გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
4 ივლისი, 2019 წელი, საქმე № ას-874-2019 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ნ.ს–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები - შპს „სამშენებლო კომპანია ნ–ე“, ამხანაგობა „ბ–ი “, რ.ს–ა, მ.კ–ი, დ.მ–ძე, კ.კ–ძე, ზ.გ–ა, ე.ტ–ძე, დ.ი–ი, ნ.ქ–ი, თ.ბ–ი, ნ.კ–ი, რ.ხ–ი, თ.კ–ძე, ლ.ჯ–ძე, რ.ყ–ძე (ვ.ყ–ის უფლებამონაცვლე), ი.უ–ი, თ.ე–ძე, ნ.გ–ი, ჯ.მ–ა, ლ.ჯ–ა და დ.ჯ–ა (გ.ჯ–ას უფლებამონაცვლეები), ვ.ქ–ი, ლ.მ–ი, გ.ჯ–ი, ნ.გ–ი, გ.ჯ–ი, ქ.ჩ–ი, ე.ბ–ძე, თ.წ–ი, კ.ფ–სი, ვ.ფ–სი, მ.კ–ვი, ზ.თ–ი, ი.ჯ–ა, ა.გ–ა, ნ.თ–ძე, ქ.ჯ–ძე, მ.გ–ვა, მ.დ–ა, ბ.ფ–ძე (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 12 მარტის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად
დავის საგანი - ამხანაგობის კრების ოქმების ბათილად ცნობა, ამხანაგობა „ბ-ის“ წევრად აღიარება, სადამფუძნებლო და ინდივიდუალური ხელშეკრულებით, მორიგების აქტით ნაკისრი ვალდებულების შესრულება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის დაკმაყოფილება
ა ღ წ ერ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ნ.ს–მა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი აღძრა შპს „სამშენებლო კომპანია ნ–ეს“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც კომპანია), ამხანაგობა „ბ-სა” (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც ამხანაგობა; კომპანია და ამხანაგობა ერთობლივად მოხსენიებული, როგორც მოპასუხეები ან მოწინააღმდეგე მხარეები) და სხვათა წინააღმდეგ და მოითხოვა:
1.1. ამხანაგობის კრების ოქმების (2009 წლის 2 სექტემბრის # 10 კრების ოქმის მე-3 ნაწილი, 2010 წლის 15 აპრილის # 17, 2011 წლის 18 თებერვლის # 01-2011, 2011 წლის 12 აპრილის # 07-2011, 2011 წლის 12 აპრილის # 08-2011 და 2007 წლის 23 იანვრის კრების ოქმები) ბათილად ცნობა;
1.2. მოსარჩელის ამხანაგობის წევრად აღიარება;
1.3. 2006 წლის 22 მაისის ამხანაგობის სადამფუძნებლო ხელშეკრულებითა და 2006 წლის 8 ნოემბრის ინდივიდუალური ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, კერძოდ, მოსარჩელისათვის ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნივთის (საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების) შეთანხმებული პირობებით გადაცემა;
1.4. 2010 წლის 30 ივლისის მორიგების აქტით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, სახელდობრ, მოსარჩელისათვის ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნივთის (არასაცხოვრებელი ფართის) გადაცემა ამავე ხელშეკრულებით შეთანხმებული პირობებით, ასევე, მოსარჩელის საკუთრების უფლებით რეგისტრირებული სამი საოფისე ფართის საერთო კომუნ–აციის ქსელში ჩართვა.
2. მოპასუხეებმა წარდგენილი შესაგებლებით სარჩელი არ ცნეს.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი უარყოფილ იქნა.
4. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
5. 2019 წლის 11 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა აპელანტის ადვოკატმა - დ.მ–მა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც პირველი წარმომადგენელი, პირველი ადვოკატი, ადვოკატი/წარმომადგენელი), რომელმაც ავადმყოფობის გამო, იმავე წლის 12 მარტს დანიშნული სასამართლო სხდომის სხვა დროისთვის გადადება მოითხოვა.
6. 2019 წლის 12 მარტს, 12:00 საათზე, აპელანტი დანიშნულ მთავარ სხდომაზე, არ გამოცხადდა.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 12 მარტის განჩინებით, მოპასუხეთა შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და სააპელაციო საჩივარი, აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, დარჩა განუხილველად. სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 275-ე, 276-ე, 215.3, 70-ე-78-ე და 372-ე მუხლებით იხელმძღვანელა და განმარტა, რომ, განსახილველ შემთხვევაში, აპელანტის საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა არ დასტურდებოდა, შესაბამისად, მოპასუხეების შუამდგომლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, საფუძვლიანი იყო და უნდა დაკმაყოფილებულიყო.
7.1. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ აპელანტის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა - დ.მ–მა, განცხადებით მიმართა სააპელაციო პალატას, და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, სასამართლო სხდომის გადადების თაობაზე იშუამდგომლა. პალატის დასკვნით, წარმომადგენლის განცხადებაზე თანდართული ჯანმრთელობის ცნობის შინაარსი და მასში მითითებული რეკომენდაცია ამბულატორიული მკურნალობის თაობაზე, არ ადასტურებდა შუამდგომლობის წარმდგენი პირის სასამართლო სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობას. ამასთან, საქმეში არსებული მასალებით ირკვეოდა, რომ აპელანტს განსახილველ დავაში, მის მიერ გაცემული და განუსაზღვრელი ვადით მოქმედი მინდობილობების საფუძველზე, გარდა პირველი წარმომადგენლისა, სხვა წარმომადგენლებიც ჰყავდა, რომლებიც მოცემული დავის განხილვისას აქტიურად მონაწილეობდნენ სასამართლო სხდომებსა და სხვადასხვა საპროცესო მოქმედებებში. ამდენად, არ იკვეთებოდა სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რაიმე ისეთი საპატიო გარემოება, რომელიც ამავე კოდექსის 276-ე მუხლის კონტექსტში სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების მიღებას გამორიცხავდა.
8. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში განსახილველად დაბრუნების მოთხოვნით. კერძო საჩივრის ავტორის ძირითადი პრეტენზიებია:
8.1. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ აპელანტს საქმის სააპელაციო ინსტანციით განხილვის დროს ჰყავდა მხოლოდ ერთადერთი ადვოკატი (პირველი წარმომადგენელი), რომელმაც სხდომის გადადების თაობაზე დასაბუთებული შუამდგომლობა წარადგინა, კერძოდ, ამ უკანასკნელმა შუამდგომლობას დაურთო ჯანმრთელობის შესახებ 2019 წლის 11 მარტის ცნობა, რომლითაც ცალსახად დასტურდებოდა, რომ ის ჯანმრთელობის მკვეთრად გაუარესების გამო, მომდევნო დღეს - 2019 წლის 12 მარტს, სხდომაზე გამოცხადებას ვერ შეძლებდა. ამდენად, უსაფუძვლოა სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ სხდომის გადადების შუამდგომლობაზე თანდართული ჯანმრთელობის ცნობით არ დასტურდებოდა, რომ წარმომადგენელი მომდევნო დღეს სხდომაზე დასწრებასა და მარწმუნებლის ინტერესების დაცვას ვერ შეძლებდა;
8.2. აღნიშნული საქმე ერთ-ერთი, მოპასუხის გარდაცვალების გამო, საკმაოდ ხანგრძლივი დროით იყო შეჩერებული, უკანასკნელ სხდომებსა და სააპელაციო საჩივრის წარდგენის ეტაპზე, მხოლოდ პირველი წარმომადგენელი იცავდა მოსარჩელის ინტერესებს, რაც საქმეში წარმოდგენილი მასალებით უტყუარად დასტურდება, კერძოდ: 2014 წლის 22 აპრილს გამართულ სასამართლო სხდომაზე, მოსარჩელეს წარმოადგენდა მხოლოდ პირველი ადვოკატი და არა სხვა წარმომადგენლები. ამასთან, მომჩივნის აზრით, საყურადღებოა ისიც, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალებით, 2013 წლის შემდეგ, მოსარჩელის სხვა წარმომადგენლების ხელმოწერილი დოკუმენტი ან მათი მხრიდან რაიმე საპროცესო მოქმედების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, არ მოიპოვება.
შესაბამისად, გასაჩივრებულ განჩინებაში ასახული მსჯელობა, რომ აპელანტს ჰყავდა სხვა წარმომადგენლებიც, რომლებიც აქტიურად იცავდნენ მოსარჩელის ინტერესებს მოცემულ დავაში, დაუსაბუთებელია. ამასთან, როგორც უკვე აღინიშნა, სხვა რწმუნებულები მოსარჩელეს წარმოადგენდნენ მხოლოდ საქმის პირველი ინსტანციით განხილვის საწყის ეტაპზე.
8.3. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოსარჩელის წარმომადგენელთაგან ორმა თავად განაცხადა უარი მოსარჩელის ინტერესების დაცვაზე, შესაბამისად, ამ გარემოებითაც ცალსახად დასტურდება, რომ სააპელაციო განხილვის ეტაპზე, აპელანტის ინტერესებს მხოლოდ პირველი წარმომადგენელი იცავდა, რომელმაც სხდომის გადადების თაობაზე, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, დასაბუთებული შუამდგომლობა წარუდგინა სასამართლოს. აღნიშნულს ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი მოსარჩელის ერთ-ერთი სხვა რწმუნებულის (ზ.დ–ის) ახსნა-განმარტებაც, რომლითაც ეს უკანასკნელი განმარტავს, რომ ის მოსარჩელის ინტერესებს აღარ იცავს;
8.4. გასაჩივრებული განჩინება ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალსა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპულ კონვენციას, კერძოდ, აღნიშნული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი სახელმწიფოებს უტოვებს თავისუფალ არჩევანს, რათა თავად გადაწყვიტონ, თუ რა საშუალებები გამოიყენონ მოსარჩელისათვის აღნიშნული უფლების უზრუნველსაყოფად. სასამართლო პროცესზე პირის გამოცხადების საკითხი, სამართალწარმოების ფორმა - ზეპირი თუ ზეპირის გარეშე და იურიდიული წარმომადგენლობა ურთიერთდაკავშირებულია და უნდა შეფასდეს კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლების ფართო კონტექსტში (იხ. steel and Morris v. the United Kingdom).
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 17 ივნისის განჩინებით, კერძო საჩივარი, სსსკ-ის 414-ე-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
კერძო საჩივარი დასაბუთებულია. მოსარჩელეს უფლება აქვს, მოითხოვოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება სსსკ-ის 393.3 და ამავე კოდექსის 216-ე და 215.3 მუხლების დანაწესებიდან გამომდინარე.
10. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
11. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტი, რომელსაც საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით ეცნობა მთავარი სხდომის დანიშვნის შესახებ, სხდომაზე არ გამოცხადდა, მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ სხდომის გადადების თაობაზე წარდგენილი შუამდგომლობით არ დასტურდებოდა, რომ დანიშნულ სასამართლო სხდომაზე ის გამოცხადებას ვერ შეძლებდა, ამასთან, გარდა პირველი წარმომადგენლისა, აპელანტის ინტერესებს სხვა ადვოკატებიც იცავდნენ, ამასთან, მოწინააღმდეგე მხარემ იშუამდგომლა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
12. სსსკ-ის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. მითითებული ნორმა შესაძლებლობას აძლევს სააპელაციო სასამართლოს, იხელმძღვანელოს საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვისათვის განსაზღვრული წესებით, თუ სადავო ურთიერთობა სცდება კანონმდებლის მიერ სააპელაციო სასამართლოსათვის სპეციალურად დადგენილ ნორმათა რეგულირების სფეროს. სსსკ-ის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე (განმცხადებელი) არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე თანახმაა, სარჩელი (განცხადება) განუხილველად იქნეს დატოვებული.
13. სსსკ-ის 387-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ყველა სხვა შემთხვევაში, გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ (სსსკ-ის 229-242 მუხლები). შესაბამისად, აპელანტის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია, სსსკ-ის 229-ე მუხლის პირობების დაცვით გამოიტანოს არა მარტო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, არამედ დატოვოს სააპელაციო საჩივარი განუხილველად, რასაც უკავშირდება სსსკ-ის 276-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
14. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, განუხილველად დატოვოს სააპელაციო საჩივარი, თუ აპელანტი, რომელსაც საქმის განხილვის შესახებ სასამართლო უწყება სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ჩაჰბარდა, სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა, ხოლო მოწინააღმდეგე მხარე იშუამდგომლებს ან თანხმობას გამოთქვამს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებასთან დაკავშირებით.
15. განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ აპელანტს კანონით დადგენილი წესით ეცნობა საქმის განხილვის შესახებ. სადავოა მხოლოდ ის, ჰქონდა თუ არა აპელანტს სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი.
16. სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიოდ მიჩნევის წანამძღვრებს და ასეთად მიიჩნევს ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებას, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის საპროცესო მოქმედების შესრულებას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
მითითებული ნორმის დანაწესი ადგენს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, მხარის მიერ კონკრეტული საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა ჩათვალოს საპატიოდ, თუკი აღნიშნული მოქმედება მან ვერ შეასრულა ავადმყოფობის გამო. ამ შემთხვევაში, ისევე, როგორც ზოგადად სამოქალაქო სამართალწარმოებისას, მხარეს ეკისრება სადავო გარემოების მტკიცების ტვირთი. მეტიც, კანონის ზემოაღნიშნული დანაწესი პირდაპირ განსაზღვრავს, თუ რა მტკიცებულებით უნდა დადასტურდეს მხარის ავადმყოფობის ფაქტი და ასეთად მიიჩნევს სამედიცინო დოკუმენტს, რომელიც: ა) ხელმოწერილია სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ; ბ) პირდაპირ მიუთითებს მხარის შეუძლოდ ყოფნაზე კონკრეტული დროის მონაკვეთში (რომლის განმავლობაშიც უნდა შესრულებულიყო სადავო საპროცესო მოქმედება); გ) ასახავს პაციენტის ჯანმრთელობის იმგვარ გაუარესებას, რაც გამორიცხავს საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.
საკასაციო სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს, განიმარტოს კანონმდებლის დათქმა – „პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე“.
აღნიშნული დანაწესი გულისხმობს, რომ სამედიცინო ცნობაში გასაგებად უნდა იკითხებოდეს მხარის ისეთი მძიმე ავადმყოფობა, რომელიც რეალურად შეუშლის ხელს გადაადგილებასა და სასამართლოსთან კომუნ–აციაში. აღნიშნული ეჭვს არ იწვევს, როდესაც დგინდება მხარისათვის სტაციონარული სამედიცინო მომსახურების გაწევის ფაქტი ან მკურნალი ექიმის რეკომენდაცია წოლითი რეჟიმის დაცვის თაობაზე, თუმცა გასათვალისწინებელია ისეთი შემთხვევაც, როდესაც სამედიცინო დოკუმენტი შეიცავს მხოლოდ პაციენტისათვის დასმულ დიაგნოზს. ეს დიაგნოზი კი, თავისთავად მეტყველებს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმეზე (შდრ. სუსგ. №ას-1109-1029-2017, 18.10.2017 წ., №ას-749-749-2018, 23.01.2019წ).
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებში წარმოდგენილი განცხადებით დასტურდება, რომ აპელანტების წარმომადგენელმა 2019 წლის 11 მარტს მიმართა სააპელაციო სასამართლოს და, ავადმყოფობის გამო, იშუამდგომლა 2019 წლის 12 მარტს დანიშნული სხდომის სხვა დროს გადადების შესახებ. შუამდგომლობის ავტორმა განცხადებას თან დაურთო მისი ჯანმრთელობის შესახებ ცნობა (ფორმა №100), რომელშიც მითითებული იყო, რომ წარმომადგენელს აღენიშნებოდა სუნთქვის გართულება; ცხვირიდან წყლისებრი გამონადენი, მშრალი ინტენსიური ხველა; პერიოდული სპაზმი, ტემპერატურის 38 გრადუსამდე მომატება, ავადმყოფობის მიმდინარეობა იყო მწვავე და საჭიროებდა ამბულატორულ მკურნალობას სიმპტომური საშუალებებით.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ, მართალია, სამედიცინო ცნობაში პირდაპირ არ არის მითითებული სასამართლოში გამოუცხადებლობის შეუძლებლობის შესახებ, თუმცა მასში ასახული ინფორმაცია აპელანტის წარმომადგენლის ჯანმრთელობაზე, სახელდობრ, დიაგნოზი და სიმპტომები (სიცხე, მშრალი ინტენსიური ხველა და ა.შ.), სწორედ კანონით გათვალისწინებული საპატიო მიზეზის შემადგენლობას ქმნის, ხოლო ცნობის ფორმალური შეუსაბამობა კანონთან არ შეიძლება, მის გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველი გახდეს, რამდენადაც სასამართლო ჯანმრთელობის ცნობას, მსგავსად ნებისმიერი მტკიცებულებისა, სამოქალაქო საპროცესო კოდექის 105-ე მუხლით დადგენილი წესით აფასებს (შდრ. სუსგ. №ას-955-917-2014, 24.07.2015 წ., №ას-187-179-2016, 6.05.2016წ.)
17. რაც შეეხება გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებულ გარემოებას, რომ აპელანტი განსახილველ დავაში, გარდა პირველი წარმომადგენლისა, სხვა წარმომადგენლებითაც იყო უზრუნველყოფილი, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მხარე, რომელიც დავაში წარმოდგენილია რამდენიმე წარმომადგენლით (ადვოკატით), თავად განსაზღვრავს, თუ რომელ წარმომადგენელს რა საპროცესო მოქმედების განხორციელებას ანდობს. კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოცემული დავის სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში განხილვისას, აპელანტის ინტერესებს მხოლოდ პირველი წარმომადგენელი ახორციელებდა. შესაბამისად, გასაზიარებელია აპელანტის მტკიცება, რომ სააპელაციო ინსტანციაში საქმისწარმოება მას მთლიანად პირველ წარმომადგენელზე ჰქონდა მინდობილი.
მხარისა და წარმომადგენლის ურთიერთობის გათვალისწინებით, როდესაც მხარე მისი უფლების დაცვის შესაძლებლობას წარმომადგენელს მიანიჭებს, მათ შორის, არსებული დამოკიდებულების განსაკუთრებული ნდობის გათვალისწინებით, თუ წარმომადგენელი მინიჭებულ უფლებამოსილებას არაკეთილსინდისიერად არ ახორციელებს, წარმომადგენლის საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა მხარისათვის არახელსაყრელი შედეგის წინაპირობა არ შეიძლება გახდეს, რადგანაც მას ამ ურთიერთობის მიმართ კანონიერი ნდობა აქვს და ორიენტირებულია ადვოკატის მიერ მისი უფლების კვალიფიციურად დაცვაზე, შესაბამისად, მოცემული შემთხვევიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც დასტურდება პირველი ადვოკატის სასამართლო სხდომაზე საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის ფაქტი, მიუხედავად სხვა წარმომადგენლების გამოუცხადებლობისა, სააპელაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი არ არსებობდა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაზიარებელია კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს სააპელაციო საჩივარი განუხილველად არ უნდა დაეტოვებინა.
18. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა დეტალურად აღარ იმსჯელებს განსახილველი კერძო საჩივრის ყველა პრეტენზიაზე.
19. ამრიგად, სსსკ-ის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ.ს–ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 12 მარტის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი