დატოვებულია განუხილველად

სამოქალაქო 18.01.2022
საქმის ნომერი
ა-4718-შ-144-2021
კატეგორია
დავის ტიპი
შუამდგომლობა
თარიღი
18.01.2022

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ა-4718-შ-144-2021

18 იანვარი, 2022 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლევან მიქაბერიძე, მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ე.შ–ნი

მოწინააღმდეგე მხარე – ი.ზ–ძე

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე – საბერძნეთის რესპუბლიკის თესალონიკის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს #N5073/2020 გადაწყვეტილება

დავის საგანი – არასრულწლოვანთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა

აღწერილობითი ნაწილი:

საბერძნეთის რესპუბლიკის თესალონიკის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს #5073/2020 გადაწყვეტილებით: ე.შ–ნის სარჩელი, მოპასუხე ი.ზ–ძის მიმართ, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; დადგინდა, რომ დროებით დარეგულირდეს მოსარჩელის ურთიერთობა არასრულწლოვან შვილთან, რომელიც მოპასუხესთან ქორწინების პერიოდში შეეძინა და განისაზღვრა, რომ მოსარჩელეს უფლება აქვს, ეკონტაქტოს მას, ხოლო მოპასუხე ვალდებულია, მიიღოს ეს ურთიერთობა, კერძოდ:

1) შობისა და ახალი წლის სადღესასწაულო დღეებში, იმ წლებში, რომელიც სრულდება კენტი რიცხვით, 24 დეკემბრის 10:00 საათიდან 30 დეკემბრის 18:00 საათამდე, ხოლო ლუწი რიცხვით დაბოლოებულ წლებში, 30 დეკემბრის 10:00 საათიდან 5 იანვრის 18:00 საათამდე;

2) აღდგომის სადღესასწაულო დღეებში, იმ წლებში, რომელიც სრულდება კენტი რიცხვით, დიდი ორშაბათის 10:00 საათიდან აღდგომის კვირა დღის 18:00 საათამდე, ხოლო ლუწი რიცხვით დაბოლოებულ წლებში, ბრწყინვალე ორშაბათის 10:00 საათიდან თომას კვირის 18:00 საათამდე და 20 აგვისტოს 10:00 საათიდან 29 აგვისტოს 18:00 საათამდე;

3) ზაფხულის განმავლობაში 1 ივლისს 10:00 საათიდან 10 ივლისის 18:00 საათამდე და 20 აგვისტოს 10:00 საათიდან 29 აგვისტოს 18:00 საათამდე;

4) სატელეფონო კავშირი ან კონტაქტი (სკაიპის, ვაიბერის და ა.შ. საშუალებებით) იქნება ყოველდღიური, 16:00 საათიდან 18:00 საათამდე;

ზემოაღნიშნულ პირველ, მეორე და მესამე შემთხვევაში, მამა ჩაიბარებს არასრულწლოვან ბავშვს, შეხვედრის დროის დაწყებისას იმ საცხოვრებელ ადგილას, სადაც ის დედასთან ერთად ცხოვრობს და იქვე დააბრუნებს შეხვედრის დროის დასრულებისას;

ზემოთ განსაზღვრული შეხვედრის დღეები და საათები შეიძლება შეიცვალოს, მხარეთა შეთანხმებით, როდესაც ბავშვის სასკოლო ან სკოლის ფარგლებს გარეთ არსებული მოვალეობები ამას აუცილებელს ხდის;

მოპასუხეს დაეკისრა ფულადი ჯარიმა, 500 ევროს ოდენობით, არასრულწლოვანი ბავშვისა და მოსარჩელის იმ ფორმით ურთიერთობის ყოველი ხელის შეშლისათვის, როგორც ეს წინა აბზაცშია განსაზღვრული; და ასევე მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელის სასამართლო ხარჯების ნაწილობრივ დაფარვა, რაც განისაზღვრა 280 ევროს ოდენობით.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას შუამდგომლობით მომართა ე.შ–ნმა და ზემოხსენებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსასრულებლად მიქცევა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით ე.შ–ნის შუამდგომლობა საბერძნეთის რესპუბლიკის თესალონიკის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს #5073/2020 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.

საქართველოს უზენაესი სასამართოს სამოქალაქო საქმეთაპალატის 2021 წლის 19 ოქტომბრის განჩინება საქმის მასალებთან ერთად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაეგზავნა და ჩაბარდა მოწინააღმდეგე მხარეს, რომელმაც თავის მხრივ საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2021 წლის 25 ოქტომბერს წარმოდგენილი განცხადებით დააფიქსირა თავისი პოზიცია და აღნიშნა, რომ ე.შ–ნის შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

2021 წლის 2 დეკემბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაიმართა სასამართლო სხდომა. ამავე თარიღის საოქმო განჩინებით სხდომა გადაიდო სხვა დროისათვის და სასამართლომ მხარეებს მისცა გარკვეული დრო დამატებითი მტკიცებულებების წარმოსადგენად.

2021 წლის 14 დეკემბერს ე.შ–ნის რწმუნებულმა წერილობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და განმარტა რომ სურს წარმოდგენილი შუამდგომლობის გახმობა.

2021 წლის 12 იანვარს მოწინააღმდეგე მხარემ საქართველოს უზენაეს სასამართლოში გადმოგზავნა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია რომ ი.ზ–ძე ეთანხმება შუამდგომლობის გახმობას და თანახმაა აღნიშნული შუამდგომლობა დარჩეს განუხილველად.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ე.შ–ნის წარმომადგენლის განცხადება შუამდგომლობის გამოხმობის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს და მისი შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:

,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნების სასამართლოების შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების ცალკეული საპროცესო მოქმედებათა შესრულების შესახებ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის თანახმად, მოსარჩელეს უფლება აქვს, გამოიხმოს სარჩელი ისე, რომ უარი არ თქვას თავის მოთხოვნაზე. სარჩელის გამოხმობა დასაშვებია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე. სარჩელის გამოხმობა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას, ასევე სააპელაციო და საკასაციო წესით საქმის განხილვისას დასაშვებია მოპასუხის თანხმობით. თუ სასამართლო დააკმაყოფილებს მოსარჩელის განცხადებას სარჩელის გამოხმობის შესახებ, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვებისა და მისი მოსარჩელისათვის დაბრუნების თაობაზე.

დასახელებული ნორმის დანაწესიდან გამომდინარეობს, რომ შუამდგომლობის აღმძვრელ პირს უფლება აქვს მოითხოვოს შუამდგომლობის გამოხმობა ისე, რომ სამომავლოდ მხარე უარს არ განაცხადებს სასამართლოსთვის წარდგენილ მოთხოვნაზე.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო ნორმა, რომელიც არეგულირებს სასამართლო წარმოების დროს წარმოშობილ ურთიერთობას, სასამართლო იყენებს საპროცესო სამართლის იმ ნორმას, რომელიც აწესრიგებს მსგავს ურთიერთობას (კანონის ანალოგია), ხოლო თუ ასეთი ნორმაც არ არსებობს, სასამართლო ემყარება სამოქალაქო საპროცესო სამართლის ზოგად პრინციპებს (სამართლის ანალოგია).

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი პირდაპირ არ ითვალისწინებს უცხო ქვეყნის სასამრთლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ შუამდგომლობის განმცხადებლის თხოვნით განუხილველად დატოვების შესაძლებლობას. გამომდინარე აქედან, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ უნდა იხელმძღვანელოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის იმ ნორმებით რომლებიც არეგულირებენ სარჩელის გამოხმობის სამართლებრივ შედეგებს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო, მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების გამოხმობის შესახებ.

განსახილველ შემთხვევაში 2021 წლის 14 დეკემბერს ე.შ–ნის ადვოკატმა წარმოდგენილი განცხადებით გაიხმო შუამდგომლობა, ხოლო მოპასუხე 2022 წლის 12 იანვარს წერილობით დაეთანხმა აღნიშნულს და განახცადა, რომ თანახმაა აღნიშნული შუამდგომლობა დარჩეს განუხილველად.

ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მოთხოვნა შუამდგომლობოს გამოხმობის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ე.შ–ნის შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ'' საქართველოს კანონის 63-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 , 284-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და

დაადგინა:

1. ე.შ–ნის განცხადება შუამდგომლობის გამოხმობისა და მისი განუხილველად დატოვების შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. ე.შ–ნის შუამდგომლობა საბერძნეთის რესპუბლიკის თესალონიკის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს #5073/2020 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსასრულებლად მიქცევის შესახებ დარჩეს განუხილველი;

3. ე.შ–ნს დაუბრუნდეს წარმოდგენილი შამდგომლობა თანდართული მასალით.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე