დატოვებულია განუხილველად

სამოქალაქო 05.03.2020
საქმის ნომერი
ას-12-2020
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
05.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-12-2020 5 მარტი, 2020 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - შპს „მ–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ნ.მ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 მარტის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი - განაცდური ხელფასის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ნ.მ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც "მოსარჩელე", "მოწინააღმდეგე მხარე") სასარჩელო მოთხოვნა შპს „მ–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც "მოპასუხე", "კერძო საჩივრის ავტორი") მიმართ განაცდური ხელფასის 2018 წლის 1 მაისიდან 2018 წლის 1 ივლისის ჩათვლით, თვეში 1500 ლარის ოდენობით ანაზღაურების თაობაზე, დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ განაცდური შრომის ანაზღაურების სახით დაეკისრა 3000 ლარის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 31 დეკემბრის განჩინებით აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ, დაევალა განჩინების ასლის გადაცემიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის სასამართლოში წარდგენა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

4. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ 2019 წლის 12 თებერვალს განჩინების ასლი აპელანტს გაეგზავნა მის მიერ მითითებულ მისამართზე, რომელიც 2019 წლის 12 თებერვალს ჩაბარდა ორგანიზაციის წარმომადგენელს - ა.გ–ს, ამდენად, ხარვეზის შევსების 10 - დღიანი ვადა დაიწყო 2019 წლის 13 თებერვალს და ამოიწურა ამავე წლის 22 თებერვალს, თუმცა აპელანტს ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსთვის.

5. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 20 იანვრის განჩინებით კერძო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის - 25 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა. ამავე განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში კერძო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს, ხოლო სსსკ-ის 372-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა იმ წესების დაცვით წარმოებს, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. სსსკ-ის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

8. დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 20 იანვრის განჩინება პირადად ჩაბარდა კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელს - ა.გ–ს 2020 წლის 23 იანვარს (იხ.: უკუგზავნილი, ტ.2, ს.ფ.32). საქმეში წარმოდგენილია შპს „მ–ის“ დირექტორის გ.გ–ის მიერ ა.გ–ზე გაცემული მოქმედი რწმუნებულება გასაჩივრების უფლებით (ტ.1, ს.ფ.88, 89).

9. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.

10. მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორისთვის ხარვეზის შევსების 10 - დღიანი ვადის დენა დაიწყო 2020 წლის 24 იანვარს და ამოიწურა ამავე წლის 3 თებერვალს (2 თებერვალი იყო კვირა). ამდენად, კერძო საჩივრის ავტორი ვალდებული იყო ხარვეზი 2020 წლის 3 თებერვლის ჩათვლით შეევსო. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსთვის.

11. სსსკ-ის 63-ე მუხლით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას (იხ.: სუსგ საქმეზე #ას-1613-2019, 20 დეკემბერი, 2019).

12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კერძო საჩივრის ავტორმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ შეავსო, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ის განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 420-ე, 399-ე, 372-ე, 416-ე, 63-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „მ–ის“ კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე : თამარ ზამბახიძე