საკასაციო საჩივარი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-1241-2019 18 დეკემბერი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ნინი ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – გ.კ–ძე (მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე)
მოწინააღმდეგე მხარე - ამხანაგობა „დ–ი“ (მოპასუხე, აპელანტი)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი:
1. გ.კ–ძემ (შემდეგში: მოსარჩელე ან კასატორი) სარჩელი აღძრა ამხანაგობა ,,დ–ის“ (შემდეგში:მოპასუხე ამხანაგობა ან მოპასუხე ან აპელანტი) მიმართ, რომლითაც მოითხოვა ზიანის - 70620.81 ლარის ანაზღაურება.
2. მოსარჩელის განმარტებით, 2016 წლის 24 ივნისს „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდსა“ და მოპასუხეს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, მოპასუხემ აიღო ვალდებულება განეხორციელებინა ჭიათურის მუნიციპალიტეტში არსებული ძველი საბაგირო სადგურებისა და საბაგირო- სატრანსპორტო სისტემების სადემონტაჟო სამუშაოები, ახალი რევერსული გონდოლებიანი საბაგირო-სატრანსპორტო სისტემის სამონტაჟო და შესაბამისი ინფრასტრუქტურული ობიექტების სამშენებლო სამუშაოები - ხელშეკრულებით განსაზღვრული ტექნიკური დავალებისა და საპროექტო დოკუმენტაციის საფუძველზე, მშენებლობის სფეროს მარეგულირებელი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, სამშენებლო ნორმების და სტანდარტების, აგრეთვე ტექნოლოგიური პირობების დაცვით. საპროექტო დოკუმენტაციით განსაზღვრული საბაგირო გზის ერთ-ერთი საყრდენი ანძის მშენებლობა მიმდინარეობდა ქ.ჭიათურაში, ..... მდებარე და მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის მომიჯნავე ტერიტორიაზე. მოპასუხემ „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 35-ე მუხლის მოთხოვნათა დაუცველად და დარღვევით, მძიმე ტექნიკის გამოყენებით განახორციელა ანძისთვის საჭირო და საპროექტო დოკუმენტაციით განსაზღვრული შვიდი მეტრის ქვაბულის ამოღება, იქ არსებული ბეტონის კონსტრუქციის დემონტაჟი, ტექნიკისათვის მისასვლელი გზის და საძირკვლის მოწყობის სამუშაოები, რომელსაც თან სდევდა მაღალი სიხშირის ვიბრაციები და დარტყმები. აღნიშნულმა საქმიანობამ, რომელიც ჯერ არ არის დასრულებული, გამოიწვია ვიბრაციების გავრცელება გრუნტის ზედაპირზე და გრუნტის ტიპიდან გამომდინარე, დამაზიანებელი ზემოქმედება მიმდებარედ არსებულ - მის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლზე, რამაც გამოიწვია შენობის საძირკვლის ჯდენითი დეფორმაციები, სახლის ავარიულ მდგომარეობამდე მიყვანა და კედლებზე ვერტიკალური და ჰორიზონტალური ბზარების გაჩენა. მოპასუხის მხრიდან საბაგირო გზის საყრდენი ანძის სამშენებლო სამუშაოების წარმოებამდე მოსარჩელის საცხოვრებელ სახლს აღენიშნებოდა მცირე დაზიანებები, მაგრამ მისი მდგომარეობა დარღვეული არ იყო. ამჟამად კი, სახლი ძლიერ დაზიანებულია. კედელზე ფიქსირდება მრავლობითი, სხვადასხვა მიმართულების ნაპრალები, შენობის ძლიერი დაზიანების წაროშობას ხელი შეუწყო საბაგირო ნაგებობის მშენებლობის პერიოდში გამოყენებული მძიმე ტექნიკის ვიბრაციულმა ძალურმა ბიძგებმა, ხოლო საყრდენი ანძის მშენებლობის დასრულების შემდეგ, დაზიანებები (ბზარების ზრდა) აღარ გრძელდება და შეჩერდა. შპს „გ–ის“ მიერ 2018 წლის 12 ივნისს შემუშავეული №103/3-2018 „კონსტრუქციული პროექტის“ და №103/4-2018 „წ. ჭიათურაში, ..... მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლის გამაგრების ხარჯთაღრიცხვის“ საფუძველზე, საცხოვრებელ სახლზე მოპასუხის ქმედებით მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად, გამაგრებითი სამუშაოების ჩატარების მიზნით საჭირო თანხის ოდენობა შეადგენს - 70620.81 ლარს, რომელიც უნდა დაეკისროს მოპასუხეს.
3. სარჩელი დაეფუძნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში- სსკ-ის) 992-ე, 408 და 409-ე მუხლებს.
4. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მშენებლობის ნებართვის მიღებამდე, გამოკვლეული და შეფასებული იქნა მშენებლობის ზეგავლენა მიმდებარე შენობა-ნაგებობებზე. მოპასუხე ამხანაგობა 2016 წლიდან დღემდე სამშენებლო სამუშაოებს ასრულებს საპროექტო დოკუმენტაციის, მშენებლობის ნებართვის, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით. შესაბამისად, უარყო მიზეზ-შედეგობრივი კავშირის არსებობა მოპასუხის ქმედებასა და მოსარჩელის მიმართ დამდგარ ზიანს შორის.
5. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ 67402 ლარისა და 66 თეთრის გადახდა.
6. რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილება დააფუძნა სასამართლოს დასკვნას, რომ მოპასუხის მოქმედებით მოსარჩელეს მიადგა ზიანი და მოპასუხის მოქმედება ზიანის დადგომაში იყო ბრალეული. დავის სამართლებრივი გადაწყვეტისას სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 992-ე და 408-ე მუხლებით.
7. საჩხერის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გასაჩივრდა მოპასუხის მიერ. აპელანტმა მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის უარყოფა.
8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განხილვისათვის საქმის მომზადების საპროცესო ეტაპიდან დაუბრუნდა პირველი ინსტანციის სასასამართლოს.
9. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2016 წლის 24 ივნისს, სსიპ საქართველოს მუნიციპალურ განვითარების ფონდსა და მოპასუხეს შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება - ჭიათურის მუნიციპალიტეტში არსებული ძველი საბაგირო სადგურებისა და საბაგირო- სატრანსპორტო სისტემების სადემონტაჟო სამუშაოებისა და ახალი რევერსიული გონდოლებიანი საბაგირო-სატრანსპორტო სისტემების სამონტაჟო და შესაბამისი ინფრასტრუქტურული ობიექტების სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე. თუმცა, როგორც ხელშეკრულებიდან ირკვევა, თავის მხრივ, მოპასუხე კომპანია შედგება ორი დამოუკიდებელი სუბიექტისაგან. ესენია: შპს ,,დ–ი“ და კერძო საწარმო ,,პ-სკი“.
10. სსკ-ის 930-ე მუხლის თანახმად, ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულებით ორი ან რამდენიმე პირი კისრულობს ერთობლივად იმოქმედოს საერთო სამეურნეო ან სხვა მიზნების მისაღწევად ხელშეკრულებით განსაზღვრული საშუალებებით, იურიდიული პირის შეუქმნელად.
11. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე კომპანია წარმოადგენს სწორედ სსკ-ის 930-ე მუხლის საფუძველზე შექმნილ სუბიექტს, რომლითაც შპს ,,დ–იმ“ და კერძო საწარმო ,,პ-სკიმ“ ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულებით იკისრებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულება, იურიდიული პირის შეუქნელად.
12. სსკ-ის 932-ე მუხლის თანახმად, მონაწილეებმა უნდა შეიტანონ ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესატანები. თუ ხელშეკრულებით არ არის განსაზღვრული შესატანის ოდენობა, თითოეული მონაწილე მოვალეა შეიტანოს იგი თანაბრად. შესატანი შეიძლება შეტანილ იქნეს როგორც ქონებით, ასევე მომსახურების გაწევით. თუ ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს, შესატანები წარმოადგენს მონაწილეთა საერთო საკუთრებას. მონაწილეთა საერთო საკუთრებას შეადგენს ისიც, რაც შეძენილია საერთო საკუთრებაში არსებული უფლების საფუძველზე, ანდა მიღებულია ანაზღაურების სახით საერთო ქონების განადგურების, დაზიანების ან ამოღების გამო.
13. ამავე კოდექსის 937-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მონაწილეები ერთობლივი საქმიანობიდან წარმოშობილი ვალებისათვის პასუხს აგებენ სოლიდარულად. ერთმანეთთან ურთიერთობაში პასუხისმგებლობის ოდენობა განისაზღვრება მონაწილეთა წილის შესაბამისად, თუ ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს.
14. ამდენად, მოპასუხე ამხანაგობა არ წარმოადგენს იურიდიულ პირს და შესაბამისად, უშუალოდ როგორც ცალკე სუბიექტი პასუხისმგებელ სუბიექტს.
15. მოცემული დავის ფარგლებში სარჩელზე პასუხისმგებელ სუბიექტებს წარმოადგენენ შპს ,,დ–ი“ და კერძო საწარმო ,,პ-სკი“, რომლებიც საქმეში სათანადო წესით ჩაბმული არ ყოფილან.
16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ-ის) 85-ე მუხლის შესაბამისად, თუ სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელი აღძრულია არა იმ პირის წინააღმდეგ, რომელმაც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე, მას შეუძლია მოსარჩელის თანხმობით შეცვალოს თავდაპირველი მოპასუხე სათანადო მოპასუხით. თუ მოსარჩელე არ არის თანახმა თავდაპირველი მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით უარს ეტყვის მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
17. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლომ არ განახორციელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულება და ამდენად, დასადგენი იყო სწორად აირჩია თუ არა მოსარჩელემ ის პირი, რომელსაც თავისი დარღვეული უფლების აღდგენა უნდა მოსთხოვოს. სასამართლომ უნდა შესთავაზოს მოსარჩელეს არასათანადო მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლის საკითხი (როგორსაც წინამდებარე შემთხვევაში წარმოადგენენ შპს ,,დ–ი“ და კერძო საწარმო პოლტავა-სკი) ცხადია ისინი როგორც ცალ-ცალკე (სოლიდარული ვალდებულებიდან გამომდინარე) ისე ერთობლივად სათანადო მხარეებს წარმოადგენენ.
18. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის უარყოფა მოითხოვა.
19. კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ ერთი მხრივ, დაადგინა, რომ მოსარჩელეს მიადგა ზიანი, ხოლო მეორე მხრივ, დაადგინა, რომ მოპასუხე კომპანია არ წარმოადგენს ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელ პირს.
20. კასატორი აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ტენდერში მონაწილეობის მიზნით შექმნილი მოპასუხე კომპანია დაფუძნდა კანონით დადგენილი წესით. ყავს დირქტორი და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი, რომელიც შერჩეულია ამხანაგობის მონაწილეთაგან და და პარალელურად წარმოადგენს ამხანაგობის სოლიდარულად პასუხისმგებელი წევრის - მოპასუხე კომპანიის დირექტორს, ხოლო თუ ხელშეკრულებით ამხანაგობის საქმეების გაძღოლა დაკისრებული აქვს ერთ-ერთ მონაწილეს, საეჭვოობისას ის წარმოდგენს ამხანაგობას მე-3 პირებთან ურთიერთობაში და მის მიერ დადებული გარიგებები ნამდვილია.
21. ამასთან, კასატორის მოსაზრებით, მესამე პირებთან სამართლებრივი ურთიერთიერთობის შედეგად დაკისრებულმა პასუხისმგებლობამ შეიძლება გამოიწვიოს შიდა სახელშეკრულებო ურთიერთობაში გარკვეული უფლება-ვალებულებების წარმოშობა, რაც გავლენას არ ახდენს მე-3 პირებთან არსებულ სამართლებრივ ურთიერთობაზე. შესაბამისად, მე-3 პირებისათვის მნიშვნელობა არ აქვს ამხანაგობის შიგნით განხორციელებულ ცვლილებას.
22. კასატორი შუამდგომლობს, რომ საქმეს დაერთოს მოპასუხე ამხანაგობის ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულება, ვინაიდან მისი მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ ისე იმსჯელა მოპასუხე ამხანაგობის სათანადოობაზე, რომ არ უმსჯელია ერთბლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულებაზე. კასატორისთვის გაურკვეველია თუ მოპასუხედ შეიძლებოდა ყოფილიყო ამხანაგობა, მაშინ რატომ გახდა საჭირო ორივე წევრის დამატება.
სამოტივაციო ნაწილი:
23. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 396-ე მუხლით და 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
24. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც, მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
25. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დაკვნას იმის თაობაზე, რომ მოპასუხე ამხანაგობა მოცემულ დავაში წარმოადგენს არასათანადო მოპასუხეს. კასატორის პრეტენზია იმ მოსაზრებას ემყარება, რომ მოსარჩელისათვის ზიანის მიყენების ფაქტი დადგენილია, ასევე, დადგენილია, რომ ზიანის მიყენებაში ბრალი მიუძღვის მოპასუხე ამხანაგობას. ამდენად, მე-3 პირების მიმართ პასუხისმგებლობის განსაზღვრისას გადამწვეტი არაა თუ ვისგან შესდგება ამხანაგობა. ეს, ამხანაგობის შიდა სამართლებრივი ურთიერთობის საკითხი უფროა, ვიდრე მე-3 პირებთან ურთიერთობისას გასათვალისწინებელი გარემოება.
26. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, დასაბუთებული (დასაშვები) საკასაციო პრეტენზია კასატორს არ წარმოუდგენია.
27. დადგენილია, რომ იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რომლის მიღწევაც მოსარჩელეს სურს - დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურება - განხორციელებული უნდა იყოს სსკ-ის 992-ე, 408-ე და 409-ე მუხლების წინაპირობები. არასახელშეკრულებო ზიანის - დელიქტური ზიანის -წარმოშობისათვის უნდა დგინდებოდეს ოთხი კომპონენტის კუმულატიურად არსებობა: ზიანი, მიზეზ-შედეგობრივი კავშირი, მართლწინააღმდეგობა და ბრალი. თუნდაც რომელიმე კომპონენტის არარსებობა გამორიცხავს პასუხისმგებლობის დაკისრებას.
28. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2016 წლის 24 ივნისს, სსიპ საქართველოს მუნიციპალურ განვითარების ფონდსა და მოპასუხეს შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება - ჭიათურის მუნიციპალიტეტში არსებული ძველი საბაგირო სადგურებისა და საბაგირო- სატრანსპორტო სისტემების სადემონტაჟო სამუშაოებისა და ახალი რევერსიული გონდოლებიანი საბაგირო-სატრანსპორტო სისტემების სამონტაჟო და შესაბამისი ინფრასტრუქტურული ობიექტების სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე. თუმცა, როგორც ხელშეკრულებიდან ირკვევა, თავის მხრივ, მოპასუხე კომპანია შედგება ორი დამოუკიდებელი სუბიექტისაგან. ესენია: შპს ,,დ–ი“ და კერძო საწარმო ,,პ-სკი“. სარჩელი კი, აღძრულია ამხანაგობა „დ–ის“ მიმართ. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ დელიქტური ვალდებულების წარმოშობისა და აქედან გამომდინარე, ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის განსაზღვრის (იდენტიფიცირება) თვალსაზრისით, სააპელაციო სასამართლომ სწორი შეფასება გააკეთა. ხოლო, კასატორის პრეტენზია, იმაზე, რომ ამხანაგობის მიმართ წარმოშობილი ვალდებულებებისათვის პასუხისმგებელი სუბიექტის განსაზღვრას არა აქვს სამართლებრივი კავშირი თავად ამხანაგობის შიგნით არსებულ სამართლებრივ ურთიერთობაზე და იმაზე თუ ვინ არიან ამხანაგობის დამფუძნებელი პირები, საკასაციო პალატა ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ვერ გაიზიარებს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ როგორც ეს სააპელაციო სასამართოს გასაჩივრებული განჩინებით დადგინდა საქმე განსახილველად დაბრუნდა საქმის მომზადების ეტაპზე მოპასუხეთა წრის დასადგენად. აღნიშნული იმას ნიშნავს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლო მხარეთათვის უზრუნველყოფილ საშეჯიბრო საწისზე, მათივე მონაწილეობით იმსჯელებს დელიქტზე ვალდებული პირის იდენტიფიცირების საკითხზე, ხოლო კასატორს, როგორც პროცესის მონაწილე სუბიექტს სრული საპროცესო უფლებამოსილება ექნება დააფიქსიროს თავის პოზიცია და წარადგინოს მტკიცებულებები, სათანადო მოპასუხის იდენტიფიცირებისათვის.
29. ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოსთვის საქმის უკან დაბრუნების მართებულობის შეფასებისას, სასამართლომ, უპირველეს ყოვლისა, უნდა გაითვალისწინოს: (1) რა პროცესუალური გარემოებები მიუთითებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის უკან დაბრუნებაზე; (2) ამ გარემოებების გათვალისწინებით, რამდენად მიზანშეწონილია საქმის უკან დაბრუნება, და (3) ხომ არ გამოიწვევს ეს საქმის უსაფუძვლოდ გაჭიანურებას (იხ. სუსგ №ას-1118-1145-2011, 10 იანვარი, 2012 წელი; №ას-1234-1175-2014, 23 თებერვალი, 2015.)
30. სააპელაციო სასამართლოს მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლებს განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუკი ადგილი აქვს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს [გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები], სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილი სააპელაციო სასამართლოს შესაძლებლობას აძლევს, არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი. ამრიგად, აღნიშნული მუხლი, ერთის მხრივ, უთითებს პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის დაბრუნების საფუძვლებზე, ხოლო, მეორეს მხრივ, სასამართლოს აძლევს უფლებას, ამ საფუძვლების არსებობისას, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელების სტანდარტიდან გამომდინარე, შეაფასოს, რა უფრო მართებულია - მის მიერ გადაწყვეტილების გამოტანა თუ საქმის ხელახლა განსახილველად პირველი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნება (იხ. სუსგ №ას-1234-1175-2014, 2015 წლის 23 თებერვალი).
31. ზემოაღნიშნული განპირობებულია სამართლიანი სასამართლოს უფლებით, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ადამიანის ერთ-ერთი ძირითადი უფლებაა და თავის თავში მოიცავს ადამიანის უფლებას მისი საქმე გონივრულ ვადაში, სწრაფად და ეფექტიანად განიხილოს სასამართლომ (Profitis and Others v. Greece, §93; Tierce v. San Marino, §31; Surmeli v. Germany [GC], §129; Capuano v. Italy, §§30-31; Versini v. France, §29), რაც წარმოშობს სახელმწიფოს ვალდებულებას ისე მოაწყოს თავისი სამართლებრივი სისტემა, რომ სასამართლოებმა უზრუნველყონ თითოეული პირის უფლება გონივრულ ვადაში მიაღწიოს საბოლოო გადაწყვეტილებას დავაზე, რომელიც მისი სამოქალაქო უფლებებისა და მოვალებების განხორციელებას ეხება (Scordino v. Italy (no.1) [GC] §183, Surmeli v. Germany [GC], § 129). თუმცა, ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს რა, რომ მართლმსაჯულება იყოს სწრაფი და ეფექტიანი, ხაზს უსვამს, რომ ამით არ უნდა დაზარალდეს მართლმსაჯულების სწორად (სათანადოდ) განხორციელების პრინციპი (Von Maltzan and Others v. Germany (dec.) [GC], §132), რომელიც სამართლიანი სასამართლოს უფლების უფრო ზოგადი პრინციპია (იხ. სუსგ №ას-1234-1175-2014, 2015 წლის 23 თებერვალი).
32. სამართლიანი სასამართლოს უფლებით დადგენილი სტანდარტის ჭრილში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული, სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლების განხილვა, პირდაპირ გამომდინარეობს მართლმსაჯულების სწორად განხორციელების პრინციპიდან, მათ შორის, საქმის განხილვაში მხარის მონაწილეობის და სამართლიანი და საჯარო განხილვის ფუნდამენტური უფლებიდან, და ქმნის იმ შემთხვევას, როდესაც ცალსახაა, რომ საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმ სასამართლოს, სადაც მოხდა აღნიშნული დარღვევა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული კიდევ ორი საფუძველი, კერძოდ: ა) გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული; და ბ) გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია - წარმოადგენს ისეთ საფუძვლებს, რომლებიც, საკასაციო სასამართლოს აზრით, იძლევა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმის გარემოებების სრულყოფილი ანალიზის შედეგად და სამართლიანი სასამართლოს უფლების ჭრილში, საქმის პირველ ინსტანციაში დაბრუნების მართებულობა-არამართებულობის შეფასების საშუალებას. (იხ. სუსგ №ას-151-147-2016, 19 აპრილი, 2016).
33. რაციონალური მართლმსაჯულებისა და პროცესუალური ეკონომიის პრინციპები გულისხმობს, რომ სააპელაციო სასამართლომ, რომელიც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმად, ასევე, საქმის არსებითად განმხილველი სასამართლოა, პირველი ინსტანციის სასამართლოს საქმე უნდა დაუბრუნოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც მას თავად რეალურად გაუჭირდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა ან კონკრეტული საქმის გარემოებების გათვალისწინებით მართლაც მიზანშეწონილია საქმის უკან დაბრუნება (იხ. სუსგ №ას- 543-506-2017, 31 ივლისი, 2017; №ას-1132-1088-2016, 17 თებერვალი, 2017; №ას- 151-147-2016, 19 აპრილი, 2016; №ას-973-922-2015, 16 თებერვალი, 2016; №ას-657-618-2012, 2012 წლის 10 დეკემბერი; №ას-1308-1234-2012, 2013 წლის 04 თებერვალი).
34. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ იკვეთება.
35. იმავდროულად, დასაკმაყოფილებელი არაა კასატორის შუამდგომლობა მოპასუხე ამხანაგობის ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების საქმისათვის დართვის შესახებ, გამომდინარე იქედან, რომ, ვინაიდან საქმე უკან უნდა დაბრუნდეს დასაშვებობის სტადიაზე, ახალი მტკიცებულებების წარმოდგენის საკითხიც სწორედ მითითებულ სტადიაზე უნდა გადაწყდეს.
36. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
37. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც. მოპასუხეთა წრის განსასაზღვრად საქმის განსახილველად დაბრუნების პროცესუალურ საკითხზე არსებობს სასამართლო პრაქტიკა.
38. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
39. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დაადგინა:
1. გ.კ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. გ.კ–ძის შუამდგომლობა საქმეზე მტკიცებულების (ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობა) ხელშეკრულება) დართვის შესახებ არ დაკმაყოფილდეს და დაუბრუნდეს კასატორს 8 გვერდად.
3. გ.კ–ძეს (პ.ნ .....) უკან დაუბრუნდეს ზ.კ–ძის მიერ 15.07.2019-ში საგადასახადო დავალება N0 გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (3370 ლარის) 70% – 2359 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ნ. ბაქაქური
ბ. ალავიძე