დატოვებულია განუხილველად

სამოქალაქო 18.06.2018
საქმის ნომერი
ას-682-682-2018
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
18.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-682-682-2018 18 ივნისი, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს „კ.-“

მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია – ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 თებერვლის განჩინება

დავის საგანი – საავტორო ჰონორარის დავალიანების გადახდა, პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია – ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველმა ორგანიზაციამ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე შპს „კ.-ს“ მიმართ საავტორო ჰონორარის დავალიანების და პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრების თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია – ქონებრივი უფლებები კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის სარჩელი დაკმაყოფილდა და შპს „კ.-ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დასკისრა 2443,12 ლარის გადახდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „კ.-მა“ და მოითხოვა მისი გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 თებერვლის განჩინებით შპს „კ.-ს“ სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს „კ.-მა“ და მოითხოვა მისი გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 31 მაისის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 50 ლარის დამადასტურებელი ქვითრისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 396-ე მუხლების შესაბამისად დასაბუთებული კერძო საჩივრის წარმოდგენა.

2018 წლის 12 ივნისს შპს „კ.-ს“ წარმომადგენელმა დ. ღ.-ემ ნაწილობრივ შეავსო ხარვეზი და წარმოადგინა მხოლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 50 ლარის დამადასტურებელი ქვითარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „კ.-ს“ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ საკასაციო სასამართლოს 2018 წლის 31 მაისის განჩინების ასლი კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელ დ. ღ.-ეს მის მიერ მითითებულ მისამართზე გაეგზავნა კანონით დადგენილი წესით. კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელმა ნაწილობრივ შეავსო ხარვეზი, კერძოდ, წარმოადგინა მხოლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, მაგრამ არ წარმოადგინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 396-ე მუხლების შესაბამისად დასაბუთებული კერძო საჩივარი. ასევე ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში კერძო საჩივრის ავტორს და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია შეასრულოს მასზე დაკისრებული მოქმედება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ, ვინაიდან კერძო საჩივრის ავტორმა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში სრულად არ შეავსო ხარვეზი, კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს და კერძო საჩივრის ავტორს დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 284-ე მუხლებით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „კ.-ს“ კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. კერძო საჩივრის ავტორ შპს „კ.-ს“ (ს/კ ...) დაუბრუნდეს დ. ღ.-ის მიერ 2018 წლის 11 ივნისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილი