შუამდგომლობა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე№ა-1802-შ-47-2019 30 ივლისი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ნ.მ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ი.კ–ი (მოპასუხე)
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – გერმანიის, მაინის ფრანკფურტის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2017 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება # 21200/16 S
დავის საგანი – განქორწინება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. გერმანიის, მაინის ფრანკფურტის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2017 წლის 21 ივნისის # 21200/16 S გადაწყვეტილებით (შემდეგში: უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილება) ნ.კ–სა (შემდეგში: მოსარჩელე, შუამდგომლობის ავტორი ან განმცხადებელი) და ი.კ–ს (შემდეგში: მოპასუხე) შორის მაინის ფრანკფურტის, მიტტეს მმაჩის ბიუროში, მმაჩის ბიუროს გამგის მიერ 2015 წლის 8 იანვარს რეგისტრირებული ქორწინება, რეგისტრაციის ნომერი # E19/2015, შეწყდა.
2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა განმცხადებელმა და მოითხოვა უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა, განქორწინების თაობაზე.
3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი, აპოსტილით დამოწმებული სასამართლოს გადაწყვეტილებითა და თავად შუამდგომლობის ავტორის განცხადებით დადასტურებულია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე საცნობი უცხო ქვეყნის გადაწყვეტილება 2017 წლის 1 აგვისტოდან კანონიერ ძალაშია შესული.
4. უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით განქორწინების თაობაზე გადაწყვეტილება მიღებულია ზეპირი მოსმენით განხილვის შედეგად.
5. შუამდგომლობას თან ერთვის განმცხადებლის გვარის შეცვლის შესახებ ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ შუამდგომლობის ავტორს დაუბრუნდა ქალიშვილობის გვარი - მ–ი.
6. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 10 ივლისის განჩინებით განმცხადებლის შუამდგომლობა მიღებულია განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებას და თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ განმცხადებლის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
7. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ განქორწინების თაობაზე განცხადება მოსარჩელემ წარადგინა და მოთხოვნას მოპასუხე დაეთანხმა.
8. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, ხოლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
9. წინამდებარე განჩინების მე-7 პუნქტში მითითებული ნორმის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით, კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაში, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ასეთი დამაბრკოლებელი გარემოებები საქმის მასალების მიხედვით არ არის წარმოდგენილი.
10. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 69-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ.მ–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს გერმანიის, მაინის ფრანკფურტის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2017 წლის 21 ივნისის # 21200/16 S გადაწყვეტილება, რომლითაც ნ.კ–სა (გვარის შეცვლის შემდეგ მ–ი) და ი.კ–ს შორის მაინის ფრანკფურტის, მიტტეს მმაჩის ბიუროში, მმაჩის ბიუროს გამგის მიერ 2015 წლის 8 იანვარს რეგისტრირებული ქორწინება, რეგისტრაციის ნომერი # E19/2015, შეწყდა;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე