შუამდგომლობა

სამოქალაქო
საქმის ნომერი
ა-1332-შ-36-2020
კატეგორია
დავის ტიპი
შუამდგომლობა
თარიღი

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ა-1332-შ-36-2020 30 მარტი, 2020 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – მ. ნ-ძე

მოწინააღმდეგე მხარე – ა. ი-უ

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს - რუმინეთის კონსტანცას სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

აღწერილობითი ნაწილი:

რუმინეთის კონსტანცას სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით მ. ნ-ძეს და ა. ი-უს შორის 2014 წლის 10 ოქტომბერს სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში რეგისტრირებული (აქტის ჩანაწერის #01143006...) ქორწინება შეწყდა.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მ. ნ-ძემ და მოითხოვა ზემოხსენებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიაჩნია, რომ მხარის შუამდგომლობა არ აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს, შესაბამისად, არ არსებობს მისი განსახილველად მიღების წინაპირობები შემდეგ გარემოებათა გამო:

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. თავის მხრივ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, საპროცესო საკითხები განიხილება სწორედ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.

ამავე კანონის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შუამდგომლობას აღსრულებისათვის თან უნდა დაერთოს სასამართლო გადაწყვეტილების დამოწმებული ასლი და დამოწმებული ქართული თარგმანი, აგრეთვე ცნობა გადაწყვეტილების ძალაში შესვლისა და მისი აღსრულების აუცილებლობის შესახებ, თუ ეს შუამდგომლობის ტექსტიდან არ გამომდინარეობს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია, სარჩელს დაურთოს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება. თუ მოსარჩელეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია სარჩელთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია, ამის შესახებ მიუთითოს სარჩელში. მოსარჩელე უფლებამოსილია, მტკიცებულებათა წარდგენისათვის მოითხოვოს გონივრული ვადა.

საქმის მასალებით არ დგინდება ის გარემოება, შესულია თუ არა უცხო ქვეყნის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში, მაშინ, როდესაც „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისათვის სავალდებულოა, რომ იგი შესული იყოს კანონიერ ძალაში. კანონის იმპერატიულ მოთხოვნას, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისათვის წარდგენილი უნდა იყოს უცხო ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, ვერ შეცვლის მხოლოდ მხარის წერილობითი მითითება აღნიშნულის თაობაზე.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსამართლე სარჩელის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში არ მიიღებს სარჩელს (შუამდგომლობას), თუ იგი შეტანილია ამ კოდექსის 178-ე მუხლში (გარდა იმავე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა და მე-3 ნაწილისა, თუ მოსარჩელეს მითითებული აქვს მტკიცებულებათა წარუდგენლობის საპატიო მიზეზი) მითითებული პირობების დარღვევით. ამავე კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მე-2 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად კი, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლე გამოიტანს დასაბუთებულ განჩინებას. განჩინებაში უნდა მიეთითოს აგრეთვე, თუ როგორ უნდა იქნეს აცილებული საქმის აღძვრის დამაბრკოლებელი გარემოებანი. სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის განჩინება ჩაბარდება მოსარჩელეს, რომელსაც იმავდროულად უბრუნდება მის მიერ შეტანილი დოკუმენტები.

ამდენად, საკასაციო პალატას მიიჩნია, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა არ აკმაყოფილებს კანონის ფორმალურ მოთხოვნებს, რის გამოც მარიამ ნეფარიძეს უარი უნდა ეთქვას მის განსახილველად მიღებაზე, ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, თუკი მხარე გამოასწორებს ზემოთ მითითებულ დარღვევას, მას უფლება აქვს საერთო წესით კვლავ მომართოს სასამართლოს ამავე შუამდგომლობით.

სარეზოლუციო ნაწილი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 71-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე, 187-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დაადგინა:

1. მ. ნ-ძეს უარი ეთქვას რუმინეთის კონსტანცას სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიატორიაზე ცნობის შესახებ შუამდგომლობის განსახილველად მიღებაზე.

2. შუამდგომლობის ავტორს დაუბრუნდეს მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები.

3.განემარტოს მ. ნ-ძეს, რომ განჩინებაში მითითებული დარღვევის გამოსწორების შემთხვევაში ის არ კარგავს უფლებას იმავე შუამდგომლობით კვლავ მომართოს სასამართლოს.

4. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე