დატოვებულია განუხილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-843-843-2018 22 ივნისი, 2018 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ნ. გ-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ბ. გ-ე (მოსარჩელე)
თავდაპირველი მოპასუხე - დ. ვ-ე
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 8 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატის გაცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით ბ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ბ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინეს ნ. გ-ემ და დ. ვ-ემ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 13 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2018 წლის 15 თებერვალს ბ. გ-ემ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში წარადგინა განცხადება და მოითხოვა ამავე სასამართლოს 2015 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატის გაცემა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 8 მაისის განჩინებით ბ. გ-ის განცხადება დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ნ. გ-ემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. მითითებული ნორმის შესაბამისად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლო კერძო საჩივრის განხილვისას ხელმძღვანელობს მოცემული ინსტანციის სასამართლოსათვის დადგენილი ნორმებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან ათი დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამავე მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
ამავე კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან ან მხარისათვის სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების შესაბამისად.
მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით ირკვევა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 8 მაისის განჩინება გაეგზავნა ნ. გ-ეს საქმეში არსებულ მისამართზე და ჩაბარდა პირადად ადრესატს 2018 წლის 16 მაისს (იხ. ტ. 4, ს.ფ. 144).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან საქმის მასალებით დადგენილია, რომ სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატის გაცემის შესახებ განჩინება ნ. გ-ეს ჩაბარდა 2018 წლის 16 მაისს, მისთვის განჩინების გასაჩივრების 12 დღიანი ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2018 წლის 17 მაისს და ამოიწურა ამავე წლის 28 მაისს. საქმის მასალებით კი ირკვევა, რომ კერძო საჩივარი საქართველოს უზენაეს სასამართლოში გამოგზავნილია ფოსტის მეშვეობით 2018 წლის 5 ივნისს (იხ. ტ. 4, ს.ფ. 155), ანუ კანონით დადგენილი ვადის დარღვევით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან კერძო საჩივარი შეტანილია კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ იგი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 416-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ნ. გ-ის კერძო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 8 მაისის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ნ. ბაქაქური