კერძო საჩივარი

სამოქალაქო
საქმის ნომერი
ას-809-2019
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-809-2019 6 დეკემბერი, 2019 წელი,ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ზ.ბ–ა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – გ.კ–ი, ს.ბ–ა (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 14 იანვრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა

დავის საგანი – სამისდღეშიო ხელშეკრულების ბათილად ცნობა, უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილებით ზ.ბ–ას (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი მოპასუხეების გ.კ–ის და ს.ბ–ას მიმართ, სამისდღეშიო ხელშეკრულების ბათილად ცნობის და უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობის თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

2. დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, ამ გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 24 სექტემბრის განჩინებით აპელანტს დაევალა განჩინების ასლის გადაცემიდან 10 დღის ვადაში სასამართლოში ხარვეზი გამოესწორებინა, კერძოდ: ა) დაესაბუთებინა, თუ რა იურიდიული ინტერესი გააჩნია სააპელაციო საჩივარში მითითებულ მოთხოვნას; ბ) წარედგინა სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი საბუთის დედანი.

4. დასახელებული განჩინება აპელანტს დადგენილი წესით გაეგზავნა და ჩაჰბარდა 2018 წლის 26 დეკემბერს.

5. აპელანტმა, 2019 წლის 3 იანვარს განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და, სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისთვის ხარვეზის განჩინებით დადგენილი ვადის გაგრძელება (იხ. ტ.2, ს.ფ.14). იმავე წლის 9 იანვარს, კვლავ მიმართა სააპელაციო სასამართლოს, წარუდგინა 150 (ას ორმოცდაათი) ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი (იხ. ტ.2, ს.ფ.15-16).

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 14 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

7. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ხარვეზის დადგენის თაობაზე განჩინება ადრესატს 2018 წლის 26 დეკემბერს ჩაჰბარდა. აღნიშნული განჩინებით დავალებული საპროცესო მოქმედების განხორციელების 10 დღიანი ვადის ათვლა კი დაიწყო იმავე წლის 27 დეკემბერს და ამოიწურა 2019 წლის 8 იანვარს.

8. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, აპელანტს დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია, ამასთან, ვადის გასვლის შემდეგ გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი, თუმცა, არ მიუთითებია თუ რა იურიდიული ინსტერესი გააჩნდა სააპელაციო საჩივარში მითითებულ მოთხოვნაზე და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსთვის.

9. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა აპელანტმა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა მოითხოვა.

10. კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენლის განმარტებით, საქმის მასალებით დადგენილია, თუ რაში მდგომარეობს სასარჩელო მოთხოვნა, კერძოდ, ის ეხება სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების ბათილად ცნობასა და თანამესაკუთრედ აღიარებას, აღნიშნული დასაბუთებული იყო შესაბამისი წესით, ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლოს შემაჯამებელი გადაწყვეტილებით დადგენილი იყო, რომ მოსარჩელე განიხილებოდა თანასაკუთრების უფლების მქონე სათანადო პირად იმ მომენტისთვის, როდესაც ს.ბ–ამ სადავო ხელშეკრულება დადო.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 10 ივლისის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულია განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი მოტივაციით:

12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით, ხოლო 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

13. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი არასრულად და დადგენილი ვადის დარღვევით გამოასწორა.

14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ დამატებით უნდა შეამოწმოს სსსკ-ის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის „თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ“ გამოყენების დასაბუთებულობა.

15. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ხარვეზის თაობაზე სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 24 სექტემბრის განჩინებით აპელანტს ხარვეზის აღმოფხვრისთვის დაევალა: 1. სახელმწიფო ბაჟის გადახდა; 2. დასაბუთება, თუ რა იურიდიული ინტერესი გააჩნდა სააპელაციო საჩივარში მითითებულ მოთხოვნას;

16. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დასახელებული განჩინება ადრესატს, 2018 წლის 26 დეკემბერს ჩაჰბარდა და მასში განსაზღვრული ვადის მიხედვით ვალდებული იყო ხარვეზი აღმოეფხვრა 2019 წლის 8 იანვრის ჩათვლით (5, 6 და 7 იანვარი უქმე დღეები იყო). საქმის მასალებით დადგენილია, რომ ხარვეზის აღმოფხვრისათვის განსაზღვრული ვადის გასვლამდე - 2019 წლის 3 იანვარს აპელანტმა განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს, სოციალური მდგომარეობის გამო, მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვადის გაგრძელება, ხოლო იმავე წლის 9 იანვარს გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი (იხ. ტ.2, ს.ფ.13; 15-16) .

17. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეში არსებულ გარემოებებზე და განმარტავს, რომ სსსკ-ის 368-ე მუხლის მიხედვით „1. სააპელაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს: ა) იმ სასამართლოს დასახელებას, რომლის სახელზედაც არის შედგენილი საჩივარი; ბ) იმ პირის დასახელებასა და მისამართს, რომელსაც შეაქვს საჩივარი; გ) გასაჩივრებული გადაწყვეტილების ზუსტ დასახელებასა და მითითებას ამ გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოზე; დ) მითითებას იმის თაობაზე, თუ გადაწყვეტილების რა ნაწილია გასაჩივრებული; ე) მითითებას, თუ რაში მდგომარეობს გადაწყვეტილების უსწორობა და კონკრეტულად რას მოითხოვს სააპელაციო საჩივრის შემტანი პირი; ვ) მითითებას გარემოებებზე, რომლებიც ასაბუთებენ სააპელაციო საჩივარს, და მტკიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებენ ამ გარემოებებს; ზ) სააპელაციო საჩივარზე დართული წერილობითი მასალების ნუსხას.; თ) მითითებას, ხომ არ სურს სააპელაციო საჩივრის წარმდგენს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა;“ ამავე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით „თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ზემოთჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება“.

18. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზ.ბ–ას მიერ აღძრულია მიკუთვნებითი სარჩელი, კერძოდ, მოთხოვნილია ხელშეკრულების ბათილად ცნობა და უძრავი ნივთის თანამესაკუთრედ ცნობა (იხ. ტ.1- სარჩელი, ს.ფ. 1-14; თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ - ს.ფ. 246-259);იმის გათვალისწინებით, რომ სადავო ხელშეკრულების სრულად ბათილად ცნობას ითხოვს მხარე, ამასთან, სახელმწიფო ბაჟის ნაწილში დადგენილი ხარვეზის თაობაზე, აპელანტმა ვადის გასვლამდე მიმართა სააპელაციო სასამართლოს დანიშნული ვადის გაგრძელების მოთხოვნით, თუმცა, სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია აღნიშნულ საკითხზე, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, მხარემ მკაფიოდ გამოხატა ინტერესი განსახილველი დავისადმი და სააპელაციო საჩივარში მითითებულ მოთხოვნასთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ უნდა მისცეს შესაძლებლობა მხარეს, საქმე სააპელაციო სამართალწარმოების წესით იქნეს განხილული, რადგან პროცესუალურად პირველი ინსტანციის სასამართლოში მიკუთვნებითი სარჩელია აღძრული და ნაწილობრივ დაკმაყოფილებული, სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში სააპელაციო წესით შედავების თვალსაზრისით, ზ.ბ–ას უნდა მიეცეს შესაძლებლობა, წარადგინოს პოზიცია სააპელაციო საჩივრით მისაღწევ სამართლებრივ შდეგთან დაკავშირებით, რაც იურიდიული ინტერესის გამოკვეთა კი არ არის, რადგან მიკუთვნებითი მოთხოვნაა აღძრული, არამედ, რატომ ითხოვს მხარე მთელი ქონების მიკუთვნებას, როგორც ეს სარჩელით ჰქონდა მოთხოვნილი, რაც სსსკ-ის 368-ე მუხლის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებითაა მოწესრიგებული (იხ. ტ.1, ს.ფ. 6).

19. საკასაციო სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში იმსჯელა სარჩელის სახეებზე (იხ. საქართველოს უზენაესი სასამარტლოს დიდი პლატაის 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე # ას-663-635-2016; შდრ. სუსგ-ებს # ას17-14-2015, 01.07.2015წ.; # ას-1069-1008-2015, 16.12.2015წ.; # ას-869-819-2015, 11.12.2015წ.; # ას773-730-2015, 08.09.205წ.; # ას-181-174-2016, 06.05.2016წ.; # ას-1025-967-2015, 23.12.2015წ.; # ას323-308, 2016, 03.06.2016წ.; #ას-407-390-2016, 10.6.2016წ; # ას-375-359-2016, 17.06.2016წ.)“ ამასთან, გარიგების ბათილად ცნობა არ წარმოადგენს დამოუკიდებელ მოთხოვნას, ის მიკუთვნებითი მოთხოვნის ფაქტობრივი წინაპირობაა და მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს მიკუთვნებითი მოთხოვნა აქვს აღძრული უძრავი ქონების დაბრუნების თაობაზე.

20. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ მოცემულ საქმეზე, კერძო საჩივრის მოწინააღმდეგე მხარესაც აქვს სააპელაციო საჩივარი წარდგენილი, რომელსაც სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 24 სექტემბრის განჩინებით ასევე დაუდგინდა ხარვეზი სახელმწიფო ბაჟის გადახდის მოთხოვნით (ტ.2, ს.ფ.7-9). ამ განჩინებაზე, ხარვეზის აღმოფხვრის ვადის გასვლამდე - 2019 წლის 4 იანვარს აპელანტმა მიმართა სასამართლოს, მოითხოვა ხარვეზის აღმოფხვრისთვის დადგენილი ვადის გაგრძელება. სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 14 იანვრის განჩინებით მოთხოვნა დაკმაყოფილდა და აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის აღმოფხვრისთვის ვადა გაუგრძელდა (იხ. ტ.2, ს.ფ. 17-18). მხარეთა კანონის წინაშე თანასწორობა სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური პრინციპია და მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის დაკმაყოფილებას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ ზ.ბ–ას 2019 წლი 3 იანვრის განცხადებაზე, ხარვეზისათვის დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე, არ უმსჯელია სააპელაციო სასამართლოს ისე დაადგინა, რომ მხარეს ხარვეზის შესახებ განჩინება ჩაბარდა 2018 წლის 26 დეკემბერს და იმავე წლის 27 დეკემბერს დაიწყო ხარვეზის აღმოსაფხვრელად სასამართლოს მიერ განსაზღვრული 10- დღიანი ვადის დინება, რაც 2019 წლის 8 იანვარს ამოიწურა. ამ ვადის ამოწურვამდე 3 იანვარს წარდგენილ განცხადებაზე სასამართლოს არ უმსჯელია ისე დაასკვნა, რომ ამოიწურა ხარვეზის შევსების ვადა და, შესაბამისად, 9 იანვარს წარდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი საპროცესო ვადის დარღვევით წარდგენილად შეაფასა, რასაც არ იზიარებს საკასაციო სასამართლო. სსსკ-ის 368-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, სასამართლოს უნდა ემსჯელა სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გაგრძელების შესაძლებლობაზე, რაც მხოლოდ მხარეთა თხოვნით არის დასაშვები, თუმცა, 2019 წლის 3 იანვარს წარდგენილი განცხადების თაობაზე არ უმსჯელია სააპელაციო სასამართლოს, შესაბამისად, არ გამოუტანია მოტივირებული განჩინება ამ განცხადების თაობაზე, რაც აპელანტის საწინააღმდეგოდ ვერ იქნება გამოყენებული.

21. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კერძო საჩივარი საფუძვლიანია, რის გამოც უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 14 იანვრის განჩინება, ზ.ბ–ას კერძო საჩივრის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ზ.ბ–ას კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 14 იანვრის განჩინებაზე, დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 14 იანვრის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, ზ.ბ–ას სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე