საკასაციო საჩივარი

სამოქალაქო
საქმის ნომერი
ას-1101-2019
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #ას-1101-2019 29 ივლისი, 2019 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ბესარიონ ალავიძემ

ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე მ. ვ-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 6 მაისის განჩინებაზე, საქმეზე – ი. ჭ-ის სარჩელის გამო, მ. ვ-ისა და მ. დ-ის მიმართ პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახავი ინფორმაციის უარყოფისა და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე და

გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა მიიჩნევს, რომ მ. ვ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამავე კოდექსის 2591 მუხლის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ კასატორისათვის ცნობილი იყო გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღი (ტ.2, ს.ფ.265-272). ამდენად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20 დღე არის 2019 წლის 26 მაისი, ხოლო 30-ე დღე – 2019 წლის 5 ივნისი. გამომდინარე აქედან, მხარეს შეეძლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება ჩაებარებინა 2019 წლის 26 მაისიდან 2019 წლის 5 ივნისამდე, საქმის მასალებით კი დგინდება, რომ, მ.ვ-ემ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ჩაიბარა 2019 წლის 18 ივნისს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი 30-დღიანი ვადის დარღვევით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისიწნებით, პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის შეტანის ვადის დენა დაიწყო 2019 წლის 6 ივნისს – სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 31-ე დღეს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრების 21-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2019 წლის 6 ივნისს და დასრულდა 2019 წლის 26 ივნისს. საქმეში წარმოდგენილი, საკასაციო საჩივარზე დართული კონვერტით დასტურდება, რომ ის საფოსტო განყოფილებას ჩაბარდა 2019 წლის 9 ივლისს, ამასთან, საკასაციო საჩივრის შედგენის თარიღად მითითებულია 2019 წლის 8 ივლისი, რაც უტყუარად ადასტურებს საპროცესო კოდექსით დადგენილი საკასაციო საჩივრის შეტანის ვადის დარღვევას. აღნიშნული კი მისი განუხილველად დატოვების აბსოლუტური საფუძველია.

საკასაციო პალატა დამატებით გაამახვილებს ყურადღებას იმ გარემოებაზე, რომ საქმეში წარმოდგენილია მ. ვ-ის 2019 წლის 30 მაისის განცხადება, რომლითაც ის მოითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 6 მაისის დასაბუთებული განჩინების გადაგზავნას მის მიერ მითითებულ მისამართზე (ქ...., ა. ქ.#6, ბ....), ვინაიდან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ახერხებს სააპელაციო სასამართლოში გამოცხადებას. ასევე საქმის მასალებით დგინდება, რომ სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რამდენიმეჯერ გაუგზავნა მ.ვ-ეს დასაბუთებული განჩინება მისი მოთხოვნის შესაბამისად მის მიერვე მითითებულ მისამართზე მაგრამ არცერთხელ არ ჩაბარდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, განჩინება უნდა ჩაითვალოს ჩაბარებულად, ხოლო ჩაბარების თარიღად განისაზღვროს კურიერის მეორე ვიზიტი - 2019 წლის 10 ივნისი (ტ.2, ს.ფ.303). აღსანიშნავია, რომ საკასაციო საჩივრის შეტანის 21-დღიანი ვადა ამ თარიღიდანაც დარღვეულია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. ვ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 6 მაისის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ბ. ალავიძე