კერძო საჩივარი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-44-2020 27 მაისი, 2020 წელი,თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - დ.ვ–ძე (თანამოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ქ.დ–ძე (მოსარჩელე)
მოპასუხე - შპს „პ.ს–ი“
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 05.12.2019წ. განჩინება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 04.04.2019წ. გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორების შესახებ
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი - ხელშეკრულების ნაწილის ბათილად ცნობა, საიჯარო თანხის დაკისრება, საიჯარო ხელშეკრულების შეწყვეტა და ფართის გამოთავისუფლება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის განუხილველად დატოვება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ქ.დ–ძემ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც "მოსარჩელე") სარჩელი აღძრა შპს „პ.ს–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც "მოპასუხე") მიმართ და მოითხოვა: მხარეებს შორის 01.07.2011წ. დადებული საიჯარო ხელშეკრულების 7.3 პუნქტის ბათილად ცნობა; აღნიშნული ხელშეკრულების შეწყვეტა; ქ. ბათუმში, .... მდებარე უძრავი ქონების გამოთავისუფლება და აღნიშნული ფართის მოსარჩელისთვის გადაცემა; მოსარჩელის სასარგებლოდ 12.11.2014წ.-დან სარჩელის აღძვრის მომენტამდე საიჯარო თანხის გადახდის დაკისრება 13 000 ლარის ოდენობით, ასევე საიჯარო თანხის გადახდის დაკისრება ყოველთვიურად 1000 ლარის ოდენობით სარჩელის აღძვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 06.09.2016წ. განჩინებით სამოქალაქო საქმეში მესამე პირად მოპასუხის მხარეს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე ჩაბმულ იქნა შ.დ–ძე (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მესამე პირი).
3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 18.12.2016წ. გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ: ბათილად იქნა ცნობილი, ერთი მხრივ, მოსარჩელეს და მესამე პირს და, მეორე მხრივ, მოპასუხეს შორის 01.07.2011წ. დადებული იჯარის ხელშეკრულების 7.3 პუნქტი; მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ 12.11.2014წ.-დან სარჩელის აღძვრამდე, 12.01.2016წ.-მდე გადასახდელი საიჯარო ქირის თანხა - 13 000 ლარის ოდენობით. მოსარჩელის მოთხოვნა ქონების გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემის შესახებ არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 23.02.2017წ. განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შეუვსებლობის გამო. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 05.05.2017წ. განჩინებით კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. ორივე მხარის სააპელაციო საჩივარი მიღებული იქნა წარმოებაში.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 14.09.2017წ. განჩინებით მესამე პირის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა - დ.ვ–ძე (ტ.1, ს.ფ.320-321). 14.09.2017წ. მიღებულ იქნა ასევე განჩინება დ.ვ–ძის საქმეში თანამოპასუხის სტატუსით ჩაბმის შესახებ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც "თანამოპასუხე", "კერძო საჩივრის ავტორი") (ტ.1, ს.ფ.340-343).
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 14.12.2017წ. განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 18.12.2016წ. გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 04.10.2018წ. განჩინებით საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 14.12.2017წ. განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 04.04.2019წ. გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 18.12.2016წ. გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის და საპროცესო ხარჯის - 390 ლარის დაკისრების ნაწილში (გადაწყვეტილების 1.3 და 2 პუნქტები). სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შეწყდა 01.07.2011წ. დადებული იჯარის ხელშეკრულება; მოპასუხეს დაევალა ქ. ბათუმი, ....., საკადასტრო კოდი: ..... მდებარე უძრავი ქონების მოსარჩელისთვის თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარება; მოპასუხეს და თანამოპასუხეს დაეკისრათ მოსარჩელის სასარგებლოდ 8640 ლარის გადახდა (ტ.2, ს.ფ.129-150). გადაწყვეტილებაში ასევე აღნიშნულია, რომ უძრავი ქონება მდებარე ქ. ბათუმში, ......, საკადასტრო კოდი: ...... წარმოადგენდა მოსარჩელის და მესამე პირის თანასაკუთრებას. მესამე პირმა თავისი კუთვნილი 1/2 წილი დავის პერიოდში გაასხვისა თანამოპასუხეზე, რომელიც იმავდროულად წარმოადგენს მოპასუხის დირექტორს (ტ.2, ს.ფ.139).
9. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინეს მოპასუხემ და თანამოპასუხემ, თუმცა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 09.09.2019წ. განჩინებით საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შეუვსებლობის გამო (ტ.2, ს.ფ.206-210).
10. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 05.12.2019წ. განჩინებით ამავე სასამართლოს 04.04.2019წ. გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობა გასწორდა, კერძოდ, დადგინდა, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტში არასწორად იყო მითითებული მოპასუხისაგან გამოთხოვილი უძრავი ქონების საკადასტრო კოდი, რაც გასწორდა და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით: მოპასუხეს დაევალა ქ. ბათუმი, ...... , საკადასტრო კოდი: ....... მდებარე უძრავი ქონების მოსარჩელისთვის თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარება (ტ.2, ს.ფ.249-253).
განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა თანამოპასუხემ (ტ.2, ს.ფ.272). კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 05.12.2019წ. განჩინების გაუქმება. იქვე განმარტა, რომ დაზუსტებულ კერძო საჩივარს წარმოადგენდა მოგვიანებით.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 30.01.2020წ. განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს დაევალა 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა კერძო საჩივარი, რომელშიც მითითებული იქნებოდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 396-ე მუხლის პირველი ნაწილის "ე" და "ვ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლები, ასევე 50 ლარის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი (ტ.2, ს.ფ.276-278).
12. 10.03.2020წ. საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელმა და იშუამდგომლა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული საპროცესო ვადის რამდენიმე დღით გაგრძელება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20.03.2020წ. განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს გაურძელდა ხარვეზის შევსების ვადა სამი დღით (ტ.2, ს.ფ.286-288).
13. ხარვეზის შევსების საპროცესო ვადაში კერძო საჩივრის წარმომადგენელმა იშუამდგომლა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისა და COVID-19-ის გავრცელების პრევენციის (იზოლაციის წესების დაცვის) გამო ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული საპროცესო ვადის რამდენიმე დღით გაგრძელება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 07.04.2020წ. განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა 10 დღით (ტ.2, ს.ფ.293,294).
14. ხარვეზის შევსების ვადაში (24.04.2020წ.) საკასაციო სასამართლოს მომართა კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელმა განცხადებით ხარვეზის ნაწილობრივ შევსების შესახებ, რომელსაც დაურთო სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი და მოითხოვა დადგენილი ხარვეზის შევსებულად მიჩნევა (ტ.2, ს.ფ.296,297).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
15. სსსკ 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 399-ე მუხლით, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს, სსსკ-ის 372-ე მუხლის მიხედვით კი, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა იმ წესების დაცვით წარმოებს, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
16. სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ (იხ.: სუსგ საქმეზე № ას-1613-2019, 20 დეკემბერი, 2019 წელი).
17. დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 30.01.2020წ. განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსებია ვადა გაგრძელდა ორჯერ, 20.03.2020წ. და 07.04.2020წ. განჩინებებით (ტ.2, ს.ფ.286-288; 293,294).
07.04.2020წ. განჩინება პირადად ჩაბარდა კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელს - ე.პ–ძეს 2020 წლის 16 აპრილს (იხ.: უკუგზავნილი, ტ.2, ს.ფ.296). საქმეში წარმოდგენილია კერძო საჩივრის ავტორის მიერ ე.პ–ძეზე გაცემული მოქმედი რწმუნებულება გასაჩივრების უფლებით (ტ.2, ს.ფ.191).
18. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.
19. მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორისთვის ხარვეზის შევსების 10 - დღიანი ვადის დენა დაიწყო 2020 წლის 17 აპრილს და ამოიწურა ამავე წლის 27 აპრილს (26 აპრილი იყო კვირა). ხარვეზის შევსების ვადაში (24.04.2020წ.) საკასაციო სასამართლოს მომართა კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელმა განცხადებით ხარვეზის ნაწილობრივ შევსების შესახებ, რომელსაც დაურთო სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი და მოითხოვა დადგენილი ხარვეზის შევსებულად მიჩნევა (ტ.2, ს.ფ.296,297).
წარმოდგენილი არ არის დაზუსტებული (დასაბუთებული) კერძო საჩივარი სსსკ-ის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დაუშვებელია საპროცესო ვადის გაგრძელებამ გამოიწვიოს საქმის განხილვის გაჭიანურება და პროცესუალური ეკონომიის პრინციპის უგულებელყოფა(იხ.: სუსგ საქმეზე № ას1547-2018, 24 დეკემბერი, 2018 წელი), შესაბამისად, ვინაიდან კერძო საჩივრის ავტორს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი სრულად არ გამოუსწორებია, არსებობს სსსკ-ის 63-ე მუხლის შესაბამისად კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.
20. ყოველივე ზემოაღნიშნლიდან გამომდინარე, ვინაიდან კერძო საჩივრის ავტორმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი სრულად არ შეავსო, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ის განუხილველად უნდა დარჩეს.
21. სსსკ-ის 374-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად კერძო საჩივრის ავტორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ კერძო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 420-ე, 399-ე, 372-ე, 416-ე, 63-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დ.ვ–ძის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. დ.ვ–ძეს (პ/ნ .....) დაუბრუნდეს ე.პ–ძის (პ/ნ .....) მიერ 2020 წლის 24 აპრილს #0 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50 (ორმოცდაათი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე : თამარ ზამბახიძე