სამოქალაქო
საქმის ნომერი
ას-693-693-2014
კატეგორია
თარიღი

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№ას-693-663-2014 31 მარტი, 2016 წელი,თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ბესარიონ ალავიძე,ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) – ვ.კ.

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - მ.ზ., დ.კ., კ.კ., ნ.ნ

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 13 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – საცხოვრებელი სადგომის საკუთრებაში გადაცემა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ვ.კ–მა (შემდეგში მოსარჩელე) სარჩელით მიმართა სასამართლოს მ.ზ–ის, დ.კ–ის, კ.კ–ისა და ნ.ნ–ის (შემდეგში მოპასუხეები) მიმართ და მოითხოვა მის სარგებლობაში არსებული 90.06 კვ.მ. ფართის მქონე საცხოვრებელი სადგომის (მდებარე თბილისში, ....) საკუთრებაში გადაცემა ამ საცხოვრებელი სადგომის ღირებულების 25%-ის მოპასუხეთათვის გადახდის სანაცვლოდ.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

3. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე არ წარმოადგენდა „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მოსარგებლეს, ვინაიდან მან ვერ დაამტკიცა, რომ ზემოხსენებულ მისამართზე მდებარე საცხოვრებელ სახლში სარგებლობის უფლებით ფლობდა სადავო ფართს. სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელე და მოპასუხეები ახლო ნათესავები არიან, მათ თანასაკუთრებაში ჰქონდათ (იდეალურ წილებად) შენობა-ნაგებობები და მიწის ნაკვეთი, შესაბამისად, მათი დავა ექცეოდა არა სპეციალური კანონის, არამედ საზიარო უფლების მომწესრიგებელი ნორმების ფარგლებში.

4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 13 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

6. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, სადავო ურთიერთობაზე ვერ გავრცელდება „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონი, ვინაიდან საცხოვრებელი სადგომი, რომლის მესაკუთრედ ცნობასაც მოითხოვს მოსარჩელე, საჯარო რეესტრში აღრიცხულია, როგორც უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული შენობა-ნაგებობა. ეს გარემოება, სასამართლოს მოსაზრებით, იმას ნიშნავს, რომ სადავო შენობა-ნაგებობის მესაკუთრეა სახელმწიფო და არა - მოპასუხეები. აქედან გამომდინარე, მოსარჩელე მოპასუხეებთან ვერ დადებდა სპეციალური კანონით გათვალისწინებულ ნასყიდობის ხელშეკრულებას ან დათმობის შესახებ გარიგებას, შესაბამისად, სარჩელი უსაფუძვლო იყო და დაკმაყოფილებას არ ექვემდებარებოდა.

7. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონზე და აღნიშნა, რომ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული შენობა-ნაგებეობების მესაკუთრედ მოსარჩელის ცნობა ეწინააღმდეგებოდა ზემოხსენებულ კანონს, ვინაიდან ეს კანონი ითვალისწინებდა უკანონო მიწის ნაკვეთების (შენობა-ნაგებობის) მიმართ საკუთრების უფლების აღიარების განსხვავებულ წესს.

8. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება. საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

8.1. კასატორის მოსაზრებით, ის გარემოება, რომ სადავო ფართი საჯარო რეესტრში მესაკუთრეების სახელზეა აღრიცხული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, არ ნიშნავს იმას, რომ ეს შენობა-ნაგებობა სახელმწიფო საკუთრებაა. აღნიშნული შენობა-ნაგებობა დგას მიწის ნაკვეთზე, რომლის ფართია 418 კვ.მ. და, საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, მხარეთა თანასაკუთრებაშია რეგისტრირებული. აქედან გამომდინარე, სკ-ის 171-ე მუხლის მიხედვით, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული შენობა-ნაგებობებიც ეკუთვნის თანამესაკუთრეებს;

8.2. კასატორის განმარტებით, სადავო ფართი შეიძინა მოპასუხეებისაგან ფართის დათმობის შესახებ გარიგების საფუძველზე, რასაც ადასტურებს შეთანხმების ხელწერილი, კომუნალური გადასახადების გადახდა და სადავო ფართში რეგისტრაცია 1996 წლამდე.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 27 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დასაბუთებულია, შესაბამისად, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

11. სსსკ-ის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს არ დაუდგენია მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი გარემოებები.

12. მოსარჩელის მოთხოვნაა სადავო საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრედ ცნობა მისი საბაზრო ღირებულების 25%-ის მოპასუხეებისათვის გადახდის სანაცვლოდ. თავის მოთხოვნას მოსარჩელე აფუძნებს „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის 11 მუხლის თანახმად, მოსარგებლედ მიიჩნევა პირი, რომელიც ამ კანონის მიღების მომენტისათვის კეთილსინდისიერად ფაქტობრივად ფლობს საცხოვრებელ სადგომს მესაკუთრესთან სანოტარო ფორმის დაცვის გარეშე დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელკშეკრულების საფუძველზე ან მფლობელობის უფლება მიღებული აქვს საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით ან ადმინისტრაციული აქტით. მოსარჩელის განმარტებით, სადავო საცხოვრებელი სადგომი შეიძინა მოპასუხეებისაგან ფართის დათმობის შესახებ გარიგების საფუძველზე, რაც დასტურდება შეთანხმების ხელწერილით, კომუნალური გადასახადების გადახდითა და სადავო სადგომში 1996 წლამდე რეგისტრაციის ფაქტით.

13. სააპელაციო სასამართლომ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მიიჩნია ის გარემოება, რომ სადავო ურთიერთობა არ ექცეოდა ზემოხსენებული სპეციალური კანონის რეგულირების სფეროში (იხ. წინამდებარე განჩინების პ. 6, 7).

14. საკასაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული სადავო შენობა-ნაგებობები წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას და, რომ ასეთ შენობა-ნაგებობებზე საკუთრების მოპოვების წესს განსაზღვრავს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი.

15. ზემოხსენებული კანონის პირველი მუხლის მიხედვით, ამ კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა, ხოლო ამავე კანონის მე-3 მუხლის მიხედვით, ეს კანონი განსაზღვრავს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების ძირითად პირობებს.

16. მითითებული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ ზემოხსენებული კანონის რეგულირების სფეროში ექცევა ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მხოლოდ ის მიწის ნაკვეთები (მათზე არსებული შენობა-ნაგებობებით), რომლებიც სახელმწიფო საკუთრებაში იმყოფება.

17. განსახილველ შემთხვევაში საჯარო რეესტრის ამონაწერით ირკვევა, რომ ქ.თბილისში, .... მდებარე 418 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს/კ №....), რომელზედაც განთავსებულია სადავო №2, №3 და №4 შენობა-ნაგებობები უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, წარმოადგენს არა სახელმწიფოს, არამედ ფიზიკურ პირთა თანასაკუთრებას (იხ. ტომი 1, ს.ფ. 18), შესაბამისად, ამ უძრავი ქონების მიმართ სააპელაციო სასამართლოს მიერ მითითებული კანონის გამოყენება დაუშვებელია.

18. საკასაციო პალატის მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაზე ვერ გავრცელდება, ასევე, „პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 24.11.2007 წლის #660 ბრძანებულება, ვინაიდან „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 15.01.2010 წლის #4 ბრძანების მე-14 მუხლის მე-3 პუნქტისა (თუ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირებულია მასზე მყარად არსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლების გარეშე, მაშინ ამ შენობა-ნაგებობაზე მიწის მესაკუთრის საკუთრების უფლება მოთხოვნის შემთხვევაში რეგისტრირდება, თუ სარეგისტრაციო დოკუმენტით სხვა რამ არ დგინდება. აღნიშნული არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც რეგისტრირებულ მონაცემებში შენობა-ნაგებობა მითითებულია, როგორც უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული, ასეთ შემთხვევაში, აღნიშნული მონაცემის შესწორება სარეგისტრაციო უფლებამოსილი პირის მიერ წარმოებს ტექნიკური ხარვეზის შესწორებისათვის დადგენილი წესით) და „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის (რეგისტრირებულ მონაცემებში ტექნიკური ხარვეზის შესწორება - მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია, აღმოჩენისთანავე შეასწოროს თავის მიერ დაშვებული ტექნიკური ხარვეზი, რომელიც გამოწვეულია დოკუმენტაციიდან მონაცემების უზუსტო გადატანით და ტექნიკური ან გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომით. ტექნიკურ ხარვეზად ჩაითვლება ასევე ორთოგრაფიული, არითმეტიკული ან სხვა სახის ტექნიკური უზუსტობა) მიხედვით, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული შენობა-ნაგებობა, რომელიც ამ სახით რეგისტრირებულია უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში მიწის ნაკვეთის მესაკუთრის სახელზე, ამ უკანასკნელის საკუთრებად უნდა აღირიცხოს ტექნიკური ხარვეზის შესწორებისათვის დადგენილი წესით. ამდენად, ზემოხსენებული ნორმატიული აქტები უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებულ შენობა-ნაგებობას განიხილავს იმ პირის საკუთრებად, რომელიც უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში მიწის ნაკვეთის მესაკუთრედაა რეგისტრირებული და ამ ტექნიკური ხარვეზის გამოსწორების გამარტივებულ წესს ადგენს. რეესტრში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების გავრცელება ამ მიწის ნაკვეთზე აღმართულ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებულ შენობა-ნაგებობაზე შეესაბამება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილისა (მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილს განეკუთვნება შენობა-ნაგებობანი და ნივთები, რომლებიც მყარადაა დაკავშირებული მიწასთან და არ არის გამიზნული დროებითი სარგებლობისათვის) და 171-ე მუხლის (ნივთზე საკუთრების უფლება ვრცელდება ასევე ამ ნივთის არსებით შემადგენელ ნაწილებზედაც) დანაწესს.

19. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან და წინამდებარე განჩინების მე-17 პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, მოცემული დავის მხარეები, წარმოადგენენ რა, საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის თანამესაკუთრეებს, ისინი ამავდროულად არიან ამ მიწის ნაკვეთზე აშენებული იმ შენობა-ნაგებობის თანამესაკუთრეებიც, რომელიც რეგისტრირებულ მონაცემებში მითითებულია, როგორც უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული. ამდენად, დაუსაბუთებელია სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ სადავო შენობა-ნაგებობანი სახელმწიფო საკუთრებაა.

20. საკასაციო პალატის მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობა უნდა შემოწმდეს „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. ამასთან, ნამდვილად არის თუ არა მოსარჩელე ამ კანონით გათვალისწინებული საცხოვრებელი სადგომის მოსარგებლე, უნდა გაირკვეს მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასება-გამოკვლევის შედეგად, რაც სააპელაციო სასამართლოს არ გაუკეთებია და, რაც უნდა შესრულდეს საქმის ხელახლა განხილვისას, სსსკ-ის 105-ე მუხლის (სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში) მოთხოვნათა დაცვით.

21. სსსკ-ის 53-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას უნდა გადაწყვიტოს სასამართლო ხარჯების მხარეთა შორის განაწილების საკითხი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

22. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 408.3-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ვ.კ–ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 13 მაისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ზ. ძლიერიშვილი