დაკმაყოფილდა

სამოქალაქო 20.01.2022
საქმის ნომერი
ა-3607-შ-99-2021
კატეგორია
დავის ტიპი
შუამდგომლობა
თარიღი
20.01.2022

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ა-3607-შ-99-2021 20 იანვარი, 2022 წელი,ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ო.მ–სი (პ–ნი)

მოწინააღმდეგე მხარე – ე.მ–სი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე – ჰააგის სასამართლოს 2017 წლის 6 დეკემბრის FA RK 16-8059, C/09/523007, C/09/520529, 46028 გადაწყვეტილება და იმავე სასამართლოს 2015 წლის 14 ივლისის FA RK 15-2965, C/09/487102 გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება, მშობლის უფლების ჩამორთმევა, ალიმენტის დაკისრება, ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ჰააგის სასამართლოს 2017 წლის 6 დეკემბრის FA RK 16-8059, C/09/523007, C/09/520529, 46028 გადაწყვეტილებითა და იმავე სასამართლოს 2015 წლის 14 ივლისის FA RK 15-2965, C/09/487102 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ო.მ–ს (შუამდგომლობის ავტორი) სარჩელი ე.მ–ის (მოწინააღმდეგე მხარე) წინააღმდეგ. შეწყდა მხარეთა შორის, 2010 წლის 18 ნოემბერს ბათუმის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ქორწინება, 2011 წლის 1 აპრილს დაბადებული არასრულწლოვანი გ.მ–ის ძირითად საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა დედის საცხოვრებელი, მოპასუხეს დაეკისრა, ბავშვის ზრუნვისა და აღზრდის ხარჯი 95 ევრო ყოველთვიურად, ქირის უფლება დაეკისრა ცოლს, აგრეთვე, არასრულწლოვანზე მშობლის ექსკლუზიური უფლება გადაეცა დედას, გაუქმდა მამის ურთიერთობის უფლება არასრულწლოვანთან.

2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენელმა, მოითხოვა დასახელებული უცხო ქვეყნის გადაწყვეტილებათა საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

3. წარმოდგენილი დოკუმენტებით დასტურდება, რომ უცხო ქვეყნის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას. აგრეთვე, დასტურდება, რომ მოწინააღმდეგე სათანადო ფორმით ინფორმირებისა და სხდომაზე მიწვევის მიუხედავად არ გამოცხადებულა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ შუამდგომლობა უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

4. შუამდგომლობაზე დართული უცხო ქვეყნის გადაწყვეტილებებით დადგენილია, რომ მშობლის უფლებამოსილება აღსრულდება ექსკლუზიურად დედის მიერ; ბავშვის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იქნება დედასთან; დადგინდა, მხარეთა შორის განქორწინება, რომელიც რეგისტრირებულია 2010 წლის 18 ნოემბერს, ბათუმში; ასევე, დადგენილია მამის ვალდებულება არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ გადაიხადოს 95 ევრო ყოველთვიურად.

5. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, ხოლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

6. ამ განჩინების მე-6 პუნქტში მითითებული ნორმის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით, კანონმდებელმა განსაზღვრა ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაში, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება. საკასაციო სასამართლოს, წარმოდგენილი შუამდგომლობისა და თანდართული მასალების შესწავლის შედეგად, მიაჩნია, რომ ასეთი დამაბრკოლებელი გარემოებები არ არის საქმეში.

7. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ო.მ–სის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას ჰააგის სასამართლოს 2017 წლის 6 დეკემბრის FA RK 16-8059, C/09/523007, C/09/520529, 46028 გადაწყვეტილება და იმავე სასამართლოს 2015 წლის 14 ივლისის FA RK 15-2965, C/09/487102 გადაწყვეტილება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე