაქმებლის სპეციალური მმართველის 2015 წლის 24 ივლისის #... ბრძანებით, ქ. გ-ესთან, როგორც საზოგადოების სპეციალური მმართველის ადმინისტრაციის საწყობის ოპერატორთან, 2015 წლის 27 ივლისიდან შეწყდა შრომითი ურთიერთობა. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენს დამსაქმებლის დისციპლინური კომისიის 2015 წლის 24 ივლისის სხდომის #... ოქმი. დასაქმებული გათავისუფლებულ იქნა სამსახურიდან შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ პუნქტის საფუძველზე;

1.2.4. კომაპნიის სპეციალური მმართველის 2015 წლის 24 ივლისის #... ბრძანებით, ი. ბ-ესთან, როგორც დამსაქმებლის სპეციალური მმართველის ადმინისტრაციის საწყობის ოპერატორთან 2015 წლის 27 ივლისიდან შეწყდა შრომითი ურთიერთობა. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენს საზოგადოების დისციპლინური კომისიის 2015 წლის 24 ივლისის სხდომის #... ოქმი. ი. ბ-ე სამსახურიდან გათავისუფლდა შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე;

1.2.5. დამსაქმებლის დისციპლინური კომისიის 2015 წლის 24 ივლისის სხდომის #... ოქმის თანახმად, დროებითი საინვენტარიზაციო კომისიის მიერ ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად ცენტრალურ საწყობში გამოვლინდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მნიშვნელოვანი დანაკლისის ფაქტი, რომლის საერთო ღირებულება 180 000 ლარზე მეტად შეფასდა. ამავე ოქმის თანახმად, სამსახურებრივი მოკვლევის ფარგლებში ახსნა-განმარტებები ჩამოერთვათ ცენტრალური საწყობის თანამშრომლებს. მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ „სრული მატერიალური პასუხისმებლობის ხელშეკრულება“, 2014 წლის 3 იანვარს გაფორმებულ იქნა საწყობის უფროსთან - ნ.ტ-თან. ამ უკანასკნელის განმარტების თანახმად, საწყობში მასალის მიღება ხდებოდა სასაქონლო ზედდებულის მიხედვით და საქონელს, მისივე მითითებით, ითვლიდა მეკუჭნავე ან რომელიმე მუშა. დათვლის პროცესის დამთავრების შემდეგ კი ხდებოდა მათი შემოსავალში აყვანა. შეფუთული მასალების დათვლა ხორციელდებოდა მათი რაოდენობის მიხედვით, რომელიც შემდგომ მრავლდებოდა იმ რაოდენობაზე ან სიგრძეზე, რომელიც მითითებული იყო თითოეულ შეკვრაზე. ასაწონი მასალა დაფასოებული წონის მითითებით შედიოდა, ადგილზე მათი აწონვა აღარ ხდებოდა, ფოლადის მილებს ერთ-ერთი ბრიკეტის შერჩევით ითვლიდნენ, რაც შემდგომში მრავლდებოდა ბრიკეტების საერთო რაოდენობაზე. მასალების საწყობიდან გაცემის პროცედურებთან დაკავშირებით საწყობის უფროსმა განმარტა, რომ მასალის გატანაზე პასუხისმგებელი პირები ზეპირსიტყვიერად კარნახობდნენ ოპერატორს მათ ჩამონათვალსა და რაოდენობას, რის შემდეგაც ხდებოდა გასავლის ზედდებულების ამობეჭდვა. ზედდებულების ერთი ასლი ეძლეოდა მეკუჭნავეს, რომლის მიხედვითაც იგი შემკვეთს უთვლიდა მასალას, რის შემდეგაც იგი საწყობის უფროსთან ერთად ხელს აწერდა ზედდებულებს. გარბიდის გაცემა ხდებოდა კასრებით, რამეთუ მათი დანაწევრება არ არის რეკომენდირებული. ფოლადის მილებთან დაკავშირებით ამ უკანასკნელმა აღნიშნა, რომ რადგან მილების ზომა არასტანდარტულია და მერყეობს 6.05 მ-დან - 6.1 მ-მდე, ყოველ მოთხოვნის 100 მ. მილზე ხდებოდა 101 მეტრის გაცემა, რაც თავის მხრივ ასახვას ჰპოვებდა ზედნადებში, თუმცა, ობიექტზე მორჩენილ მასალას ხელმძღვანელის მითითების გარეშე უკან არ იბარებდნენ, ასეთი მითითება კი ხელმძღვანელის მხრიდან არ ყოფილა. გარდა ამისა, საწყობის უფროსმა განმარტა, რომ 2010 -2011 წლებში კომპანიის მიერ შეძენილ იქნა დიდი რაოდენობით მრიცხველების გამოტანისათვის საჭირო მასალა, რომელიც დასაწყობებული იყო ყუთებში. საწყობში მათი თავდაპირველად მითვლის დროს შერჩევით გაიხსნა რამდენიმე ყუთი და დადგინდა, რომ შიგთავსი შეესაბამებოდა ყუთზე მითითებულ რაოდენობას, რის შემდეგაც მოხდა მათი შემოსავალში აყვანა და დასაწყობება. ეს მასალა შემდგომ წლებში დარჩა გამოუყენებელი. ინვენტარიზაციის დროს, 2015 წელს ამ მასალის დანაკლისი აღმოჩნდა. სავარაუდოდ მოხდა მათი საწყობიდან გატანა უფროსისათვის უცნობი გზით. 2015 წლის 24 ივლისის სხდომაზე ახსნა-განმარტება ჩამოერთვა საწყობის თანამშრომელს - ზ.ჯ-ესაც, რომელმაც განმარტა, რომ ზემოაღნიშნული მრიცხველების მასალის შიგთავსი მას არ დაუთვლია და იხელმძღვანელეს მხოლოდ ყუთებზე დატანილი რაოდენობით. მასალის მიღებას კურირებდა საწყობის უფროსი და მაშინდელი მეკუჭნავე - ჯ. ხ-ე. მეკუჭნავის მტკიცებით, მიღებული მასალის დათვლაზე ხელმძღვანელის მითითება არ ჰქონია. ამავე სხდომაზე აზრი გამოთქვეს კომისიის წევრებმა და სხდომის თავმჯდომარის მოადგილემ, რომელმაც განმარტა, რომ საწყობის მუშასა და მეკუჭნავეს საწყობში მასალა უნდა მიეღოთ და შეენახათ, ასევე, გაეკონტროლებინათ საწყობიდან მასალის გაცემა, ხოლო ოპერატორები ვალდებული იყვნენ, ეწარმოებინათ შესაბამისი დოკუმენტაცია და ეკონტროლებინათ საწყობის ნაშთები. აპელანტი საწარმოს ლოჯისტიკის დეპარტამენტის საწყობის ოპერატორის თანამდებობრივი ინსტრუქციის 1.3 პუნქტით განსაზღვრულია ოპერატორის ცოდნის სფეროები და სავალდებულო უნარებს წარმოადგენს თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით დოკუმენტაციის სისტემატიზაცია, აღრიცხვა და წარმოება. სასაწყობე და საბუღალტრო პროგრამების ცოდნა. ამავე ინსტრუქციის მიხედვით, ოპერატორის თანამდებობრივი მოვალეობა განსაზღვრულია შემდეგნაირად:

ა) საწყობიდან მასალების გაცემა და მიღება, შესაბამისის დოკუმენტაციის წარმოება, საწყობის ნაშთების კონტროლი;

ბ) დეპარტამენტის უფროსის მითითებით სხვა დავალებების შესრულება, რომლებიც ეხება საწყობის საქმიანობას;

1.2.6. დამსაქმებლის შრომის შინაგანაწესის 4.1.1 პუნქტის თანახმად, საზოგადოების მუშაკის ვალდებულებას წარმოადგენს კეთილსინდისიერად შეასრულოს თავისი სამსახურებრივი მოვალეობები, დაიცვას საქართველოს მოქმედი კანომდებლობის, შინაგანაწესის, საზოგადოების საქმიანობის მარეგულირებელი სხვა შიდა დოკუმენტების, შრომითი ხელშეკრულების მოთხოვნები და შრომის დისციპლინა, დროულად და ზუსტად შეასრულოს დამსაქმებლისა და უშუალო ხელმძღვანელის დავალებები, განკარგულებები, მაქსიმალურად გამოიყენოს სამუშაო დრო ნაყოფიერი შრომისთვის;

1.2.7. ინვენტარიზაციის შედეგად დაფიქსირებული დარღვევები არ შეიძლება, ბრალად შეერაცხოთ დასაქმებულებს, რამდენადაც მოპასუხე კომპანიის დისციპლინური კომისიის 2015 წლის 24 ივლისის #... სხდომის ოქმის, თანამდებობრივი ინსტრუქციის, საზოგადოებაში მოქმედი შრომის შინაგანაწესის შესაბამისად, ოპერატორის თანამდებობრივ ვალდებულებებში საქონლის მიღებისა და გაცემის დროს მიღებული თუ გაცემული საქონლის დათვლა არ შედიოდა, არამედ მათ ევალებოდათ მუშის ან/და მეკუჭნავის მიერ საქონლის მიღება/გაცემის დროს მათი დათვლის, ინფორმაციის ზედდებულში ასახვისა და საწყობის უფროსის ხელმოწერის შემდეგ მისი დოკუმენტალურად აღრიცხვა. მოპასუხის მსგავს ორგანიზაციაში, რომელსაც სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები დედაქალაქის სხვადასხვა უბანში აქვს დასაწყობებული, იმაზე აპელირება, რომ ზედდებულის გამოწერის შემდეგ ოპერატორის ვალდებულებას მისი მითვლაც წარმოადგენდა, არალოგიკური და არაგონივრულია, ვინაიდან ოპერატორები ვერ შეძლებდნენ ფიზიკურად ყველა საწყობში ერთდროულად ყოფნას და ხდებოდა სხვადასხვა საწყობებიდან მათი ინფორმირება დოკუმენტაციის შესავსებად. დამსაქმებელმა ვერ დაადასტურა მოსარჩელეების მიერ შრომითი ხელშეკრულების დარღვევის ფაქტი.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა ვერ გახდება კასატორის შედავება იმის თაობაზე, რომ:

1.4.1. სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის დარღვევით, არასწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და საქმეში არსებული მტკიცებულებები, შესაბამისად, მიღებული განჩინება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. იგი ეყრდნობა მხოლოდ მოსარჩელეთა მიერ წარდგენილ ერთადერთ მტკიცებულებას - ახსნა-განმარტებას, რაც, მოცემულ შემთხვევაში, ვერ იქნება მიჩნეული რელევანტურად.

1.4.2. საქართველოს კონსტიტუცია თანაბრად იცავს როგორც დასაქმებულის, ისე დამსაქმებლის უფლებებს. შრომის კოდექსი დეტალურად აწესრიგებს მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობების შეწყვეტის საფუძვლებს. კასატორს სრული უფლება ჰქონდა, მოწინააღმდეგე მხარეებთან მიმართებით, შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებზე დაყრდნობით მიეღო გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე, ვინაიდან, მათი მხრიდან დაირღვა, როგორც შრომითი ხელშეკრულებით, ისე _ შინაგანაწესითა და თანამდებობრივი ინსტრუქციით დადგენილი პირობები. რაც შეეხება თბილისის სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ კომპანიამ ი. ბ-ესთან ხელშეკრულების შეწყვეტისას არამართებულად გამოიყენა შრომის კოდექსის 37-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტი, აღსანიშნავია, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, აღნიშნული მაინც არ გამორიცხავდა დამსაქმებლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერებას. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ კასატორმა კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, კანონმდებლობის სრული დაცვით მიიღო გადაწყვეტილება დასაქმებულებთან შრომითი ხელშეკრულებების შეწყვეტის თაობაზე. ამ მხრივ, საგლისხმოა, რომ მოწინააღმდეგე მხარეები დასაქმებული იყვნენ საწყობის ოპერატორის თანამდებობაზე. საწყობის ოპერატორის თანამდებობრივი ინსტრუქციის შესაბამისად, ოპერატორის მოვალეობებში შედის „საწყობიდან მასალების გაცემა და მიღება, შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება, საწყობის ნაშთების კონტროლი“. კომპანიის შრომის შინაგანაწესის 4.1. პუნქტის თანახმად, „მუშაკი ვალდებულია: კეთილსინდისიერად შეასრულოს თავისი სამსახურებრივი მოვალეობები, დაიცვას საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, შინაგანაწესის, საზოგადოების საქმიანობის მარეგულირებელი სხვა შიდა დოკუმენტების მოთხოვნები და შრომის დისციპლინა, დროულად და ზუსტად შეასრულოს დამსაქმებლისა და უშუალო ხელმძღვანელის დავალებები, განკარგულებები, მაქსიმალურად გამოიყენოს სამუშაო დრო ნაყოფიერი შრომისთვის“. 4.1.3. პუნქტით დასაქმებულს ეკისრება ვალდებულება „დაიცვას სისუფთავე და წესრიგი თავის სამუშაო ადგილსა და სამსახურებრივ შენობებში, უზრუნველყოს მისთვის გადაცემული სამსახურებრივი დოკუმენტებისა და მატერიალური ფასეულობების დადგენილი წესით შენახვა და დაცვა“. 4.1.5 პუნქტის თანახმად, იგი ასევე ვალდებულია, „სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას არ დაუშვას დამსაქმებლისათვის ქონებრივი ზიანის მიყენება“, ხოლო, მოსარჩელეებთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებების ძალით, „დასაქმებული ვალდებულია, გაუფრთხილდეს დამსაქმებლის ქონებას, უზრუნველყოს მისთვის ჩაბარებული დოკუმენტაციის ჯეროვანი დაცვა“. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეთა მხრიდან მათზე დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის/არაჯეროვანი შესრულების გამო, კომპანიას მიადგა დიდი ოდენობით ზიანი. ხსენებულ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება (სისხლის სამართლის საქმე #..., მტკიცებულება ერთვის საქმეს).

1.4.3. ქვემდგომმა სასამართლოებმა არასწორად დაადგინეს, რომ მოსარჩელეებს შემხებლობა მასალის მიღებასა და გაცემასთან შემოიფარგლებოდა მხოლოდ საწყობის უფროსისა და დამთვლელი პირის - მეკუჭნავის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დოკუმენტბრუნვის მოწესრიგებაში და ისინი არ იყვნენ პასუხისმგებელი მიღებული და გაცემული მასალის რაოდენობაზე, მათ მითვლაზე, ასევე, ვერ იქნებოდნენ პასუხისმგებელი, რომ საწყობში დაცული პროდუქცია არ დაკარგულიყო, მაშინ, როდესაც დასაქმებულთა თანამდებობრივი ინსტრუქციის მიხედვით, მათ უშუალო მოვალეობას წარმოადგენდა საწყობიდან მასალის გაცემა და მიღება, შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება და ნაშთების კონტროლი. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ დასაქმებულთა შრომის ანაზღაურება შეადგენდა თითოეულ შემთხვევაში 900 ლარს (საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით) დაუსაბუთებელია სასამართლოს მტკიცება, თითქოს ოპერატორის ფუნქცია მხოლოდ წარმოებული ოპერაციების პროგრამული და დოკუმენტური მხარდაჭერით შემოიფარგლებოდა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად კი, მოპასუხე არ იყო ვალდებული, განსაკუთრებულ ნდობაზე დამყარებული შრომითსამართლებრივი ურთიერთობა შეენარჩუნებინა დასაქმებულებთან.

1.5. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიებს და მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინების დასკვნები შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, შესაბამისად, არ არსებობს მიღებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობები. პალატა საკასაციო პრეტენზიებთან მიმართებით დამატებით განმარტავს შემდეგს:

1.5.1. შრომის უფლება პირის სოციალურ უფლებათა შორის ერთ-ერთი უმთავრესია და ამ უფლების მარეგულირებელი საკანონმდებლო ნორმების ვიწრო განმარტება, რომელიც მხოლოდ დასაქმებულის წინააღმდეგ იქნება მიმართული, თავად უფლების არსს შეეწინააღმდეგება. შრომის კოდექსი წარმოადგენს დასაქმებულის დაცვის მინიმალურ სტანდარტს, რასაც ადასტურებს ამავე კოდექსის პირველი მუხლის მე-3 ნაწილი. კანონმდებელი დამსაქმებელს აღჭურავს რა ფართო უფლებამოსილებით, საკუთარი შეხედულებითა და კანონით დადგენილი მინიმალური სტანდარტის დაცვით დაუწესოს დასაქმებულს დაქვემდებარებული ურთიერთობის პირობები, ამ ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე გამოვლენილი ცალმხრივი ნების კანონიერება სასამართლომ როგორც კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების, ისე _ უფლების გამოყენების მართლზომიერების კონტექსტში უნდა შეაფსოს (სკ-ის 115 მუხლი). განსახილველ შემთხვევაში, შეფასების საგანს წარმოადგენს დამსაქმებელი ორგანიზაციის საწყობში აღმოჩენილი მასალის დანაკლისი წარმოადგენდა თუ არა მოსარჩელეთა ბრალეული, მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგს. ამ თვალსაზრისით კასატორი პრეტენზიას აცხადებს შრომის შინაგანწესისა და შრომითი ხელშეკრულების არასწორად შეფასების საკითხზე, თუმცა, თავად მხოლოდ ურთიერთობის მომწესრიგებელი დანაწესების იმგვარ ფორმალურ დათქმებზე აპელირებით შემოიფარგლება, როგორიცაა, მაგ: დასაქმებულის ვალდებულება, გულისხმიერად მოექცეს დამსაქმებლის ქონებას და კეთილსინდისიერად განახორციელოს საკუთარი უფლება-მოვალეობებები. ამგვარი პრეტენზია, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, დასაბუთებულ შედავებას არ წარმოადგენს, უფრო მეტიც, თუკი ხელშეკრულება და/ან შინაგანაწესი არ შეიცავს დასაქმებულის მხრიდან კონკრეტული ვალდებულების შესრულების აუცილებლობას, შეუძლებელია იმ პრეზუმფციის დაშვება, რომ მაღალი ანაზღაურების დანიშვნა პირს ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელი მოვალეობების შესრულებასაც ავალდებულებდა. ამ კუთხით კი, ქვემდგომი სასამართლოების დასკვნები სრულად შეესაბამება შრომითი ურთიერთობის მარეგულირებელი ხელშეკრულების (მათ შორის შინაგანაწესისა და თანამდებობრივი ინსტრუქციის, ასევე, სხვადასხვა პირთა განმარტებების) დებულებათა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ კვლევას.

1.5.2. საკასაციო პალატა დასაბუთებულად მიიჩნევს გასაჩივრებული განჩინების დასკვნას, რომ შრომითი ურთიერთობის პირობების დარღვევის ფაქტი დამსაქმებელმა ვერ დაამტკიცა, ამ თვალსაზისით სასამართლომ სწორად იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით და შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე ნების გამომვლენ პირს სწორად დააკისრა ამ ნების მართლზომიერების დადასტურება, იმ პირობებში კი, როდესაც არ დასტურდებოდა შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობა, სასამართლომ, როგორც მართლსაწინააღმდეგო, სწორად მიიჩნია ბათილად (სკ-ის 54-ე მუხლი) დამსაქმებლის სპეციალური მმართველის მიერ გამოვლენილი ნება. შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან დადგენილია მოპასუხის მხრიდან დასაქმებულთა არამართლზომიერად გათავისუფლების ფაქტი, დამსაქმებელს სწორად დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაც, რამდენადაც შრომის კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დროს დასაქმებულს შრომის ანაზღაურება მიეცემა სრული ოდენობით.

1.6. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ცალმხრივი ნების კანონიერების საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლებოდა ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო, კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

1.7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან კასატორს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 10 აპრილის განჩინებით გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის _ 3 240 ლარის გადახდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ხოლო საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად, პალატა თვლის, რომ მას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს გადავადებული ბაჟის 30%-ის _ 972 ლარის გადახდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ყ-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ შპს „ყ-ს“ (ს/კ #...) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 10 აპრილის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის _ 3 240 ლარის 30%-ს _ 972 ლარის გადახდა.

3. სახელმწიფო ბაჟი ჩაირიცხოს შემდეგ ანგარიშზე: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

პ. ქათამაძე