დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 24.06.2020
საქმის ნომერი
ას-204-2020
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
24.06.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-204-2020 24 ივნისი, 2020 წელი,ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - შპს „ჩ.რ. .. ბ.ჯ.“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ნ.გ.ი, მ.გ–ძე, ზ.გ–ძე (მოსარჩელეები)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. ნ.გ.მა (შემდგომ – პირველი მოსარჩელე), მ.გ–ძემ (შემდგომ - მეორე მოსარჩელე) და ზ.გ–ძემ (შემდგომ - მესამე მოსარჩელე, ყველა ერთად - მოსარჩელეები, მოწინააღმდეგე მხარეები) სარჩელი აღძრეს სასამართლოში შპს „ჩ.რ. .. ბ.ჯ.ს“ (შემდგომ – მოპასუხე, კომპანია, აპელანტი, კასატორი) მიმართ და ამ უკანასკნელისათვის მათ სასარგებლოდ, ზიანის - 25302 ლარის დაკისრება, აგრეთვე - ექსპერტიზისა და ხარჯთაღრიცხვის შედგენისათვის გაწეული ხარჯის დაკისრება მოითხოვეს.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელეთა განმარტებით, ხაშურის რაიონის სოფელ ...... თანასაკუთრებით აქვთ უძრავი ქონება.

3. მოსარჩელეთა ნაკვეთის სიახლოვეს მოპასუხე სარკინიგზო გვირაბს აშენებს. მას შემდეგ, რაც სარკინიგზო გვირაბში ინტენსიურად დაიწყეს აფეთქებითი სამუშაოები, ძლიერი მიწისძვრის მსგავსი ბიძგების გავლენით, სოფელში არაერთი საცხოვრებელი სახლი დაზიანდა, მათ შორის - მოსარჩელეების სახლი, რომელიც გვირაბიდან დაახლოებით 50 მეტრში მდებარეობს.

მოპასუხის პოზიცია:

4. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს (შემდგომ - ექსპერტიზის ბიურო) 2017 წლის 30 აგვისტოს დასკვნა არ არის კატეგორიული, სავარაუდოა და მისი კვლევითი ნაწილი მხოლოდ დათვალიერების შედეგებსა და მობინადრეთა განმარტებას ეფუძნება, შესაბამისად, დასკვნა დაუსაბუთებელია და არ გამომდინარეობს რაიმე კონკრეტული გამოკვლევებისა და ოფიციალური ჩანაწერებიდან. ამასთან, ექსპერტი არსად მიუთითებს, რომ დაზიანებები N9 გვირაბის მშენებლობამ გამოიწვია.

5. სოფელ ......ზე სამუშაოების გავლენა საქართველოს რკინიგზის დაკვეთით კომპანია „ე–მა“ შეაფასა იმ მიზნით, რომ აფეთქებითი სამუშაოებისათვის ეზედამხედველათ და გაუმჯობესებულიყო ტექნიკური მაჩვენებლებიც. ამასთან, ბიძგები რომ ყოფილიყო დასაშვებ ნორმებში, უშუალოდ მოსარჩელის სახლში დამონტაჟდა აპარატურა, რომელიც ბიძგებისა და ბზარების წარმოქმნას აღრიცხავდა. ამ აპარატურას მოსარჩელის სახლზე დასაშვებ ნორმაზე მეტი ზემოქმედება არ დაუფიქსირებია.

6. აფეთქებითი სამუშაოები მიმდინარეობდა დასაშვები ლიმიტის ფარგლებში, რასაც არ შეეძლო მოსარჩელეთა ქონების დაზიანება, შესაბამისად, კომპანიას ბრალი არ მიუძღვის მოსარჩელეთა კუთვნილ საცხოვრებელი სახლზე არსებული დაზიანებების წარმოქმნაში.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

7. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილებით, მოსარჩელეების სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს 25302 ლარის გადახდა მოსარჩელეების სასარგებლოდ დაეკისრა, ასევე, ექსპერტიზის ხარჯის - 800 ლარისა და საპროექტო-ხარჯთაღრიცხვის შედგენის ხარჯის - 200 ლარის გადახდა.

8. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 სექტემბრის განჩინებით, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

10. სასამართლომ გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთებისას ყურადღება გაამახვილა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 317-ე, 992-ე მუხლებზე და განმარტა დელიქტურ სამართალში ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტი.

11. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ 2013 წლის №000463513 ექსპერტიზის დასკვნას არ გაიზიარებდა და მას გადაწყვეტილებას არ დააყრდნობდა, ვინაიდან ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული სახლის დახასიათება სახლის შეკეთების ხარჯთაღრიცხვას არ ემთხვეოდა, კერძოდ, განმარტებითი ბარათი, რომელიც ხარჯთაღრიხვას ახლდა, მოსარჩელეების კუთვნილ უძრავ ქონებას სხვა მახასიათებლებით აღწერდა.

12. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ექსპერტიზის ბიუროს 2017 წლის 30 აგვისტოს №004993117 დასკვნითა და საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების თანახმად, ახალი მშენებლობის დაწყებამდე, მიმდებარედ არსებული შენობა-ნაგებობების ტექნიკური მდგომარეობის გამოკვლევა, არსებული დაზიანებების დაფიქსირება და მშენებლობის პროცესის ზედამხედველობა აუცილებელი იყო, რაც არ შესრულებულა, შესაბამისად, შენობის ტექნიკური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გვირაბის მშენებლობის დაწყებამდე არ არსებობს. ზემოაღნიშნული ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის თანახმად, მობინადრეების განცხადებით, სოფელ ......, მათი საცხოვრებელი სახლის დაზიანებები, 2012 წლიდან - სარკინიგზო გვირაბის მოწყობის სამშენებლო სამუშაოების დაწყების შემდეგ გაჩნდა და პროგრესირდა. აფეთქებით გამოწვეული ხანგრძლივი და ხშირი ვიბრაციით, როგორც მათ საცხოვრებელ სახლში, ასევე, მეზობლად მდებარე შენობებში, საკმაოდ ძლიერი მიწისძვრის მსგავსი ბიძგები აღინიშნებოდა, ამდენად, მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებული შენობა, ძირითადად, შესაძლოა, მიწისძვრების ან სარკინიგზო გვირაბის სამშენებლო სამუშაოების დროს ვიბრაციული დატვირთვების ზემოქმედებით იყოს დაზიანებული. ამავე ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შენობის დაზიანებების მიზეზების დასაზუსტებლად ექსპერტიზაზე სარკინიგზო გვირაბის სამშენებლო სამუშაოების დროს აფეთქებითი სამუშაოების ტექნიკური დოკუმენტაციისა და ტოპოგეოდეზიური სქემის წარდგენაა აუცილებელი, სადაც სარკინიგზო გვირაბისა და მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებული სახლის ადგილმდებარეობა იქნება მოცემული.

13. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მნიშვნელოვნია ზემოაღნიშნული №004993117 ექსპერტიზის დასკვნა საინჟინრო ექსპერტიზის 2018 წლის 17 ივნისის №004137318 დასკვნასთან ერთად შეფასდეს, რომლის თანახმად, ზუსტი მოდელი, რომელიც მიმდებარედ არსებულ გარემოზე აფეთქებებით გამოწვეულ ზიანს უტყუარად შეაფასებს, შემუშავებული არ არის. ცნობილია შემთხვევები, როდესაც აფეთქების ზონასთან უფრო ახლოს მდებარე შენობები უფრო ნაკლებად არის დაზიანებული, ვიდრე უფრო შორს მდებარე შენობები. ასევე, ცნობილია, რომ დიდი ხნითა და ხშირი რხევის შედეგად, თიხნარი გრუნტები ფხვიერდება, ხოლო ქვიშნარი გრუნტი ჯდება, რაც შენობა-ნაგებობების ტექნიკურ მდგომარეობაზე შესაბამისად ისახება. გარდა ამისა, მხოლოდ თეორიული მოდელი საბოლოო დასკვნების გამოსატანად საკმარისი არ არის, რადგან აფეთქებებით გამოწვეული ზიანისა და სიმძლავრის დასადგენად გეოტექნიკური და საინჟინრო ანალიზი და სხვა ფაქტორების გათვალისწინებაა აუცილებელი. ამდენად, თეორიული მიდგომა (მათემატიკური მოდელი), როგორც ეს კომპანია „ე–ის“ მიერ შესრულებულ დოკუმენტშია წარდგენილი (რომელიც გამოყენებულია აფეთქებებით გამოწვეული მანძილის დასადგენად), არასრულყოფილია და სოფელ ...... მდებარე შენობის აფეთქებითი სამუშაოების გავლენით შესაძლო დაზიანების შესახებ რეალურ ვითარებას ვერ ასახავს, ვინაიდან ამ მიდგომით თეორიულად განსაზღვრული შენობების რაოდენობა ცხრას შეადგენს, ხოლო, რეალურად, რამდენიმე ასეული შენობა-ნაგებობაა დაზიანებული. გარდა ამისა, 2012 წლის ივლისიდან (......ის ტერიტორიაზე N9 სარკინიგზო გვირაბის სამშენებლო სამუშაოების დასაწყისი) 2016 წლის 6 ივნისამდე აფეთქებების შედეგად წარმოშობილი ვიბრაციების მონიტორინგი მხოლოდ 09.10.2012; 13.10.2012; 01.03.2013 და 29.07.2015-06.06.2016 პერიოდებში მიმდინარეობდა (გამოტოვებულია 2, 3, 4 და 5-დღიანი შუალედებით). ასევე, ......ის ტერიტორიაზე №9 სარკინიგზო გვირაბის სამშენებლო სამუშაოების დასასრულის შესახებ ინფორმაცია მიწოდებული არ არის. გარდა ამისა, მონაცემები მასზე, თუ რა სიხშირისა და სიმძლავრის აფეთქებითი სამუშაოები მიმდინარეობდა, არ არსებობს. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, თუ გავითვალისწინებთ, რომ 2013-2017 წლებში საქართველოს ტერიტორიაზე ისეთი სიმძლავრის მიწისძვრები არ მომხდარა, რომლებიც ხაშურის რაიონის სოფელ ...... არსებულ შენობა-ნაგებობებს მნიშვნელოვნად დააზიანებდა და სოფელ ...... მდებარე მოსარჩელეების საცხოვრებელ სახლზე არსებული დაზიანებები სპეციფიკური გახდებოდა, შეიძლება დასკვნის გამოტანა, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ...... მდებარე მოსარჩელეების საცხოვრებელ სახლზე არსებული დაზიანებები №9 სარკინიგზო გვირაბის სამუშაოებმა განაპირობა.

14. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, პირველი დასკვნა იმპერატიული არ იყო, ვინაიდან კონკრეტულ დასკვნებს არ აანალიზებდა, თუმცა, განსახილველ საქმესთან მიმართებით, არაორაზროვანი და ამომწურავია. №004993117 დასკვნა მოსარჩელეების კერძო საკუთრებაზე არსებული დაზიანებების გამომწვევ ორ შესაძლო მიზეზს, მიწისძვრებსა და გვირაბის მშენებლობისას აფეთქებებს ასახელებდა, ანუ გონივრული განსჯით დგინდება, რომ მხოლოდ ამ ორი ზემოაღნიშნული გარემოებით და არა ცვეთით, ბუნებრივი გარემო პირობებით, კატაკლიზმებითა და სხვა მსგავსი გარემოფაქტორებით არის გამოწვეული უძრავი ქონების დაზიანება. ასევე, დასკვნა მიუთითებს, რომ ამ ორი მიზეზიდან რომელი უფრო სავარაუდოა, ვერ დგინდება, ვინაიდან მშენებლებს დაკისრებული ვალდებულება არ შეუსრულებიათ და მშენებლობის დაწყებამდე მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული შენობა-ნაგებობების მდგომარეობა არ შეუფასებიათ, რაც შემდგომ ექსპერტიზას შესაძლებლობას მისცემდა კერძო საკუთრებაზე ზიანის გამომწვევი მიზეზები უფრო იმპერატიულად დაედგინა. ამასთან, მოსარჩელის მიერ წარდგენილი და 2018 წლის 17 ივნისით დათარიღებული დასკვნა ყველა იმ შესაძლო ბუნდოვანებას ასწორებს, რომელიც პირველად მოხსენიებულ დასკვნას შეეძლო გამოეწვია, კერძოდ, მტკიცებულებაში მითითებულია, რომ უძრავ ქონებაზე მნიშვნელოვანი დაზიანებების გამომწვევი მიწისძვრები, არ მომხდარა. ამასთან, ექსპერტმა ყურადღება გაამახვილა მოსარჩელეთა უძრავ ქონებაზე არსებული დაზიანებების სპეციფიკურ ხასიათზე და დაასკვნა, რომ ასეთი ტიპის დაზიანებები გვირაბის მშენებლობით განპირობებული აფეთქებებს შეიძლებოდა, გამოეწვია.

15. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქმეში წარდგენილია სსიპ ,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ცენტრის“ მიერ 2017 წლის 20 სექტემებრს გაცემული ცნობა, რომლის თანახმად, მიწისძვრებს ......ის ტერიტორიაზე შესაძლოა, გარკვეულად ემოქმედა, მაგრამ მნიშვნელოვანი ზიანისა და ნგრევის მიზეზი ვერ იქნებოდა.

16. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მითითება, რომ კომპანია „ე–ის“ მიერ გაცემული დასკვნები სადავო ზიანისა და კომპანიის ქმედებას შორის მიზეზშედეგობრივ კავშირს გამორიცხავდა, ვინაიდან მოსარჩელეების სახლი აფეთქებების ზემოქმედების ფარგლებს გარეთ მდებარეობს. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ კომპანია „ე–ის“ დასკვნა ზოგადად უკავშირდებოდა სარკინიგზო გვირაბის მშენებლობისას აფეთქებითი სამუშაოების მონიტორინგს, სამუშაოების წარმოების კონსულტაციას და კონკრეტული უძრავი ნივთის გამოკვლევის შედეგად არ იყო მიღებული, შესაბამისად, აღნიშნული დასკვნა, თავისი მნიშვნელობით, ვერ აქარწყლებდა კონკრეტული სახლის დათვალიერებისა და დაზიანებების შესწავლის საფუძველზე შედგენილ ექსპერტიზის ბიუროს ცალსახა დასკვნას.

17. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ აპელანტის მიერ წარდგენილი დასკვნით, აფეთქებების ზემოქმედების ზონა და გვირაბის აფეთქებით გამოწვეული ზიანის რისკი შეფასდა. ამ დასკვნით კონკრეტული შენობა-ნაგებობები არ გამოკვლეულა, მოსარჩელეთა კუთვნილი ქონების ფაქტობრივი/რეალური ზემოქმედებას არ დაჰკვირვებიან. ამასთან, მოსარჩელეების საკუთრება აფეთქების არეალიდან მოშორებით მდებარეობდა თუ არა, ვერ იქნება გაზიარებული მხოლოდ ზეპირსიტყვიერი ან/და თეორიული მითითება მასზე, რომ აფეთქებით სამუშაოებს მოსარჩელეთა სახლის დაზიანება არ შეეძლო გამოეწვია, ვინაიდან, როგორც ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, მოსარჩელეთა სახლი დააზიანა სისტემატიურმა აფეთქებამ, საპირისპირო მტკიცებულება, აპელანტს არ წარუდგენია.

18. ზემოაღნიშნული მტკიცებულებების საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოსარჩელეთა საცხოვრებელ სახლზე არსებული დაზიანებები N9 სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში სამუშაოების შედეგად იყო გამოწვეული და, შესაბამისად, საწარმოს ქმედებასა და ზიანის შორის მიზეზშედეგობრივი კავშირი არსებობს.

19. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ ზიანის მოცულობა 25302 ლარით მართებულად განსაზღვრა.

20. სასამართლოს განმარტებით, აპელანტი მხოლოდ იმ მიმართებით შეედავა მოწინააღმდეგე მხარეებს, რომ ხარჯთაღრიცხვას მოსარჩელეთა საცხოვრებელი სახლის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები არ ახლდა, შესაბამისად, არ დასტურდებოდა, რომ ხარჯთაღრიცხვა სწორედ მოსარჩელეთა საცხოვრებელი სახლისაა.

21. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ აღნიშნული არგუმენტი შესაძლებელია საკმაოდ წონად შედავებად ყოფილიყო მიჩნეული იმ პირობებში, თუ ზეპირი ახსნა-განმარტების გარდა, სარწმუნო მტკიცებულებით გამყარდებოდა. საქმის მასალებში წარდგენილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამონაწერის თანახმად, მოსარჩელეთა საცხოვრებელი სახლის საერთო კვადრატულობა ხარჯთაღრიცხვაში მითითებული საცხოვრებელი სახლის კვადრატულობას ემთხვევა, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, აპელანტის ზეპირ ახსნა-განმარტებას, როგორც პროცესის შედეგით დაინტერესებული მხარის შედავებას, ვერ დაეყრდნობოდა.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

22. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

23. კასატორის განმარტებით, სასამართლომ სსსკ-ის 105-ე მუხლის მოთხოვნა დაარღვია, ვინაიდან საქმეში არსებული მტკიცებულებები სრულად არ შეაფასა.

24. კასატორი მიუთითებს ექსპერტიზის ბიუროს 2017 წლის 30 აგვისტოს №004993117 დასკვნაზე და განმარტავს, რომ დასკვნა სავარაუდოა და მისი კვლევითი ნაწილი მხოლოდ დათვალიერების შედეგებსა და მობინადრეთა განმარტებას ეფუძნება, შესაბამისად, დაუსაბუთებელია და არ გამომდინარეობს რაიმე კონკრეტული გამოკვლევებისა და ოფიციალური ჩანაწერებიდან.

25. კასატორის განმარტებით, ექსპერტმა საკუთარ დასკვნაში მიუთითა, რომ მეორე მოსარჩელის საკუთრებაში არსებული შენობის დაზიანებები გამოწვეულია თუ არა გვირაბის სამშენებლო სამუშაოებით, საჭიროა სარკინიგზო გვირაბის მშენებლობისას აფეთქებითი სამუშაოების ტექნიკური დოკუმენტაციისა და ტოპო-გეოდეზიური სქემის წარდგენა, სადაც აღინიშნებოდა სარკინიგზო გვირაბისა და მეორე მოსარჩელის საკუთრებაში არსებული სახლის ადგილმდებარეობა, რაც, კასატორის განმარტებით, მოსარჩელე მხარეს ექსპერტისათვის არ წარუდგენია და ამიტომ, კატეგორიულ დასკვნას ვერ გამოიტანდა. კასატორის განმარტებით, მოსარჩელე მხარემ დამატებით, კასატორის მიერ წარდგენილი კომპანია ,,ე–ის“ დასკვნის საფუძველზე ექსპერტიზა დანიშნა, რომლის თანახმად, ,,თუ გავითვალისწინებით, რომ ამ პერიოდში 2013-2017 წლებში საქართველოში არ მომხდარა ისეთი სიმძლავის მიწისძვრები, რომელიც გამოიწვევდა სოფელ ...... არსებული შენობა-ნაგებობების მნიშვნელოვან დაზიანებებს და სოფელ ...... მდებარე მოსარჩელეების საცხოვრებელ სახლზე არსებულ სპეციფიკურ ხასიათს შეიძლება დავასკვათ, რომ მოსარჩელეების საცხოვრებელ სახლზე არსებული დაზიანებები გამოწვეულია N9 გვირაბის მშენებლობისას წარმოებული სამუშაოების შედეგად“. კასატორი მიუთითებს, რომ ეს დასკვნაც სავარაუდოა და არ შეიძლება სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას მას დაეყრდნოს, მით უფრო, როცა ექსპერტი აცხდებს, რომ აუცილებელია გეოტექნიკური და საინჟინრო ანალიზი და სხვა ფაქტორების გათვალისწინება.

26. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა აფეთქებების საზედამხედველო საერთაშორისო კომპანია ,,ე–ის“ დასკვნები, რომლებიც მოპასუხის ბრალს მოსარჩელის ქონების დაზიანებაში გამორიცხავენ. ამ უკანასკნელი კომპანიის დასკვნის თანახმად, მეორე მოსარჩელის სახლი აფეთქების საშიში ზონის გარეთ მდებარეობს, მშენებარე N9 გვირაბის აღმოსავლეთ პორტალის სამხრეთ-დასავლეთით. დახრილი მანძილი გვირაბის ღერძის უახლოეს წერტილსა და საცხოვრებელ სახლს შორის 59 მეტრია, ხოლო ჰორიზონტალური მანძილი 42 მეტრი ზემოქმედების ზონის უახლოესი წერტილიდან სახლამდე. აფეთქებითი სამუშაოები ნორმის ფარგლებში მიმდინარეობდა და ამ სახლის მიმართ არ დაფიქსირებულა დასაშვებ ლიმიტზე მაღალი ვიბრაციის მაჩვენებელი. აქედან გამომდინარე, ადაპტირებული სპეციფიკაციისა და სტანდარტების გათვალისწინებით, მოსარჩელეთა სახლის დაზიანება არ არის გამოწვეული N9 გვირაბში აფეთქებითი სამუშაოების შედეგად.

27. კასატორის განმარტებით, დასკვნას ერთვის ტერიტორიის რუკა და ნახაზი. რუკაზე ზუსტად არის განსაზღვრული პირობითი ნიშნების მეშვეობით აფეთქების ვიბრაციის განმსაზღვრელი მონიტორინგის სადგურების ადგილები 2012-2016 წლებში, გვირაბის ადგილები, სადაც მიმდინარეობდა მისი მექანიკური საშუალებებით გათხრა, ზემოქმედების ზონა-განსაზღვრული ვერტიკალური მონაკვეთის მიხედვით დასაშვები და დაუშვებელი ეფექტების - ვიბრაციის ჩანაწერი I 4150 სპეციფიკაციის მიხედვით, სახლების ადგილმდებარეობდა და ნომრები, მათ შორის - ფერებით განსხვავება საშიში და არასაშიში ზონების მიხედვით, საცხოვრებელი სახლების საკადასტრო კოდები და სხვა მონაცემები, რომელთა მიხედვითაც სახლი მდებარეობს საშიში ზონის გარეთ, რასაც ადასტურებს აღნიშნული საცხოვრებელი სახლის მახლობლად მდებარე სეისმოგრაფების ციფრული მონაცემები, რომელთა მიხედვითაც აფეთქებები - ნორმის ფარგლებშია, არ დაფიქსირებულა დასაშვებ ლიმიტზე მაღალი ვიბრაციის მაჩვენებელი.

28. კასატორის მტკიცებით, გასაჩივრებული განჩინება არაობიექტურია, სასამართლომ არ დაასაბუთა, რატომ გაიზიარა მხოლოდ მოსარჩელე მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, მაშინ, როდესაც, მოპასუხის მიერ წარდგენილი დასკვნები მეცნიერულ კვლევასა და აფეთქებების მონიტორინგის შედეგებს ეყრდნობა. სასამართლომ უპირატესობა ექსპერტიზის ბიუროს დასკვნას მიანიჭა, რომელიც მხოლოდ დათვალიერების შედეგზეა დაყრდნობილი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

29. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

30. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

31. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:

32. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

33. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რის გამოც მოცემულ საქმეზე დადგენილად ითვლება შემდეგი:

34. მოპასუხე ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ...... სარკინიგზო გვირაბს აშენებს. კომპანიამ მშენებლობის პროცესში აფეთქებები გამოიყენა.

35. მოსარჩელეთა თანასაკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ...... მდებარეობს, რომელიც აღდგენა-გაძლიერებით სამუშაოებს საჭიროებს. აღდგენა-გაძლიერების ხარჯი - 25302 ლარია.

36. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.

37. წინამდებარე შემთხვევაში, მოპასუხის საკასაციო პრეტენზია უმთავრესად აგებულია იმ მსჯელობაზე, რომ მოპასუხის ბრალი ზიანის დადგომაში, არ დასტურდება, შესაბამისად, არ არსებობს მიზეზობრივი კავშირი კომპანიის მიერ განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს - მოსარჩელეთა უძრავი ქონების დაზიანებას შორის.

38. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კანონით მინიჭებული უფლების რეალიზაცია დამოკიდებულია ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოებების არსებობაზე, კერძოდ, სსკ-ის 992-ე მუხლით გათვალისწინებულ შემადგენლობაზე, რომელიც მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია. დასახელებული ნორმა ითვალისწინებს დელიქტურ პასუხისმგებლობას, რომელიც დგება ზიანის მიყენების შედეგად. თავისთავად დელიქტური პასუხისმგებლობა, როგორც იურიდიული პასუხისმგებლობის ერთ-ერთი სახე, წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო ქმედებით ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილ ვალდებულებას, რომლის სტრუქტურულ ელემენტს წარმოადგენს მიზეზშედეგობრივი კავშირი და ბრალი. შესაბამისად, პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს მიზეზშედეგობრივი კავშირი მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და შედეგს შორის, ანუ მოვალის ქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო, არამედ ზიანი უნდა იყოს ამ ქმედებით გამოწვეული უშუალო შედეგი. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას. შესაბამისად, დელიქტურ ვალდებულებასთან დაკავშირებით სარჩელის აღძვრისას მოსარჩელეს ევალება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების სტანდარტის დაცვით, სათანადო უტყუარი მტკიცებულებების წარდგენის გზით ამტკიცოს, რომ არსებობს სამივე ზემოაღნიშნული წინაპირობა.

39. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი - მოპასუხემ. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადგინოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე, შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი - ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64).

40. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელის მიერ თავისი პოზიციის დასადასტურებლად კონკრეტული მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ საწინააღმდეგო გარემოებების მტკიცება მოპასუხის ვალდებულებაა, რისი შეუსრულებლობაც მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს (იხ. სუსგ 72-72-2018, 15.02.2018წ.).

41. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოსარჩელე, სარჩელში მითითებული ფაქტობრივ გარემოებას (მოპასუხის მიერ მიყენებულ ზიანს) ადასტურებს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 30 აგვისტოს №004993117 და 2018 წლის 18 ივნისის №004137318 დასკვნებით (დასკვნითი ნაწილები მოცემულია წინამდებარე განჩინების მე-12-მე-13 პუნქტებში), რომელთა ურთიერთშეჯერების საფუძველზე საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელემ წარმატებით უზრუნველყო თავის მტკიცების საგანში შემავალი გარემოების, შენობაზე გივრაბის აფეთქების ზემოქმედების დადასტურება, კერძოდ, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 4 ივლისის დასკვნა ცხადყოფს, რომ დიდი ხნითა და ხშირი რხევის შედეგად, თიხნარი გრუნტები ფხვიერდება, ხოლო ქვიშნარი გრუნტი ჯდება, რაც შენობა-ნაგებობების ტექნიკურ მდგომარეობაზე შესაბამისად ისახება. თუ გავითვალისწინებთ, რომ 2013-2017 წლებში საქართველოს ტერიტორიაზე ისეთი სიმძლავრის მიწისძვრები არ მომხდარა, რომლებიც ხაშურის რაიონის სოფელ ...... არსებულ შენობა-ნაგებობებს მნიშვნელოვნად დააზიანებდა და სოფელ ...... მდებარე მოსარჩელეების საცხოვრებელ სახლზე არსებული დაზიანებები სპეციფიკური გახდებოდა, შეიძლება დასკვნის გამოტანა, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ...... მდებარე მოსარჩელეების საცხოვრებელ სახლზე არსებული დაზიანებები №9 სარკინიგზო გვირაბის სამუშაოებმა განაპირობა. აღნიშნული დასკვნას ამყარებს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 30 აგვისტოს №004993117 დასკვნაც, რომლის თანახმად, მობინადრეების განცხადებით, სოფელ ......, მათი საცხოვრებელი სახლის დაზიანებები, 2012 წლიდან - სარკინიგზო გვირაბის მოწყობის სამშენებლო სამუშაოების დაწყების შემდეგ გაჩნდა და პროგრესირდა. აფეთქებით გამოწვეული ხანგრძლივი და ხშირი ვიბრაციით, როგორც მათ საცხოვრებელ სახლში, ასევე, მეზობლად მდებარე შენობებში, საკმაოდ ძლიერი მიწისძვრის მსგავსი ბიძგები აღინიშნებოდა, ამდენად, მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებული შენობა, ძირითადად, შესაძლოა, მიწისძვრების ან სარკინიგზო გვირაბის სამშენებლო სამუშაოების დროს ვიბრაციული დატვირთვების ზემოქმედებით იყოს დაზიანებული.

42. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ექსპერტის დასკვნებიდან გამომდინარე, მტკიცების ტვირთი კასატორზე გადავიდა, ანუ მას უნდა გაექარწყლებინა დინამიკური დატვირთვის პირობებში კომპანიის არაბრალეულობა დამდგარ ზიანთან მიმართებით, თუმცა, მან ვერ შეძლო კუთვნილი მტკიცების ტვირთის რეალიზება, საქმეში სათანადო მტკიცებულებების არარსებობის გამო. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოსარჩელეთა მიერ წარდგენილი დასკვნები მაღალკვალიფიციურმა საექსპერტო ბიურომ შეადგინა, რომელთა გამოკვლევით სსკ-ის 992-ე მუხლის შემადგენლობა იქმნება, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსარჩელეების სახლის დაზიანება მოპასუხე კომპანიის მიერ ნაწარმოები გვირაბის აფეთქების ნეგატიური შედეგია.

43. საკასაციო სასამართლო, კასატორის მიერ წარდგენილ საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ ექსპერტიზის დასკვნას, მოცემულ დავის საგნის მიმართ არ იზიარებს და განმარტავს, რომ აღნიშნული დასკვნა, როდესაც მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება არ გამოკვლეულა და მასზე ფაქტობრივი/რეალური ზემოქმედების დაკვირვება არ განხორციელებულა, ასევე შენობა-ნაგებობების მდგომარეობის, კერძოდ, მისი სეისმომედეგობის გათვალისწინებით, დამდგარ ზიანთან აფეთქებების მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადგენა არ მომხდარა, მოპასუხის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნა, სსსკ-ის 102-105-ე მუხლების შესაბამისად, არ გამოდგება მოსარჩელის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის ბიუროს დასკვნების გასაბათილებლად.

44. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოპასუხე სადავო რეგიონში მრავალჯერად აფეთქებებს აწარმოებდა, რაც იწვევდა ნიადაგის ჯდენითი პროცესების პროვოცირებას, შესაბამისად დაზიანებების წარმოშობას. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გაამახვილა ყურადღება ექსპერტიზის ბიუროს 2018 წლის 18 ივნისის დასკვნაზეც, რომლის თანახმად, მხოლოდ თეორიული მოდელი საბოლოო დასკვნების გამოსატანად საკმარისი არ არის, რადგან აფეთქებებით გამოწვეული ზიანისა და სიმძლავრის დასადგენად გეოტექნიკური და საინჟინრო ანალიზი და სხვა ფაქტორების გათვალისწინებაა აუცილებელი. ამდენად, თეორიული მიდგომა (მათემატიკური მოდელი), როგორც ეს კომპანია „ე–ის“ მიერ შესრულებულ დოკუმენტშია წარდგენილი (რომელიც გამოყენებულია აფეთქებებით გამოწვეული მანძილის დასადგენად), არასრულყოფილია და სოფელ ...... მდებარე შენობის აფეთქებითი სამუშაოების გავლენით შესაძლო დაზიანების შესახებ რეალურ ვითარებას ვერ ასახავს, ვინაიდან ამ მიდგომით თეორიულად განსაზღვრული შენობების რაოდენობა ცხრას შეადგენს, ხოლო, რეალურად, რამდენიმე ასეული შენობა-ნაგებობაა დაზიანებული. გარდა ამისა, 2012 წლის ივლისიდან (......ის ტერიტორიაზე №9 სარკინიგზო გვირაბის სამშენებლო სამუშაოების დასაწყისი) 2016 წლის 6 ივნისამდე აფეთქებების შედეგად წარმოშობილი ვიბრაციების მონიტორინგი მხოლოდ 09.10.2012; 13.10.2012; 01.03.2013 და 29.07.2015-06.06.2016 პერიოდებში მიმდინარეობდა (გამოტოვებულია 2, 3, 4 და 5-დღიანი შუალედებით).

45. საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ მოპასუხე აფეთქების შედეგად წარმოშობილი ვიბრაციის მონიტორინგს უწყვეტად არ ახორციელებდა, შესაბამისად, უცნობია გამოტოვებულ პერიოდებში რა სიხშირითა და სიმძლავრით მიმდინარეობდა აფეთქებები, ამასთან, აფეთქებას არ ჰქონია ერთჯერადი ხასიათი, შესაბამისად, თუნდაც ის ფაქტი, რომ ლიმიტის ფარგლებში განხორციელებულმა მრავალჯერადმა აფეთქებებმა მოსარჩელეთა სახლის დაზიანებაზე ნეგატიური ეფექტი არ იქონია და დაზიანებები ხშირი აფეთქების ზემოქმედებით არ არის გამოწვეული, კასატორის მიერ ვერ იქნა დადასტურებული.

46. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ დაძლია სსსკ-ის 992-ე მუხლის აღწერილობითი ნაწილის შემადგენელი ელემენტების არსებობის დადასტურების ტვირთი, ხოლო მოპასუხემ, დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე, პასუხისმგებლობის გამომრიცხველი (ამ შემთხვევაში შერეული ბრალის) გარემოებები, ვერ დაამტკიცა.

47. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

48. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

49. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

50. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგები: №ას-1907-2018, 2019 წლის 6 ივნისის განჩინება; №ას-482-2019, 2019 წლის 31 მაისის განჩინება; №ას-280-280-2018, 2018 წლის 18 ივლისის განჩინება; №ას-1088-1008-2017, 2017 წლის 18 ოქტომბრის განჩინება).

51. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

52. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, კასატორს დაუბრუნდება 1265 ლარის 70% – 885.5 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ჩ.რ. .. ბ.ჯ.ს“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. შპს „ჩ.რ. .. ბიუროს ჯგუფს“ (ს/კ .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1265 ლარის (საგადახდო დავალება №129, გადახდის თარიღი 13.03.2020), 70% - 885.5 ლარი.

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე