საკასაციო საჩივარი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№ას-331-2020 14 სექტემბერი, 2020 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ლევან მიქაბერიძემ
ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე გ.ქ–ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 12 მარტის განჩინებაზე, საქმეზე – ნ.თ–ის სარჩელის გამო გ.ქ–ის მიმართ უფლებამონაცვლედ ცნობისა და უძრავი ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის თაობაზე
გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე:
გ.ქ–ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს. თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 22 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში, საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა: ა) განახლებული ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან, რომელიც ასახავდა კასატორის სტატუსს საკასაციო საჩივრის შეტანის დროისათვის; ბ) ამონაწერის წარმოდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები; გ) ზემოხსენებული მტკიცებულებების წარმოდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში მხარეს დაევალა განესაზღვრა საკასაციო საჩივრის შეტანის დროისათვის, საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება და წარმოედგინა მის შესაბამისად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი სსსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ა“ ქვეპუნქტით დადგენილი ოდენობით და დ) სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის „გ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი საკასაციო საჩივარი კონკრეტული განჩინებების ზუსტი დასახელების - თარიღისა და დამდგენი სასამართლოს მითითებით.
საპროცესო ვადის დადგენის შესახებ განჩინება კასატორს ორჯერ გაეგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად საკასაციო საჩივარში მის მიერ მითითებულ მისამართზე, თუმცა სასამართლო კურიერების რამდენიმე ვიზიტის მიუხედავად, გზავნილის ჩაბარება ვერ მოხერხდა იმ საფუძვლით, რომ ადრესატი მისამართზე ვერ მოიძებნა, ასევე შეუძლებელი აღმოჩნდა მასთან სატელეფონო კომუნიკაცია, რადგან საქმეში მითითებული ნომერი გათიშული იყო.
საფოსტო უკუგზავნილების გათვალისწინებით, გ.ქ–ის მოძიება და მისთვის სასამართლო კორესპონდენციის ჩაბარება, სსსკ-ის 73-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად (თუ მხარეებს, მათ წარმომადგენლებს, აგრეთვე მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებსა და თარჯიმნებს ამ კოდექსით დადგენილი წესით ვერ ეცნობათ სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი, მოსამართლეს შეუძლია აღნიშნული პირებისათვის სასამართლო უწყების ჩაბარება განჩინებით დაავალოს მუნიციპალიტეტის ორგანოს ანდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საუბნო სამსახურებს (უბნის ინსპექტორებს). მუნიციპალიტეტის ორგანო ანდა უბნის ინსპექტორები ვალდებული არიან, განჩინებით დადგენილ ვადაში უზრუნველყონ მხარეებისათვის, მათი წარმომადგენლებისათვის, აგრეთვე მოწმეებისათვის, ექსპერტებისათვის, სპეციალისტებისა და თარჯიმნებისათვის სასამართლო უწყების ჩაბარება და მისი ჩაბარების, ჩაბარების შეუძლებლობის მიზეზების ან ჩაბარებაზე უარის თქმის შესახებ აცნობონ მოსამართლეს), დაევალა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტს, თუმცა კასატორის მოძიება ვერც პოლიციის მეშვეობით მოხერხდა, ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს პოლიციის მე-7 სამმართველოს მომართვის თანახმად, მითითებულ მისამართზე აღნიშნული პიროვნება ვერ მოიძებნა პოლიციის თანამშრომლების რამდენიმე ვიზიტის მიუხედავად, ასევე ამჯერადაც შეუძლებელი აღმოჩნდა ადრესატთან სატელეფონო კომუნიკაცია, ხოლო ოჯახის წევრმა - მ.ქ–მა, რომელსაც დაუკავშირდა პოლიცია, განაცხადა, რომ არ იცის სად იმყოფება გ.ქ–ი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 78 ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით კასატორს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 22 ივნისის განჩინების სარეზოლუციო ნაწილი ეცნობა საჯარო შეტყობინებით (თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის სასამართლო უწყების ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, სასამართლო უფლებამოსილია, გამოიტანოს განჩინება სასამართლო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ. სასამართლო შეტყობინება საჯაროდ ვრცელდება შესაბამისი სასამართლოს შენობაში თვალსაჩინო ადგილზე ან ვებგვერდზე განთავსებით ან დაინტერესებული მხარის მოთხოვნის შემთხვევაში – მისივე ხარჯებით იმ გაზეთში, რომელიც მასობრივადაა გავრცელებული მხარის საცხოვრებელი ადგილის შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში, ან ინფორმაციის სხვა საშუალებებში გამოქვეყნებით. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლო უწყება მხარისათვის ჩაბარებულად ითვლება სასამართლო შეტყობინების შესაბამისი სასამართლოს შენობაში თვალსაჩინო ადგილზე ან ვებგვერდზე განთავსებიდან ან გაზეთში ან ინფორმაციის სხვა საშუალებებში გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს).
საქმის მასალებით დგინდება, რომ განჩინების სარეზოლუციო ნაწილი განთავსდა საქართველოს სასამართლოების საქმისწარმოების სისტემის ვებგვერდზე (www.ecd.court.ge) 2020 წლის 3 აგვისტოს და შესაბამისად, სსსკ-ის 78-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად იგი მხარისთვის ჩაბარებულად ითვლება 2020 წლის 10 აგვისტოს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და მიიჩნევს, რომ ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული ათდღიანი ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2020 წლის 11 აგვისტოს და ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ამოიწურა 2020 წლის 20 აგვისტოს.
ამ დროის განმავლობაში მხარეს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გ.ქ–ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ.ქ–ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 12 მარტის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ლ. მიქაბერიძე