დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 28.06.2019
საქმის ნომერი
ას-717-2019
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
28.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№ას-717-2019 28 ივნისი, 2019 წელი,თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ბესარიონ ალავიძე,ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) – უ.შ–ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ა.შ–ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი _ უკანონო ხელშეშლის აღკვეთა

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ქალაქ მცხეთაში, სოფელ ...... მდებარე უძრავი ქონება, მიწის, უძრავი ქონების საკადასტრო კოდით #..... (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც სადავო ქონება) 2014 წლის 3 ივნისიდან უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, ა.შ–ის (შემდეგში: მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან მესაკუთრე) საკუთრებას წარმოადგენს (იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ტ. 1. ს.ფ. 15, საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი).

2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის, დუშეთის არქივის 2017 წლის 30 მაისის საარქივო ცნობის თანახმად, უ.შ–ი (შემდეგში - მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) კომლის შემადგენლობიდან 1987 წლის 12 აგვისტოდან გასულია ცალკე.

3. სადავო ქონება შედგება ოთხი ოთახისგან და არის ერთი მთლიანი შენობა, მეორე სართული მოსარჩელის საკუთრებაა. მოპასუხე ხელს უშლის მესაკუთრეს ფართით სარგებლობაში.

4. 2017 წლის 3 ივლისს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის მიმართ ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნით.

5. მოპასუხემ არ ცნო მის წინააღმდეგ აღძრული სარჩელი და მისი უარყოფა მოითხოვა.

6. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს აღეკვეთა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული სადავო ქონების უკანონო ხელშეშლა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 170.1, 172.2, 312-ე და 242-ე მუხლები გამოიყენა.

7. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 27 მარტის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი უარყოფილ იქნა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

8.1. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები და მიუთითა, რომ, ვინაიდან, განსახილველ შემთხვევაში, საკითხი ეხებოდა ერთ-ერთ ფუნდამენტურ უფლებას - საკუთრების დაცვასა და რეალიზაციას, იკვეთებოდა სარჩელის დაკმაყოფილებისათვის საჭირო ფაქტობრივი შემადგენლობა, სასარჩელო მოთხოვნა უკანონო ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე საფუძვლიანი იყო და იგი მართებულად დაკმაყოფილდა.

8.2. სააპელაციო პალატამ უარყო აპელანტის/მოპასუხის მოსაზრება სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ საკუთრების აბსოლუტური ბუნებიდან გამომდინარე მესაკუთრის უფლება, მოითხოვოს ხელშეშლის აღკვეთა, არ შეიძლება, იყოს ხანდაზმული. უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების მოპოვებაც და დაკარგვაც დაკავშირებულია საჯარო რეესტრში რეგისტრაციასთან. აღნიშნულის გამო, მესაკუთრის სტატუსის დარღვეულად მიჩნევის საფუძველს საჯარო რეესტრის ჩანაწერი უნდა ქმნიდეს, ანუ მესაკუთრედ სხვა პირი უნდა იყოს დარეგისტრირებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, საკუთრების უფლება შელახულად არ ჩაითვლება, ამასთან, საკუთრების, როგორც აბსოლუტური უფლების მიმართ, ხანდაზმულობის გავრცელება არ დაიშვება.

9. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით, შემდეგ საფუძვლებზე მითითებით:

9.1. კასატორის მტკიცებით, უძრავი ქონების კანონიერი მფლობელობა წარმოეშვა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ამ უძრავი ნივთის მესაკუთრე ნ.შ–მა (შემდეგში - თავდაპირველი მესაკუთრე ან მოპასუხის დედა) შეუშვა თავის სახლში, დღეს კი ახალი მესაკუთრე/მოსარჩელე აცხადებს, რომ იგი ამ სახლში შეიჭრა და მისი მფლობელობა უკანონოა. გარდა ამისა, კასატორი მიიჩნევს, რომ სარჩელი ხანდაზმულია.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 მაისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.

11. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

13. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

14. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.

15. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მტკიცების ტვირთი სწორად გადანაწილდა მხარეებს შორის. განსახილველ დავაში დაცულია კანონის წინაშე მხარეთა თანასწორობის კონსტიტუციური პრინციპი, რაც სამართალწარმოებისას უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის (სსსკ-ის მე-4-5 მუხლები) საფუძველზე დავის განხილვასა და გადაწყვეტას.

16. საკასაციო სასამართლო სსკ-ის 172.2 მუხლზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით დასტურდება ხელშეშლის ფაქტი. სააპელაციო სასამართლომ გამოიკვლია და შეაფასა, რომ სადავო საცხოვრებელი სახლი შედგება ოთხი ოთახისაგან და არის ერთი მთლიანი შენობა, სადაც მეორე სართული მოსარჩელის საკუთრებაა, რომლის სარგებლობაში მესაკუთრეს ხელს უშლის მოპასუხე, რასაც სრულად იზიარებს საკასაციო სასამართლო.

17. სააპელაციო სასამართლოს ფაქტობრივ-სამართლებრივ მსჯელობას, რომელიც ასახულია ამ განჩინების 8.1-8.2 პუნქტში, კასატორი ვერ აქარწყლებს, რაც მის მოვალეობას წარმოადგენს (სსსკ-ის 102-103 მუხლები).

18. საკასაციო სასამართლო უარყოფს კასატორის პრეტენზიას, მოთხოვნის ხანდაზმულობასთან მიმართებით და განმარტავს, რომ სსკ-ის 170-ე და 172-ე მუხლებით დაცულ საკუთრების უფლებაზე არ ვრცელდება ხანდაზმულობის ვადა, კერძოდ: „მესაკუთრის უფლება, მოითხოვოს ხელშეშლის აღკვეთა, არ შეიძლება იყოს ხანდაზმული, ვინაიდან მესაკუთრის აღნიშნული თავისუფლების ხანდაზმულობის შემზღუდავი დანაწესისადმი დაქვემდებარება ეწინააღმდეგება საკუთრების უფლების აბსოლუტურ ბუნებას, საქართველოს კონსტიტუციასა და სამოქალაქო კოდექსის აღნიშნულ ნორმებს. შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადები არ უნდა გავრცელდეს ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნაზე, თუმცა, ნეგატორულ სარჩელთან მიმართებით, ხანდაზმულობის ვადები გარკვეული თავისებურებებით ხასიათდება, კერძოდ, მესაკუთრეს ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნით სარჩელის აღძვრის უფლება აქვს იქამდე, სანამ ხელშეშლა გრძელდება, თუნდაც ხელშეშლა უსასრულოდ გრძელდებოდეს...“ (შდრ. სუსგ # ას - 307-289-2014, 09.01.2015წ; #ას-368-352-2016, 21.10.2016წ).

19. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. „სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნა წარმოადგენს ნეგატორულ სარჩელს, რომელიც, მესაკუთრის დაცვის მიზნით, მიმართულია უფლების დამრღვევი პირის წინააღმდეგ. სასამართლო ამ ტიპის სარჩელის განხილვისას ადგენს არა რაიმე ახალ უფლებას (აწესებს, ცვლის, წყვეტს და სხვა), არამედ მოდავე სუბიექტთა უფლებრივი მდგომარეობის შეუცვლელად ახდენს სამოქალაქო უფლების სწორი რეალიზაციის წესის განსაზღვრას. აღნიშნული ტიპის სარჩელი დაკმაყოფილდება ისეთ შემთხვევაში, როდესაც არსებობს ნივთის მესაკუთრე, რომლის საკუთრების ხელყოფა ან საკუთრების გამოყენებაში სხვაგვარი ხელშეშლა ხორციელდება სხვა პირის უკანონო მოქმედებით“ (იხ. სუსგ ას-1041-998-2016, 12.02.2016; ას-843-809-2016, 26.10.2016).

20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი. ამდენად, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მოპასუხის საკასაციო საჩივარი, რის გამოც მის საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

21. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. განსახილველ შემთხვევაში, რაკი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის (100 ლარი, საგადახდო დავალება #0, გადახდის თარიღი 06.05.2019; 50 ლარი, საგადახდო დავალება #0, გადახდის თარიღი 22.05.2019), 70% – 105 ლარი;

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 7.2-ე, 257.1-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. უ.შ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ უ.შ–ს (......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის (100 ლარი, საგადახდო დავალება #0, გადახდის თარიღი 06.05.2019; 50 ლარი, საგადახდო დავალება #0, გადახდის თარიღი 22.05.2019), 70% – 105 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ზ. ძლიერიშვილი