საკასაციო საჩივარი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-283-2020
16 სექტემბერი, 2020 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე
აქმის განხილვის ფორმა ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორები: ლ.ჭ–ი, ლ.ე–ა, ხ.ფ–ა, ო.შ–ა, ნ.თ–ძე (მოსარჩელეები)
მოწინააღმდეგე მხარე შპს ,, C.’’
გასაჩივრებული განჩინება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 24 დეკემბრის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი ნასყიდობის ფასის შემცირება, შემცირებული თანხის დაბრუნება და პირგასამტეხლოს დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
ლ.ჭ–მა, ლ.ე–ამ, ხ.ფ–ამ, ო.შ–ამ და ნ.თ–ძემ სარჩელი აღძრეს სასამართლოში შპს ,, C.’’-ს მიმართ ნასყიდობის ფასის შემცირების, შემცირებული თანხის დაბრუნებისა და პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 24 დეკემბრის განჩინებით მოსარჩელეების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცველად დარჩა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ლ.ჭ–მა, ლ.ე–ამ, ხ.ფ–ამ, ო.შ–ამ და ნ.თ–ძემ შეიტანეს საკასაციო საჩივარი და მოითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 24 დეკემბრის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 29 აპრილის განჩინებით კასატორებს დაუდგინდათ ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და დაევალათ ამ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ სახელმწიფო ბაჟის სახით, დავის საგნის ღირებულების 5 პროცენტის, გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი დასაბუთებული საკასაციო საჩივარი, ნ.თ–ძის მიერ გაცემული განახლებული მინდობილობა და საკასაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია (CD დისკის სახით).
2020 წლის 23 ივნისს (დოკუმენტის ფოსტაში ჩაბარების თარიღია 22 ივნისი) საქართველოს უზენაეს სასამართლოში კასატორების წარმომადგენელმა და ნ.თ–ძემ წარმოადგინეს განცხადება და იშუამდგომლეს ხარვეზის შესავსებად ვადის გაგრძელების თაობაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 29 ივნისის განჩინებით ლ.ჭ–ის, ლ.ე–ას, ხ.ფ–ას, ო.შ–ას და ნ.თ–ძის შუამდგომლობა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 29 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების თაობაზე, დაკმაყოფილდა; ლ.ჭ–ს, ლ.ე–ას, ხ.ფ–ას, ო.შ–ას და ნ.თ–ძეს გაუგრძელდათ საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა და დაევალათ ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ: სახელმწიფო ბაჟის სახით, დავის საგნის ღირებულების 5 პროცენტის, გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი დასაბუთებული საკასაციო საჩივარი და საკასაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია (CD დისკის სახით).
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი ლ.ჭ–ის, ლ.ე–ას და ო.შ–ას ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის, მიხედვით თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს.
განსახილველი საქმის შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 29 ივნისის განჩინებით ლ.ჭ–ის, ლ.ე–ას, ხ.ფ–ას, ო.შ–ას და ნ.თ–ძის შუამდგომლობა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 29 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების თაობაზე, დაკმაყოფილდა; ლ.ჭ–ს, ლ.ე–ას, ხ.ფ–ას, ო.შ–ას და ნ.თ–ძეს გაუგრძელდათ საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა და დაევალათ ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ: სახელმწიფო ბაჟის სახით, დავის საგნის ღირებულების 5 პროცენტის, გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი დასაბუთებული საკასაციო საჩივარი და საკასაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია (CD დისკის სახით).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 29 ივნისის განჩინება ლ.ჭ–ის, ლ.ე–ას და ო.შ–ას წარმომადგენელს ნ.მ–ს გაეგზავნა 2020 წლის 1 ივლისს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად და ჩაბარდა პირადად წარმომადგენელს 2020 წლის 22 ივლისს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და მიიჩნევს, რომ ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული ათ დღიანი ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2020 წლის 23 ივლისიდან და ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ამოიწურა 2020 წლის 1 აგვიტოს, მაგრამ ვინაიდან 1 აგვისტო იყო არასამუშაო - შაბათი დღე და მისი მომდევნო დღე - 2 აგვისტოც იყო კვირა არასამუშაო დღე, სსსკ 61-მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის ამოწურვის დღედ ჩაითვლება 3 აგვისტო, მომდევნო პირველი სამუშაო დღე, ანუ 2020 წლის 3 აგვისტო - ორშაბათი.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში ლ.ჭ–ს, ლ.ე–ას და ო.შ–ას ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის, რაც მათ ნაწილში საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლებით და
დაადგინა:
1. ლ.ჭ–ის, ლ.ე–ას, ხ.ფ–ას, ო.შ–ას და ნ.თ–ძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 24 დეკემბრის განჩინებაზე ლ.ჭ–ის, ლ.ე–ას და ო.შ–ას ნაწილში დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე