სამოქალაქო
საქმის ნომერი
ას-632-856-08
კატეგორია
თარიღი

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

¹ას-632-856-08 1 ოქტომბერი, 2008 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – საქართველოს შსს ს.-ის ... სამმართველო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები – ლ. წ-აია, ხ. ბ-აძე (მოპასუხეები)

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 28 მაისის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

აღწერილობითი ნაწილი

2002 წლის 17 დეკემბერს ქობულეთის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა საქართველოს საზღვაო დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური სამმართველოს უფროსმა, მოპასუხეებად დაასახელა ლ. წ-აია, ხ. ბ-აძე და მოითხოვა ქ. ქობულეთში, ...-ის ქუჩა ¹100-ში მდებარე, ბინა ¹43-დან მოპასუხეთა გამოსახლება.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალურ სამმართველოს, სამართალმემკვიდრის სახით გადაეცა რუსეთის ფედერაციის ფედერალური სასაზღვრო სამსახურის ... სამხედრო ნაწილის ბალანსზე რიცხული სამსახურებრივი ბინები, მათ შორის სადავო ბინა, რომელიც დაკავებული აქვთ ლ. წ-აიასა და ხ.ბ-ეს. მოსარჩელემ მოითხოვა აღნიშნული პირების გამოსახლება.

ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა საქართველოს შსს სასაზღვრო პოლიციის ... სამმართველომ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2008 წლის 7 აპრილს მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობით აპელანტის გამოუცხადებლობის გამო მიღებული იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

დასახელებულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარადგინა შსს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის, სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის, სასაზღვრო პოლიციის ... სამმართველოს (ბათუმის) წარმომადგენელმა მ. გ.-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 14 მაისის განჩინებით სასაზღვრო პოლიციის ... სამმართველოს (ბათუმის) წარმომადგენლის საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 7 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განახლდა საქმის განხილვა.

სასაზღვრო პოლიციის ... სამმართველოს (ბათუმი) წარმომადგენლის სააპელაციო საჩივრის განხილვა დაინიშნა 2008 წლის 28 მაისს 13 საათზე, რის შესახებაც მხარეებს ხელწერილით ეცნობათ სსსკ-ის 216-ე მუხლით დადგენილი წესით.

2008 წლის 28 მაისს, სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე განმეორებით არ გამოცხადდა სასაზღვრო პოლიციის ... სამმართველოს წარმომადგენელი მ. გ.-ე, რომელიც სხდომის დღისა და გამოუცხადებლობის თაობაზე გაფრთხილებული იყო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 28 მაისის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ხ.ბ-ისა და ვ.წ-ას შუამდგომლობა განმორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე დაკმაყოფილდა.

შსს საქართველოს სასაზღვრო პოლიცია, სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტი, სასაზღვრო პოლიციის ... სამმართველოს უფროს დ. გ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნულ განმეორებით დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა საქართველოს შსს სასაზღვრო პოლიციის ... სამმართველომ. კასატორმა მიუთითა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ პირველი დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოიტანა ისე, რომ ... სამმართველოში სასამართლო პროცესზე გამოცხადების უწყება არ შემოსულა. განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება ასევე გამოტანილ იქნა იმიტომ, რომ ... სამმართველოს წარმომადგენელმა მხოლოდ 10 წუთით დააგვიანა სასამართლო პროცესზე, რაც გამოიწვია იმან, რომ პროცესის წინა დღეს, დღის მეორე ნახევარში შემოვიდა უწყება იმის შესახებ, რომ 2008 წლის 28 მაისს 11.30 საათზე ბათუმის საქალაქო სასამართლოში ტარდებოდა სასამართლო პროცესი. ამის შემდეგ სამმართველოს წარმომადგენელი გაემგზავრა ქუთაისში. ვინაიდან გზაზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა იგი სასამართლოში გამოცხადდა დაგვინებით 13.10 საათზე. აქედან გამომდინარე, კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.

სამოტივაციო ნაწილი

საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ საქართველოს შსს სასაზღვრო პოლიციის ... სამმართველოს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 7 აპრილს, აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აპელანტის სასაზღვრო პოლიციის ... სამმართველოს წარმომადგენლის საჩივრის საფუძველზე გაუქმდა და განახლდა საქმის განხილვა.

დადგენილია, რომ ქობულეთის რაიონის სასამართლოს 2007 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებაზე სასაზღვრო პოლიციის ... სამმართველოს წარმომადგენლის სააპელაციო საჩივრის განხილვის მიზნით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, სასამართლოს მთავარი სხდომა დანიშნული იყო 2008 წლის 28 მაისს 13 საათისათვის.

სხდომის დღის თაობაზე სსსკ-ის 216-ე მუხლის მესამე ნაწილით დადგენილი წესით (ხელწერილით), 2008 წლის 14 მაისს, პირადად ეცნობა აპელანტს, სასაზღვრო პოლიციის ... სამმართველოს წარმომადგენელ მ. გ.-ეს და განემარტა გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგების შესახებ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით, სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტისა და 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ სასამართლოსთვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენას, რომლებსაც შეეძლოთ ხელი შეეშალათ სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

პალატა განმარტავს, რომ, საკასაციო საჩივარში არ არის მითითებული ის სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც დაუსწრებელი გადაწყვეტილება შეიძლება გაუქმდეს. საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ აპელანტის გამოუცხადებლობა სასამართლო პროცესზე სწორად მიიჩნია არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობად და მის მიმართ მართებულად გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს შსს სასაზღვრო პოლიციის ... სამმართველო სასამართლო სხდომაზე მოწვეული იყო კანონით დადგენილი წესით და ამ შემთხვევაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოებები არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

საქართველოს შსს სასაზღვრო პოლიციის ... სამმართველოს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 28 მაისის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.