დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 29.08.2018
საქმის ნომერი
ას-893-2018
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
29.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № ას-893-2018 29 აგვისტო, 2018 წელი,თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები - ტ.მ–ძე, ნ.მ–ძე, ნ.ე. (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე - მ.ჭ. (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 13 აპრილის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით, მ.ჭ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი, რომლითაც ის მოითხოვდა ნ.ე–ის, ასევე, ნ., ტ. (შემდეგში ტექსტში ასევე მოხსენიებული, როგორც კერძო საჩივრის ავტორები), მ., ნ. და მ. მ–ძეების უკანონო მფლობელობიდან ქ. თბილისში, ....., ს/კ ....... (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც სადავო ქონება ან უძრავი ქონება) გამოთხოვას, დაკმაყოფილდა.

2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ნ., ტ., მარიამ, ნ. და ნ.მ–ეებმა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 13 აპრილის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, ხარვეზის შეუვსებლობის გამო. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 368-ე და 374-ე მუხლებით.

3.1. პალატამ მიუთითა, რომ 2018 წლის 5 თებერვლის განჩინებით, სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და აპელანტებს მიეცათ 7 დღის ვადა შემდეგი საპროცესო მოქმედებების შესასრულებლად : სააპელაციო მოთხოვნის დაზუსტება, სახელმწიფო ბაჟის გადახდა 160-160 ლარის ოდენობით, სააპელაციო საჩივრის შევსებული ფორმის ელექტრონული ვერსიის, ასევე, მ.მ–ძის, ნ.მ–ძისა და ნ.მ–ძის სახელით სააპელაციო საჩივრის შეტანაზე მ.რ–ის უფლებამოსილების დამადასტურებელი კანონით დადგენილი წესით გაფორმებული მინდობილობების სასამართლოსთვის წარდგენა, წინააღმდეგ შემთხვევაში, უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი სააპელაციო საჩივრის წარდგენა. პალატის დასკვნებით, 2018 წლის 5 მარტის განჩინებით აპელანტებს ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადა გაუგრძელდათ სასამართლოს ინიციატივით, ვინაიდან ამ უკანასკნელებმა ხარვეზი ნაწილობრივ შეავსეს, კერძოდ, გადაიხადეს სახელმწიფო ბაჟი 160 ლარი და წარადგინეს სააპელაციო საჩივრის შევსებული ფორმის ელექტრონული ვერსია. აპელანტებს არ დაუზუსტებიათ მოთხოვნა და არ მიუთითებიათ გადაწყვეტილების გაუქმებით და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელთან დაკავშირებით რა მოთხოვნის დაკმაყოფილება სურდათ. გარდა ამისა, არ წარუდგენიათ მ.მ–ძის, ნ.მ–ძისა და ნ.მ–ძის სახელით სააპელაციო საჩივრის შეტანაზე მ.რ–ის უფლებამოსილების დამადასტურებელი კანონით დადგენილი წესით გაფორმებული მინდობილობები და არც უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი სააპელაციო საჩივარი, ამასთან, სახელმწიფო ბაჟი არ გადაუხდია თითოეულ მათგანს ცალ-ცალკე, 160-160 ლარის ოდენობით;

3.2. პალატის დასკვნებით, საქმის მასალებით დასტურდებოდა, რომ აპელანტებმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში სრულად არ გამოასწორეს ხარვეზი, შესაბამისად, სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე, სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩენილიყო.

4. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინეს ნ.ე–მა, ასევე, ნ. და ტ.მ–მა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების მოთხოვნით, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ სააპელაციო სასამართლომ თითოეულ აპელანტს სახელმწიფო ბაჟის - 160-160 ლარის გადახდა უსაფუძვლოდ დაავალა. პალატამ არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ განსახილველი დავა შეეხება ერთ უძრავ ქონებას, შესაბამისად, აპელანტებს ერთობლივად ეკისრებოდათ 160 ლარის დამადასტურებელი ქვითრის სასამართლოსთვის წარდგენა, რაც ამ უკანასკნელებმა განახორციელეს კიდეც.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ივლისის განჩინებით, კერძო საჩივარი სსსკ-ის 414-ე-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია. კერძო საჩივრის ავტორთა მოთხოვნას არ გააჩნია არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძველი.

6. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

7. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ, განსახილველ შემთხვევაში, სწორად გამოიყენა სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

8. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამ ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი მოქმედების შესრულების უფლებას.

9. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისა და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს. განსახილველ შემთხვევაში, ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ 2018 წლის 5 მარტის განჩინება აპელანტებს 2018 წლის 29 მარტს ჩაჰბარდათ (იხ. ტ.2, ს.ფ. 32-36), შესაბამისად, სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, ხარვეზის შესავსებად დადგენილი 5 - დღიანი ვადის ათვლა, მოცემულ შემთხვევაში, 2018 წლის 30 მარტს დაიწყო და იმავე წლის 3 აპრილს დასრულდა. აღნიშნულ ვადაში აპელანტებს ხარვეზი სრულად კვლავ არ გამოუსწორებიათ. 2018 წლის 3 აპრილს მ.რ–მა მხოლოდ სააპელაციო საჩივრის შევსებული ფორმის ელექტრონული ვერსია წარუდგინა სასამართლოს.

10. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორები აპელირებენ იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოდ დარჩა განუხილველად, ვინაიდან, თითოეულ აპელანტს ცალ-ცალკე სახელმწიფო ბაჟის - 160 ლარის ოდენობით გადახდა, არასწორად დაევალათ. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კერძო საჩივრის ავტორებს სააპელაციო საჩივარზე ხარვეზი დაუდგინდათ არა მხოლოდ იმიტომ, რომ თითოეულ აპელანტს ცალ-ცალკე არ ჰქონდა სახელმწიფო ბაჟი 160-160 ლარის ოდენობით გადახდილი, არამედ სხვა საფუძვლებითაც (დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის, ასევე, მ.მ–ძის, ნ.მ–სა და ნ.მ–ძის სახელით სააპელაციო საჩივრის შეტანაზე მ.რ–ის უფლებამოსილების დამადასტურებელი კანონით დადგენილი წესით გაფორმებული მინდობილობებისა და უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი სააპელაციო საჩივრის წარდგენა).

11. ამრიგად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კერძო საჩივრის ავტორებს სააპელაციო პალატის მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზი სრულად არ გამოუსწორებიათ და არც შესაბამისი შუამდგომლობით მიუმართავთ სასამართლოსთვის, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე (შდრ. სუსგ-ები: # ას-884-824-2017, 2017 წლის 12 სექტემბრის განჩინება; # ას-558-533-2016, 2016 წლის 15 ივლისის განჩინება; # ას-521-498-2016, 2016 წლის 12 ივლისის განჩინება; # ას-861-811-2015, 2016 წლის 31 მარტის განჩინება).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ტ.მ–ძის, ნ.მ–ძისა და ნ.ე–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 13 აპრილის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი