დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№ას-796-763-2016 31 მარტი, 2017 წელი,თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ბესარიონ ალავიძე,ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) – ჯ.ბ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ნ.ლ–ვა
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 6 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ქალაქ თბილისში, ..... მდებარე ბინა #1, მიწის, უძრავი ქონების საკადასტრო კოდით #.....(შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც უძრავი ქონება) 2012 წლის 30 ივლისიდან ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ნ.ლ–ვას (შემდეგში: მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) საკუთრებაა (იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ს.ფ. 11-12. ტ.1).
2. ქალაქ თბილისში, ..... მდებარე ბინა #21, მიწის, უძრავი ქონების საკადასტრო კოდით #..... ჯ.ბ–ძის (შემდეგში: მოპასუხე, საჩივრის ავტორი, აპელანტი ან კასატორი) საკუთრებაა (იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ს.ფ. 101-102. ტ.1).
3. მოსარჩელის უძრავი ნივთი დაზიანდა მოპასუხის კუთვნილი ბინიდან წყლის ჩამოდინებით.
4. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2014 წლის 25 სექტემბრის #005141314 დასკვნით (შემდეგში - ექსპერტიზის დასკვნა), უძრავ ქონებაში კედლის ჭერისა და იატაკის დაზიანება გამოწვეულია ამავე ბინის ზედა სართულიდან წყლის ჩამოდინებით, დასკვნით დგინდება, რომ დაზიანებული ჭერის, კედლისა და იატაკის აღსადგენად საჭირო სამუშაოების საორიენტაციო ღირებულება, სამშენებლო ნორმებისა და წესების მოთხოვნათა, ასევე, ნორმატიული დანარიცხების გათვალისწინებით - 2 502,98 ლარია. დასკვნაში აღნიშნულია, რომ უძრავი ქონების ზედა სართულზე მდებარე ბინის მოსარგებლე ადასტურებს, რომ წყალმა გაჟონა ჭურჭლის სარეცხი ნიჟარისა და უნიტაზის მილებიდან, მისი მითითებით, ამჟამად ხარვეზი გამოსწორებულია (იხ. დასკვნა, ს.ფ. 19-26. ტ.1).
5. 2015 წლის 9 მარტს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 1 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს 2 502, 98 ლარის გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ.
6.1. სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს სარჩელი და თანდართული მასალების ასლები გაუგზავნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ-ის) 70-ე-78-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით; აღნიშნული გზავნილი 2015 წლის 27 აგვისტოს ჩაჰბარდა მოპასუხის მეუღლეს. მოპასუხეს შესაგებელი უნდა წარედგინა სარჩელისა და თანდართული მასალების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში. მითითებულ ვადაში მოპასუხეს შესაგებელი არ წარუდგენია.
6.2. სასამართლომ მიუთითა სსსკ-ის 2321 მუხლზე (მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარმოუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას) და აღნიშნა, ვინაიდან მოპასუხემ შესაგებელი არ წარადგინა და არც მისი წარუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ არ უცნობებია სასამართლოსათვის, არსებობდა მის წინააღმდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობა.
6.3. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა გამომდინარეობდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 992-ე მუხლის საფუძვლებიდან, სარჩელში მითითებული გარემოებები კი, იურიდიულად ამართლებდა მოთხოვნას.
7. მოპასუხემ საჩივარი (იხ. ს.ფ. 126-128. ტ.1) წარადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე, მისი გაუქმებისა და საქმისწარმოების განახლების მოთხოვნით. საჩივრის ავტორის მტკიცებით, სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას, რადგან, მოსარჩელის მითითება, რომ მისი ბინა მოპასუხის ბინიდან წყლის ჩადინებით დაზიანდა, არასწორია, მისი ბინა ბოლო სართულზეა, სახლის სახურავი დაზიანებულია და წვიმის დროს წყალი ბუნებრივია, ქვედა სართულზე/მოსარჩელის ბინაშიც ჩადის, თუმცა ეს არ არის გამოწვეული მის ბინაში წყალგაყვანილობის მოუწესრიგებლობით, შესაბამისად, ზიანის წარმოშობაში ბრალი არ მიუძღვის. მოთხოვნილი ზიანიც არაადეკვატურია დაზიანების აღმოფხვრისათვის საჭირო ხარჯებთან.
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 24 ნოემბრის განჩინებით, მოპასუხის საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვისა და საქმის განახლების თაობაზე უარყოფილ იქნა. შესაბამისად, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.
8.1. საქალაქო სასამართლოს დასკვნით, სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებდა მოთხოვნას, სადავო ექსპერტიზის დასკვნაც განიხილებოდა - როგორც ფაქტობრივი გარემოება, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას მტკიცებულებების გამოკვლევა/შეფასება არ ხდებოდა, არამედ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები უპირობოდ მიიჩნევა დამტკიცებულად.
9. დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინება მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმებისა და საქმისწარმოების განახლების მოთხოვნით.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 6 ივლისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი უარყოფილ იქნა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.
10.1. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები და დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ წერილობითი შესაგებლის წარსადგენად მოპასუხეს განსაზღვრული ჰქონდა 10 დღის ვადა, მაგრამ ზემოაღნიშნულ ვადაში შესაგებელი არ წარუდგენია და არც მისი წარუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ არ უცნობებია სასამართლოსთვის.
10.2. სააპელაციო პალატამ უარყო აპელანტის პრეტენზია, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა მოთხოვნას და განმარტა, სსსკ-ის 230–ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლებოდა, რაც ექსპერტიზის დასკვნით დასტურდებოდა. ამასთან, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას მტკიცებულებებს უშუალოდ არ იკვლევდნენ და სარჩელში მითითებული გარემოებები დამტკიცებულად მიიჩნეოდა. შესაბამისად, აპელანტის პრეტენზია დამტკიცებულად მიჩნეულ გარემოებებთან დაკავშირებით დაუშვებელია. მას უფლება აქვს, მხოლოდ იდავოს, თუ რამდენად ამართლებდა დამტკიცებულად მიჩნეული გარემოებები სასარჩელო მოთხოვნას. ამ მხრივ, მსჯელობისას, აპელანტი ისევ არ ეთანხმებოდა დამტკიცებულად მიჩნეულ გარემოებას, რომ წყალი მისი ბინიდან ჩაუვიდა მეზობელს წყალგაყვანილობის მოუწესრიგებლობის გამო და ამტკიცებდა, რომ წყალგაყვანილობის სისტემა მოწესრიგებული ჰქონდა, ხოლო მეზობელს წყალი ჩაუვიდა სახლის სახურავიდან, რითაც გამორიცხავდა საკუთარ ბრალეულობასა და კავშირს შედეგთან. შესაბამისად, ეს მსჯელობაც ვერ გამოდგებოდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად.
10.3. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სარჩელში მითითებული და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230–ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები, სსკ-ის 992-ე მუხლის თანახმად, იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას და პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიიღო და ძალაში დატოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
11. მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომლითაც ძალაში დარჩა 2015 წლის 1 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი უცვლელად დატოვების შესახებ 2015 წლის 24 ნოემბრის განჩინება, მათი გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების მოთხოვნით. კასატორის მტკიცებით, სასამართლომ არასწორად განმარტა სსსკ-ის 230-ე მუხლი, კერძოდ, სარჩელის დასაკმაყოფილებლად საკმარისად მიიჩნია, მხოლოდ სარჩელში მითითებული გარემოებები, რაც არცერთი ნორმიდან არ გამომდინარეობდა.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 25 ნოემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.
13. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
15. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სსსკ-ის 2321 მუხლის შესაბამისად მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების კანონიერების შემოწმება.
16. სამოქალაქო საპროცესო სამართალწარმოებაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი უზრუნველყოფს მხარეთა მიერ საპროცესო ვალდებულებების შესრულებისადმი პატივისცემისა და მათი პასუხისმგებლობის დონის ამაღლებას. ის ემსახურება საპროცესო დისციპლინის განმტკიცებასა და პროცესის გამარტივებას. თუ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას კანონით გათვალისწინებული წინაპირობები დაცულია, მისი გაუქმება სათანადო დასაბუთების გარეშე დაუშვებელია.
17. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ წინამდებარე შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოტანილია არასაპატიო მიზეზით შესაგებლის წარუდგენლობის გამო (იხ. სსსკ-ის 2321-ე მუხლი), როდესაც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის ვლინდებოდა ყველა კანონისმიერი წინაპირობა. სსსკ-ის 2321 მუხლის თანახმად, შესაგებლის შეუტანლობის მოტივით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოპასუხე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით უნდა იყოს ინფორმირებული საქმის განხილვის თაობაზე, კერძოდ, მას სარჩელი და თანდართული მასალები დადგენილი წესით უნდა ჰქონდეს ჩაბარებული და ამომწურავად განმარტებული - 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის ფარგლებში დანიშნული საპროცესო ვადის არასაპატიოდ დარღვევის ნეგატიური შედეგები; მოპასუხემ ბრალეულად უნდა დაარღვიოს შესაგებლის შეტანისათვის განსაზღვრული ვადა. ეს ფაქტობრივი წინაპირობები განაპირობებს სარჩელში მითითებული გარემოებების დადგენილად მიჩნევის აუცილებლობას. ზემოაღნიშნული საფუძვლების კუმულაციურად არსებობა კი, ქმნის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას, თუმცა იმისათვის, რათა სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით დააკმაყოფილოს სარჩელი, მოსამართლე ვალდებულია, გამოარკვიოს კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები ამართლებს თუ არა მოთხოვნას იურიდიული თვალსაზრისით. მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა, თავის მხრივ, მოიაზრებს მოსარჩელის მოთხოვნის მარეგულირებელ მატერიალურსამართლებრივი ნორმის სწორად განსაზღვრასა და იმის უტყუარად დადგენას, სარჩელში მითითებული და კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული გარემოებების სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასება ქმნის თუ არა მოთხოვნის მომწესრიგებელი მატერიალური ნორმის შემადგენლობას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2016 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-121-117-2016).
18. განსახილველ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლომ დამტკიცებულად მიიჩნია სარჩელში მითითებული შემდეგი გარემოებები: მოსარჩელის კუთვნილი ბინის ზემოთ მდებარე ბინა მოპასუხის საკუთრებაა. მოსარჩელის ბინა დაზიანდა მოპასუხის ბინიდან ჩამონადენი წყლით, რაც ამ უკანასკნელის წყალგაყვანილობის სისტემის გაუმართაობითაა გამოწვეული. მიყენებული ზიანის ოდენობა - 2502.98 ლარია. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად განმარტა სსსკ-ის 230.1 (თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება) მუხლი და მართებულად მიიჩნია დამტკიცებულად სარჩელში მითითებული ზემოხსენებული გარემოებები, ვინაიდან ასეთი დასკვნა პირდაპირ გამომდინარეობს ხსენებული ნორმის შინაარსიდან.
19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას იმის თაობაზე, რომ სასამართლოს სარჩელში მითითებული გარემოებები დამტკიცებულად არ უნდა ჩაეთვალა. საკასაციო სასამართლო, დიდი პალატის ზემოხსენებული გადაწყვეტილების მოხმობით დამატებით განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მიზნად ისახავს სასამართლოს ეფექტიან საქმიანობას, სასამართლო დავების სწორად და გაჭიანურების გარეშე გადაწყვეტას, მხარეთა „იძულებას“, განახორციელონ საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებები - საქმის განხილვაში მიიღონ აქტიური მონაწილეობა და ხელი შეუწყონ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანაში. დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი იურიდიული ბუნებით წარმოადგენს სანქციას იმ მხარისათვის, რომელიც არ ცხადდება საქმის განხილვაზე ან არ ახორციელებს თავის საპროცესო უფლებებს (შესაგებლის წარდგენა), რითაც ქმნის ვარაუდს, რომ მან დაკარგა ინტერესი, შეეწინააღმდეგოს მის მიმართ აღძრულ სარჩელს. ასეთ შემთხვევაში, საქმის განხილვის დროს მტკიცებულებები არ გამოიკვლევა, არამედ კანონის ძალით სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები უპირობოდ დადასტურებულად მიიჩნევა და, თუ მათი ერთობლიობა ქმნის იმ სამართლებრივ შედეგს, რომლის მიღებაც მოსარჩელეს სურს, საქმის განმხილველი სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე.
20. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები (იხ. წინამდებარე განჩინების პუნქტი 18), სსკ-ის 992-ე (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი), 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება) მუხლების საფუძველზე, იურიდიულად ამართლებს მოსარჩელის მოთხოვნას ზიანის ანაზღაურების თაობაზე.
21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
22. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. განსახილველ შემთხვევაში, რაკი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის საკასაციო საჩივარზე გ.გ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (140.00 ლარის, საგადახდო დავალება #23, გადახდის თარიღი - 31.10.2016 და 160.00 ლარის, საგადახდო დავალება #1, გადახდის თარიღი - 15.11.2016, სულ - 300.00 ლარის) 70% – 210.00 ლარი;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ჯ.ბ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ ჯ.ბ–ძეს (პ/ნ ......) დაუბრუნდეს მის საკასაციო საჩივარზე გ. გ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (140.00 ლარის, საგადახდო დავალება #23, გადახდის თარიღი - 31.10.2016 და 160.00 ლარის, საგადახდო დავალება #1, გადახდის თარიღი - 15.11.2016, სულ - 300.00 ლარის) 70% – 210.00 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ზ. ძლიერიშვილი