არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-613-2019 20 დეკემბერი, 2019 წელი,ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საჩივრის ავტორი - ი.ა–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ.თ–ი, დ.ქ–ი, ლ.ქ–ი, თ.ქ–ი (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 1 თებერვლის განჩინება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 2 ივნისის განჩინებით ი.ა–ის (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი, განმცხადებელი ან საჩივრის ავტორი) განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა და ყადაღა დაედო -
1.1. გ.თ–ის (შემდეგში: პირველი მოპასუხე) კუთვნილ უძრავ ქონებას მდებარე ქ. გურჯაანი, ....., ს/კ ..... და შემდეგ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს - „ვაზ-2101“ სახელმწიფო ნომერი ...., სარეგისტრაციო მოწმობის ნომერი RC..; ავტომანქანა “MERSEDES BENC 280” სახელმწიფო ნომერი ...., სარეგისტრაციო მოწმობის ნომერი RV....;
1.2. ლ.ქ–ის (შემდეგში: მეორე მოპასუხე) კუთვნილ უძრავ ქონებებს მდებარე გურჯაანის რაიონი, სოფ. .... „ხ–ი“, ს/კ .... და გურჯაანის რაიონი, სოფ. .... „ხ–ი“,ს/კ ....;
1.3. თ.ქ–ის (შემდეგში: მესამე მოპასუხე) კუთვნილ უძრავ ქონებებს მდებარე გურჯაანის რაიონი, სოფ. .... „ხ–ი“, ს/კ 51.10.55.051 და გურჯაანის რაიონი, სოფ. ..... „ხ–ი, ს/კ .....;
1.4. დ.ქ–ის (შემდეგში: მეოთხე მოპასუხე) კუთვნილ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს - „ვაზ 2106“ სახელმწიფო ნომერი ….., სარეგისტრაციო მოწმობა RV0.. და ავტომანქანა „ვაზ 21213“ სახელმწიფო ნომერი ….., სარეგისტრაციო მოწმობა AA0.....
2. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 27 ივნისის განჩინებით პირველი, მესამე და მეოთხე მოპასუხეების საჩივრები სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული განჩინება და საქმე გადაეგზავნა ზემდგომ სასამართლოს.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 31 აგვისტოს განჩინებით მოპასუხეთა საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 2 ივნისის განჩინება.
4. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილებით მოსარჩელის სარჩელი არ დაკმაყოფილდა და საქმეზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები გაუქმდა.
5. გურჯაანის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
6. აპელანტმა 2019 წლის 31 იანვარს განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა ყადაღა დაედოს მეოთხე მოპასუხის კუთვნილ შემდეგ უძრავ ქონებებს, -
6.1. გურჯაანის რაიონი, სოფ. ...., დაზუსტებული ფართობი 759.00 კვ.მ, ს/კ ....., შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი #1 (დამხმარე ნაგებობა) საერთო ფართი 11.2 კვ.მ. #2 (საცხოვრებელი სახლი) საერთო ფართით 358.9 კვ.მ, #3 (დამხმარე ნაგებობა) საერთო ფართით 71.9 კვ.მ, #4 (დამხმარე ნაგებობა) საერთო ფართით 14.2 კვ.მ, უძრავი ქონების რეგისტრაცია განხორციელდა 2018 წლის 29 ნოემბერს;
6.2. გურჯაანის რაიონი, „ნაყორულალი“ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი), დაზუსტებული ფართობი 5 300 კვ.მ, ს/კ 51.10.63.002;
6.3. გურჯაანის რაიონი, „ნ....“ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი), დაზუსტებული ფართობი 8 325.00 კვ.მ.
6.4. გურჯაანის რაიონი, „ნ–ი“ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი), დაზუსტებული ფართობი 16 955.00 კვ.მ, ს/კ .....
7. განმცხადებლის განმარტებით, მეოთხე მოპასუხე მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების თვალთმაქცურად გასხვისებას აპირებს და დავის საბოლოო გადაწყვეტამდე მოპასუხის საკუთრებაში უძრავი ქონების შენარჩუნება წარმოადგენს სარჩელის უზრუნველსაყოფად, მისი დაკმაყოფილების შესახებ სავარაუდო გადაწყვეტილების აღსრულების გარანტირებისათვის აუცილებელ პირობას.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 1 თებერვლის განჩინებით აპელანტის განცხადება არ დაკმაყოფილდა იმ დასაბუთებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ უკვე გამოიყენა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, ხოლო დამატებითი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების წინაპირობები არ არსებობდა.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 3 აპრილის განჩინებით განმცხადებლის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმე გადმოეგზავნა საკასაციო სასამართლოს.
10. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება მოცემულ დავის საგანზე გადაწყვეტილების აღსრულებისათვის ადეკვატურია და დამატებითი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების წინაპირობა არ არსებობს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო მოპასუხის საჩივრისა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 399-ე მუხლის საფუძველზე, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც სსსკ-ის XLIX თავი შეიცავს. სსსკ-ის 1971-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამავე კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით.
12. სსსკ-ის 191.1-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზანია სარჩელზე მომავალში მისაღები გადაწყვეტილების რეალურად აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილება. იმისთვის, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება იქნეს გამოყენებული, უნდა არსებობდეს კანონით გათვალისწინებული წინაპირობები, კერძოდ, განცხადებაში უნდა მიეთითოს ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა გამო უზრუნველყოფის ღონისძიებების მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და, ასევე, მითითებული უნდა იყოს უზრუნველყოფის იმ ღონისძიებებზე, რომელთა გატარებაც განმცხადებელს მიზანშეწონილად და გამართლებულად მიაჩნია.
13. სარჩელის უზრუნველყოფა დამოკიდებულია ვარაუდზე, რომ შესაძლოა მოპასუხემ სასარჩელო მოთხოვნებისაგან თავის დაღწევის მიზნით განახორციელოს ისეთი ქმედება, რაც საბოლოოდ შეუძლებელს გახდის მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე მსჯელობისას, სასამართლო არ იკვლევს სარჩელის საფუძვლიანობას და მის დასაბუთებულობას, არამედ ხელმძღვანელობს სამართლებრივი დასკვნით, რომ შესაძლოა სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს (შდრ. სუსგ ას-16-354-09, 05.02.09 წ.).
14. სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანია მოსარჩელის მატერიალური უფლებების რეალური განხორციელებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა. თუმცა, მხედველობაშია მისაღები, რომ სამოქალაქო პროცესი თანაბარ მდგომარეობაში აყენებს პროცესის ორივე მხარეს – მოსარჩელესა და მოპასუხეს, შესაბამისად, მხარეთა თანასწორობის უმნიშვნელოვანესი პრინციპიდან გამომდინარე, სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის შეფასება უნდა მოხდეს როგორც მოსარჩელის, ისე - მოპასუხის პოზიციიდან. ამგვარი შეფასებისას გასათვალისწინებელია, რომ დაცული იყოს თანაზომიერების პრინციპი, კერძოდ, მოსარჩელის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიება ამ მოთხოვნის (სარჩელის საგნის) პროპორციული (ადეკვატური) უნდა იყოს და აშკარა შეუსაბამობა არ უნდა იკვეთებოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენება ვერ გაამართლებს სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანს. ამიტომ სასამართლომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების საკითხის გადაწყვეტის დროს, ყოველთვის უნდა შეაფასოს, სარჩელის უზრუნველსაყოფად მის მიერ შერჩეული ღონისძიება არის თუ არა შესაბამისობაში მოსარჩელის მოთხოვნასთან, რომლის უზრუნველყოფასაც იგი ემსახურება (#ას-1409-1329-2017, 17.01.18 წ.).
15. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავის არაერთ გადაწყვეტილებაში ხაზს უსვამს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მნიშვნელობას და აღნიშნავს, რომ სამართლიანი განხილვის უფლება მოიცავს ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას. ეს უფლება არარეალური იქნებოდა, თუ კონტრაქტორი სახელმწიფოს ეროვნული სამართლებრივი სისტემა შესაძლებელს გახდიდა, ძალაში შესული საბოლოო გადაწყვეტილება ერთი მხარის საზიანოდ არაქმედითი დარჩენილიყო. ნებისმიერი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება „სასამართლო პროცესის“ განუყოფელ ნაწილად უნდა განიხილებოდეს კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე (იხ. საქმე შპს „ი–ა“ და მ–ძე საქართველოს წინააღმდეგ“). სხვა საქმეში ევროსასამართლომ ასევე განმარტა, რომ სასამართლოსათვის სარჩელის წარდგენის უფლება არ არის თეორიული უფლება და არ უზრუნველყოფს მხოლოდ უფლების აღიარებას საბოლოო გადაწყვეტილების მეშვეობით, არამედ ასევე შეიცავს ლეგიტიმურ მოლოდინს იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილება აღსრულდება (იხ. Hornsby, cited above, §§ 40 and seq.).
16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეში გამოყენებულია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ოთხივე მოპასუხის კუთვნილ უძრავ და მოძრავ ქონებებს ყადაღა დაედო (იხ. ამ განჩინების მე-6 პუნქტი), შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის მიზანი მიღწეულია. სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღუსრულებლობის საფრთხე არ არსებობს. რაც შეეხება მოსარჩელის სურვილს, დამატებით ყადაღა დაედოს მეოთხე მოპასუხის უძრავ ქონებებს, დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა. საჩივრის ავტორი ვერ ასაბუთებს, თუ რატომ უნდა იქნეს დამატებით მეოთხე მოპასუხის ქონებაზე შეზღუდვა გამოყენებული, იმ პირობებში, როდესაც სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ოთხივე მოპასუხის ქონებები დაყადაღებულია.
17. საკასაციო სასამართლო აპელანტის საჩივარს დაუსაბუთებლად, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 1 თებერვლის განჩინებას კანონიერად მიიჩნევს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 399-ე, 372-ე მუხლებით, 1971-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი.ა–ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 1 თებერვლის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე