დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-33-2020 17 ივნისი, 2020 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი ,,დ–ა" (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ.ვ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 12 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. 2014 წლის აგვისტოდან 2017 წლის 31 იანვრამდე მ.ვ–ი (შემდგომში „მოსარჩელე“, „დასაქმებული“ ან „ყოფილი დასაქმებული“) ვადიანი შრომითი ხელშეკრულებების საფუძველზე დასაქმებული იყო სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრში „დ–ა“ (შემდგომში „მოპასუხე“, „დამსაქმებელი“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“).
2. შრომითი ხელშეკრულებები იდებოდა ერთიდან 3 თვემდე ვადით. კერძოდ, ხელშეკრულებები დაიდო 2014 წლის 4 აგვისტოს, 2014 წლის 15 სექტემბერს, 2015 წლის 23 იანვარს, 2015 წლის 1 აპრილს, 2015 წლის 1 ოქტომბერს, 2015 წლის 3 ნოემბერს, 2016 წლის 4 იანვარს, 2016 წლის 1 აპრილს, 2016 წლის 1 მაისს, 2016 წლის 1 ივნისს და 2016 წლის 1 ივლისს.
3. დამსაქმებლის 2017 წლის 31 იანვრის #322კ ბრძანების შესაბამისად, დასაქმებული გათავისუფლდა სამუშაოდან ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო.
4. მოსარჩელის მოთხოვნა
4.1. ყოფილმა დასაქმებულმა სარჩელი აღძრა სასამართლოში დამსაქმებლის მიმართ და მოითხოვა სამუშაოდან მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და 12 თვის ხეფასის ოდენობით კომპენსანციის მოპასუხისთვის დაკისრება.
4.2. მოსარჩელის განცხადებით, მასსა და მოპასუხეს შორის არსებული შრომითი ურთიერთობა იყო უვადო და არ არსებობდა ვადის გასვლის მოტივით ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი.
5. მოპასუხის პოზიცია
5.1. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელესთან დადებული ყველა შრომითი ხელშეკრულება იყო ვადიანი, რის გამოც არ არსებობდა სადავო ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
6.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი 2017 წლის 31 იანვრის #322კ ბრძანება და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ კომპენსაციის სახით დაეკისრა 12 600 ლარის გადახდა.
7. მოსარჩელისა და მოპასუხის სააპელაციო საჩივრები
7.1. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ. მოსარჩელემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება; მოპასუხემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
8. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
8.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 12 ივლისის განჩინებით, სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
8.2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-3 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები.
8.3. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს შრომის კოდექსის (შემდგომში „სშკ“) მე-6 მუხლის 12 ნაწილით, 37-ე მუხლის პირველი ნაწილით და აღნიშნა, რომ შრომის კანონმდებლობაში არსებული ჩანაწერი, რომელიც დამსაქმებელს ავალდებულებს გააფორმოს დასაქმებულთან სულ მცირე ერთწლიანი ხელშეკრულება ან ხელშეკრულება განუსაზღვრელი ვადით, გულისხმობს იმას, რომ ერთ წელზე ნაკლები ვადით ხელშეკრულების გაფორმება შესაძლებელია მხოლოდ შესაბამისი გარემოებების არსებობის შემთხვევაში, რაც შრომითი ურთიერთობების სტაბილურობასა და დასაქმებულთა სოციალურ დაცულობას უწყობს ხელს. ამავდროულად, ეს რეგულაცია არ ახდენს დამსაქმებელთა ინტერესების გაუმართლებელ შეზღუდვას, რადგან ზემოხსენებული გარემოებები ითვალისწინებს „სხვა ობიექტურ გარემოებასაც“, რაც, თავის მხრივ, მიანიშნებს, რომ ჩამონათვალი არ არის ამომწურავი და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მხარეებმა შეიძლება თავად განსაზღვრონ სხვა (დამატებითი) ობიექტური გარემოება, რაც გაამართლებს დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების განსაზღვრული ვადით დადებას. სათანადო გარემოების დადასტურება დამსაქმებლის მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაა, ხოლო მისი ობიექტურობის შეფასება ერთ წელზე ნაკლები ვადით ხელშეკრულების გაფორმების კანონშესაბამისობის დადგენის მიზნებისთვის, სასამართლოს დისკრეციაა.
