დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 22.12.2017
საქმის ნომერი
ას-1203-1123-2017
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
22.12.2017

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-1203-1123-2017 22 დეკემბერი, 2017 წელი,ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ი. შ-ა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ზ. ლ-ა (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 18 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტლების მიღება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ი. შ-ამ (შემდეგში - მსესხებელი, მოპასუხე, აპელანტი, კასატორი) და ზ. ლ-ამ (შემდეგში - გამსესხებელი, მოსარჩელე) 2015 წლის 12 თებერვალს შეადგინეს ვალის აღიარების დოკუმენტი, რომელშიც მსესხებელმა აღიარა, რომ გამსესხებლისგან მიღებული ჰქონდა 4000 (ოთხი ათასი) აშშ დოლარი (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში: სსკ, 341-ე მუხლი).

1.1. ამავე ხელწერილში მსესხებელმა დაადასტურა, რომ მიღებულ თანხას გამსესხებელს 2013 წლის 1 აგვისტომდე დაუბრუნებდა.

1.2. მსესხებელს, წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებული თანხა, ამავე განჩინების 1.1. ქვეპუნქტში მითითებულ ვადაში არ გადაუხდია.

2. სარჩელის საფუძვლები

2.1. გამსესხებელმა 2015 წლის 31 მარტს სარჩელი აღძრა სასამართლოში მსესხებლის წინააღმდეგ, მიუთითა წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში დასახელებულ გარემოებებზე და მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხისთვის 4 000 აშშ დოლარის და მოსარჩელის მიერ გაწეული საპროცესო ხარჯების ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა (იხ. სასარჩელო განცხადება, ტ.1.ს.ფ.122-130):

3. მოპასუხის შესაგებელი სარჩელზე

3.1. მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სასასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლო იყო (იხ. შესაგებელი - ტ.1, ს.ფ. 122-130).

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით გამსესხებლის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად და მის სასარგებლოდ მოპასუხეს 4000 აშშ დოლარისა და მოსარჩელის მიერ გაწეული პროცესის ხარჯების - 1026,05 ლარის გადახდა დაეკისრა.

4.2. სასამართლომ, საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით გამოიკვლია და დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში ასახული ფაქტობრივი გარემოებები და დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა სსკ-ის 341-ე, 317-ე, 316-ე, 361-ე მუხლები; აგრეთვე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 53-ე, 1991, 243-244-ე, 249-ე, 257-ე,268-ე, 364-ე, 369-ე მუხლები.

4.3. წინამდებარე განჩინების მე-2 პუნქტში ასახულ სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით სასამართლომ განმარტა:

4.3.1. სსკ-ის 341-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულია ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა, აუცილებელია წერილობითი აღიარება. ვალის არსებობის აღიარება ცალმხრივი აბსტრაქტული ხელშეკრულებაა, რომლის მიხედვით ერთი მხარე მეორე მხარის სასარგებლოდ კისრულობს გარკვეულ შესრულებას, ამასთან, იგი დამოუკიდებელია მხარეთა შორის არსებული ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობისგან, რომლის არსებობა მხარეებისთვის შეიძლება სადავოც კი იყოს. სასამართლოს მოსაზრებით, საქმეში დაცული 2015 წლის 12 თებერვალს შედგენილი ხელწერილი წარმოადგენდა სსკ-ის 341-ე მუხლით განსაზღვრული ფულადი ვალდებულების აღიარების დამადასტურებელ დოკუმენტს, რომლის მიხედვით მოპასუხემ იკისრა 4000 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება. ამავე დოკუმენტით განსაზღვრული იყო ვალდებულების შესრულების პერიოდი. კერძოდ, მოპასუხეს ფულადი ვალდებულება 2013 წლის 1 აგვისტომდე უნდა შეესრულებინა. სსკ-ის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე მუხლის მეორე ნაწილით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის ფულადი თანხის გადახდის ვალდებულება წარმოიშვა 2015 წლის 12 თებერვალს შედგენილი დოკუმენტით, რომლის პირობებსაც მოპასუხე არ ასრულებს, რის გამოც მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, სასამართლოს ძალით, 4000 აშშ დოლარის და მოსარჩელის მიერ გაწეული საპროცესო ხარჯების ანაზღაურება უნდა დაჰკისრებოდა (იხ. გადაწყვეტილება - ტ.1, ს.ფ. 284-287).

5. მოპასუხის სააპელაციო საჩივარი

5.1. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა მოითხოვა შემდეგ არგუმენტებზე დაყრდნობით:

5.2. სასამართლომ მას არ მისცა შესაძლებლობა, რომ თავი დაეცვა კანონით გათვალისწინებული საშუალებებით. კერძოდ, საქმის არსებითი განხილვის დროს, პროცესზე გამოცხადდნენ მსესხებლის (მოპასუხის) ადვოკატები, რომლებთანაც მან სხდომის წინა დღეს გააფორმა წარმომადგენლობითი ხელშეკრულება. საქმის მასალები ადვოკატებისთვის ცნობილი არ იყო, ამისთვის მათ ესაჭიროებოდათ გონივრული ვადა, რაც არ გაითვალისწინა საქმის განმხილველმა სასამართლომ, წარმომადგენლებს საქმის გაცნობის შესაძლებლობა არ მიეცათ და სხდომა მოპასუხის ინტერესების დარღვევით წარიმართა;

5.3. სადავოა ასევე მოპასუხისათვის საპროცესო ხარჯების დაკისრების საკითხიც (იხ. სააპელაციო საჩივარი - ტ.1, ს.ფ. 284-294).

6. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინება და დასკვნები

6.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 18 ივლისის განჩინებით, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება.

6.2. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება (იხ. წინამდებარე განჩინების მე-5 პუნქტი) და განმარტა:

6.2.1. დადგენილია, რომ მოპასუხეს სასამართლო პროცესის დანიშვნის თაობაზე გონივრულ ვადაში ეცნობა, შესაბამისად არგუმენტი, რომ მოპასუხემ მინდობილობები ნ. წ-ისა და გ. დ-ას (ადვოკატების) სახელზე 2017 წლის 27 თებერვალს გასცა, მხედველობაში არ მიიღებოდა; სასამართლო სხდომის წინა დღეს ადვოკატზე მინდობილობის გაცემა მხარის საპროცესო–სამართლებრივი რისკია და აღნიშნული გარემოება, უპირობოდ, საქმის გადადების წინაპირობა ვერ იქნება. უფრო მეტიც, სსსკ-ის 99–ე მუხლის კონტექსტში, მხარის წინადადებით წარმომადგენლის უფლებამოსილების შეწყვეტაც კი არ წარმოადგენს საქმის შეჩერებისა და საქმის განხილვის გადადების საფუძველს. ამგვარი პროცესუალური დანაწესის სამართლებრივი საფუძველია მხარის მოვალეობა, სამართალწარმოების ხელოვნურად გაჭიანურების თავიდან აცილების მიზნით მიიღოს ყველა გონივრული და ობიექტურად მის ხელთ არსებული ზომა. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდებოდა, რომ მხარეს სასამართლო სხდომის 2017 წლის 28 თებერვალს გამართვის თაობაზე 23 დღით ადრე ეცნობა. საქმის მასალებით არ დასტურდება და არც აპელანტი მიუთითებს რაიმე ისეთ ობიექტურ გარემოებაზე, რომელიც სხდომის თარიღისთვის მხარის საპროცესო–სამართლებრივ მზაობას გამორიცხავდა.

6.3. რაც შეეხება აპელანტისთვის საპროცესო ხარჯების დაკისრებას, აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ გამოიკვლია მხარის მიერ საქმის განხილვის მიზნებისათვის გაწეული სასამართლო და სასამართლოსგარეშე ხარჯები და დაადგინა, რომ სსსკ-ის 37–ე და 53–ე მუხლების კონტექსტში, პროცესის ხარჯები მოგებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად ანაზღაურებას ექვემდებარება. ვინაიდან მოსარჩელის მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდა, შესაბამისად, საპროცესო ხარჯის სახით 626,05 ლარისა და ადვოკატის ხარჯის სახით 400 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მოპასუხეს (იხ.განჩინება- ტ.1, ს.ფ.360-364).

7. მოპასუხის საკასაციო საჩივარი:

7.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა სააპელაციო პრეტენზიების იდენტურ გარემოებებზე დაყრდნობით (იხ.საკასაციო საჩივარი - ტ.1, ს.ფ.365-372).

8. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

8.1. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით, საკასაციო განაცხადი წარმოებაშია მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მოპასუხის საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:

9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

10. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი პუნქტით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება, მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება); საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რაც საშუალებას მისცემდა სასამართლოს, არსებითად განსახილველად დაეშვა საკასაციო განაცხადი.

11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

12. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსკ-ის 102 -ე მუხლზე, რომლის თანახმად, „1. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. 2. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით“ და განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოკვლეული და დადგენილია ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელიც საჭიროა საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობის შესამოწმებლად.

13. საკასაციო შედავება არ უკავშირდება გასაჩივრებული გადაწყვეტილების მატერიალურ–სამართლებრივ საფუძველს; კასატორი გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას მხოლოდ საპროცესო–სამართლებრივი დარღვევების გამო მოითხოვს და პრეტენზიას აფუძნებს იმ გარემოებაზე, რომ მის გარიგებით წარმომადგენლებს არ მიეცათ დრო საქმის მასალების გასაცნობად, რითაც მას წაერთვა სსსკ-ის მე-4 /შეჯიბრებითობის პრინციპი/ და 93-ე /საქმის წარმოება წარმომადგენლის მეშვეობით/ მუხლებით სარგებლობის უფლება.

13.1. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის აღნიშნულ პრეტენზიას და განმარტავს:

13.1.1. სამართლებრივი სახელმწიფოს მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე, სამართლიანი სამართალწარმოება, რომელიც საქმის დროულად განხილვის ვალდებულებასაც მოიცავს, სამართალწარმოების ქვაკუთხედს წარმოადგენს. მისი მიღწევა მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, თუკი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, საპროცესო და მატერიალურ სამართლებრივ ელემენტებთან ერთობლიობაში, უტყუარად დადგენილი ფაქტებისა და გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგია. მხოლოდ ამგვარი გადაწყვეტილების მიღებით უზრუნველყოფს მოსამართლე პროცესის მონაწილე ყველა მხარისთვის სამართლიანი სასამართლოს მიღების უფლებას.

13.1.2. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ერთ-ერთ რეკომენდაციაში განმარტებულია: „სახელმწიფოს აკისრია ვალდებულება, ისე მოაწყოს თავისი სამართლებრივი სისტემა, რომ მისცეს სასამართლოებს შესაძლებლობა იმოქმედონ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 6.1. მუხლის მოთხოვნების, მათ შორის „გონივრულ ვადაში“ საქმის განხილვის მოთხოვნის დაცვით. სასამართლოს მიერ ,,გონივრული ვადის” დაცვის მოთხოვნის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ოთხი გარემოება: საქმის სირთულე, მხარის მოქმედება, სასამართლო და სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მოქმედება და მომჩივნის რისკის ხარისხი. გონივრულ ვადაში გადაწყვეტილების მიღების უფლება არის არა მხოლოდ ინდივიდების უფლება, არამედ, ის მოიცავს სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენელთა ვალდებულებასაც, ისე გამართონ სასამართლო სისტემა, რომ დაკმაყოფილებულ იქნას მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (იხილეთ მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია CM/Rec(2010)3 წევრი ქვეყნების მიმართ გადაჭარბებულად ხანგრძლივი საქმის წარმოების თავიდან აცილების ეფექტიანი საშუალებების შესახებ, 2010 წლის 24 თებერვალი. ლუკენდა სლოვენიის წინააღმდეგ (Lukenda v. Slovenia), No. 23032/02, 6.10.05. რუმპფი გერმანიის წინააღმდეგ (Rumpf v. Germany), No. 46344/06, 2.9.10. ვასილიოს ათენასიოუ საბერძნეთის წინააღმდეგ (Vassilios Athanasiou and others v. Greece), No. 50973/08, 21.12.10. No. 30210/96, 26.10.00).

13.1.3. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული უფლების დაცვას სასამართლო (სახელმწიფო), უპირველესად, ცდილობს ისეთი მექანიზმების გამოყენებით, როგორებიცაა საკანონმდებლო ბერკეტების შემუშავება. ევროკონვენციის მე-6 მუხლის კონტექსტი არ შეიძლება განხილულ იქნეს იმგვარად, რომ ის გარკვეულ ვალდებულებებს (მაგალითად, ვადის დაცვას) მხოლოდ სასამართლოს აკისრებს. სამართლიანი სასამართლოს განხორციელების უფლება თავისი არსით მოიცავს როგორც სასამართლოს ვალდებულებას, გონივრული ვადა განუსაზღვროს მხარეს საპროცესო მოქმედებისთვის (თუ ამას კანონი არ განსაზღვრავს), ასევე მხარის მოვალეობას, რომ დადგენილ ვადაში განახორციელოს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ესა თუ ის საპროცესო ქმედება. აღნიშნულ ვალდებულებათა განუხრელად დაცვა სამართალწარმოების მთლიან პროცესში უმნიშვნელოვანესია, რადგან ხელს უწყობს სასამართლოს, რომ შეძლოს კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული უფლების რეალიზება, მათ შორის - დავის გონივრულ ვადაში დასრულების თვალსაზრისითაც, პირის დარღვეული უფლების დროულად აღსადგენად.

13.1.4. საქართველოს საპროცესო სამართლწარმოებაში ვადები რიგ შემთხვევებში კანონით ზუსტადაა განსაზღვრული, რიგ შემთხვევებში კი - სასამართლოს დისკრეციის საგანს წარმოადგენს და ვადის ხანგრძლივობა კონკრეტულ გარემოებებს ეფუძნება. თუ ვადა კანონით არაა დადგენილი და სასამართლოს მიერაა განსაზღვრული, ის უნდა იყოს გონივრული და უნდა გამომდინარეობდეს რიგი გარემოებებიდან (საქმის სირთულე, დავის საგანი, რამდენიმე სასარჩელო მოთხოვნა და ა.შ). სწორედ ამ კონტექსტში განიხილება სასამართლოს ის ვალდებულებაც, რომ დროულად აცნობოს მხარეს მოსალოდნელი სხდომის თარიღის შესახებ, რათა ამ უკანასკნელმა სამართლებრივი დაცვის განხორციელება (სასამართლო სხდომისათვის მომზადება და სხვ.) სრულფასოვნად შეძლოს.

13.1.5. წარმოდგენილ მტკიცებულებათა შეფასების შედეგად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ აპელანტს საკმარისი ვადა ჰქონდა იმისთვის, რომ აეყვანა წარმომადგენელი (ადვოკატი). მხარის მიერ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ სასამართლო სხდომის წინა დღეს ადვოკატისათვის მინდობილობის საფუძველზე წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მინიჭება არ გამომდინარეობს იმ გონივრული ქმედების მინიმალური სტანდარტიდან, რაც დავის მონაწილე თითოეულ მხარის უფლებაა, ხოლო მისი ეფექტიანად გამოყენება კანონით ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში გამოყენება კი ვალდებულებაა, რადგან ამის მიზანია საქმის დროული და შეუფერხებელი განხილვა. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით ირკვევა, რომ სხდომის თარიღისა და დროის განსაზღვრის შესახებ უწყება სააპელაციო სასამართლომ აპელანტს (მოპასუხეს) ჩააბარა სსსკ-ის 70-ე მუხლის მეორე ნაწილით დადგენილი წესის (გონივრული ვადის) დაცვით /მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყება უნდა ჩაჰბარდეთ იმ ვარაუდით, რომ მათ ჰქონდეთ სასამართლოში დროულად გამოცხადებისა და საქმის მომზადებისათვის გონივრული ვადა/“, კერძოდ: 2017 წლის 2 თებერვალს, მხარეებს ეცნობათ, რომ სხდომა გაიმართებოდა 28 თებერვალს (იხ. ტ.1.ს.ფ.272-274), ხოლო წინა დღეს - 2017 წლის 27 თებერვალს, მოპასუხემ მინდობილობა გასცა ორ ადვოკატზე. მაშასადამე, მოპასუხისთვის 26 დღით ადრე იყო ცნობილი სხდომის თარიღს შესახებ, რაც მას აძლევდა შესაძლებლობას, რომ თუკი ძველ წარმომადგენელთან ხელშეკრულებას წყვეტდა, დროულად დაექირავებინა ახალი ადვოკატი და მიეწოდებინა მისთვის საქმის მასალები.

13.1.6. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ პირობებში, როდესაც კასატორის პრეტენზია შემოიფარგლება მხოლოდ იმაზე მითითებით, რომ მისმა ადვოკატებმა ვერ მოასწრეს საქმის მასალების გაცნობა, სსსკ-ის 99-ე და მე-100 მუხლების ნორმატიული შინაარსიდან გამომდინარე, მისი უფლება არ არის განხორციელებადი; მოხმობილი ნორმებით კანონმდებელი, მართალია, უშვებს შესაძლებლობას, რომ წარმოდგენილმა პირმა, ან წარმომადგენელმა, შეწყვიტოს საპროცესო უფლებამოსილება, მაგრამ იმ მიზნით, რომ გამოირიცხოს მხარის მიერ დავის ხელოვნურად გაჭიანურების მცდელობა, აწესრიგებს ამ ურთიერთობას: „მარწმუნებელს უფლება აქვს საქმის წარმოების ყველა სტადიაზე გააუქმოს თავის მიერ გაცემული მინდობილობა და შეწყვიტოს წარმომადგენლის უფლებამოსილება, რის შესახებაც იგი წერილობით აცნობებს სასამართლოსა და წარმომადგენელს. მხარის წინადადებით წარმომადგენლის უფლებამოსილების შეწყვეტა არ წარმოადგენს საქმის წარმოების შეჩერებისა თუ საქმის განხილვის გადადების საფუძველს.“ (სსსკ-ის 99-ე მუხლი); სსსკ-ის მე-100 მუხლი კი ადგენს: „წარმომადგენელს უფლება აქვს საქმის წარმოების ყველა სტადიაზე უარი თქვას თავის უფლებამოსილებაზე, რის შესახებაც დროულად უნდა აცნობოს როგორც სასამართლოს, ისე მის მარწმუნებელს, რათა ამ უკანასკნელმა შეძლოს თვითონ მიიღოს მონაწილეობა პროცესში და აიყვანოს ახალი წარმომადგენელი. ამის გათვალისწინებით სასამართლო დანიშნავს დროს, როცა წარმომადგენელს უფლება აქვს შეწყვიტოს პროცესში მონაწილეობა“. აღნიშნული საკანონმდებლო დანაწესი წარმოადგენს სამართლებრივ ბერკეტს საიმისოდ, რომ სასამართლომ ხელოვნური გაჭიანურების გარეშე განიხილოს საქმე. მოხმობილი ნორმები ავალდებულებს მხარეს (ასევე მის წარმომადგენელს), რომ უზრუნველყოს სასამართლოს ინფორმირება წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე, ხოლო სასამართლო, თავის მხრივ, განუსაზღვრავს გონივრულ ვადას მხარის წარმომადგენელს (თუ იგი თავადაა ინიციატორი) უფლებამოსილების შეწყვეტისათვის.

13.1.7. განსახილველ შემთხვევაში მხარე არ მიუთითებს არც ერთ მტკიცებულებაზე, რომ მან, ან მისმა წარმომადგენელმა სხვა წარმომადგენლის უფლებამოსილების შეწყვეტის და ახალი ადვოკატის (ადვოკატების) დაქირავების შესახებ აცნობა სასამართლოს. კასატორის პრეტენზია მხოლოდ იმაში გამოიხატება, რომ ადვოკატებთან ხელშეკრულება სხდომის წინა დღეს გააფორმა და მათ არ ჰქონდათ შესაძლებლობა, მომზადებულიყვნენ სასამართლო სხდომისა და მხარის ინტერესების დასაცავად, მოსამართლემ კი სხვა დროისთვის არ გადადო სხდომა.

13.2. ზემოხსენებული მსჯელობიდან და საკასაციო განაცხადის მოტივაციიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სასამართლო სხდომის წინა დღეს ახალი ადვოკატების (წარმომადგენლების) დაქირავება კასატორის რისკს წარმოადგენდა და აღნიშნული სასამართლოს მიერ წინასწარ განსაზღვრული სხდომის გადადების საპროცესოსამართლებრივი საფუძველი ვერ გახდებოდა; ამასთან, მხარის ამგვარი ქმედების მართლზომიერად შეფასების შემთხვევაში, ირღვევა კანონით გარანტირებული მხარეთა თანასწორობის საკითხი და აღნიშნული შესაძლოა დავის განხილვის გაჭიანურებადაც იქნეს შეფასებული. კასატორის შედავება ვერ იქნება გაზიარებული მისი დაუსაბუთებლობის გამო, ვინაიდან გასაჩივრებული განჩინება ეფუძნება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით დაცულ სამართლიანი სასამართლოს პრინციპის დაცვას, ეროვნული საპროცესო კანონდებლობის დანაწესს და წარმოდგენილი მტკიცებულებების მართებული სამართლებრივი შეფასებიდან გამომდინარეობს.

13. 3. სსსკ-ის 99-ე და მე-100 მუხლების გამოყენებასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილია პრაქტიკა, რომელიც სრულ შესაბამისობაშია გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ პროცესუალურ შედეგთან, რომელიც სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე გადაწყვეტილი (იხ.სუსგ-ები:# ას-352-330-2017; # ას-1305-1225-2015).

14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორს არ წარმოუდგენია არც ერთი არგუმენტი, დასაბუთებული შედავება, თუ რა საფუძვლით უნდა იქნეს ცნობილი დასაშვებად საკასაციო განაცხადი; შესაბამისად, ზემოხსენებული სამართლებრივი მოტივაციით არსებობს საკმარისი დასაბუთება,საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნობის უარყოფისა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვებისათვის. 15. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი. შ-ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ი. შ-ას (პ/ნ 0-) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ნ. წ-ის (პ/ნ 0-) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 495 ლარის (საგადასახადო დავალება 0, გადახდის თარიღი 2017 წლის 4 სექტემბერი), 70% – 346.5 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე