დატოვებულია განუხილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ა-983-2021 1 ივნისი, 2021 წელი,ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
განმცხადებელი – თ.მ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ი.ტ–ნი, ბ.ტ–ნი (მოსარჩელეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 18 იანვრის განჩინება
განმცხადებლის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 15 იანვრის განჩინებით ი.ტ–ნს, ბ.ტ–ნს და თ.მ–ს შორის მორიგების გამო შეწყდა საქმის წარმოება. განჩინების იძულებითი აღსრულების მიზნით, 2020 წლის 20 მარტს გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 1 ივლისს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ განცხადებით მიმართა თ.მ–მა და ითხოვა სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 15 იანვრის განჩინების გაუქმება და საქმის მასალების პროკურატურისთვის გადაცემა. ამავე განცხადებით იშუამდგომლა სააღსრულებო წარმოების შეჩერება.
სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 28 სექტემბრის განჩინებით, თ.მ–ის განცხადება სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 15 იანვრის მხარეთა მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე, დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა თ.მ–მა და მოითხოვა გასაჩივრებულიგანჩინების გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 18 იანვრის განჩინებით თ.მ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
2021 წლის 4 მარტს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებით საქართველოს უზენაეს სასამართლოს მომართა თ.მ–მა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 425-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა და მისი განხილვა წარმოებს საერთო წესების დაცვით, იმ გამონაკლისების გათვალისწინებით, რომლებიც ამ თავშია დადგენილი. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს გადაწყვეტილების(განჩინების) გამომტან სასამართლოში. საკასაციო სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს განცხადებას გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, თუ იგი მის მიერ გამოტანილ განცხადებს ეხება.
განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებელს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება წარდგენილი აქვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 18 იანვრის განჩინებაზე.
ამდენად, განცხადების ფორმალურ-პროცესუალური საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად პალატა მიიჩნევს, რომ იგი განსჯადობის წესების დარღვევით არის წარმოდგენილი და უნდა დარჩეს განუხლველი. ვინაიდან განმცხადებელი ვალდებულია განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ წარადგინოს გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოში, განსახილველ შემთხვევაში - თბილისის სააპელაციო სასამართლოში.
ამასთან, სასამართლო განმცხადებელს განუმარტავს, რომ შინაარსიდან გამომდინარე, წარმოდგეილი განცხადება კერძო საჩივრადაც, რომ იქნას მიჩნეული, განუხილველად იქნება დატოვებული ვინაიდან, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 18 იანვრის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი განცხადება დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 396-ე, 424, 425-ე, 429-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ.მ–ის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 18 იანვრის ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე, დარჩეს განუხივლელად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ე. გასიტაშვილი