ახალად აღმოჩენილი გარემოებები
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ა-4227-ა-12-2018 21 სექტემბერი, 2018 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
განმცხადებელი – შპს „ფ.“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარეები – ნ. ჩ-ი (მოსარჩელე), მ. ა-ე
გასაჩივრებული განჩინება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ივლისის განჩინება
განმცხადებლის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ნ. ჩ-მა და გ. ა-ემ სარჩელი აღძრეს სასამართლოში შპს „ფ-ს“ მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 აპრილის საოქმო განჩინებით საქმეში გ. ა-ის უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნა მ. ა-ე.
4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
5. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 22 ივნისის საოქმო განჩინებით საქმეში მ. ა-ის უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნა ნ. ჩ-ი.
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 6 მარტის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
8. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შპს „ფ-მ“ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ივლისის განჩინებით შპს „ფ-ს“ საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ კასატორმა ხარვეზი არ შეავსო სასამართლოს მიერ დადგენილ საპროცესო ვადაში.
10. 2018 წლის 18 სექტემბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა შპს „ფ-ს“ დირექტორის მინდობილმა პირმა ა. ქ-ამ და მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ივლისის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
11. განმცხადებელმა მიუთითა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:
11.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 30 ივლისის განჩინება საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ მოულოდნელი აღმოჩნდა განმცხადებლისათვის, რადგან დარწმუნებული იყო, რომ მას ხარვეზის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება ჩაბარდა 2018 წლის 20 ივლისს, რის გამოც განმცხადებელმა სწორედ აღნიშნულ თარიღს დაუკავშირა ხარვეზის შევსების 5-დღიანი ვადის ათვლა;
11.2. მას შემდეგ, რაც განმცხადებელმა აღმოაჩინა, რომ განჩინება ჩაბარებული იყო 2018 წლის 18 ივლისს, მან მიმართა ფოსტის ხელმძღვანელობას და დაადგინა, რომ აღნიშნულ დღეს ფოსტის გზავნილი ჩაიბარა დ. დ-იანმა, რომელიც უკვე ჩაბარების დღისათვის აღარ წარმოადგენდა კომპანიის თანამშრომელს. კერძოდ, მას ზუსტად ერთი დღით ადრე შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ხოლო 2018 წლის 18 ივლისს იგი სასტუმროში მისული იყო გადაცემული ინვენტარის (ბეიჯი და უნიფორმა) ჩასაბარებლად, რა დროსაც ის, თავისი ინიციატივით, მორიგე ადმინისტრატორის დროებით არყოფნისას იდგა ადმინისტრატორის სამუშაო მაგიდასთან (სასტუმროს მიმღებ მაგიდასთან) და ჩაიბარა კომპანიის გზავნილი. გზავნილი კომპანიის ხელმძღვანელ პირებს გადაეცათ 2018 წლის 20 ივლისს მორიგე ადმინისტრატორის ნ. კ-ის მიერ ამ გზავნილის შემთხვევით აღმოჩენის შემდეგ;
11.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაბარდეს ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს. მოცემულ შემთხვევაში კორესპონდენციების ჩაბარებაზე ერთადერთ უფლებამოსილ პირს, კომპანიის სტრუქტურიდან და შიდა ინსტრუქციებიდან გამომდინარე, წარმოადგენს სასტუმროს ადმინისტრაციის მენეჯერი - შ. გ-ი, რომელსაც 2018 წლის 20 ივლისს გზავნილი გადასცა მორიგე ადმინისტრატორმა ნ. კ-ემ. მაშასადამე, კორესპონდენციების ჩაბარებაზე განსაზღვრული თანამშრომლის არსებობისას, გზავნილი ჩაიბარა პირმა, რომელიც არათუ უფლებამოსილი იყო მსგავსი გზავნილების ჩაბარებაზე, არამედ საერთოდ არ წარმოადგენდა საწარმოსთან დაკავშირებულ პირს ან თანამშრომელს;
11.4. გზავნილის ჩაბარებასთან დაკავშირებულ მსგავს ხარვეზს ადგილი არ ექნებოდა, თუ ფოსტის თანამშრომელი დაადგენდა, ჰყავდა თუ არა კომპანიას გზავნილების ჩაბარებაზე უფლებამოსილი პირი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
12. საკასაციო სასამართლო მოცემული განცხადების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ იგი, როგორც დაუშვებელი, უნდა დარჩეს განუხილველი.
13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ თავისი ინიაციტივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს.
14. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების დაშვების ერთ-ერთი პირობაა მისი კანონით დადგენილ ვადაში შეტანა. საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის ვადებს ადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლი, რომლის თანახმად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს ერთი თვის განმავლობაში და ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. ვადის დენა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობა.
15. ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმა საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით განცხადების წარდგენის ერთთვიან ვადას უკავშირებს იმ თარიღს, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობა.
16. საქმის მასალებით დადგენილია, რომ საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ივლისის განჩინება შპს „ფ-ს“ გაეგზავნა მის იურიდიულ მისამართზე - ქ. ბათუმი, გ-ში და ჩაბარდა 2018 წლის 10 აგვისტოს. გზავნილი ჩაიბარა ადმინისტრატორმა ნ. კ-ემ (იხ. ტ. 3. ს. ფ. 353). აღნიშნულ განჩინებაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა უთითებდა შემდეგს: „ხარვეზის შესახებ განჩინება კასატორს გაეგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე - ქ. ბათუმი, გ.. საქმეში წარმოდგენილი საფოსტო შეტყობინებით დგინდება რომ, გზავნილი 2018 წლის 18 ივლისს ჩაბარდა კომპანიის ადმინისტრატორს - დ. დ-იანს (იხ. ტ. 3, ს.ფ. 328)“.
17. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განმცხადებლისათვის საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ივლისის განჩინების ჩაბარების დღეს ცნობილი უნდა ყოფილიყო იმ გარემოების შესახებ, რომ ხარვეზის შესახებ განჩინება 2018 წლის 18 ივლისს ჩაიბარა კომპანიის ადმინისტრატორმა - დ. დ-იანმა. ვინაიდან განმცხადებელი სადავოდ ხდის სწორედ დ. დ-იანის მიერ ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარების კანონიერებას და ამის გამო ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განმცხადებლისათვის ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლის არსებობა ცნობილი გახდა სწორედ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ივლისის განჩინების ჩაბარების დღეს ანუ 2018 წლის 10 აგვისტოს. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ერთთვიანი ვადის დენა დაიწყო 2018 წლის 11 აგვისტოს და ამოიწურა 2018 წლის 11 სექტემბერს. განმცხადებელმა კი საქართველოს უზენაეს სასამართლოს მომართა 2018 წლის 17 სექტემბერს კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადის დარღვევით, რის გამოც სახეზეა მისი განუხილველად დატოვების საფუძველი.
18. საკასაციო სასამართლო დამატებით განუმარტავს განმცხადებელს, რომ შიდა ინსტრუქცია, რომლის წესების დაცვის აუცილებლობაზეც მიუთითებს იგი, წარმოადგენს აღნიშნული საზოგადოების შიდაორგანიზაციული სახის დოკუმენტს და მისი დაცვის ვალდებულება ორგანიზაციის თანამშრომლებს ევალებათ. მითითებული ინსტრუქციით გათვალისწინებული წესების ცოდნა არ მოეთხოვებათ მესამე პირებს, მათ შორის, სასამართლოს კურიერს. ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ნებისმიერმა ორგანიზაციამ საკუთარ ოფისში ისე უნდა უზრუნველყოს კორესპონდენციის მიღების პროცედურა, რომ იგი არ ქმნიდეს რაიმე გაურკვევლობას მესამე პირებისათვის (იხ. სუსგ №ას-67-58-2011, 2011 წლის 18 მარტი).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 429-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს „ფ-ს“ დირექტორის მინდობილი პირის - ა. ქ-ას განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ივლისის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ნ. ბაქაქური