დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 01.07.2016
საქმის ნომერი
ას-1051-1006-2014
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
01.07.2016

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-1051-1006-2014 1 ივლისი, 2016 წელი,ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – სსიპ შემოსავლების სამსახური (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „გ.მ–ი“, ო.ბ–ძე (მოპასუხეები)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. შპს „გ.მ–ის“ (რეგისტრირებული სამეწარმეო რეესტრში 2006 წლის 31 ივლისს, ს/კ # ....; შემდეგში: პირველი მოპასუხე, შპს ან საწარმო) 100 % -იანი წილის მფლობელი და დირექტორი არის ო.ბ–ძე (შემდეგში: მეორე მოპასუხე ან დირექტორი; იხ. სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი - ს.ფ. 16).

2. სპეციალურ გამოკვლევათა და ექსპერტიზის დეპარტამენტის მესამე სამმართველოს მთავარი ინსპექტორის მიერ 2011 წლის 28 თებერვლის აქტისა და აუდიტის დეპარტამენტის კამერალური შემოწმების სამმართველოს უფროსის 2011 წლის 29 მარტის მიმართვის საფუძველზე, სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტმა, 2011 წლის 30 მარტს, მიიღო # 745 ბრძანება (იხ. ს.ფ. 77-79), რომლის თანახმადაც, საწარმოს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით დაეკისრა სულ 470 290 ლარი, მათ შორის - ძირითადი გადასახადი - 302 904 ლარი, ჯარიმა - 167 386 ლარი. 2011 წლის 31 მარტს, საწარმოს გაეგზავნა საგადასახადო მოთხოვნა # 68.

3. საწარმომ თანხების დარიცხვაზე მიღებული ადმინისტრაციული აქტები გაასაჩივრა ჯერ ფინანსთა სამინისტროს სისტემაში, სადაც მისი საჩივრები არ დაკმაყოფილდა, ხოლო შემდეგ- სასამართლოში.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოში არ დაკმაყოფილდა საწარმოს სარჩელი, რაც უცვლელად დარჩა ზემდგომ ინსტანციებში გასაჩივრების შემდეგაც და, საბოლოოდ, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2011 წლის 31 მარტის #745-ე ბრძანების საფუძველზე, საწარმოსათვის დარიცხული 470 290 ლარი იქცა აღიარებულ საგადასახადო დავალიანებად.

5. საწარმოს დირექტორს (იხ. ამ განჩინების პირველი პუნქტი) ეკისრებოდა საწარმოს აღიარებული გადასახადის გადახდის ვალდებულება. დირექტორი ვალდებული იყო, 45 სამუშაო დღის ვადაში გადაეხადა საწარმოსათვის დარიცხული და აღიარებული ვალდებულების ძირითადი თანხა - 302 904 ლარი, რაც მას არ გაუკეთებია და ამ საფუძვლით, მის წინააღმდეგ დაიწყო სისხლის სამართლის საქმის წარმოება, განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ პუნქტი), სადაც დაზარალებულად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახური (შემდეგში: მოსარჩელე, დაზარალებული ან კასატორი; იხ. დაზარალებულად ცნობის დადგენილება - ს.ფ. 18-19).

6. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 21 ივნისის განაჩენით, საწარმოს დირექტორს მსჯავრი დაედო, 2006-დან 2012 წლამდე პერიოდში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 302 904 ლარი - გადასახადების გადახდის არიდებაში, რომლის გადახდის ვალდებულება არ შეჩერებულა კანონის საფუძველზე (იხ. განაჩენი - ს.ფ. 20-25).

7. საწარმოს დღემდე ერიცხება ძირითად გადასახდელზე ჯარიმა-საურავები.

8. დაზარალებულმა 2013 წლის 19 სექტემბერს აღძრა სარჩელი საწარმოსა და მისი დირექტორის წინააღმდეგ; მოითხოვა სახელმწიფო ბიუჯეტისათვის მიყენებული ზიანის - 779 639 ლარის (სარჩელის აღძვრის დროისათვის, ამ განჩინების მე-6 პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით) ანაზღაურება, რაც სოლიდარულად უნდა დაჰკისრებოდათ მოპასუხეებს. სარჩელის სამართლებრივ საფუძვლად, დაზარალებულმა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 992-ე და 998-ე მუხლებზე, ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 30916 -ე, 30917 -ე მუხლებზე მიუთითა.

9. მოპასუხეებმა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი წარადგინეს და აღნიშნეს, რომ 302 904 ლარი და მასზე დარიცხული ჯარიმა-საურავები აღიარებული საგადასახადო ვალდებულებაა, იგი უკვე დაკისრებული აქვს გადასახდელად საწარმოს, შესაბამისად, ერთი და იმავე თანხის მეორეჯერ დაკისრება დაუშვებელი იყო, ასევე, არ არსებობდა მოპასუხეების სოლიდარული პასუხისმგებლობის საფუძველი.

10. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა დაზარალებულის სასარჩელო მოთხოვნა, შესაბამისად, გაუქმდა იმავე სასამართლოს 2013 წლის 19 სექტემბრისა და 29 ნოემბრის განჩინებები სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე და მოიხსნა სანივთოსამართლებრივი შეზღუდვა - ყადაღა მოპასუხეთა კუთვნილ მოძრავ ნივთებსა და კაპიტალურ საზოგადოებაში პარტნიორის 100 %-იან წილზე

11. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-7 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და აღნიშნა, რომ საწარმო 2006 წლიდან საქმიანობდა. მხარეთა შორის სადავო არ იყო, რომ საწარმოს სახელმწიფო ბიუჯეტში დროულად უნდა გადაეხადა 302 904 ლარი, რაც დღემდე არ გადაუხდია. ბიუჯეტთან ანგარიშსწორება წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირების მეშვეობით ხორციელდება, ხოლო ასეთი პირი შეიძლება იყოს დირექტორი. მოპასუხე საწარმოს დირექტორს კანონით დადგენილ 45 სამუშაო დღეში არ გადაუხდია საწარმოსათვის დარიცხული და აღიარებული ვალდებულება, რაც საწარმოს დირექტორის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის აღძვრისა და შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი გახდა.

12. სასამართლომ სსკ-ის 992-ე, 998-ე, 411-ე მუხლებზე და დელიქტური ვალდებულების დადგენისათვის აუცილებელ ელემენტებზე - ზიანის გამოწვევა სოლიდარული მართლსაწინააღმდეგო ქმედებით, მართლწინააღმდეგობის გამოწვევა ბრალით (განზრახ ან გაუფრთხილებლობით), ქმედების შედეგად ზიანის დადგომა და ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირი - მიუთითა.

13. განსახილველ დავაში, დაზარალებული მოპასუხის მიერ ჩადენილ დანაშაულზე უთითებდა, რომელიც საწარმომ, როგორც სოლიდარულმა მოვალემ უნდა გადაიხადოს. მოსარჩელის მტკიცება არ გაიზიარა სასამართლომ და აღნიშნა, რომ საწარმოს ეკისრებოდა კანონით დადგენილი გადასახადის გადახდა საგადასახადო კოდექსის მე-5 მუხლის შესაბამისად, ხოლო იმავე კოდექსის მე-6, მე-10, 53-ე მუხლების ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ განმარტა, რომ სამეწარმეო საქმიანობით მოსარჩელე ღებულობდა მოგებას. მას გააჩნდა ვალდებულება სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისას ანგარიშსწორება ეწარმოებინა სახელმწიფო ბიუჯეტთან და დროულად გადაეხადა ყველა სახის კუთვნილი გადასახადი. სამეწარმეო საქმიანობა კანონით გათვალისწინებული ქმედებაა. შპს-ას კუთვნილი გადასახადი საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული აქტის გარეშეც უნდა გადაეხადა. აღნიშნული არგუმენტების ანალიზის საფუძველზე სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს-ას გადასახადი ეკისრებოდა არა დელიქტიდან, არამედ - მართლზომიერი ქმედებიდან გამომდინარე. შესაბამისად, საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დელიქტური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მთავარი ნიშანი - მართლწინააღმდეგობა არ იყო სახეზე, რადგან ვალდებულება სამეწარმეო საქმიანობით იყო გამოწვეული და არა - დანაშაულით.

14. საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, იქიდან გამომდინარე, რომ საწარმოს დავალიანება აღიარებულია და აღსასრულებლადაა მიქცეული საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე, განმეორებით კიდევ იმავე თანხის პირველი მოპასუხისათვის დაკისრება სამართალწარმოების პრინციპებს ეწინააღმდეგებოდა და უსაფუძვლო იყო.

15. სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა სადავო თანხის სოლიდარულად დაკისრების თაობაზე და განმარტა, რომ სოლიდარული პასუხისმგებლობისათვის, მათ შორის, დელიქტური ვალდებულებების დროსაც, აუცილებელია არსებობდეს სოლიდარული ვალდებულება. საქალაქო სასამართლომ სსკ-ის 463-ე, 464-ე მუხლებზე დაყრდნობით მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სოლიდარული ვალდებულება არ არსებობდა, რადგან გადასახადის გადახდის ვალდებულება შპს-ას ეკისრებოდა, ის დირექტორთან ერთად რაიმე ვალდებულებას არ იღებდა და, მასთან ერთად, არც რაიმე ვალდებულება ჰქონდა შესასრულებელი.

16. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში არსებული გამამტყუნებელი განაჩენი ვერ გამოდგებოდა პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებად ზიანის ოდენობის დადგენის ნაწილში, რადგან გადასახადი წარმოადგენდა არა საწარმოს დირექტორის მიერ ჩადენილი დანაშაულის, არამედ - შპს-ის სამეწარმეო საქმიანობის შედეგს. შესაბამისად, დანაშაულსა და საწარმოს საქმიანობის შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირი არ არსებობდა, რადგან შედეგი დროში უსწრებდა განაჩენის დადგომას.

17. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით.

18. აპელანტის მითითებით, სახელმწიფო ბიუჯეტისათვის მიყენებული ზიანისათვის მოპასუხეთა სოლიდარული პასუხისმგებლობა გამომდინარეობდა საქმეში წარდგენილი მტკიცებულებიდან - შპს-ის დირექტორის მიმართ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენიდან, აგრეთვე - „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტიდან, რომლის თანახმადაც საწარმოს ხელმძღვანელს ეკისრება ვალდებულება - კეთილსინდისიერად გაუძღვეს საწარმოს საქმიანობას, წინააღმდეგ შემთხვევაში, საზოგადოების წინაშე წარმოშობილი ზიანისათვის პასუხს აგებს მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ. მეორე მოპასუხე, როგორც შპს-ს დირექტორი, ვალდებული იყო, ყველა გადასახადი, წარმოშობილი 2006-2010 წლებში, გადაეხადა პერიოდულად, კანონით დადგენილ ვადებში, რაც არ განუხორციელებია და ამან სახელმწიფო ბიუჯეტს ზიანი მიაყენა. ეს აღიარებულ საგადასახადო დავალიანებად იქნა ცნობილი და საბოლოოდ, 45 დღეში მისი გადაუხდელობისათვის, დირექტორი გასამართლდა კიდეც.

19. აპელანტის მტკიცებით, სასამართლომ არასწორად მიუთითა, თითქოს საქმეში არ იყო წარდგენილი დირექტორის დანაშაულით მიყენებული ზიანის ოდენობის დამდგენი მტკიცებულება, მაშინ, როცა ამ ზიანის ფაქტობრივი გარემოებები და ოდენობა დგინდებოდა როგორც გამამტყუნებელი განაჩენით, ასევე - შედარების აქტით, რომლის მონაცემებიც, ზიანის ოდენობის დადგენისას, გაიზიარა სასამართლომ.

20. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ - მეორე მოპასუხეს (საწარმოს ერთადერთ პარტნიორსა და იმავდროულად დირექტორს) დაეკისრა 302 904 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, როგორც სოლიდარულ მოვალეს შპს-სთან ერთად, მოსარჩელის აუდიტის დეპარტამენტის 2011 წლის 30 მარტის #745 ბრძანებისა და 2011 წლის 31 მარტის #68 საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე წარმოშობილი აღიარებული საგადასახადო დავალიანების ფარგლებში.

21. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეები არ დავობდნენ არც ერთ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომელთა არსებობაც დადასტურებული იყო საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებით და სასამართლომ დამტკიცებულად მიიჩნია ამ განჩინების 1-7 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

22. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 317-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 316-ე მუხლის პირველი ნაწილით, 992-ე, 998-ე მუხლებით და განმარტა, რომ დელიქტური ვალდებულება წარმოიშობა მაშინ, თუ ერთდროულად არსებობს შემდეგი პირობები: ა) მოპასუხის ქმედება უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი); ბ) ქმედებას უნდა მოჰყვეს ზიანი; გ) ქმედებასა და დამდგარ შედეგს (ზიანს) შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი. დელიქტისათვის სოლიდარული ვალდებულება კი წარმოიშობა მაშინ, როდესაც, ზემოთ მითითებულ პირობებში, დელიქტი წარმოიქმნა რამდენიმე პირის ერთობლივი ქმედების, ანდაც - ერთი პირის ქმედების შედეგად, რომლის განხორციელებასაც ხელი შეუწყო მეორე პირმა, ან - მისგან მიიღო სარგებელი.

23. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მსჯელობა, რომ საგადასახადო დავალიანება შპს-ის მართლზომიერი ქმედების შედეგია და აღნიშნა, რომ როდესაც კანონი აწესებს რაიმე ვალდებულებას და იგი არ სრულდება ვალდებულების სუბიექტი პირის მიერ, ითვლება, რომ ამ პირის უმოქმედობა უკვე კანონსაწინააღმდეგო, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო ქმედებაა, რომელსაც შეიძლება განსხვავებული სამართლებრივი შედეგები მოჰყვეს, რაც გამოიხატება ამ პირისათვის საგადასახადო, სამოქალაქო, ადმინისტრაციული თუ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებაში.

24. სააპელაციო სასამართლომ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველ, მე-2 და მე-6 პუნქტებზე დაყრდნობით განმარტა, რომ მეორე მოპასუხე (რომელიც არა მხოლოდ დირექტორი, არამედ - საწარმოს ერთადერთი დამფუძნებელიცაა) ვალდებული იყო - შესაბამისი გულისხმიერებით მოჰკიდებოდა საწარმოს საქმიანობას ყველა მიმართულებით, მათ შორის - სახელმწიფოსთან ურთიერთობაში და კანონით დადგენილი საგადასახადო ვალდებულებების ჯეროვნად, დროულად შესრულებაშიც, რაც, როგორც საქმის განხილვის შედეგადაც დამტკიცდა, არ განხორციელებულა. შპს-ის მიერ რაიმე იურიდიული მნიშვნელობის მქონე ქმედების განხორციელება, მათ შორის - გადასახადების გადახდა, უშუალოდ დირექტორის მოქმედების და მისი ნების გარეშე, შეუძლებელი იყო.

25. უდავო გარემოებაა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტს ზიანი მიადგა საწარმოს მიერ გადასახადების გადაუხდელობის გამო. ზემოთ მითითებული სამართლებრივი შეფასების შედეგად ნათელია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტს ზიანი მიადგა საწარმოს დირექტორის უმოქმედობის გამო, რაც ეწინააღმდეგებოდა როგორც „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის, ისე საგადასახადო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს.

26. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმის განხილვის შედეგად დამტკიცებული იყო სსკ-ის 992-ე და 998-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობების ერთობლივად არსებობა, რის გამოც მოპასუხეები იყვნენ პასუხისმგებელნი იმ ზიანისათვის, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტს გადასახადების გადაუხდელობის გამო მიადგა. სწორედ ეს თანხა განიხილება სსკ-ის 411-ე მუხლით გათვალისწინებულ „ფაქტობრივ დანაკლისად“, რაც სახელმწიფო ბიუჯეტმა განიცადა. საურავი ამგვარ დანაკლისად და ვერც მიუღებელ შემოსავლად ვერ მიიჩნევა, რადგან საურავი წარმოადგენს სანქციას გადასახადის ძირითადი თანხის გადაუხდელობისათვის, რომლის გადახდაზეც, საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, პასუხისმგებელია მხოლოდ გადასახადის გადამხდელი. ამის გამო, საურავის გადახდაზე შპს-ს დირექტორს სოლიდარული პასუხისმგებლობა ვერ დაეკისრებოდა.

27. სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ საკასაციო საჩივარი წარადგინა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებისა (სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში) და სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით.

27.1. კასატორის განმარტებით, საურავი არის ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგი, რომელიც დირექტორისათვის წინასწარ იყო ცნობილი, რის გამოც სსკ-ის 412-ე მუხლის საფუძველზე საურავი ანაზღაურებას ექვემდებარება. საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის შესაბამისად საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ერიცხება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის. შესაბამისად, საწარმოსთან ერთად მის დირექტორსაც უნდა დაჰკისრებოდა საურავის გადახდა.

28. საურავი სამოქალაქო მატერიალური კუთხით არ შეიძლება ჩაითვალოს, როგორც მიუღებელი შემოსავალი, არამედ საურავი გვევლინება ძირითად თანხაზე ზიანის ანაზღაურების სახედ, რომლის ოდენობა იზრდება ყოველდღიურად და არა მხარეთა შეთანხმებით, არამედ -კანონით დადგენილი წესით. აქედან გამომდინარე, საურავი არის ძირითადი ვალდებულების თანმდევი შედეგი, მოყვება მას და ერთ მთლიანს შეადგენს.

29. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 29 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და ერთობლიობაში შეჯერების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

30. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი პუნქტით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება); კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.

31. საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანია - ეკისრება თუ არა საურავის გადახდა ზიანის მიმყენებელს და რომელი სამართლებრივი საფუძვლებით, რადგან სწორედ ეს წარმოადგენს საკასაციო პრეტენზიას.

32. განსახილველ დავაზე, სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოკვლეული და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, რომლებიც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (იხ. სსსკ-ის 407-ე მუხლი), საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 992-ე მუხლით განსაზღვრულია დელიქტური ვალდებულების უზოგადესი წესი (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი) და იგი საგადასახადო კანონმდებლობის, რომელიც საჯარო სამართლით მოწესრიგებული დარგია, საფუძველზე წარმოშობილ ვალდებულებას, ასევე, ამ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო დარიცხული საურავის ანაზღაურებას არ არეგულირებს. დასახელებული საკითხის მოწესრიგება საჯარო სამართლის ნაწილია და ასახულია საგადასახადო კოდექსით დადგენილ ნორმებში. კანონმდებლობის მიზნების საცხადისათვის, საკასაციო სასამართლო მოიხმობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველ მუხლს, რომლის საფუძველზე: „ეს კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, გადასახადის გადამხდელებისა და საგადასახადო ორგანოების სამართლებრივ მდგომარეობას, საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, საგადასახადო ორგანოებისა და მათი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს“.

33. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებული საგადასახადო დავალიანების, ასევე, დარიცხული სანქცია-საურავების გადასახადის გადამხდელისათვის დაკისრებისა და/ან ამ თანხის ამოღების მიზნით მიმდინარე სააღსრულებო წარმოების კანონიერების სამოქალაქო წესით შემოწმების წინაპირობები ეწინააღმდეგება სამოქალაქო სამართალწარმოების პრინციპებს და მოცემული დავის ფარგლებს სცილდება, რაც საკასაციო საჩივრის უარყოფისა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია.

34. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილება;

3. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია;

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე