საკასაციო საჩივარი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-193-2020 20 მაისი, 2020 წელი,ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე,საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – შპს „კ.ტ.მ–ა“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ.მ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 15 ოქტომბრის განჩინება.
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
დავის საგანი – სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. შპს „კ.ტ.მ–სა“ (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი, საწარმო, დამსაქმებელი ან კასატორი) და ნ.მ–ს (შემდეგში: მოსარჩელე, დასაქმებული) შორის 2017 წლის 1 აგვისტოს გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, მოსარჩელე ერთი წლის ვადით დაინიშნა კომპანიის სავაჭრო წარმომადგენლის პოზიციაზე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (სამუშაოს შესრულების ადგილი - ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა). ხელფასი განისაზღვრა 2 500 აშშ დოლარით (ტ.1,ს.ფ. 19-24).
2. საწარმოს დირექტორის, 2018 წლის 4 იანვრის №005 ბრძანებით, საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში: სშკ) 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის „“ საფუძველზე კომპანიის სავაჭრო წარმომადგენელთან ჩინეთში (მოსარჩელესთან) შეწყდა შრომითი ურთიერთობა. ბრძანებაში მითითებულია, რომ დასაქმებულის მხრიდან არ შესრულდა შრომითი ხელშეკრულების მე-5 პუნქტის 5.1.1.1 „ჩინური ბაზრის კვლევა/ანალიზი (კონკურენტების, პროვინციების) და მარკეტინგის აქტივობების დაგეგმვა“, 5.1.1.2 „უშუალო ხელმძღვანელისთვის და ექსპორტის მენეჯერისთვის ანგარიშის წარმოება მოთხოვნის შესაბამისი პერიოდულობით“, 5.1.1.10 „სამუშაოს შესრულებასთან დაკავშირებული ყველა გადაწყვეტილების შეთანხმება ხელმძღვანელთან“, 5.1.7 „დასაქმებული პასუხისმგებელია დამსაქმებლის წინაშე მის მიერ განზრახ ან/და გაუფრთხილებლობით ჩადენილი არასწორი ქმედებების ან თავისი ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში“, 5.4.2 „მოსთხოვოს დასაქმებულს გაწეული სამუშაოს ჩაბარება, როგორც ზეპირად, ისე წერილობითი ფორმით“, ქვეპუნქტები და მე-6 პუნქტის 6.5.1 „დასაქმებული ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ სამუშაოს არასაკმარისი კვალიფიკაციის გამო“, 6.5.2 „დასაქმებული სისტემატიურად არღვევს ხელშეკრულების პირობებს“, 6.5.7 „ჩაიდენს ისეთ ქმედებას, რომელიც ბღალავს კომპანიის საქმიან რეპუტაციას, კერძოდ, აქვეითებს სხვა თანამშრომლის მოტივაციას, ნეგატიურად მოქმედებს სამუშაო გარემოზე“, ქვეპუნქტები (ტ.1,ს.ფ. 25-26).
3. საწარმოს დირექტორის 2018 წლის 30 იანვრის №017 ბრძანებით, კომპანიის პერსპექტივაში პროექტის წამგებიანობის გამო, საწარმოში გაუქმდა ჩინეთში სავაჭრო წარმომადგენლობის შტატი(ტ.1,ს.ფ. 66).
4. სასარჩელო მოთხოვნა
4.1. დასაქმებულმა, 2018 წლის 26 იანვარს სარჩელი აღძრა საწარმოს წინააღმდეგ, მოითხოვა:
4.1.1. საწარმოს გენერალური დირექტორის 2018 წლის 4 იანვრის №005 ბრძანების, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, ბათილად ცნობა;
4.1.2. საწარმოს ჩინეთის რესპუბლიკის სავაჭრო წარმომადგენლის პოზიციაზე აღდგენა;
4.1.3. საწარმოსთვის, მოსარჩელის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის სახით ყოველთვიურად 2 500 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა, 2018 წლის 1 იანვრიდან, სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე;
5. მოპასუხის პოზიცია
5.1. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
6.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
6.1.1. ბათილად იქნა ცნობილი საწარმოს გენერალური დირექტორის 2018 წლის 4 იანვრის №005 ბრძანება, დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ;
6.1.2. საწარმოს დასაქმებულის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის სახით 17 500 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარში (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით) გადახდა;
6.2. საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციის 26-ე, 31-ე, ევროპის სოციალური ქარტიის 24-ე, სშკ-ით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 115-ე მუხლებით.
7. საწარმოს სააპელაციო საჩივარი
7.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საწარმომ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების, სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
8. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
8.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
8.2. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებები (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში: სსსკ, 390.3-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი) და მიუთითა მათზე.
8.3. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქმის მასალებით დადგენილი იყო, რომ მხარეებს შორის არსებობდა შრომითი ურთიერთობა. ასევე, საქმის გარემოებები ეხებოდა საწარმოს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სავაჭრო წარმომადგენლის პოზიციაზე მყოფი დასაქმებულის მიერ ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვან შესრულებას, რაც გამოწვეული იყო დასაქმებულის კვალიფიკაციის ან პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობით მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან/შესასრულებელ სამუშაოსთან. საქალაქო სასამართლომ სწორად მიუთითა იმ წინაპირობებზე, რაც დამსაქმებელს უნდა განახორციელებინა, ვიდრე ზემოაღნიშნული საფუძვლით შეწყვეტდა დასაქმებულთან შრომით ურთიერთობას და რაც, მოცემულ შემთხვევაში, საწარმომ არ შეასრულა.
8.4. სააპელაციო სასამართლომ განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალების შესწავლის საფუძველზე მიიჩნია, რომ მოპასუხემ ვერ შეძლო დაედასტურებინა, კონკრეტულად რაში გამოიხატებოდა დასაქმებულის მხრიდან ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება.
8.5. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებითაც, ბრძანება დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე სწორად იქნა ბათილად ცნობილი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის საფუძველზე, რამდენადაც, დამსაქმებლის ნება ვერ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლით გათვალისწინებული „მართლზომიერი ნების“ მაღალ სტანდარტებს.
8.6. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქმის მასალებით დადგენილი იყო, რომ მოსარჩელე მისი კვალიფიკაციის ან პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობის საფუძვლით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, მოპასუხის განმარტებით, დასაქმებული არაკვალიფიციური აღმოჩნდა ალკოჰოლური სასმელების გაყიდვის სფეროში.
8.7. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ქვემდგომმა ინსტანციის სასამართლომ სწრად აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, გათავისუფლების საფუძვლად მითითებული ნორმის გათვალისწინებით უნდა შეფასებულიყო დამსაქმებლის წინარე ქმედებები, ხელშეკრულების შეწყვეტამდე. მნიშვნელოვანია იმის დადგენა, თუ რამდენად ადასტურებდა მოპასუხე მოსარჩელის მიერ ხელშეკრულების დარღვევის არსებობას და იყო თუ არა ეს გამოწვეული მისი კვალიფიკაციის ან პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობით დაკავებულ თანამდებობასთან. გათავისუფლების ბრძანებაში მითითებულია, რომ დასაქმებულმა დაარღვია ხელშეკრულების მთელი რიგი პირობები, მაგალითად, არ მოახდინა ჩინური ბაზრის კვლევა/ანალიზი (კონკურენტების, პროვინციების) და მარკეტინგის აქტივობების დაგეგმვა, არ უწარმოებია ანგარიში და ა.შ. კითხვაზე, რა ჰქონდა აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება, მოპასუხემ მიუთითა მხოლოდ წერილზე, რომელიც, მისი განმარტებით, არის კომპანიის პარტნიორი ჩინური კომპანიის გამოგზავნილი, რომლის მოთხოვნითაც შეიქმნა ზოგადად სავაჭრო წარმომადგენლის შტატი. წერილში (ტ.1,ს.ფ. 70-72) ჩინური კომპანია აღნიშნავს, რომ ჩინეთში მოსარჩელის ყოფნა არაეფექტური იყო, რადგან არასაკმარისად კომპეტენტური იყო ალკოჰოლური სასმელების გაყიდვის სფეროში. მოპასუხემ დაადასტურა, რომ ეს წერილი გახდა მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი.
8.8. საქალაქო სასამართლომ შრომით დავებში მტკიცებულებათა გადანაწილების სტანდარტზე მითითებით მართებულად განმარტა, რომ დამსაქმებლის დასადასტურებელ გარემოებას წარმოადგენს მის მიერ მითითებული დარღვევების არსებობა. ის, რომ არაეფექტური იყო დასაქმებულის საქმიანობა კომპანიის სავაჭრო წარმომადგენლის რანგში, სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, არ დასტურდება საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებით. მხოლოდ წერილის არსებობა საქალაქო სასამართლომ სწორად არ გაიზიარა, რადგან არ დადგინდა, კონკრეტულად რაში გამოიხატებოდა არაეფექტურობა და უფრო მეტიც, კომპანიათა ოფიციალურ ურთიერთთანამშრომლობაზეც არ არის საქმეში დოკუმენტაცია წარდგენილი.
8.9. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებითაც, მოპასუხეს მოსარჩელის კომპეტენცია ხელშეკრულების გაფორმებამდე უნდა შეემოწმებინა და ამის განუხორციელებლობის რისკიც მასვე აწევს. მოპასუხის წარმომადგენელი თავადაც აღნიშნავდა, რომ ისინი ენდნენ მოსარჩელის განმარტებას მის კომპეტენციასთან დაკავშირებით.
8.10. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, საქალაქო სასამართლომ სწორად განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში დგინდებოდა, როგორც დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების არამართლზომიერება, აგრეთვე მოსარჩელის შტატის გაუქმების ფაქტი, რის გამოც, შეუძლებელი იყო დასაქმებულის იმავე ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა და საჭირო იყო სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად პირისთვის სამუშაოზე აღდგენის ალტერნატივის სახით კომპენსაციის გადახდა.
9. დამსაქმებელი ორგანიზაციის საკასაციო საჩივარი
9.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 15 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა დამსაქმებელმა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
9.2. კასატორის განმარტებით, ქვემდგომმა ინსტანციის სასამართლოებმა უსაფუძვლოდ მიიღეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და განჩინება, ისე, რომ არ გაითვალისწინეს დამსაქმებლის ახსნა-განმარტებები და ინტერესი. აგრეთვე, არასწორად მიიჩნიეს, რომ დამსაქმებელს დასაქმებულისთვის, ვალდებულებების არაკვალიფიციური შესრულებისთვის არ უნდა შეეწყვიტა ხელშეკრულება, არამედ სხვა დისციპლინური ზომები უნდა გაეტარებინა მანამდე, მიუხედავად იმისა, რომ კასატორის განმარტებით აღნიშნული უშედეგო იქნებოდა.
9.3. კასატორის განმარტებით, ის, რომ დასაქმებული არაკომპეტენტური იყო, იქიდანაც ჩანს, რომ მან ვერ შეძლო ახალი ბაზრების მოძიება და ჩინურ ბაზარზე კომპანიის ინტერესების გაფართოება.
10. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
10.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 28 თებერვლის განჩინებით დამსაქმებლის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დამსაქმებლის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
11. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
13. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:
ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.
15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.
16. საქართველოში შრომითი ურთიერთობების შეწყვეტა მოწესრიგებულია საქართველოს სშკ-ის 37-ე და 38-ე მუხლებით. რომელთაგან, პირველი მოიცავს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებს, ხოლო მეორე არეგულირებს შეწყვეტის პროცესუალურ მხარეს. აღნიშნული მუხლების კუმულაციური საფუძვლით შეგვიძლია ვთქვათ, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებლის პოზიტიური ვალდებულებაა დაასრულოს დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა მხოლოდ ლეგიტიმური გზებით, ხოლო ნეგატიური ვალდებულება წარმოადგენს იმას, რომ დამსაქმებელს არ უნდა შეეძლოს დასაქმებულის სამსახურიდან გაშვება შესაბამისი და გამართლებული საფუძვლის გარეშე, ამიტომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის იმ რეგულაციებს, რომლებიც სშკ-ის 37-ე და 38-ე მუხლებშია მოცემული, აქვთ ერთგვარი ,,შემაკავებელი ეფექტი“, რომლის საფუძველიც არის წინაპირობა შრომის ურთიერთობათა მხარეების თვითნებური, გაუმართლებელი გადაწყვეტილებების აღკვეთისთვის. სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლი წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენების აღკვეთის საკანონმდებლო იმპერატივს, რომლის მიხედვითაც, აკრძალულია უფლების ბოროტად გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. აღნიშნული ნორმაცია სშკ-ის შესაბამის ნორმებთან ერთად ქმნის საკანონმდებლო რეგულირების იმ ბადეს, რომელიც ერთის მხრივ იცავს დასაქმებულს - გაუმართლებლად არ მოხდეს მისი გათავისუფლება და მეორე მხრივ - დამსაქმებელს - შრომითი ურთიერთობის დარღვევისათვის დაითხოვოს თანამშრომელი. ასე, რომ აღნიშნული ნორმები ქმნიან მოქმედების იმ ჩარჩოს, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია გამართლებული იყოს როგორც პირის სამსახურიდან დათხოვნა, ისე სამსახურში აღდგენა, თუმცა აღნიშნული შედეგების რეალიზებისთვის აუცილებელია ყურადღება გამახვილდეს მტკიცების ტვირთზე, რადგან სამოქალაქო სამართლებრივი მტკიცების კლასიკური ტვირთი შრომის დავებში სპეციფიკურადაა წარმოჩენილი და ხშირ შემთხვევაში მიმართულია ერთგვარად ,,სუსტი მხარის“ ანუ დასაქმებულის პროცესუალური თანადგომისაკენ, თუმცა, ეს არ უნდა მივიჩნიოთ შეჯიბრებითობისა და პროცესუალური თანასწორობის კონსტიტუციური უფლების დარღვევად, რადგან ასეთი ტიპის დავებში სწორედ რომ უთანასწორო დამოკიდებულებაში მყოფი სუბიექტების ერთგვარი პროცესუალური გათანაბრება ხდება მის ოპონენტთან.
17. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის „შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია დასაქმებულის კვალიფიკაციის ან პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობა მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან/შესასრულებელ სამუშაოსთან“ ფაქტობრივი გარემოებების არსებობის ტვირთი ეკისრება დამსაქმებელს და არა დასაქმებულს.
18. განსახილველ შემთხვევაში, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილია და საკასაციო სასამართლოც სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებებსა და მსჯელობას, გათავისუფლების შესახებ ბრძანების არამართლზომიერებასა და დასაქმებულის იმავე თანამდებობაზე აღდგენის შეუძლებლობის გამო, საწარმოსთვის, მოსარჩელის სასარგებლოდ კომპენსაციის დაკისრების შესახებ (იხ. სშკ-ის 38.8 მუხლი).
19. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს, მოპასუხის მიერ წარდგენილ იმ ერთადერთ მტკიცებულებაზე (ტ.1,ს.ფ. 70), რომლის მიხედვითაც თითქოსდა, მტკიცდებოდა, დასაქმებულის მიერ დაკისრებული ფუნქციების არაკვალიფიციურად შესრულება. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დასახელებული წერილი, რომელიც წარმოდგენილია, სხვა კომპანიის მიერ, ვერ მიიჩნევა საკმარის მტკიცებულებად, როგორც პირის მიერ შრომითი ხელშეკრულების ფარგლებში შესასრულებელი ფუნქციების არაკვალიფიციურად მიჩნევისთვს, აგრეთვე, აღნიშნული საფუძვლით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების მართლზომიერად მისაჩნევად.
20. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეზე განმარტა: „საქართველოში განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ დასაქმებულის უფლებების დაცვა იყო, ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნეს ე.წ. „favor prestatoris“ პრინციპი, რაც დასაქმებულთათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს. სწორედ აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას, საჭიროა დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტში“ (იხ. სუსგ # ას-941-891-2015, 29.01.2016წ.).
21. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით.
22. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „კ.ტ.მ–ის“ საკასაციო საჩივარი როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;
2. კასატორს შპს „კ.ტ.მ–ს“ (ს/ნ:.....) დაუბრუნდეს 2020 წლის 12 თებერვალს №9058616355 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 2 505 ლარის 70% - 1 753.5 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300 773 150;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე