ახალად აღმოჩენილი გარემოებები
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ა-3540-ა-8-2018 26 ნოემბერი, 2018 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
განმცხადებელი _ სსიპ თ-ი
მოწინააღმდეგე მხარე _ ზ. ო–ი
გასაჩივრებული განჩინება - საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 9 ივლისის განჩინება
განმცხადებლის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება
დავის საგანი _ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ზ. ო–მა (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში სსიპ თ-ის (შემდგომში - „მოპასუხე“, „კასატორი“ ან „განმცხადებელი“) მიმართ ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ზ. ო–ის სარჩელი იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 9 ივლისის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად საკასაციო საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადის დარღვევის გამო.
7. 2018 წლის 20 ივლისს საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა მოპასუხის წარმომადგენელმა კოკა გაბუნიამ და მოითხოვა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 9 ივლისის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება შემდეგ საფუძვლებზე მითითებით:
7.1. არასწორია საქართველოს უზენაესი სასამართლოს დასკვნა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილების გასაჩივრების 21-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2018 წლის 30 აპრილს, რადგან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ იყო მომზადებული კანონით დადგენილ ვადაში ანუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა;
7.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 9 ივლისის განჩინების მიღების შემდეგ, 2018 წლის 17 ივლისს მოპასუხემ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ამავე სასამართლოს 2018 წლის 30 მარტის დასაბუთებული გადაწყვეტილების მომზადების თარიღის თაობაზე ინფორმაციის გაცემა;
7.3. 2018 წლის 18 ივლისს მოპასუხეს ჩაბარდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწის მიერ შედგენილი აქტი, რომლითაც დასტურდება, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილება მომზადდა დაგვიანებით, 2018 წლის 4 ივნისს, რის გამოც აპელანტს - სსიპ თ-ს აღნიშნული გადაწყვეტილება გაეგზავნა 2018 წლის 4 ივნისს;
7.4. ზემოაღნიშნული აქტი, რომლითაც დასტურდება გადაწყვეტილების დაგვიანებით მომზადების ფაქტი, არ ერთვოდა საქმის მასალებს და საქართველოს უზენაეს სასამართლოს არ ჰქონდა მასზე წვდომა, რამაც გამოიწვია საქმეზე არასწორი ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და, შესაბამისად, არასწორი გადაწყვეტილების (განჩინების) გამოტანა;
7.5. თბილისის სააპელაციო სასამართლომ მოპასუხეს დასაბუთებული გადაწყვეტილება გაუგზავნა ფოსტით 2018 წლის 4 ივნისს, რომელიც მას ჩაბარდა მეორე დღეს, 2018 წლის 5 ივნისს, ხოლო მოპასუხემ საკასაციო საჩივარი შეიტანა 2018 წლის 25 ივნისს, კანონით დადგენილი 21-დღიანი ვადის დაცვით;
7.6. ამრიგად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მატერიალური სახით არარსებობის გამო განმცხადებელი მას ვერ ჩაიბარებდა და, შესაბამისად, ვერც გაასაჩივრებდა. მხარეს არ შეიძლება მოეთხოვოს გადაწყვეტილების არარსებობის პირობებში ცარიელი საკასაციო საჩივრის შეტანა და სახელმწიფო ბაჟის გადახდა. ასეთი მსჯელობის დაშვების შემთხვევაში, მხარეს ერთმევა კანონით გარანტირებული უფლება, რომ თავდაპირველად გაეცნოს სასამართლოს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას და ამის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება, გაასაჩივროს თუ არა იგი;
7.7. ყურადსაღებია ის გარემოებაც, რომ განმცხადებელმა დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს მიმართა ჯერ კიდევ საკასაციო წესით გასაჩივრების კანონით დადგენილ ვადაში, 2018 წლის 15 მაისს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის საფუძველზე, სასამართლო ვალდებული იყო დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი მოპასუხისთვის ჩაებარებინა 3 დღის ვადაში, თუმცა, განმცხადებელს გადაწყვეტილება გაეგზავნა 2018 წლის 4 ივნისს, მისი მოთხოვნიდან 20 დღეში, რაც დამატებით მოწმობს იმას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილება ხსენებული დროისათვის მომზადებული არ ყოფილა;
7.8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძველი;
7.9. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებს რომ დართვოდა სააპელაციო სასამართლოს აქტი დასაბუთებული გადაწყვეტილების მომზადების თარიღის შესახებ, საქართველოს უზენაესი სასამართლო განუხილველად არ დატოვებდა კასატორის საკასაციო საჩივარს. სააპელაციო სასამართლოს მიერ კანონით დადგენილ ვადაში გადაწყვეტილების მოუმზადებლობისა და აქტის შეუდგენლობის გამო არ უნდა შეილახოს მხარის კანონით გარანტირებული საპროცესო და მატერიალური უფლებები.
8. განმცხადებელმა წარმოადგინა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწის მიერ 2018 წლის 18 ივლისს მომზადებული აქტი, რომლიდანაც ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 30 მარტის დასაბუთებული გადაწყვეტილება მომზადდა დაგვიანებით 2018 წლის 4 ივნისს, რის გამოც აპელანტ - სსიპ თ-ს აღნიშნული გადაწყვეტილება გაეგზავნა 2018 წლის 4 ივნისს საქმეში არსებულ მისამართზე, ხოლო მოწინააღმდეგე მხარე - ზ. ო–ს ჩაბარდა ხელზე სასამართლოს შენობაში.
9. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ 2018 წლის 18 ივლისს აღნიშნული აქტი საქართველოს უზენაეს სასამართლოში საქმეზე დასართავად გადმოგზავნა ასევე თბილისის სააპელაციო სასამართლომ.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ივლისის განჩინებით სსიპ თ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 9 ივლისის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე მიჩნეულ იქნა დასაშვებად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
11. საკასაციო სასამართლომ შეამოწმა წარმოდგენილი განცხადება თანდართულ დოკუმენტებთან ერთად და მიიჩნევს, რომ განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 9 ივლისის განჩინების გაუქმების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს და სსიპ თ-ის საკასაციო საჩივარზე განახლდეს საქმის წარმოება.
12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.
13. განსახილველ შემთხვევაში განმცხადებელი მოითხოვს საკასაციო სასამართლოს 2018 წლის 9 ივლისის განჩინების გაუქმებასა და საქმის წარმოების განახლებას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე (იხ. წინამდებარე განჩინების მე-7-მე-8 პუნქტები).
14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, აღნიშნული საფუძვლით საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.
15. ამდენად, კანონმდებელი ახლად აღმოჩენილად არ განიხილავს იმ გარემოებებს, რომლებიც ცნობილი იყო მხარისათვის გადაწყვეტილების გამოტანამდე ან, რომლებზე მითითების შესაძლებლობაც მხარეს გააჩნდა საქმის წარმოების დასრულებამდე (იხ. სუსგ №ა-4178-ა-17-2015; 2015 წლის 28 დეკემბერი).
16. დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 9 ივლისის №ას-957-2018 განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად საკასაციო საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადის დარღვევის გამო. დადგენილია, რომ კასატორის წარმომადგენელი ესწრებოდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას (იხ. ტ. 2. ს. ფ. 63). კასატორს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 (2018 წლის 19 აპრილი) და არაუგვიანეს 30 (2018 წლის 29 აპრილი) დღისა, სასამართლოსათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით არ მიუმართავს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის მიხედვით, საკასაციო პალატამ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების 21-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღიდან - 2018 წლის 30 აპრილს, რომელიც ამოიწურა 2018 წლის 21 მაისს (20 მაისი არასამუშაო დღე იყო). ვინაიდან საკასაციო საჩივარი წარდგენილია 2018 წლის 25 ივნისს (იხ. ტ. 2. ს. ფ. 101), საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ დარღვეული იყო გასაჩივრების კანონით დადგენილი 21-დღიანი ვადა.
17. განმცხადებელმა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებას დაურთო 2018 წლის 18 ივლისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწის მიერ გაცემული აქტი, რომლითაც დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 30 მარტის დასაბუთებული გადაწყვეტილება კანონით დადგენილ ვადაში არ იყო მომზადებული, იგი მომზადდა დაგვიანებით 2018 წლის 4 ივნისს, ხოლო მოპასუხეს აღნიშნული გადაწყვეტილება გაეგზავნა 2018 წლის 4 ივნისს საქმეში არსებულ მისამართზე. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმის მასალებში არსებული უკუგზავნილით დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილების ასლი მოპასუხეს ჩაბარდა 2018 წლის 5 ივნისს (იხ. ტ. 2. ს. ფ. 100).
18. ამრიგად, განსახილველ შემთხვევაში ზემოაღნიშნული აქტით დასტურდება, რომ დარღვეულია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მომზადების კანონით დადგენილ ვადა. ამასთან, მართალია, განმცხადებელისთვის ცნობილი იყო დასაბუთებული გადაწყვეტილების მომზადების კანონით დადგენილი ვადის დარღვევის ფაქტი, თუმცა ის გარემოება, რომ საქმის მასალებით არ დასტურდებოდა აღნიშნული, მისთვის ცნობილი გახდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 9 ივლისის განჩინების ჩაბარების შემდეგ ანუ მოცემული საქმის წარმოების დასრულების შემდეგ.
19. გარდა ზემოაღნიშნულისა, განმცხადებელი ყურადღებას ამახვილებს ასევე იმ გარემოებაზეც, რომ მან 2018 წლის 15 მაისს გადაწყვეტილების გასაჩივრების კანონით დადგენილ 21-დღიან ვადაში მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით (იხ. ტ. 2. ს. ფ. 97), თუმცა, სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლით დადგენილი, მხარისათვის გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების 3-დღიანი ვადის დარღვევით, 2018 წლის 4 ივნისს, გაუგზავნა დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი.
20. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, მართალია „სასამართლო უფლება“, განსაკუთრებით სასამართლოსადმი წვდომის უფლება არ არის აბსოლუტური და ექვემდებარება ნაგულისხმევ შეზღუდვებს, თუმცა ამ შეზღუდვებმა არ უნდა შეზღუდონ მოსარჩელის სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობა იმ სახით და იმ დონემდე, რომ მან გავლენა იქონიოს სასამართლო უფლების არსზე. შეზღუდვები აკმაყოფილებს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფს მხოლოდ მაშინ, თუ აქვს დასახული ლეგიტიმური მიზანი და თუ არის დაცული პროპორციულობა გამოყენებულ საშუალებასა და დასახულ მიზანს შორის (Liakopoulou v.Greece, 20627/04, §17, 2006, ECHR). ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, ეფექტური სასამართლო დაცვის უფლება გულისხმობს, სამოქალაქო სამართალწარმოების მხარეების შესაძლებლობას გამოიყენონ გასაჩივრების უფლება იმ მომენტიდან, როცა მათ შეუძლიათ ეფექტურად შეაფასონ სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომლებმაც შეიძლება დაარღვიოს მათი უფლებები და კანონიერი ინტერესები. საქმეში „გიორგი ნიკოლაევიჩ მიხაილოვი რუსეთის წინააღმდეგ“, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ „სასამართლომ ვადის შემზღუდველი პროცედურული ნორმა ისეთნაირად განმარტა, რომ ხელი შეუშალა მომჩივნის საჩივრის გამოკვლევას, რის შედეგადაც ამ უკანასკნელის სასამართლოს ეფექტური დაცვის უფლება დაირღვა“ (Georgiy Nikolayevich Mikhayliv v. Russia, 4543/04, §57, 2010, ECHR). ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში „მირაგალ ესკოლანო და სხვები ესპანეთის წინააღმდეგ“ დაადგინა, რომ როდესაც საკითხი ეხება სამართლებრივი სიცხადის პრინციპს (Legal certainty), ეს არ არის უბრალოდ სამართლებრივი ნორმის ინტერპრეტაციის პრობლემა, არამედ ადგილი ჰქონდა პროცედურული მოთხოვნის არაგონივრულ კონსტრუქციას, რამაც გამოიწვია ეფექტური სასამართლო დაცვის უფლების დარღვევა. მხარეებს უნდა შეეძლოთ გასაჩივრების უფლების გამოყენება იმ მომენტიდან, როცა მათ ძალუძთ ეფექტურად შეაფასონ ის ტვირთი, რომელსაც აკისრებთ სასამართლო გადაწყვეტილება. ეროვნული სასამართლოების მიერ პროცედურული წესის განსაკუთრებით მკაცრმა ინტერპრეტაციამ არასწორად ჩამოართვა მომჩივნებს თავიანთი საჩივრების განხილვისათვის სასამართლოსადმი წვდომის უფლება (Mirigall Escolano and Others v. Spain, 38366/97, §33, 2000, ECHR) (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2014 წლის 30 დეკემბრის განჩინება საქმეზე №ას-1161-1106-2014).
21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხზე მსჯელობისას თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწის აქტით დადასტურებული გარემოების გათვალისწინება, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილება მომზადდა დაგვიანებით, სასარგებლო გავლენას იქონიებდა საკასაციო საჩივრის სამართლებრივ ბედზე და მის განუხილველად დატოვებას არ გამოიწვევდა. შესაბამისად, არასწორია გასაჩივრების ვადის ათვლის საწყისად 2018 წლის 30 აპრილის მიჩნევა. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 30 მარტის დასაბუთებული გადაწყვეტილება მომზადდა დაგვიანებით 2018 წლის 4 ივნისს, რომელიც მხარეს ჩაბარდა 2018 წლის 5 ივნისს, კანონით დადგენილი გასაჩივრების 21-დღიანი ვადის ათვლა უნდა დაიწყოს 2018 წლის 6 ივნისს, რომელიც ამოიწურა 2018 წლის 26 ივნისს. დადგენილია, რომ საკასაციო საჩივარი წარდგენილია 2018 წლის 25 ივნისს. შესაბამისად, განმცხადებელს არ დაურღვევია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების კანონით გათვალისწინებული ვადა, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქმის წარმოების განახლების საფუძველია.
22. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ გამოირკვევა, რომ საქმის წარმოების განახლების მოთხოვნა საფუძვლიანია, მაშინ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას სასამართლო გააუქმებს თავისი განჩინებით.
23. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ თ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 9 ივლისის განჩინება უნდა გაუქმდეს და განახლდეს საქმის წარმოება საკასაციო საჩივრის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შემოწმების ეტაპიდან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე, 430-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სსიპ თ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 9 ივლისის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 9 ივლისის განჩინება და განახლდეს საქმის წარმოება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპიდან;
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე