დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 17.05.2019
საქმის ნომერი
ას-1839-2018
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
17.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-1839-2018 17 მაისი, 2019 წელი,ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – დ.კ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ე.კ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 25 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა 2018 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილებით ე.კ–ძის (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელი დ.კ–ძისა (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) და ნ.კ–ძის წინააღმდეგ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე დ.კ–ძეს დაეკისრა 30 000 ლარის გადახდა.

2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

4. სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივრის ავტორის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ არ დაკმაყოფილდა, საჩივრის ავტორს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 368-ე მუხლის შესაბამისად შედგენილი სააპელაციო საჩივრისა და სახელმწიფო ბაჟის სახით 1 200 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის, განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში, სასამართლოში წარდგენა. აპელანტს განემარტა, რომ დასახელებულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი.

5. სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, 2018 წლის 22 ოქტომბერს აპელანტის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა სასამართლოს და აპელანტის მძიმე მატერიალური მდგომარეობის გამო, მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის შემცირება.

6. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ), 48-ე მუხლის პირველ ნაწილზე „სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს უტყუარ მტკიცებულებებს წარუდგენს.“ მითითებით განმარტა, რომ შუამდგომლობის ავტორი შემოიფარგლა მხოლოდ აპელანტის მძიმე მატერიალურ მდგომარეობაზე მითითებით, თუმცა არ წარუდგენია აღნიშნული მდგომარეობის დამადასტურებელი მტკიცებულებები. ამასთან, სახელმწიფო ბაჟის გადახდასთან ერთად, აპელანტს დავალებული ჰქონდა სსსკ-ის 368-ე მუხლის შესაბამისად შედგენილი სააპელაციო საჩივრის წარდგენა.

7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლოს შეფასებით აპელანტმა ვერ შეძლო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის შევსება.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 25 ოქტომბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა აპელანტმა, მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა მოითხოვა.

9. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, გასაჩივრებული განჩინება დაუსაბუთებელი და საფუძველს მოკლებულია. სასამართლოს უფლება ჰქონდა გამოეცა განჩინება, რომლითაც უარს ეტყოდა აპელანტს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე და განუსაზღვრავდა ვადას სახელმწიფო ბაჟის გადახდისთვის, რითაც არ დაარღვევდა პროცესის მონაწილის კონსტიტუციურ უფლებას.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 მარტის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გაანალიზების, კერძო საჩივრის საფუძვლების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

11. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ განსახილველ შემთხვევაში, სწორად გამოიყენა სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

13. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში აპელანტმა ხარვეზი არ შეავსო.

14. საკასაციო სასამართლო მიუთითებს წინამდებარე განჩინების 4-7 პუნქტებში ასახულ დადგენილ გარემოებებზე და განმარტავს, რომ სსსკ-ის 48-ე მუხლის პირველი ნაწილის (დეფინიცია იხ. მე-6 პუნქტში) გათვალისწინებით, წინამდებარე შემთხვევაში დადგენილია, რომ აპელანტს არანაირი სახის მტკიცებულება არ წარუდგენია სააპელაციო სასამართლოსათვის, შესაბამისად, სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას ემსჯელა მხარისათვის სახელმწიფო ბაჟის გადავადების თაობაზე.

15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი დაუსაბუთებელი, რის გამოც არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დ.კ–ძის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 25 ოქტომბრის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 25 ოქტომბრის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე