შუამდგომლობა

სამოქალაქო
საქმის ნომერი
ა-3892-შ-89-2020
კატეგორია
დავის ტიპი
შუამდგომლობა
თარიღი

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #ა-3892-შ-89-2020 9 ნოემბერი, 2020 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ბესარიონ ალავიძემ

ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ნ.კ–ას შუამდგომლობის წარმოებაში მიღების საკითხი ა.კ–ის მიმართ, გერმანიის ინგოლშტადტის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიატორიაზე ცნობის შესახებ და

გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე:

გერმანიის ინგოლშტადტის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით მხარეთა შორის 1991 წლის 15 ოქტომბერს თეთრიწყაროს რაიონის მმაჩის დაწესებულებაში რეგისტრირებული #325828 ქორწინება შეწყდა.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ნ.კ–ამ და მოითხოვა ხსენებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა არ აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს, შესაბამისად, არ არსებობს მისი განსახილველად მიღების წინაპირობები შემდეგ გარემოებათა გამო:

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. თავის მხრივ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, საპროცესო საკითხები განიხილება სწორედ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, შუამდგომლობას უნდა დაერთოს მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს შუამდგომლობის ავტორის მიერ მითითებულ გარემოებებს.

საქმეში წარმოდგენილია უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ასლი და მისი ქათულენოვანი თარგმანი, რომელიც დამოწმებულია სანოტარო წესით, თუმცა, სანოტარო დამოწმების ფურცლის შესწავლით ირკვევა, რომ იგი არ ნიშნავს დედანი დოკუმენტის კანონიერებას და ნამდვილობის დამოწმებას.

საკასაციო პალატა ითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ სადავო მტკიცებულება წარმოადგენს უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, შესაბამისად, მისი/დამოწმების ნამდვილობის საკითხს შეაფასებს კონვენციის ფარგლებში, რომელიც აუქმებს უცხოეთის ოფიციალური დოკუმენტების ლეგალიზაციის მოთხოვნას. ხსენებული კონვენციის პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ოფიციალურ დოკუმენტად მიიჩნევა მათ შორის სასამართლო აქტები, რომლებზეც ხელმოწერის ნამდვილობა, ამავე კონვენციის მე-2-მე-4 მუხლების შესაბამისად, შეიძლება დადასტურდეს მხოლოდ დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების გზით.

მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი მტკიცებულება არ აკმაყოფილებს კონვენციის მოთხოვნებს, მართალია, ირკვევა აპოსტილით მისი დამოწმების ფაქტი, თუმცა, როგორც მთლიანად გადაწყვეტილება, ისე _ აპოსტილი წარმოდგენილია არა დედნის, არამედ _ ქსეროასლის სახით, რაც გამორიცხავს ამ მტკიცებულების გაზიარებას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსამართლე შუამდგომლობის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში არ მიიღებს სარჩელს (შუამდგომლობას), თუ იგი შეტანილია ამ კოდექსის 178-ე მუხლში (გარდა იმავე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა და მე-3 ნაწილისა, თუ მოსარჩელეს მითითებული აქვს მტკიცებულებათა წარუდგენლობის საპატიო მიზეზი) მითითებული პირობების დარღვევით. ამავე კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მე-2 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად კი, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლე გამოიტანს დასაბუთებულ განჩინებას. განჩინებაში უნდა მიეთითოს აგრეთვე, თუ როგორ უნდა იქნეს აცილებული საქმის აღძვრის დამაბრკოლებელი გარემოებანი. სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის განჩინება ჩაბარდება მოსარჩელეს, რომელსაც იმავდროულად უბრუნდება მის მიერ შეტანილი დოკუმენტები.

ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა არ აკმაყოფილებს რა კანონის ფორმალურ მოთხოვნებს, მის ავტორს უარი უნდა ეთქვას შუამდგომლობის განსახილველად მიღებაზე. საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, თუკი მხარე გამოასწორებს ზემოთ მითითებულ დარღვევას, მას უფლება აქვს, საერთო წესით კვლავ მომართოს სასამართლოს ამავე მოთხოვნით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68.5 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე, 187-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ.კ–ას უარი ეთქვას შუამდგომლობის განსახილველად მიღებაზე.

2. შუამდგომლობის ავტორს დაუბრუნდეს მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები.

3. განემარტოს მხარეს, რომ განჩინებაში მითითებული დარღვევის აღმოფხვრის შემთხვევაში ის არ კარგავს უფლებას, ამავე შუამდგომლობით კვლავ მომართოს სასამართლოს.

4. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ბ.ალავიძე