დატოვებულია განუხილველად

სამოქალაქო 02.03.2018
საქმის ნომერი
ას-1551-1471-2017
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
02.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #ას-1551-1471-2017 2 მარტი, 2018 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ბესარიონ ალავიძემ

ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ვ. ჯ-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 22 ნოემბრის განჩინებასა და ამავე პალატის 2017 წლის 28 ნოემბრის დამატებით განჩინებაზე, საქმეზე _ დ. ქ-ის სარჩელის გამო, ვ. ჯ-ის მიმართ, უკანონო მფლობელობიდან მიწის ნაკვეთის გამოთხოვისა და ღობის დემონტაჟის თაობაზე და

გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე:

საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ ვ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, დაადგენს ხარვეზს და მხარეს განუსაზღვრავს საპროცესო ვადას შესაბამისი საპროცესო მოქმედების განხორციელების მიზნით.

განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 8 იანვრის განჩინებით ვ. ჯ-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა 5 (ხუთი) დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი საკასაციო საჩივრის წარმოდგენა, ამავე პალატის 2018 წლის 30 იანვრის განჩინებით, ვ.ჯ-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირების თაობაზე ასევე არ დაკმაყოფილდა, კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადა 5 (ხუთი) დღით და დაევალა სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი საკასაციო საჩივრის წარმოდგენა.

2018 წლის 20 თებერვალს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა კასატორმა და იშუამდგომლა მძიმე მატერიალური მდგომარეობის გამო, სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე, საქმის განხილვის დასრულებამდე, თუმცა, მიუხედავად საკასაციო პალატის მიერ არაერთგზის განმარტებისა, მხარეს არც ამჯერად წარმოუდგენია ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი მკიცებულებები. ამ მხრივ, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს 2018 წლის 30 ივნისის განჩინებაზე, სადაც ამომწურავადაა განმარტებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის წინაპირობები (სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს უტყუარ მტკიცებულებებს წარუდგენს), პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებასაც, რომ კასატორი ამავე მუხლის მე-2 ნაწილის სუბიექტს არ წარმოადგენს, ამასთანავე დამატებით განმარტავს, რომ სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლება წარმოადგენს ადამიანის უფლებათა ევროკონვენციის მე-6 მუხლით რეგლამენტირებულ ერთ-ერთ უმთავრეს პრინციპს, თუმცა, იგი მსგავსად სხვა ძირითადი უფლებებისა, ექვემდებარება შეზღუდვას. შეზღუდვის ლეგიტიმური საფუძვლები კი ეროვნული კანონმდებლობითაა დადგენილი, რომელთა შორის მხედველობაშია მისაღები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილი (სასამართლო ხარჯები (სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები), კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, წინასწარ შეაქვს მხარეს). სასამართლო ხელმისაწვდომობის შემზღუდავი ხსენებული დებულება მხოლოდ კანონით პირდაპირვე გათვალისწინებულ შემთხვევაში შეიძლება არ იქნას სასამართლოს მხრიდან მხედველობაში მიღებული. ამგვარ დებულებას კი, ამავე კოდექსის 46-ე-48-ე მუხლები ადგენენ (ასევე, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლი), თუმცა, იმისათვის, რომ სასამართლო ხელმისაწვდომობის წინაპირობებისათვის დადგენილი შეზღუდვების გაუვრცელებლობით არ შეილახოს სახელმწიფოს ინტერესი, კანონი მოდავე სუბიექტს უდგენს ვალდებულებას, სარწმუნოდ დაამტკიცოს საკუთარი ქონებრივი მდგომარეობის სიმძიმე, რაც საბოლოოდ, სასამართლოს მხრიდან შუამდგომლობის საფუძვლიანობაზე იქონიებს გავლენას.

როგორც ამ განჩინებაში არაერთგზის აღინიშნა, მხარე მხოლოდ საკუთარ ქონებრივ მდგომარეობაზე მითითებით შემოიფარგლა იმგვარად, რომ მას რაიმე სარწმუნო მტკიცებულება საკასაციო პალატისათვის არ წარუდგენია.

ასეც რომ არ იყოს, საკასაციო სასამართლო სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების პრინციპიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ შუამდგომლობის გაზიარების შემთხვევაშიც კი, არ იარსებებს საკასაციო საჩივრის განსახილველად მიღების წინაპირობა, რამდენადაც მხარეს, გარდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისა, ასევე დავალებული ჰქონდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი საკასაციო საჩივრის წარმოდგენა. მან არც ხარვეზის დადგენის შესახებ და არც საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე გამოტანილი განჩინებით განსაზღვრულ ვადაში მითითებული საპროცესო მოქმედება არ განახორციელა, რაც საკასაციო სასამართლოს შეფასებით, არა საქმის განხილვის მიზნებს, არამედ _ მისი განხილვის გაჭიანურებას ემსახურება.

მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ ვინაიდან საპროცესო ვადის გაგარძელების შესახებ განჩინება კასატორს სამოქალაქო საპროცესოკოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ჩაბარდა 2018 წლის 14 თებერვალს, მის მიმართ საპროცესო მოქმედების განხორციელებს ვადის დენა, ამავე კოდესის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს და ამავე კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ამოიწურა 2018 წლის 19 თებერვალს. მართალია, ამ ვადის დაცვით მხარემ განცხადებით მომართა სასამართლოს, თუმცა, მას არც დასაბუთებული საკასაციო საჩივარი და არც სახელმწიფო ბაჟის გადახდის/მისი გადახდისაგან გათავისუფლების ან გადავადებისა და შემცირების დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია, რასაც საკასაციო პალატა ხარვეზის გამოუსწორებლობად მიიჩნევს და ამ მოტივით საკასაციო საჩივარს ტოვებს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე, 284-ე, 396-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ვ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 22 ნოემბრის განჩინებასა და ამავე პალატის 2017 წლის 28 ნოემბრის დამატებით განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ბ. ალავიძე