8.4. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან შრომითი ხელშეკრულებები მოსარჩელესთან იდებოდა 1-დან 3 თვემდე ვადით, ხოლო ხელშეკრულების ერთ წელზე ნაკლები ვადით დადების გამამართლებელი ობიექტური გარემოების არსებობის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება მოპასუხეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის არსებული ურთიერთობა უნდა შეფასებულიყო, სულ მცირე, როგორც ერთწლიანი ხელშეკრულება (თუ არა განუსაზღვრელი ვადით დადებული ხელშეკრულება).
8.5. სასამართლომ იხელმძღვანელა შრომის კოდექსის მე-6 მუხლის მე-10 ნაწილით, სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლით და მართებულად მიიჩნია საქალაქო სასამართლოს დასკვნა სადავო ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე.
8.6. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას მოპასუხისთვის კომპენსაციის დაკისრების შესახებ, სააპელაციო პალატამ ამ ნაწილშიც გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, იხელმძღვანელა შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილით, ასევე მიუთითა ამ საკითხზე უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკაზე და აღნიშნა, რომ ვინაიდან მოცემულ დავაში დადგენილია დასაქმებულის არამართლზომიერი გათავისუფლების ფაქტი (რაც მისი გათავისუფლების თაობაზე მიღებული ბრძანების ბათილობის საფუძველია), უკანონოდ გათავისუფლებული დასაქმებულის უფლებრივი რესტიტუციის საშუალებისა და მისი ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს დისკრეციაა, რა დროსაც გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ შრომითსამართლებრივი კომპენსაცია ერთდროულად ფარავს იმ მატერიალურ დანაკარგს, რაც მხარემ უკანონოდ დათხოვნით განიცადა და რასაც საშუალოდ შესატყვისი სამსახურის მოძებნამდეც განიცდის, ასევე, იმ მორალურ ზიანს, რაც მას უკანონოდ დათხოვნით მიადგა. ამავდროულად, გასათვალისწინებელია უკანონოდ დათხოვნილი სუბიექტის ასაკი, კომპეტენცია, სამსახურის შოვნის პერსპექტივა, ოჯახური მდგომარეობა, სოციალური მდგომარეობა, ასევე დამსაქმებლის ფინანსური მდგომარეობა და ა.შ.
8.7. ამრიგად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის უფლებრივი რესტიტუცია მართებულად მოხდა მოპასუხისთვის დაკისრებული თანხით 12 600 ლარით (რაც 12 თვის შრომის ანაზღაურებაა).
9. მოპასუხის საკასაციო საჩივარი
9.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 12 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
9.2. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად არ გაიზიარა მოპასუხის პრეტენზია იმის თაობაზე, რომ მხარეთა შორის არსებობდა ვადიანი შრომითი ურთიერთობა. მოსარჩელეს არასდროს გაუხდია სადავოდ ის ფაქტი, რომ დამსაქმებელი 1-დან 3 თვემდე ვადით აფორმებდა მასთან ხელშეკრულებებს, რომლის მიხედვითაც, დასაქმებულს, როგორც მოწვეულ სპეციალისტს, კონსულტაციები უნდა გაეწია დამსაქმებლისთვის სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის შექმნის პროექტის ფარგლებში, ხოლო პროექტის დასრულების შემდეგ, მისი კონსულტაციები მოპასუხეს აღარ დასჭირდებოდა. სწორედ ამიტომ იყო მოკლევადიანი შრომითი ხელშეკრულებების გაფორმების საჭიროება. შესაბამისად, სახეზეა შრომის კოდექსის მე-6 მუხლის 12 ნაწილის „ა“ პუნქტით გათვალისწინებული შესაძლებლობა კონკრეტული სამუშაოს შესრულების პირობით ვადიანი შრომითი ხელშეკრულების დადების თაობაზე. სასამართლომ კი არასწორად დაასკვნა, რომ საქმეში არ მოიპოვებოდა ერთ წელზე ნაკლები ვადით ხელშეკრულების დადების გამამართლებელი ობიექტური გარემოება.
9.3. უსაფუძვლოა ასევე, ბრძანების ბათილობის თანმდევი შედეგის - მოპასუხისათვის კომპენსაციის დაკისრების დაკმაყოფილება ვინაიდან გათავისუფლების შესახებ ბრაძანება კანონშესაბამისია და არ არსებობდა მისი ბათილობის საფუძველი.
10. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
10.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 20 თებერვლის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
11. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.
14. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში განმარტავს: „შრომითსამართლებრივი ურთიერთობა ეფუძნება მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეულ შეთანხმებას (იხ. სშკ-ის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი), ხოლო შრომითი ურთიერთობისას მხარეებმა უნდა დაიცვან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები (იხ. სშკ-ის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტი). შრომითი ურთიერთობებისადმი წმინდა სახელშეკრულებო მიდგომის გამოყენება არ არის მიზანშეწონილი, რადგან კლასიკურად ასეთი ურთიერთობა მოიცავს მის მონაწილეთა შეთანხმებას თანაბარ საწყისებზე, მაშინ, როდესაც შრომით ურთიერთობაში ერთი პირი ნებაყოფლობით თანხმდება მეორის დაქვემდებარებაში ყოფნას“ (იხ. სუსგ საქმე №ას-98-94-2016, 26 ივლისი, 2016 წელი). ამასთან, შრომითსამართლებრივ დავებში მნიშვნელოვანია გამოირიცხოს დამსაქმებლის მიერ საკუთარი უფლების ბოროტად გამოყენება.
15. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. სასამართლოს უპირველესი ფუნქციაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაა. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს, რის საფუძველზეც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად კი, აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელი გარემოებების მართლზომიერების საკითხის შესწავლა. სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას, სასამართლომ უნდა შეამოწმოს, თუ რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას. აღნიშნული საკითხის გამორკვევა კი შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ადმინისტრაციის ბრძანებაში მითითებული დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად“ (იხ. სუსგ საქმე №1291-1312-2012, 10 იანვარი, 2014 წელი).
16. წინამდებარე დავაში კასატორს მიაჩნია, რომ ვინაიდან მხარეთა შორის ვადიანი შრომითი ხელშეკრულება იყო გაფორმებული, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა ხელშეკრულების ვადის გასვლამ გამოიწვია.
17. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, უპირველესად, მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის არსებული შრომითი ხელშეკრულების პირობები უნდა შეფასდეს, რის შემდეგაც სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლიანობა დადგინდება.
18. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში, დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება, ანაზღაურების სანაცვლოდ. შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე, ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით. შრომითი ხელშეკრულება მხარეებს შორის იდება წერილობითი ან ზეპირი ფორმით, განსაზღვრული, განუსაზღვრელი ან სამუშაოს შესრულების ვადით. ამდენად, შრომის კანონმდებლობა ითვალისწინებს როგორც უვადო, ისე - განსაზღვრული ვადით შრომითი ხელშეკრულების გაფორმებას. ორგანული კანონით ორი ტიპის ვადიანი ხელშეკრულების გაფორმების შესაძლებლობაა განხილული: ა) ხელშეკრულება ფორმდება კონკრეტული კალენდარული ვადით; ბ) ხელშეკრულების ვადის განსაზღვრა უკავშირდება გარკვეულ მიზანს.
19. საკასაციო სასამართლო სშკ-ის მე-6 მუხლის 12 პუნქტზე მითითებით ,,გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შრომითი ხელშეკრულების ვადაა 1 წელი ან მეტი, შრომითი ხელშეკრულება განსაზღვრული ვადით იდება მხოლოდ მაშინ, როცა: ა) შესასრულებელია კონკრეტული მოცულობის სამუშაო; ბ) შესასრულებელია სეზონური სამუშაო; გ) სამუშაოს მოცულობა დროებით იზრდება; დ) ხდება შრომითი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლით სამუშაოზე დროებით არმყოფი დასაქმებულის ჩანაცვლება; ე) არსებობს სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს ხელშეკრულების განსაზღვრული ვადით დადებას“, განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული ნორმა, განაპირობებს ერთ წელზე ნაკლები ვადით ხელშეკრულებების დადებას მხოლოდ შესაბამისი გარემოებების არსებობის შემთხვევაში, რაც შრომითი ურთიერთობების სტაბილურობასა და დასაქმებულთა სოციალურ დაცულობას უწყობს ხელს. კანონმდებლობით დადგენილი დასაქმებულთა უფლებების დაცვის აღნიშნული სტანდარტი სწორედ ხელშეკრულების ვადის განსაზღვრას უკავშირდება. დამსაქმებელი შეზღუდულია შესაძლებლობაში, დასაქმებულთან მოკლევადიანი ხელშეკრულება გააფორმოს, როდესაც კანონით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევა და საფუძველი არ არსებობს. სათანადო გარემოების დადასტურება დამსაქმებლის მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაა (იხ. სუსგ საქმე №ას-118-118-2018, 27 თებერვალი, 2018 წელი).
20. საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეში ასევე განმარტა, რომ შრომის კოდექსის მიხედვით, ერთ წელზე ნაკლები ვადით ხელშეკრულების დადება მხოლოდ ვადის განსაზღვრით, მიზნის მითითების გარეშე, დაუშვებელია, თუმცა, ეს არ გულისხმობს, რომ კონკრეტული მიზნით განპირობებული ვადიანი ხელშეკრულების საერთო ხანგრძლივობა არ უნდა აჭარბებდეს ერთ წელს. შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობა ამ შემთხვევაში უკავშირდება კონკრეტულ მიზანს და არა - კალენდარულ ვადას“ (იხ. სუსგ №ას-118-118-2018, 27 თებერვალი, 2018 წელი).
21. განსახილველ დავაში დადგენილია, რომ დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის შრომითი ურთიერთობა 2014 წლის 4 აგვისტოდან დაიწყო (სშკ-ის 6.1 მუხლი) და მხარეები თერთმეტი შრომითი ხელშეკრულების (რომელთაგან არცერთი აღემატებოდა 3 თვეს) საფუძველზე, 2017 წლის 31 იანვრამდე უწყვეტად იმყოფებოდნენ სახელშეკრულებო ურთიერთობაში. თუმცა, არცერთ ხელშეკრულებაში მათ მოკლევადიანი შრომითი ხელშეკრულების სშკ-ის მე-6 მუხლის 12 პუნქტით განსაზღვრულ საფუძვლებზე არ მიუთითებიათ.
22. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას იმის შესახებ, რომ მოპასუხე მოსარჩელესთან მოკლევადიან ხელშეკრულებებს იმ მიზნით აფორმებდა, რომ პროექტის ფარგლებში დასაქმებულს, როგორც მოწვეულ სპეციალისტს, დამსაქმებლისთვის გაეწია გარკვეული სახის კონსულტაცია, აშკარაა კონკრეტული სამუშაოს შესრულების პირობით მოკლევადიანი შრომითი ხელშეკრულებების დადების საფუძვლიანობა. საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მოკლევადიანი (ერთ წელზე ნაკლები ვადით) ხელშეკრულების გაფორმებისას მასში მიზნის მიუთითებლობა უსაფუძვლოს ხდის დასაქმებულის ზემოთ მითითებულ პრეტენზიას.
23. ამასთან, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, შრომით სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის გადანაწილების სპეციალური სტანდარტი, რომლის მიხედვითაც სწორედ დამსაქმებელია ვალდებული ადასტუროს დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერი და საკმარისი საფუძვლის არსებობა. ამგვარი სტანდარტის გამოყენების ნორმატიულ საფუძველს ქმნის ის, რომ დამსაქმებელს გააჩნია მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები (შდრ. სუსგ საქმე №ას-483-457-2015, 7 ოქტომბერი, 2015 წელი).
24. მოცემულ შემთხვევაში, სწორედ დამსაქმებელს უნდა ემტკიცებინა, რომ მოკლევადიანი შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება საწარმოო აუცილებლობამ გამოიწვია, რაც დასაქმებულისათვისაც თავიდანვე ცნობილი იყო, თუმცა, მან ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება საქმეში სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით. მხოლოდ ზეპირი სახის განმარტება კი ვერ მიიჩნევა იმგვარ დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიად, რაც გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გაბათილებისა და საქმის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.
25. რაც შეეხება მოპასუხისთვის კომპენსაციის დაკისრების მართებულობას, საკასაციო პალატა ამ საკითხზეც იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და მიუთითებს შემდეგს: სშკ-ის 38.8-ე მუხლის რეგულირებული კომპენსაციის არსთან [სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით] დაკავშირებით და ამ ნორმის გამოყენების თაობაზე, საკასაციო სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში განმარტა, რომ დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანების უკანონოდ (ბათილად) ცნობის შემთხვევაში, დასახელებულ ნორმაში მითითებულია დამსაქმებლის ვალდებულება, რომელიც რამდენიმე შესაძლებლობას მოიცავს, თუმცა, კანონმდებლის მიერ დადგენილი წესი არ შეიძლება იმგვარად განიმარტოს, რომ სასამართლოს, დისკრეციული უფლებამოსილებით, შეუძლია მოხმობილი ნორმის დანაწესის საკუთარი შეხედულებისამებრ გამოყენება. სშკ დამსაქმებელს ავალდებულებს პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. მითითებული რეგულაციით დამსაქმებლისათვის დადგენილია უკანონოდ გათავისუფლებული დასაქმებულის პირვანდელ სამუშაოზე აღდგენა, ხოლო თუკი აღნიშნული შეუძლებელია, მაშინ მომდევნო რიგითობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება“ (იხ. სუსგ საქმე №ას-951-901-2015, 29 იანვარი, 2016 წელი; საქმე №ას-931-881-2015, 29 იანვარი, 2015 წელი).
26. ამასთან, უზენაესი სასამართლოს არაერთ განჩინებაშია აღნიშნული, რომ დასაქმებულის გათავისუფლების უკანონოდ (არამართლზომიერად) ცნობისას, თუკი ვერ ხდება მისი პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა დაკავებულ ან მის ტოლფას პოზიციაზე, კომპენსაცია გაიცემა სამუშაოზე აღდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში, რომელიც შესაძლოა გაცილებით მეტი იყოს, ვიდრე სამუშაოზე აღდგენის შემთხვევაში დამსაქმებლისათვის დაკისრებული იძულებითი განაცდური, რადგან ასეთ ვითარებაში ყოფილი დასაქმებულის ნაწილობრივი უფლებრივი რესტიტუცია ხდება, ამასთან, არა მხოლოდ კონკრეტული დამსაქმებლისათვის, არამედ ზოგადად შრომით ბაზარზე ერთგვარი „სანქციის“ სახესაც უნდა ატარებდეს დამსაქმებლისათვის დაკისრებული კომპენსაცია იმ კონტექსტში, რომ მომავალში არიდებულ იქნეს დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის არამართლზომიერად შეწყვეტის შემთხვევები (საქმე №ას-1263-2018 , 14 დეკემბერი, 2018 weli). კომპენსაციის, როგორც დასაქმებულის უფლებრივი რესტიტუციის საშუალების დადგენა და მისი ოდენობის განსაზღვრა კი სასამართლოს დისკრეციაა, რა დროსაც გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ შრომითსამართლებრივი კომპენსაცია ერთდროულად ფარავს იმ მატერიალურ დანაკარგს, რაც მხარემ უკანონოდ დათხოვნით განიცადა და რასაც საშუალოდ შესატყვისი სამსახურის მოძებნამდეც განიცდის, ასევე, იმ მორალურ ზიანს, რაც მას უკანონოდ დათხოვნით მიადგა. ამავდროულად, გასათვალისწინებელია უკანონოდ დათხოვნილი სუბიექტის ასაკი, კომპეტენცია, სამსახურის შოვნის პერსპექტივა, ოჯახური მდგომარეობა, სოციალური მდგომარეობა, ასევე, დამსაქმებლის ფინანსური მდგომარეობა და ა.შ. (იხ. საქართველოს შრომის სამართალი და საერთაშორისო შრომის სტანდარტები, გვ. 272).
27. ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას მოპასუხისთვის კომპენსაციის დაკისრებისა და მისი ოდენობის განსაზღვრის მართებულობის შესახებ და მიიჩნევს, რომ დაანგარიშებული თანხა ყოველთვიური საშუალო ხელფასის გათვალისწინებით, სამართლიანი და ადეკვატურია.
28. ამრიგად, განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ მართებულად გამოიყენა და განმარტა შრომის კოდექსის მე-6 მუხლის 12 ნაწილი, ამავე კოდექსის 38.8 მუხლი, ასევე მართებულად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც, მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებათა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის, რაც ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
29. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
30. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
31. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 630 ლარის 70% – 462 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი ,,დ–ას" საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრს ,,დ–ა" (ს/ნ: ......) დაუბრუნდეს მის მიერ 2020 წლის 6 თებერვალს №01533 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 630 ლარის 70% – 462 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე