შუამდგომლობა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ა-1659-შ-36-2018 4 ოქტომბერი, 2019 წელი,ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი);
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – გ.გ–ა (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ.თ–ძე (მოპასუხე)
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე აღიარებასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე
– რუსეთის ფედერაციის, ქ. ირკუტსკის კიროვის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილება N2-228/2017
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. გ.გ–ასა (შემდეგში: მოსარჩელე, შუამდგომლობის ავტორი, კრედიტორი ან გამსესხებელი) და გ.თ–ძეს (შემდეგში: მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე, მსესხებელი ან მოვალე) შორის 2016 წლის 17 მაისს სესხის ხელშეკრულება დაიდო. გამსესხებელმა მსესხებელს 54 000 000 რუბლი გადასცა, ყოველთვიური სარგებლის 3%-ის დარიცხვით, რაც თვეში 1 620 000 რუბლს შეადგენდა. ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა მოვალეს კრედიტორისათვის არაუგვიანეს 2016 წლის 15 სექტემბრისა უნდა დაებრუნებინა.
2. მოპასუხეს მოსარჩელისათვის ნასესხები თანხა, არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, არ დაუბრუნებია.
3. მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის მიმართ 57 240 000 რუბლია, საიდანაც 54 000 000 რუბლი ძირითადი თანხაა, ხოლო 3 240 000 რუბლი - საპროცენტო სარგებელი.
4. რუსეთის ფედერაციის, ქ. ირკუტსკის კიროვის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 24 იანვრის #2-228/2017 გადაწყვეტილებით (შემდეგში: უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილება) გამსესხებლის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ სესხის ძირითადი თანხის 54 000 000 რუბლისა და სახელმწიფო ბაჟის - 60 000 რუბლის გადახდა დაეკისრა.
5. უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ იგი კანონიერ ძალაშია შესული და უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.
6. 2018 წლის 5 აპრილის საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა კრედიტორმა და უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღიარება-აღსრულება მოითხოვა.
7. შუამდგომლობა თანდართულ დოკუმენტებთან ერთად წარმოებაში იქნა მიღებული და მისი ასლი მოწინააღმდეგე მხარეს გაეგზავნა საქმის ზეპირი განხილვის მოთხოვნისა და მოსაზრების წარმოდგენის მიზნით.
8. საქართველოს უზენაეს სასამართლოს 2018 წლის 23 ივლისს განცხადებით მომართა მოწინააღმდეგე მხარემ და მოსაზრება წარმოადგინა:
8.1. მოპასუხის განმარტებით, მას უცხო ქვეყნის სასასამართლო უწყება სათანადო წესით არ ჩაჰბარებია, რის გამოც მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე („საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგში: სპეციალური კანონი) 68-ე მუხლის მეორე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი).
8.2. მოწინააღმდეგე მხარემ საკასაციო სასამართლოს წარმოუდგინა 2018 წლის 5 ივლისის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ინფორმაცია, რომელიც შეეხება მოვალის საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთას 1997 წლიდან 2018 წლის 5 ივლისამდე. აღნიშნული დოკუმენტის დანართი 10-ის მიხედვით დადგენილია, რომ მსესხებელმა საქართველოს საზღვარი ბოლოს გადმოკვეთა 2016 წლის 14 მაისს თბილისის აეროპორტის მეშვეობით და საქართველოს საზღვარი დღემდე არ დაუტოვებია. აღნიშნული მტკიცებულება მოწმობს, რომ მოპასუხე ვერ ჩაიბარებდა უცხო ქვეყნის სასამართლო უწყებას, დაკვეთილ წერილს და ტელეგრამას, ვინაიდან 2016 წლის 14 მაისის 2:56 საათიდან დღემდე საქართველოს სახელმწიფო ტერიტორიაზე იმყოფება.
8.3. მსესხებლის განმარტებით, „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი მხარდაჭერისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ“ მინსკის კონვენციის (შემდეგში: მინსკის კონვენცია) 53-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულებისათვის აუცილებელია შუამდგომლობას დაერთოს დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდება მხარისათვის სასამართლო უწყების ჩაბარების ფაქტი, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.
8.4. მოწინააღმდეგე მხარემ განაცხადა, რომ სესხის ხელშეკრულება, რომელსაც უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილება ეფუძნება, არ არსებობს. მოპასუხემ შუამდგომლობის ზეპირი მოსმენით განხილვა მოითხოვა.
9. მოპასუხემ 2018 წლის 23 ივლისს შუამდგომლობით მომართა საკასაციო სასამართლოს და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 134-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად მოსარჩელისათვის იმ მტკიცებულების წარმოდგენის დავალდებულება მოითხოვა, რომლითაც დადასტურდება მოპასუხისათვის უცხო ქვეყნის სასამართლოს უწყების ჩაბარების ფაქტი. ასევე, მოწინაამდეგემ მოითხოვა, რომ შუამდგომლობის ავტორმა საკასაციო სასამართლოს წარმოუდგინოს 2016 წლის 17 მაისის სესხის ხელშეკრულება.
10. საკასაციო სასამართლოს 2018 წლის 15 აგვისტოს განცხადებით მომართა შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენელმა და უცხო ქვეყნის კანონმდებლობაზე დაყრდნობით განმარტა, რომ მოპასუხე სათანადო წესით იქნა მიწვეული უცხო ქვეყნის სასამართლოში საქმის განხილვაზე, სადაც ის არ გამოცხადდა და არც რაიმე შეუტყობინებია სასამართლოსათვის. რაც შეეხება, საქმის მასალებს, ისინი გამოთხოვილია უცხო ქვეყნის სასამართლოდან და მათი მიღების შემდეგ წარდგენილი იქნება საკასაციო სასამართლოსათვის.
11. 2018 წლის 31 აგვისტოს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა გამსესხებლის ადვოკატმა და წარმოადგინა: სესხის ხელშეკრულების, ხელწერილის, პასპორტის, შრომის წიგნაკის, მინდობილობისა და ქვითრების ასლები.
12. 2018 წლის 20 სექტემბერს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა მსესხებლის წარმომადგენელმა და აღნიშნა, რომ 2016 წლის 14 სექტემბერს მოპასუხემ საქართველოში - თბილისის აეროპორტში შემოსვლის შემდეგ ისარგებლა ქ. თბილისში სასტუმროს მომსახურებით, ვინაიდან იგი მეუღლესთან განქორწინებულია 2015 წლის 11 მარტიდან და საქართველოში შემოსვლის დროს სხვა საშუალება გარდა იმისა, რომ დროებით გაჩერებულიყო სასტუმროში ალტერნატიული საცხოვრებლის მოძებნამდე, არ გააჩნდა. შპს „O.C.ო.ს–ის“ 2018 წლის 17 სექტემბრის წერილიდან ირკვევა, რომ მოპასუხე აღნიშნულ სასტუმროში მართლაც ცხოვრობდა 2016 წლის 14 მაისიდან და სასტუმრო დატოვა 2016 წლის 21 მაისს. სასტუმროს ადმინისტრაციამ ასევე წარმოადგინა ცნობა მოპასუხის ცხოვრების ფაქტის, საცხოვრებელი ოთახის ნომერისა და გადახდილი საფასურის შესახებ. მსესხებელი მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით უდავოდ დასტურდება მსესხებლის საქართველოს სახელმწიფოში ყოფნის ფაქტი ე.წ. სესხის ხელშეკრულების უცხო ქვეყანაში „დადების დროს“, რაც გამორიცხავს მოწინააღმდეგე მხარის შემხებლობას აღნიშნულ „ხელშეკრულებასთან“ და ე. წ. 2016 წლის 17 მაისს სესხის სახით 54 000 000 რუსული რუბლის მიღების „ხელწერილთან“.
13. მოწინააღდეგე მხარის განმარტებით, შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი სესხის ხელშეკრულების ბოლოში მითითებულ მხარეთა რეკვიზიტებში შეცდომაა დაშვებული და მსესხებლის პასპორტის ნომერი არასწორადაა ასახული.
14. 2019 წლის 5 მარტს საკასაციო სასამართლოს მოვალის წარმომადგენელმა განცხადებით მომართა და განაცხადა, რომ უცხო ქვეყნის სასამართლოში 2017 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილება გაუქმდა და კრედიტორის სარჩელზე სამოქალაქო საქმის წარმოება განახლდა. უცხო ქვეყნის სასამართლოს 2019 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილებით გაუქმდა ამავე სასამართლოს 2017 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილება იმ საფუძვლით, რომ მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე.
15. მოწინააღმდეგე მხარის განმარტებით, ვინაიდან არ არსებობს უცხო ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შუამდგომლობის ავტორს უარი უნდა ეთქვას შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე. მოპასუხემ შუამდგომლობის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა იშუამდგომლა, რადგან აღარ არსებობს საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის საფუძვლები.
16. მსესხებლის 2019 წლის 5 მარტის განცხადებას ერთვის უცხო ქვეყნის სასამართლოს 2019 წლის 25 იანვრის განჩინება, რომლითაც უცხო ქვეყნის სასამართლოს 2017 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გაუქმდა და საქმის წარმოება განახლდა. განჩინებაში მითითებულია, რომ მისი გასაჩივრება შესაძლებელია და ის კანონიერ ძალაში არ შესულა.
17. 2019 წლის 5 მარტის განცხადებისა და თანდართული დოკუმენტის ასლი შუამდგომლობის ავტორს გაეგზავნა და 2019 წლის 18 ივლისს პირადად ჩაჰბარდა მის წარმომადგენელ, ა.გ–ას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, თანდართულ მასალებს და მიაჩნია, რომ შუამდგომლობა უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღიარებისა და იძულებითი აღსრულების შესახებ განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.
18. მინსკის კონვენციის მესამე თავით მოწესრიგებულია გადაწყვეტილების აღიარებისა და აღსრულების შესახებ საკითხები. მინსკის კონვენციის 55-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად 52-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების აღიარებაზე და იძულებითი აღსრულების ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუკი ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობის თანახმად, რომლის ტერიტორიაზეც გამოტანილია გადაწყვეტილება, იგი არ შესულა კანონიერ ძალაში ან არ ექვემდებარება აღსრულებას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც გადაწყვეტილება ექვემდებარება აღსრულებას კანონიერ ძალაში შესვლამდე.
19. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე აღიარებასა და აღსრულებას ითხოვს შუამდგომლობის ავტორი გაუქმებულია უცხო ქვეყნის სასამართლოს 2019 წლის 25 იანვრის განჩინებით, რომლითაც უცხო ქვეყნის სასამართლოს 2017 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გაუქმდა და საქმის წარმოება განახლდა. უცხო ქვეყნის სასამართლოს 2019 წლის 25 იანვრის განჩინებაში მითითებულია, რომ ის კანონიერ ძალაში არ შესულა.
20. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ უცხო ქვეყნის სასამართლოს 2017 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილება გაუქმებულია და საქმის წარმოება განახლებულია, რის გამოც არ არსებობს მინსკის კონვენციის 51-55 მუხლებით დადგენილი გადაწყვეტილების აღიარებისა და აღსრულების წინაპირობები. იქედან გამომდინარე, რომ უცხო ქვეყნის სასამართლოს 2019 წლის 25 იანვრის განჩინებაში მითითებულია, რომ ის კანონიერ ძალაში არ შესულა, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.
21. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმაზე, რომ უცხო ქვეყნის სასამართლოს 2019 წლის 25 იანვრის განჩინების ასლი გაეგზავნა და ჩაჰბარდა შუადგომლობის ავტორის წარმომადგენელს, მას კი ამ განჩინების საწინააღმდეგოდ საკასაციო სასამართლოსათვის მოსაზრება არ წარმოუდგენია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ კონვენციის 51-55 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ.გ–ას შუამდგომლობა, რუსეთის ფედერაციის, ქ. ირკუტსკის კიროვის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 24 იანვრის N2-228/2017 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღიარებისა და აღსრულების თაობაზე, დარჩეს განუხილველად;
2.საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე